სანამ იტალიელები პლატინის რჩევას არ გაითვალისწინებენ, მანამდე რეალური პროგრეესი და ძველი პოზიციის დაბრუნება წარმოუდგენელია. ინფრასტრუქტურაა უმნიშვნელოვანესი.
-----------------
გაზეთი ლელო
პლატინი: იტალიელებო, სტადიონებს მიხედეთ
რა არის დღეს იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემა? - ვინც კალჩოში ცოტა მაინც ერკვევა, ამ კითხვას მარტივად უპასუხებს: ინფრასტრუქტურა, მოძველებული სტადიონები. დიახ, ამ მხრივ აპენინებზე მართლაც რთული მდგომარეობაა და ვითარება სასწრაფოდ გამოსწორებას საჭიროებს.
ის, რომ სერია A-ს პაექრობებზე ორჯერ უფრო ნაკლები გულშემატკივარი დადის, ვიდრე ბუნდესლიგის მატჩებზე, დიდწილად სწორედ ძველი სტადიონების და გაუმართავი ინფრასტრუქტურის ბრალია. ქომაგებისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია ამა თუ იმ მატჩს ტელევიზიით უყურონ, ვიდრე სტადიონზე მივიდნენ. არენების უმეტესობას ბოლოს გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩაუტარდა საფუძვლიანი რეკონსტრუქცია და ეს ფაქტი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.
შედარებით უკეთესად გამოყურებიან ის არენები, რომლებიც 1990 წლის მუნდიალისთვის განაახლეს, თუმცა თანამედროვე სტადიონებთან მათი შედარებაც შეუძლებელია. მაგალითად, "ბარის" საშინაო არენა სწორედ 1990 წლის მუნდიალისთვის ააგეს და მაშინ ეს სტადიონი სუპერთანმამედროვედ ითვლებოდა - ბევრმა მას მსოოფლიოს მერვე საოცრება და არქიტექტურული შედევრი უწოდა, მაგრამ ტექნოლოგიები ძალიან მალე განვითარდა და დღეს "სტადიო სან ნიკოლა" ანტიკურ ძეგლს უფრო წააგავს, ვიდრე თანამედროვე ნაგებობას. ერთი სიტყვით, ვითარება გამოსწორებას საჭიროებს და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მიშელ პლატინიმ იტალიურ პრესასთან საუბარში. სანამ სიტყვას გადავცემდეთ, მაინც აღვნიშნოთ, რომ პლატინი უეფას პრეზიდენტია:
"იტალიაში სტადიონები საშინელ მდგომარეობაშია და ამ საკითხს მიხედვა სჭირდება. მეტსაც გეტყვით, თუ გავითვალისწინებთ სხვა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში არსებულ ვითარებას, იმდენად დიდი კონტრასტია, რომ თამამად შემიძლია ვთქვა: აპენინებზე სტადიონები საერთოდ არ არის. ძალიან მიკვირს, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა და უკვე წლებია, პრობლემა პრობლემად რჩება. იტალიელ საფეხბურთო ფუნქციონერებს ურჩევნიათ, რომ ერთ ფეხბურთელში 50 მილიონი გადაიხადონ , ვიდრე ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ და სტადიონებს რეკონსტრუქცია ჩაუტარონ. საქმისადმი ასეთი მიდგომის შედეგია ის, რომ უეფას საკლუბო რეიტინგში იტალია პოზიციებს თმობს და დიდია შანსი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზური ბუნდესლიგას გადაულოცოს."
