ვისაც რივალდო მოგწონთ კაი სტატიაა ბარსამანიაზე და დაგიკოპირეთ

ავტორი: A.GAUDI


უბრალოდ რივალდო – იღბალზე გამარჯვება..
ბედნიერი სიღარიბე..
მე, ვიტორ ბარბოსა ფერეირა, რესიფეში დავიბადე. როდესაც 6 წლის შევსრულდი, ოჯახთან ერთად პაულისტაში გადავბარგდი. ბავშვობიდან თითქმის არაფერი მახსოვს. ჩემი მოგონებები იმ მომენტიდან იწყება, როცა ჟარდიმ პაულისტას უბანში 140-ე ქუჩის 25-ე ნომერში დავბინავდით, სადაც დღემდე ცხოვრობს დედაჩემი. ამ სახლმა უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა, მხოლოდ შიდა კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა. მე თვითონ მინდოდა პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა.
ჩემი სახლი მატერიალური კეთილდღეობის ატრიბუტებს მოკლებული იყო. შიმშილით არ ვშიმშილობდით, მაგრამ კარგი საჭმელი იშვიათად გვქონდა, თითქმის არასდროს. არც სათამაშოები გვქონდა ბავშვებს, თუმცა ერთი პლასტმასის პატარა ბურთითაც ვკმაყოფილდებოდით. იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, თითქოს ჩემი ესმოდა, ყველაფერი ცუდის დავიწყებაში მეხმარებოდა…
ეს ბურთი იყო ერთადერთი სიხარული ჩემი ღარიბი თანამემამულეებისთვისაც და მეც ჩემ ორ ძმასთან ერთად გამუდმებით მას დავდევდი უბნის მიდამოებში. ასფალტი იდეალურ მდგომარეობაში მყოფ მარაკანას გაზონად მეჩვენებოდა, დაჟანგული მილები – ნამდვილ თეთრ ძელებად, გამვლელ-გამომვლელის მზერას მარაკანას ათასობით მაყურებლის მზერად აღვიქვამდი. ფეხბურთის თამაში პირადად ჩემთვის დროსა და სივრცეში მოგზაურობას გავდა, ყოველდღიურ თავსატეხებისგან იზოლირებულს მხდიდა. სულ ფეხშიშველი ვთამაშობდი, სპორტული ფეხსაცმელი არ მქონდა.. (ამიტომ ახლა სულ ერთია ბურთს ტერფის რომელი ნაწილით დავარტყამ).
თუმცა სამეზობლოში ფეხბურთის გარდა ერთი სხვა თამაშიც გვქონდა, რომელმაც კინაღამ ცხოვრება დამინგრია. ასეთი თამაში იყო – პირველს უნდა მიგერბინა ორმეტრიან კედელთან და გადამძვრალიყავი. ერთხელაც ბოლომ მივირბინე, ბიჭები უკვე ზევით იყვნენ, ერთ-ერთს უზარმაზარი აგური მოუწყდა და პირდაპირ მარცხენა მუხლზე დამეცა. ნახევარ საათში ექიმმა 16 ნაკერი დამადო და მითხრა მაგრად გაგიმართლა რომ საერთოდ არ დაკოჭლდი, ძვალიც მრთელი გაქვს, მყესებიც არ გაგწყვეტიაო.
თუმცა ბედი ყოველთვის არ მიღიმოდა ასე. . .
პატარაობისას ჩემთვის სპორტი ერთფეროვანი და დამღლელი ყოველდღიურობისგან გაქცევის საუკეთესო საშუალება იყო, სადაც არ არსებობდა პრობლემები, სიღარიბე, უხერხულობები. მამაც უპირატესობას ფეხბურთს ანიჭებდა და სწორედ მან შემიყვანა “სანტა-კრუზის საფეხბურთო სკოლაში. სწავლა არ მიყვარდა, მარა დედაჩემი კატეგორიულად ითხოვდა დილის 7 საათიდან 11-მდე მემეცადინა. ოთხსაათიანი დამღლელი მეცადინეობის შემდეგ ჩემი საყვარელი ნამცხვრების – “სონბოსის” და “კოშიმბასის” ყუთებს ვტვირთავდი და მხოლოდ ამის შემდეგ თუ დრო დამრჩებოდა, მივდიოდი ჩემი პირველი გუნდის – “სანტა-კრუზის” სტადიონზე.
16 წლამდე დღის ერთნაირი განრიგი მქონდა – სწავლა, მუშაობა, ვარჯიში, თამაში – მეტ-ნაკლები ვარიაციით. მაგალითად, ხანდახან ძმებთან ერთად პლაჟზე დავიარებოდი პატარა პორტატული მაცივრით მხარზე გადაკიდებული, გამაგრილებელ სასმელებს ვყიდდით. ხშირად ხილით სავსე ურიკები დაგვქონდა, ხანდახან ლატარიის ბილეთებს ვასაღებდით, არც მდიდრების ხელ-ბარგის ზიდვას გავურბოდით ბაზრობებსა და სუპერმარკეტებში. ერთი სიტყვით არაფერს ვთაკილობდით ცოტაოდენი ფულის საშოვნელად.
