arboeli
ქართველი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2878
წევრი No.: 54026
რეგისტრ.: 21-February 08
|
#22862522 · 7 Dec 2010, 21:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არსენ ვენგერი სამირ ნასრის "ფულჰემის" კარში მეორე გატანილ გოლს ულოცავს
ჩრდილოლონდონურმა “არსენალმა” კარგად ისარგებლა “ჩელსის” ბოლოდროინდელი წაფორხილებით, უამინდობის გამო “მანჩესტერის” მატჩის გადადებით და თანაქალაქელი “ფულჰემის” დამარცხების შედეგად, პრემიერლიგის ცხრილს სათავეში მოექცა. გულშემატკივართა გარკვეულ, არცთუ უმნიშვნელო ნაწილს, ეს დროებით ამბად მიაჩნია, ემირეიტსელთა ფრანგი დამრიგებელი არსენ ვენგერი კი ასე არ ფიქრობს. არსენალელთა ისტორიის ყველაზე “ხანგრძლივი” დამრიგებლის ინტერვიუდან იმასაც შეიტყობთ, ავტორიტეტულ სპეციალისტს სადამრიგებლო მოღვაწეობის მოტივაციაც სრულად შერჩენილი რომ აქვს და “არსენალის” საკეთილდღეოდ სამომავლოდაც იღვაწებს.
- მუსიე ვენგერ, თქვენმა გუნდმა “ფულჰემს” მოსალოდნელზე უფრო რთულად მოუგო. ელოდით თანაქალაქელთა ასეთ წინააღმდეგობას? - არავინ შეიყვანოს შეცდომაში “ფულჰემის” სადღეისო პოზიციამ სატურნირო ცხრილში. ქრეივენ კოტეჯელებს კარგი გუნდი ჰყავთ, რაც მათ “ემირეითსზე” ჩვენს წინააღმდეგ ასპარეზობისას დაამტკიცეს. მთლიანობაში, კარგი თამაში გამოგვივიდა. მოწინააღმდეგის ნახევარდაცვამ ბევრი თავსატეხი გაგვიჩინა. ფულემელ შუახაზელთაგან, გერა და კამარა უნდა გამოვყო. მათ, ეფექტური თამაშის წყალობით, ჩვენი მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდათ. ასეთ შემთხევაში, ჩემს ბიჭებს, ოსტატობასთან ერთად, მტკიცე ხასიათიც უნდა გამოევლინათ. ეს მათ მოახერხეს და სასურველი შედეგიც სახეზეა. 2 ბრწყინვალე გოლი გაიტანა სამირ ნასრიმ. მან ყველა თავისი საუკეთესო თვისება, ლამის, სრულად გამოავლინა – სამირმა კარგად შეუხამა ერთმანეთს საკუთარი საფეხბურთო ტალანტი და ტექნიკა, ინტელექტი, ცივსისხლიანობა. ორივე საგოლე ეპიზოდში, ნასრიმ “დიდი ფეხბურთის” ელემენტები აჩვენა მაყურებელს. ძალიან მახარებს მისი პროგრესი. როდესაც სამირი ავიყვანეთ, იგი მხოლოდ ინდივიდუალური თვისებებით გამოირჩეოდა, სადღეისოდ კი, მისი თა¬მაში გაცილებით მრავალფეროვანია. როდესაც ნასრისთან კონტრაქტს ვაფორმებდით, ბევრი ეჭვის თვალით უმზერდა მის საარსენალო კარიერას, მაგრამ დროთა განმავლობაში სამირმა დაამტკიცა, განსაკუთრებული საფეხბურთო ტალანტით რომაა დაჯილდოვებული. ჩემი თანამემამულე მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ მაქსიმუმისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია. ნასრი, განსაკუთრებით ძლიერი, ბურთითაა, თუმცა, კარგი იქნება, თუკი უბურთოდ მოქმედებასაც გააუმჯობესებს. მას ვურჩევ, მეტი ინტენსივობით შეიჭრას მეტოქეთა მცველთა ზურგს უკან. გუნდში საკმარისად გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩენილ ნასრის, ზუსტი პასებით მოამარაგებენ. - თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე სეზონში, სამირ ნასრის, “არსენალის” საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევთ... - არ მიყვარს საკუთარი გუნდის მოთამაშეთა ერთმანეთთან შედარება. მწვრთნელის მოვალეობაა, ნებისმიერი ფეხბურთელისგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი “გამოწუროს”. კარგია, როცა ამას ვახერხებ ხოლმე. ამ დროს, “არსენალის” ასპარეზობა მაყურებელსაც სიამოვნებას ანიჭებს და ქულათა მარაგიც ივსება. - ნასრის მსგავსად, იოჰან ჯურუს თამაშითაც კმაყოფილი უნდა იყოთ. იგი ტრავმირებული კოსელნის ნაცვლად პირველი ტაიმის შუაწელში შეუშვით მინდორზე და შვეიცარიელმაც იმედი გაგიმართლათ... - ჯურუმ ძალიან კარგად ითამაშა. იგი თითქმის ერთი წლის განმავლობაში გვაკლდა. ამის გამო, იოჰანს კვირაში 2 მატჩის ჩატარება გაუჭირდება, მაგრამ თანდათან, მას ძირითად შემადგენლობას გავუშინაურებ. სეზონის დასაწყისიდან, ჯურუს პროგრესი თვალნათელია, “ფულჰემთან” კი მან ძალიან სოლიდურად ითამაშა “მეორე სართულზე” და რამდენიმე ეპიზოდში ხიფათისგან გვიხსნა. ამასთან, იოჰანმა