პლატინის განცხადება იტალიელებმა კრიტიკად აღიქვეს და გარკვეულწილად, გააპროტესტეს კიდეც. შეგახსენებთ, რომ აპენინელებმა ორჯერ გამოთქვეს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი, მაგრამ უეფამ ორივეჯერ იტალიის კონკურენტს დაუჭირა მხარი - 2014 წლის ევროფორუმის მასპინძლობა უკრაინა-პოლონეთს მიანდო, 2018 წლის ჩემპიონატი კი - საფრანგეთს. არადა, იტალიელები სწორედ საევროპოდ აპირებდნენ სტადიონებისთვის რეკონსტრუქციის ჩატარებას და ამ შემთხვევაში, ჩადებულ თანხას ტურისტებისგან ორმაგად ამოიღებდნენ. პლატინიმ ორივეჯერ უმტყუნა იტალიას და დღეს კრიტიკით გამოდის, რაც აპენინებზე ძალიან არ ესიამოვნათ. იგივე გერმანიამ ინფრასტრუქტურული პრობლემები 2006 წლის მუნიდიალით გადაჭრა, საფრანგეთმა კი ეს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს გააკეთა. თუმცა, იტალიელები თავიანთ დანაშაულსაც აღიარებენ - არაერთი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე აცხადებს, რომ უეფას ყურებას, ჯობია გეგმა B შემუშავდეს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგას.
ერთადერთი, ვინც პლატინის მოსაზრება ბოლომდე გაიზიარა, "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გახლავთ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ტურინელებმა ყველას დაასწრეს და ახალ, ულტრათანამედროვე სტადიონს იშენებენ. მშენებლობა ამ წლის ივნისში დასრულდება და მომდევნო სეზონიდან "ბიანკონერი" ახალ სტადიონზე იასპარეზებს. ტრიბუნები 42 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და ყველა პროგნოზით, თამაშების უმეტესობაზე გაივსება. ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია არ გეგონოთ - გულშემატკივრები აქედანვე დიდ ინტერესს იჩენენ მომდევნო სეზონის წლიური აბონიმენტის შესაძენად და კლუბის სათაო ოფისში მოთხოვნებიც გაგზავნილი აქვთ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ჯერ მიმდინარე სეზონის დასრულებამდეა საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. ცნობისთვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, "იუვეს" საშინაო თამაშებს საშუალოდ 19 000 გულშემატკივარი ესწრება, რაც ასეთი კალიბრის გუნდისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუ სტადიონი დაგეგმილ დროს გაიხსნა და უკვე მომდევნო სეზონიდან "ბიანკონერი" ახალ სახლში გადაბარგდა, მაყურებელთა რაოდენობა ორჯერ გაიზრდება. აი რას ამბობს ანდრეა ანიელი:
"არ აქვს მნიშვნელობა ჩაგვატარებინებენ თუ არა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და იმ პრობლემებს ვებრძოლოთ, რომლებიც სახეზეა. ფაქტია, რომ იტალიური სტადიონები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და მათი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია, ან სულაც ახალი არენების აშენებაა საჭირო. მეტსაც გეტყვით, ეს უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რადგან კარგი ინფრასტრუქტურის გარეშე, წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია. ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ახალ სტადიონში, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ მალე მოგებაზე გავალთ. ჩვენი გათვლებით, ახალი არენიდან ყოველწლიურად დამატებით 15 მილიონ ევროს მივიღებთ და ეს თანხა მთლიანად ტრანსფერებში დაიხარჯება. შესაბამისად, "იუვენტუსი" განვითარების ახალ საფეხურზე ავა და უფრო მაღალ მიზნებს შეეჭიდება."
ბოლოს, ისევ პლატინის მივუბრუნდეთ, რომელსაც კარგად ესმის, რომ უკვე არაერთხელ გაანაწყენა იტალიელები - ამიტომ, შეეცადა მათი გულები მოეგო: "მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია აპენინებზე ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია, ეს ქვეყანა მუდმივად აღწევს წარმატებებს. "სკუადრა აძურა" 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საკლუბო მუნდიალის მოქმედი გამარჯვებული კი "ინტერია". ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ იტალია დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, უსაზღვრო ნიჭით და ამ ნიჭს ხელშეწყობა სჭირდება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ კალჩოში არსებულ პრობლემებზე და მსურს, რომ მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს."
მიმაგრებული სურათი