პირველი ნაბიჯები
დიდი ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში ტელევიზორის საშუალებით შემოიჭრა. მეზობლებთან ვუყურებდი, იქ უკეთ იჭერდა და არ ციმციმებდა. ყველაზე მეტად “ფლამენგოს” თამაშების ყურება მიყვარდა, ნამდვილი არტისტები იყვნენ ზიკო, ანდრადე, ლეანდრო. ვუყურებდი და მათთან ერთად ან მათ ადგილას თამაშზე ვოცნებობდი.
“სანტა-კრუზში” ჩვენთვის ორგანიზებული ტურნირი არ არსებობდა. ხშირად ვიყოფოდით და ერთმანეთს ვეთამაშებოდით. ამ მატჩებში ჩემი ძმებიც მონაწილეობდნენ. ჩვენი გზები მაშინ დაიყარა, როცა 13 წლის ასაკში სერიოზული ვარჯიშის დაწყება გადავწყვიტე. ჩვენი სამეულიდან მაშინ ყველაზე სუსტად და ნაკლებად ნიჭიერად მე მივიჩნეოდი. დიდად მადლობელი ვარ მამაჩემის, რომელიც საყოველთაო დაცინვის ფონზე გამუდმებით მიმტკიცებდა არჩევანის სისწორეს.
მოკლედ, 13 წლის ასაკში პელადესი (ორმხრივი თამაში) ორგანიზებულმა წვრთნებმა შეცვალა. უკვე ოფიციალური მწვრთნელი გვაძლევდა მითითებებს. იგი ჩემს გარდა ყველას ამჩნევდა, მაგრამ ეს პირიქით მაღიზიანებდა და გაორმაგებულ მხნეობას მანიჭებდა. გასახდელისა და სტადიონის ატმოსფერო მაჰიპნოზებდა და ფეხბურთი ჩემი ცხოვრების აზრი ხდებოდა.. პლანეტის საუკეთესო სტადიონები დღეს არანაირი ემოციებს აღარ იწვევენ ჩემში, სულ ერთია “უემბლიზე” გავალ თუ “აცტეკაზე” ჩემში ყველაზე გრანდიოზულ სტადიონად “სანტა-კრუზის” არენა დარჩება, მხოლოდ რესიფეში ვნერვიულობ დამწყები ფეხბურთელივით.
მამა
მამაჩემი, რომილდო, მუდამ დარჩება ჩემს ცხოვრებაში როგორც უაღრესად კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი, რომელმაც დიდი გაჭირვების მიუხედავად სწორად გამზარდა და ცხოვრების სწორი გზა მიმითითა. იგი სერიოზული, უანგარო, კომუნიკაბელური და უზომოდ თავდადებული კაცი იყო. ასე თვლის ყველა, ვინც მას იცნობდა.
იგი ყველაფერზე წავიდოდა, ოღონდ ოჯახი კარგად ჰყოლოდა. არასდროს, არცერთი შვილისთვის არამარტო ხელი არ დაურტყავს, არამედ არც დაუყვირია. ჩვენგან რაღაც ერთს, მთლიანს ქმნიდა, ერთი ორგანიზმი ვიყავით. უკვე დიდები ვიყავით ხელს რომ გვკიდებდა და სასეირნოდ მივყავდით, გვეხუტებოდა, გვკოცნიდა..
არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ იმ დღეს, 1989 წლის 6 იანვარს, მამაჩემთან ერთად ჩემი გულის დიდი ნაწილიც მოკვდა… როდესაც ხალხი რომილდოს მახსენებს, ამას ჩემს თვალებში ამოიკითხავს. ახლა მეც სულ ვცდილობ, რომილდოს მივბაძო როგორმე, როგორც შვილების მამამ.
ის დღე ისე კარგად მახსოვს, თოთქოს ვიცოდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი. დაახლოვებით 10 საათისთვის გავედი სახლიდან. ქუჩაში შემხვდა ჩანთა ეჭირა პროდუქტებით სავსე. ცოტა ხანი ვისაუბრეთ, ჩამეხუტა და ჩვენს გზას დავადექით. ის და დედა რესიფეში აპირებდნენ წასვლას რაღაც საქმეზე. რამილდო თავის ოთახში დოკუმენტების თვალიერებაში გაერთო და საათს რომ დახედა ნახევარ საათზე ნაკლები დარჩენილიყო ადგილზე მისვლამდე. სწრაფად გავარდა ქუჩაში… ისეთი მოწესრიგებული იყო, მიკვირს რატომ არ მიხედ-მოიხედა გზაზე გადასვლისას. შუადღე იყო. პირველს 15 წუთი აკლდა. ავტობუსის მძღოლმა დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო…
დედას იგი ისე უყვარდა, მეორედ გათხოვება არც უფიქრია, რაც ბრაზილიაში ნამდვილად არაა ურიგო საქციელი.რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მამის სიკვდილმა რადიკალურად შეცვალა დედაჩემის დამოკიდებულება ჩემს საფეხბურთო მომავალთან დაკავშირებით. თითქოს ანდერძად მიიღო მამის სურვილი. მეტიც, როცა ამ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩემი “სანტა-კრუზიდან” გაძევება გადაწყვიტეს და ამის შესახებ მან გაიგო, ნიშნის მოგების მაგიერ იგი მხარში დამიდგა და ახალი თავგადასავლებისკენ მიბიძგა.