არა მარტო თავისი საფეხბურთო კლასი გვიჩვენა, არამედ ხასიათის სიმტკიცეც გამოავლინა. ეს თვისება მას ამპლუის შეცვლაშიც დაეხმარა. შვეიცარიელი ნახევარმცველის სტატუსით შევიძინეთ, საერთო მცდელობით კი, იგი კარგ ცენტრალურ მცველად იქცა. - მომდევნო მატჩებში, მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებთ? - “არსენალის” ფეხბურთელებმა იციან, რომ შემადგენლობის ცვლა ჩვენი პრინციპია და ძირითადში თამაშის საშუალება ყველას მიეცემა. - გულშემატკივრები და სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ “არსენალის” დაცვის ხაზი გასაძლიერებელია... - ამ საკითხში მათ ვეთანხმები. სირთულეები “ფულჰემთან” მატჩის მსვლელობის დროსაც შეგვექმნა, მაგრამ დიდწილად, ეს მოსალოდნელიც გახლდათ. ჩვენ ხომ უსიკვდილოდ 3 ქულის აღება გვწადდა და ამიტომაც, მატჩს 5 ნომინალური თავდამსხმელით ვასრულებდით. გარკვეული პრობლემების არსებობის მიუხედავად, იმავე “ფულჰემთან”, უკანახაზელებმა თავიანთ მოვალეობას თავი ურიგოდ არ გაართვეს. - როგორ გგონიათ, “არსენალს” შესწევს საიმისო ძალა, პრემიერლიგა რომ მოიგოს? - დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო – შესწევს. ვფიქრობ, თანდათან “არსენალის” თამაში მეტ სტაბილურობასაც შეიძენს. ყველა მომდევნო მატჩს ისე ჩავატარებთ, როგორც საფინალოს და მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად გავალთ მინდორზე. ბიჭებს არც ოსტატობა აკლიათ, არც მებრძოლი სული, დროთა განმავლობაში მეტ გამოცდილებასაც შეიძენენ და ინგლისის ჩემპიონობის დაუფლებაც სავსებით რეალური გახდება. - მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. “საფეხბურთო აღებ-მიცემობის” პერიოდში, “არსენალი” იაქტიურებს? - მიუხედავად იმისა, ტრავმების გამო აბუ დიაბი, ტომას ვერმალენი, მანუელ ალმუნია, აარონ რემზი რომ გვაკლია, ახალი მოთამაშეების დამატებას არ ვაპირებთ. გუნდში საკმარისად გვყავს მაღალი კლასის შემსრულებლები და თუ ახლებს ავიყვანთ, მათ სათადარიგოთა სკამზე მოუწევთ დაჯდომა. სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებთა რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ახალი წლიდან, მათ მეტად დავტვირთავ. - “არსენალმა” თავის მრავალრიცხოვან ჯილდოებს, ბოლოს, ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასი შემატა. ეს 2005 წელს მოხდა. თქვენი გუნდი ამ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა და ალბათ, თასის დაუფლებასაც აპირებთ... - ცხადია, ლიგის თასის მოგებას ვლამობთ, მაგრამ ისიც მშვენივრად გვესმის, ამის მიღწევა რთული საქმე რომაა. ხომ ხედავთ, რა დაემართა “მანჩესტერ იუნაიტედს” მეოთხედფინალში (ალექს ფერგიუსონის გუნდი “ვესტ ჰემმა” 4:0 გაანადგურა - რედ.)! გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს ჩვენგან და ისიც კარგად მესმის, მათ უპირველესად, საყვარელი გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მოგება რომ სწადიათ. - თითქმის 15 წელია, “არსენალს” უდგახართ სათავეში. როგორც მწვრთნელმა, საკუთარი თავის რეალიზება სრულად მოახერხეთ? - მწვრთნელობას თავს მხოლოდ იმ შემთხევევაში დავანებებ თავს, როცა ეს პროფესია მომბეზრდება. ჯერჯერობით კი, “არსენალში” მუშაობის დიდი სურვილიც მამოძრავებს და ვფიქრობ, საიმისო ძალაც შემწევს, გუნდთან ერთად წარმატებები ვიზეიმო. ღრმად მწამს “არსენალის” ამჟამინდელი შემადგენლობის, ჩემი ბიჭები “ტიტულებზე დაგეშილები” არიან, ეს კი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. თქვენ ახსენეთ, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, “არსენალს” ტურნირი არ მოუგია. გითხრათ ნამდვილი, საკუთარ რეპუტაციაზე მაღლა, “არსენალის” სახელს ვაყენებ. მინდა, ჩვენს ერთგულ ქომაგებს ლაღი, ლამაზი თამაშით სიამოვნება და სიხარული მივანიჭოთ. სწორედ საამისოდ ვმუშაობ მუხლჩაუხრელად. დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ “არსენალი” მატჩიდან მატჩამდე თამაშს გააუმჯობესებს. ასე რომ, ყველა ტურნირზე წარმატებით გამოსვლის საფუძვლიანი იმედი მაქვს.
|