იმის თქმაც დანამდვილებით შემიძლია, რომ ფეხბურთელი სწორედ მამის ხათრით გავხდი. ყოველთვის მიმეორებდა, შენში ნაღდ პროფესიონალს ვხედავო. მისი სიკვდილის შემდეგ ფეხბურთისათვის თავის დანებებას ვაპირებდი, რადგან ოჯახს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მივხვდი – ამ საქციელით უბრალოდ, რომილდოს ვაწყენინებდი, იგი ამას არასდროს მაპატიებდა და დიდი ძალისხმევის შედეგად კვლავ გადავიტანე კონცენტრაცია ფეხბურთზე..
“პატაპალო”
ჩემი პირველი მეტსახელი ეს იყო “სანტა-კრუზში”. დიდხანს მომმართავდნენ ასე, რაც ხისფეხას ნიშნავს, სანამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოთამაშიდან ნაღდ ფეხბურთელად არ ვიქეცი. Aმას დადებითი მხარეც ჰქონდა. მივეჩვიე კრიტიკას, ირონიის ატანას, ვისწავლე გარე ფაქტორთა იგნორირება.
რომილდოს უსაყვარლესი გუნდის “სანტა-კრუსის” კუთვნილება ვიყავი ჯერ. პირველი საფეხბურთო სიხარული და მწუხარებაც აქ განვიცადე.
16 წლის ვიყავი, გარდატეხის ასაკში. კლუბში ახალგაზრდების გადარჩევა მიმდინარეობდა. შამწუხაროდ მწვრთნელს ჩემი თამაში არ მოეწონა და მითხრა ჩემი სარეგისტრაციო ბარათი ამეღო და წავსულიყავი. ღოგორ ამეხსნა ეს ყოველივე მამისთვის?? სიმართლის თქმა ვერ გავბედე და ვიცრუე – შერჩევა კიდევ 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება-მეთქი. დღემდე ვნანობ რომ ამ სამი თვის გასვლამდე გარდაიცვალა.
სარეგისტრაციო ბარათი არ წამომიღია, შემეშინდა სახლში არ ეპოვათ და უბნის გუნდში დავიწყე თამაში. იქ არავინ დაგცინებდა, ბურთის გაგორება ყველა მსურველს შეეძლო. ერთხელაც შემთხვევით ჩვენს თამაშს მოკრძალებული კლუბის – “პაულისტანოს” წარმომადგენელი დაესწრო და გასინჯვაზე მიმიპატიჟა. Iქ მისვლისას პირველ რიგში დაინტერესდნენ, “კატა” ხომ არ ვიყავი. ასე ეძახდნენ იმათ, ვისაც ასაკი ჰქონდათ გადაკეთებული. ვუპასუხე რომ ასე არ იყო და ამაში დარწმუნება “სანტა-კრუზის” სარეგისტრაციო დოკუმენტებით შეეძლოთ. საბოლოოდ “პაულისტანოს” ფეხბურთელი გავხდი.
სულ ცოტა ხანში სწორედ “სანტა-კრუზთან” მოგვიწია შეხვედრა. მშობლიურ სტადიონზე ძალიან ცუდად დამხვდნენ, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა და გაორმაგებული ენერგიით ვითამაშე, რათა ჩემი ჩამოწერის შეცდომის ამბავი ყველასთვის დამემტკიცებინა. მატჩი 2-2 დასრულდა, ორივე გოლი მე შევაგდე. გავიტანე პენალტების სერიაშიც და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა – “სანტა-კრუზი” ტურნირს გამოეთიშა.
მეორე დღეს ჩემს ყოფილ კლუბში საბუთები გადაქექეს და აღმოჩნდა, რომ ფორმალურად კვლავ მათ ვეკუთვნოდი, რადგან სარეგისტრაციო ბარათი არ გამიტანია. შედეგის გაპროტესტება სცადეს და გადათამაშებას ითხოვდნენ მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. სამაგიეროდ მიაღწიეს მიზანს და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გუნდი მომწონდა, ძალით დამაბრუნეს უკან, “სანტა-კრუზში.”
“სანტა-კრუზის” ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებული თამაშებიდან მეხსიერებაში პირველ რიგში მუდამ ერთი თამაში წამომიტივტივდება-ხოლმე: მაშინ 18 წლის ვიყავი და ჟუნიორსში (ახალგაზრდული გუნდი) გამოვდიოდი. საკუთარ მოედანზე ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ვხვდებოდით, მოგების გარდა სხვა ანგარიშის უფლება უბრალოდ არ გვქონდა. თითქმის მთელი შეხვედრა თადარიგში გავატარე. მხოლოდ მატჩის მიწურულს 2-2-ზე შემიყვანეს მოედანზე და გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა – გამარჯვების გოლი გავიტანე.. ნამატჩევს ჟურნალისტებმა მომძებნეს, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, დავიბენი და ცრემლები წამსკდა… მას მერე მიჭირს მასმედიასთან ურთიერთობა.
ორმაგი ემოციები
ამ მომენტიდან 1 წლის შემდეგ, 19 წლის ასაკში იუნიორთა პირველ გუნდში მიმიღეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ახალგაზრდულ მთავარ გუნდში, საუკეთესო ახალგაზრდებთან მომიწევდა ვარჯიში. ხელფასი არ მქონდა, მხოლოდ მოგებისათვის განკუთვნილ პრემიებს ვიღებდი.
1991 წლის სან-პაულუს ტრადიციულ იუნიორთა თასზე სანტა-კრუზის ძირითად შემადგენლობაში შემთხვევით მოვხვდი. გუნდმა ტურნირზე 4 გოლი გაიტანა, საიდანაც 3 ჩემს ანგარიშზე იყო. ამის მიუხედავად მეორე დღეს პროფესიონალების ვარჯიშზე გასასინჯად მიწვეულ 5 ჩემ თანაგუნდელს შორის ვერ მოვხვდი, თუმცა მწვრთნელმა მაინც მიმიწვია სტადიონზე… მაყურებლად.
მივედი. თანაგუნდელებს ვიღაც კაცი ელაპარაკებოდადა უცებ იკითხა, თქვენი ბომბარდირი სად არისო.. დამიძახეს. შაბოლოოდ დანარჩენებთან ერთად ვივარჯიშე და სახლში საოცრად გახარებული დავბრუნდი.
ახალი მწვრთნელი, სერჟიუ კოსმე 3 ვარჯიშის განმავლობაში ხმას არ მცემდა. მეოთხეზე კი მითხრა, მომდევნო მატჩში თავდასხმაში დაგაყენებ ვალბერის ნაცვლადო.. ძირითადი გუნდი, მთავარი სტადიონი… ეს სიზმარი იყო… მაგრამ გამოღვიძება იყო კოშმარული – უკანასკნელ ვარჯიშზე მუხლი ისე დავიზიანე, საკაცით გამიყვანეს. ყველა მითანაგრძნობდა, მწვრთნელმაც დამამშვიდა – ძირითადში ადგილს არ დაკარგავო, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა.
საერთოდ, “სანტა-კრუზში” ახალი წევრის გამოჩენას არცთუ სასიამოვნო კომენტარები მოჰყვა. კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ჩემი ადგილი ქვედა დივიზიონებში იყო და საერთოდ ფეხბურთს კოჭლი კაციც კი უკეთ ითამაშებდა, ვიდრე მე. მათი აზრით, ჩემზე უარეს ფორვარდს ვერც კი ინატრებდნენ კონკურენტები.. ამდაგვარ მოსაზრებებს რადიოთიც კი აჟღერებდნენ და ერთხელ ისე მომეშალა ნერვები, რადიოს ბატარეებიც კი დავჭეჭყე. იმაზე უარესი არაფერია, როდესაც საზოგადოების აზრი ახალგაზრდა ფეხბურთელის თავზე გილიოტინასავით ჰკიდია.
ჟურნალისტებს ხომ საერთოდ ვერაფერს გაუგებ – “სანტა-კრუზში” ამბობდნენ გუნდი გამოუცდელი ბიჭუნებითაა სავსე, გამოცდილი ფეხბურთელები გვინდაო, ხოლო როცა უკვე “ბარსელონაში” ვასპარეზობდი, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი იმის გამო, რომ უპირატესობა გუნდის აღზრდილ კატალონიელებს არ ენიჭებოდათ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ განტევების ვაცი ყოველთვის რივალდო იყო და როცა ჩემი გუნდი მარცხდებოდა, ყველა იმას ითვლიდა, რამდენჯერ დავარტყი არაზუსტად, რამდენჯერ შევცდი, რა დაღრეცილი ფიგურა მაქვს და ა. შ.
სამეული სოფლიდან
ჩემი შრომა მაინც დაფასდა. “პატაპალო” არც ისე უვარგისი ყოფილა. უკვე ყველა აქებდა ხისფეხას. ჩემით “სანტა-კრუზზე” გაცილებით ამბიციური გუნდი “მოჯი-მარიმი” დაინტერესდა და გადამიბირა კიდეც. ასე აღმოვჩნდი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მექაში – სან პაულუში, ოჯახისგან ძალიან შორს.
აქაც შემთხვევითობამ ითამაშა გარკვეული როლი – ჩვენს გუნდს მცველი დაემტვრა, “მოჯი-მარიმს” კი თავდამსხმელი. ასე გამცვალეს მცველში. ჩემი ახალი მეპატრონეები მალე მიხვდნენ თავიანთი ნაბიჯის სისწორეს. ხელფასს იმაზე გაცილებით ნაკლებს მიხდიდნენ, ვიდრე დაპირებულს. ამასთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტმა ზუსტად ის მითხრა, რაც წლების შემდეგ მისმა ესპანელმა კოლეგამ ხოსეპ ლუის ნუნიესმა: “რასაც გაძლევენ აიღე, თუ არადა დაახვიე.” ერთი სიტყვით, მილიონერი ვერ გავხდი, მაგრამ ოჯახს იმდენს ვუგზავნიდი, რომ დამაზოგით რესიფეში სახლიც კი შეიძინეს.
ერთიც მინდა აღვნიშნო – მე, ჩრდილოელს, ბრაზილიის სამხრეთში ცხოვრება მოსაწყენად მეჩვენა. იქაურები საოცარი მონდომებით აქილიკებენ პროვინციელებს (სხვათა შორის იგივე დამოკიდებულება იყო ნაკრებშიც ფეხბურთელებს შორის). აქ ყველაფერზე დაგცინიან – ლაპარაკის მანერაზე, სიარულზე, ქცევებზე, ტანსაცმელზე.. “მოჯი-მარიმში” პროვინციიდან სამნი ჩავედით – მე, ვალბერი და ლეტო. რა გასაკვირია, რომ ჩვენ იმთავითვე შეგვარქვეს “ტრიო კაიპირა” – “სამეული სოფლიდან.”
თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად იყო – გავიცანი როზი, რომელიც დღეს ჩემი მეუღლეა. ყოველდღე ვხვდებოდით 8 საათიდან 11-ის ნახევრამდე. 11-ზე კი ბაზაზე ვიყავი დარჭობილი და მეძინა.
“მოჯი-მირიმში” ჩემმა გამოსვლამ კრიტიკოსები გააჩუმა. ჩემი სახელი სულ უფრო ხშირად ისმოდა “კორინთიანსის,” “პალმეირასის” ”სანტოსის” ვარსკვლავთა გვერდით. სულ მალე ჩემით და ჩემი 2 მეგობარით კორინთიანსი დაინტერესდა და თავისიც გაიტანა – “ტრიო კაიპირა” სახელოვან გუნდში გაგვანათხოვრეს. ახალ კლუბში ისე მონდომებული ვიყავი, რომ ბოსები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. ერთადერთი პრობლემა მქონდა – როზის სანახავად 60 კილომეტრის გავლა მიხდებოდა თითქმის ყოველდღე, რასაც ჩემი კვალიფიკაციის მძღოლი 2 საათს ვანდომებდი. საბოლოოდ 6 თვიანი არენდის შემდეგ კლუბები ვერაფერზე შეთანხმდნენ და უკან დაბრუნება მომიწია.
ცოტაოდენი გამართლება
ცოტა ხანში ჰორიზონტზე ახალი კლუბი გამოჩნდა – “კორინთიანსის” ძველი მეტოქე “პალმეირასი,” რომელმაც 1994 წელს ჩემი კონტრაქტი გამოისყიდა და სიმშვიდე და თავდაჯერება დამიბრუნა. ამ გუნდმა შესანიშნავი პირობები შემიქმნა და ბოლო წლებში დაგროვილი ვალებიც გამისტუმრა.
რამდენიმე თვის შემდეგ “კორინთიანსი” და “პალმეირასი” ბრაზილიის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. ორი მატჩიდან პირველი ჩვენ მოვიგეთ 3-1 და აქედან ორი მე გავჭედე. მეორე თამაში კი 1-1 დასრულდა და არც აქ დამიტოვებია მოედანი უგოლოდ. ამ გოლებმა “პალმეირასის” ფანებს სამუდამოდ შეაყვარა ჩემი თავი, “კორინთიანსის” ფანებმა კი სამუდამოდ შემიძულეს.
ბრაზილიაში კერპებს ყველაზე ხშირად ფეხბურთელებისგან ქმნიან. მეც კერპად ვიქეცი. დღესაც ვინახავ ფირს, სადაც მე ჩემი პირველი შვილის დაბადებას ნერვიულად ველოდები, ორი ექიმი კი, შესაბამისად “პალმეირასის” და “კორინთიანსის” ფანები იმაზე კამათობენ, თუ ამ გუნდებიდან რომლის ღირსებას დაიცავს მომავალში ახალშობილი.
“პალმეირასში” მშვენივრად ვგრძნობდი თავს, ყველაფერი ნორმალურად მქონდა, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ბრაზილიის დეზორგანიზებულ პირველობაში ჩემი თავი ამოვწურე და აქ გაჩერება ჩემთვის დამღუპველი იქნებოდა. ევროპაში წასვლის დრო მოახლოვებულიყო..
გაქცევა ლა კორუნიაში
თანამემამულეებისგან განსხვავებით, ევროპაში გამგზავრება დიდი ხნით გამეწელა. მთხოვნელთაგან პირველი “პარმა” გამოჩნდა, იმ პერიოდისთვის იტალიის ძალიან სოლიდური გუნდი. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, რადგან ჩემი სატრანსფერო უფლებების 80% კონცერნ “პარმალატს” ეკუთვნოდა, რომელიც “პარმას” ოფიციალური სპონსორიც იყო. ის იყო კონტრაქტზე ხელი უნდა მომეწერა, საქმე ჩიხში შევიდა.
შემდეგ “ეინდჰოვენის” ვარიანტი გამოჩნდა, ჰოლანდიური კლუბის უფროსობასთან ვისადილე კიდეც, მაგრამ აქაც არაფერი გამოვიდა – “პალმეირასი” რაღაცით უკმაყოფილო დარჩა, ტრანსფერი დამიბლოკა და ჰოლანდიელებმაც რონალდოს ყიდვა გადაწყვიტეს. შემდეგ იყო იაპონური “ვერდი კავასაკისგან” შემოთავაზება, მაგრამ “პარმალატმა” გადამარწმუნა, შენი იტალიაში თამაში მხოლოდ დროის საკითხიაო და მოცდა ვარჩიე.
ასე მიდიოდა ჩემი ოცნების მატარებელი და არცერთ სადგურზე არ მიჩერებდა. და როდესაც ყველაფერზე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, ესპანეთიდან “დეპორტივოს” ხელმძღვანელობის წაქეზებით ჩემმა თანამემამულე მაურო სილვამ დამირეკა და მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობდი, დიდხანს მიქო ლა კორუნია. ორიოდე დღის შემდეგ “დეპორის” წარმომადგენელი “პალმეირასის” ბაზაზე გამოჩნდა. ძალიან ყოჩაღი აგენტი აღმოჩნდა, 3 დღეც და უკვე ესპანეთში ვიყავი, სადაც ჩემთვის მეტად ძვირფასი ადამიანი და ფეხბურთელი ბებეტო შევცვალე. ჩემი ტრანსფერი სარეკორდოდ უძვირესი აღმოჩნდა ორივე კლუბისთვის
ყველაფერი ძალზე დროულად მოხდა, რადგან 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრები ჩავარდა და ეს ამბავი რატომღაც რივალდოს დაბრალდა. კიდევ კარგი ესპანური ვარიანტი გამოჩნდა, თორემ დეპრესია მეწყებოდა. როგორც იქნა გამიმართლა..
“დეპორტივომ” 15 დღიანი შვებულება მომცა ოლიმპიადიდან განსატვირთად. აქედან მხოლოდ 5 დღე გამოვიყენე და ლა კორუნიაში ჩავედი. აეროპორტში 2000-მდე გულშემატკივარი მელოდებოდა, “რიასორზე” გამართულ პრეზენტაციაზე კი 8000-მდე კაცი მოსულიყო. ეს ფაქტი უზომოდ დამეხმარა სირთულეების გადატანაში. მათ მადლობა შემდეგნაირად გადავუხადე – როდესაც გოლი გამქონდა მაისურს ტრიბუნებზე ვისროდი.
ლა კორუნიაში “პატაპალოს” აღარავინ მეძახდა.. პირველივე მატჩიდან გუნდის ლიდერის სტატუსი მიმენიჭა. “ბატისფეხა,” “ხისფეხა” რივალდოს უკვე “პრიმერას” ვარსკვლავად მიიჩნევენ. ასეთსავე როლს ასრულებდნენ ჩემი ბრაზილიელებიც ლა ლიგაში. ინჩადისგან უდიდესი პატივისცემა მოდიოდა, ჩვენც სიამაყით ვივსებოდით და ვცდილობდით უკან დაგვებრუნებინა ეს სიხარულის ოვაციები.. მოკლედ, მოულოდნელად ევროპულ ფეხბურთს სწრაფად და კარგად მოვერგე.
“დეპორში” გატარებული ერთი სეზონის განმავლობაში ორი სერიოზული პრობლემა შემექმნა, რასაც ბრაზილიაში არ შევხვედრილვარ. მივხვდი, რომ დიდი ფეხბურთი პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ინტერესების გადაკვეთის სამყაროც ყოფილა. წინასწარ გეტყვით, რომ ამ პრობლემებმა “ბარსელონაში’ უფრო იჩინა თავი.
პირველი თავსატეხი მწვრთნელ ჯონ ტოშაკთან შემექმნა. დღემდე ვერ მიმიცია სწორი შეფასება მომხდარისთვის. კონფლიქტი ბილბაოსთან საშინაო შეხვედრისას დაიწყო. იმ დღეს განსაკუთრებული აღმაფრენით ვირჯებოდი, ყველაფერი გამომდიოდა და ამას გულშემატკივართა ოვაციებიც ამტკიცენდა. თუმცა შეხვედრის დაწყებიდან ნახევარ საათში უელსელმა ჩემი შეცვლა მოითხოვა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მეგონა ჩემი ნომერი შეცდომით აანთეს. მაგრამ არა, 1-1-ზე ჩემს ნაცვლად განაპირა მცველი შემოვიდა, რასაც ტრიბუნები სტვენით შეხვდნენ. ძალიან გაბრაზებული ჩავედი საშხაპეში და უკანამოუსვლელად შინ წავედი. Mოედანზე კი მოვლენები ასე განვითარდა – “დეპორი 2-1 დაწინაურდა და ტოშაკმა ტრიბუნებს უხერხული ჟესტით მიუთითა თავისი გადაწყვეტილების სისწორე. ოღონდ ნაადრევი მოუვიდა – “დეპორტივომ” წარუმატებლობა განიცადა და ტოშაკიც უმუშევარი დარჩა.
მეორე კონფლიქტური სიტუაცია “ბარსელონაში” გადასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა. არდადეგების პერიოდი იწყებოდა. მე, დონატო და მაურო სილვა ახალ მთავარ მწვრთნელთან კარლოს ალბერტო სილვასთან სათხოვარით მივედით – მოეცა უფლება ბაზაზე 1 დღის დაგვიანებით დავბრუნებულიყავით, ისიც ბრაზილიელია და გვეგონა გაგვიგებდა. მან კატეგორიული უარი გვითხრა – 23 ივლისს სამივეს აქ გნახავთო! თუ არ ჩამოხვალთ, საკუთარ თავს დააბრალეთ გუნდიდან რომ გაგყრითო..
იმდენად გაცოფებული გახლდით, რომ რომც მომესწრო, დათქმულ დროზე მისვლას არც ვაპირებდი. დარწმუნებული ვიყავი სილვა და დონატოც ასე მოიქცეოდნენ. თუმცა რამდენიმე დღით ადრე მათ დამირეკეს და მითხრეს, მწვრთნელთან უთანხმოება არ გვინდა, გალისიაში დროზე ჩავალთო. მეც გადავწყვიტე 21-ში გავფრენილიყავი, რადგან 22-ში ვარჯიშზე გამოვცხადებულიყავი. თანაც სამჯერ დამირეკეს და გამოცხადების თაობაზე კიდევ გამაფრთხილეს.
ბაზაზე მისულს გამომიცხადეს, რომ ვარჯიში ხვალისთვის გადაიდო.. რამდენი ვიხვეწე რომ ოჯახთან რამდენიმე საათით მეტი გამეტარებინა.. მეორე დღეს ვარჯიშზე სპორტული ამუნიციის გარეშე მივედი. მწვრთნელს ჩემსკენ არც კი გამოუხედავს, თანაშემწე გამომიგზავნა და ვარჯიშში ჩართვა მთხოვა, რაზეც უარი მიიღო და ნომერში ავედი. ამან მწვრთნელთა კორპუსის და კლუბის ხელმძღვანელობის აღშფოთება გამოიწვია. ჩემი ოთახი მისაღებად იქცა – ხან ვინ მოდიოდა და მთხოვდა, ვითარება არ დამეძაბა და ხან – ვინ. არაფერი გამოუვიდათ. ცხონებულ მამაჩემსაც რომ ეთხოვა, ვარჯიშზე არ ჩავიდოდი.
საბოლოოდ კლუბის პრეზიდენტმა ავგუსტო სეზარ ლენდოირომ პირად აუდიენციაზე მიმიწვია. შეხვედრას დადებითი შედეგი არ გამოუღია – პირიქით, გუნდიდან 1 კვირით მომკვეთეს. უარესი რაღა უნდა აყოფილიყო? – მამის სიკვდილის შემდეგ პირველად მომადგა ცრემლები.. ამჯერად მწუხარების არა – უსუსურობის.
ელიტისკენ, ელვის სისწრაფით
ივლისი ილეოდა. ის იყო უნდა დამეძინა, ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილში უცნობი კაცის ხმა მომესმა, რომელიც ბრაზილიელ ფეხბურთელებზე სპეციალიზირებულ აგენტად წარმიდგა და მითხრა, რომ “ბარსელონას” ბოსების დავალებით დამეკონტაქტა. მისივე თქმით, ჩემი კანდიდატურა “ბარსას” ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლორენსო სერა ფერერმა წამოაყენა, იდეა ხოსეპ ლუის ნუნიესსაც მოეწონა და მას უმოკლეს ვადაში უნდა მოეგვარებინა ჩემი კატალონიურ კლუბში ტრანსფერის საკითხი.
ძილი გამიტყდა.. წამებში გამიელვა ჩემმა პროფესიულმა თუ პირადმა კარიერამ.. ზუსტად 1 წლის წინანდელი საუბარი ჩამესმა ყურში მაურო სილვასთან… დავიბენი და უაზროდ წამოვროშე, მოსაფიქნებლად დრო მჭირდება-თქო. პასუხად კი მივიღე – შექმნილ სიტუაციაში გადაწყვეტილება უსწრაფესად უნდა მიმეღო.
ნომერში მაურო სილვასთან ვცხოვრობდი. მითხრა ჩემთვის უდიდესი დანაკარგი იქნებიო, მაგრამ მირჩია უცნობს დავთანხმებოდი. არგუმენტის მოყვანაც არ გასჭირვებია – “ეს ხომ “ბარსაა” რივა!..”
სასწრაფოდ გადავურეკე მეუღლეს. როზი გაოცდა, ასეთ ცვლილებას არ ელოდა. გადაჭრით არ მოუცია პასუხი – თავად გადაწყვიტეო.
”ბარსელონამ” მოლაპარაკებებში უფრო გამოცდილი აგენტი ჩართო – ხოსე მარია მინგელია. მე ვყოყმანობდი, რადგან “დეპორტივოში” ფეხი მყარად მქონდა მოკიდებული, ამ დიდი გამოწვევის მეშინოდა.. მაგრამ არაფერი ჭრიდა, ზეწოლა უფროდაუფრო იზრდებოდა და მაორე დღეს უკვე ბარსელონიდან ფაქსი მოვიდა – დოკუმენტზე ხელის მოწერაღა რჩებოდა.
ფაქსს მოწვევა მოჰყვა სინდად კონდალში, “ბარსელონას” ბაზაზე. ჩასულმა აღმოვაჩინე რომ გამზადებული კონტრაქტი დიდად განსხვავდებოდა შეპირებულისგან. ეს პირველ რიგში თანხებს ეხებოდა. მე ამიხსნეს, რომ ეს “ბარსაა,” სადაც თავიდან საჭიროა დამკვიდრება, თავის გამოჩენა, დასაწყისშივე ზღაპრულ პირობებს არავინ შეგიქმნის. თუ შევძლებდი გუნდის წარმატებებში წვლილის შეტანას, კონტრაქტი დაუყოვნებლივ მიიღებდა უწინდელ სახეს. ამისთვის 2 წელი გამომიყვეს.
მე და მინგელია სრულებით არ ვაპირებდით უბრძოლველად პოზიციების დათმობას, თუმცა ნუნიესი თავისაზე მყარად იდგა. ტრანსფერი ჰაერში გამოეკიდა. ჩემი ლა კორუნიაში დაბრუნება უკვე შეუძლებელი და ულამაზო საქციელი იქნებოდა. აღარაფერი დამრჩენოდა კონტრაქტზე ხელის მოწერის გარდა. გაიელვა, მაგრამ ქუხილის ხმა არავის გაუგონია – ტრანსფერის დეტალებზე ხმა მხოლოდ 2 წლის მერე ამოვიღე…
უმალ დავბრუნდი ლა კორუნიაში და “ეინდჰოვენთან” ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. პუბლიკა ტრადიციულად თბილად შემხვდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე სტვენა და დაძაბულობა ვიგრძენი. სტვენა მაშინაც კი გავიგე, გამარჯვების გოლი როცა შევაგდე – რადიოში გამოეცხადებინათ ტრანსფერის ამბავი.
საშხაპეში შესვლამდე ავგუსტო ლენდოირომ ცალკე ოთახში გამიყვანა და მითხრა, რომ ვერაფრით შეძლებს ჩემს შენარჩუნებას, რადგან ამ შემთხვევაში თითოეულ ფეხბურთელს ხელფასი უნდა გაუორმაგოს (ჩემი ხელფასის პროპორციულად), რისი ფინანსებიც “დეპორს” არ გააჩნია.. ბოლოს ნაღვლიანი სახით მისურვა წარმატება და მოღუშული სახით ოთახიდან მძიმედ გავიდა…
“რიაზორი” უკანასკნელად დავტოვე და ცენტრალურ შესასვლელთან ასეთ სურათს შევესწარი – ჩემს მანქანასთან ორი კაცი იდგა, ერთერთი ავტომობილს წიხლებს ურტყავდა, მეორე კი აწყნარებდა. გადავწყვიტე ბარსელონაში ლა კორუნიის აეროპორტის მაგიერ კომპოსტელადან გავფრენილიყავი – ფანები თბილ გაცილებას არ მომიწყობდნენ..
This post has been edited by Interimo on 3 Jan 2011, 16:02