ეს უნდა წაიკითხოთ
ერთი ბარსას ფანის ფბ-ზე ვნახე, ავტორი ვინ არის არ ვიცი
ფეხბურთი, კოსმეტოლოგიური პროცედურები და ბარსელონა
მე
ახლა ვზივარ და ვაკვირდები – ზის შორტებში, მაგიდაზე ფეხები აქვს შემოწყობილი, ხელში ლუდის ბოთლს ათამაშებს და ისეთვე დალენჩებული სახით უყურებს სხვ შორტიან, სასაცილო ყუთში გამომწყვდებულ 22 კაცს, როგორითაც მე – ოპერის ლოჟაში კარმენის სასიკვდილო სცენის ფონზე ბიკინს რომ ვიხდიდი. დანარჩენი 22 მუტრუკი აღტაცებული მზერით დასდევს ერთ გასაცოდავებულ ბურთს და მე მოთმინების ძაფის ბოლო ბუწუწი მაკავებს ხმამაღალი აღშფოთებისაგან. დღეს მთელი დღეა, ხან როგორ ვეპრანჭები ხან როგორ – სახე გავიწმინდე, მკვებავი ნიღაბი გავიკეთე სახესა და თმაზე, გამჭვირვალე კაბა ჩავიცვი, ეს კიდევ ზის და კაცების ფეხებს უყურებს! ხანდახან მიკვირს, როგორ მძინავს მის გვერდით ამდენი წელია, თუმცა როცა მივლინებაშია და გვერდით არ მიწევს, მაშინ უფრო მიკვირს.
მე უკვე დიდი გოგო რომ ვარ და ძალიან მომწონს ,დიდ გოგოებსაც ისევე რომ ეშლებათ, როგორც პატარებს, უბრალოდ დიდებმა იციან რომ ეშლებათ და ამიტომაც, პატარა გოგოებისათვის დამახასიათებელი დაჟინებით არ ატენიან საყვარელ კაცებს კართოფილის ფქვილით გაკეთებულ ნამცვარს – არადა, როგორ გინდა გაარჩიო–ორივე თეთრია და ორივე ფქვილი... თანაც, მაინცდამაინც უნდათ სიტყვა „ჯამის“ წაკითხვისას „ჯამი“ წავიკითხოთ და არა „თასი“, არადა ვერცერთი მამაკაცთაგანი დასაბუთებით ვერ აგიხსნის მათ შორის განსხვავებას.
აი, ახლა შეტოკდა და „გოოლ“ – ო იმხელა ხმაზე შეჰკივლა, შიშისაგან ლამის ლოცვა დავიწყე. ეს ამორალური თამაში რომ დამთავრდება, იმედია მერე მაინც შეამჩნევს, ეს კაბა რომ პირველად მაცვია და ძალიან მიხდება, თორემ უკვე ისე მიჭერს, ლამისაა ტანზე თავადვე შემოვიხიო. არ უნდა ჩამეცვა იმ საღამოს ბარსელონას მაისური – რას ვიფიქრებდი, ჩემი გარეგნობის პატრონს, კაცი მხოლოდ მაისურის გამო თუ მეცემოდა ქუჩაში, მე კი ისე მოვიხიბლებოდი, საბედისწერო ტყუილს ვიტყოდი – ახლა, ძალაუნებურად მიწევს ყველა ბარსელონას თამაშს მასთან ერთად ვუყურო და თავი მოვაჩვენო თითქოს ის მაისური მხოლოდ წითლისა და ლურჯი ფერის კომბინაციის გამო არ მცმია.
ისე, ამდენი ფეხებგაპარსული იდიოტის ყურებისას, თავად აზრი რატომ არ ებადება, რომ წვერი გაიპარსოს ? წავალ დავიძინებ, თორემ ეს მსაჯიც ჩემს წინააღმდეგაა მგონია, რა დამატებითი წუთები აუტყდა, დამატებითუ წუთები მე სხვა რამეზე ვიცი... წავალ და დავისიზმრებ რამე ფერადს, ეს მაინც ვისწავლე ამისაგან და თან ამ ქუსლებმა უკვე ფეხები მომატვრია იმდენჯერ გავუარე ცხვირწინ, მაგრამ შენც არ მომიკვდი...
მე
მახსოვს პირველად რომ ვნახე დაახლოებით ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ახლა მაქვს ყოველ დილით სამსახურში წასასვლელად რომ მაღვიძებს... ამას ისე საყვარლად აკეთებს, არც კი ვბრაზდები, არადა ღმერთმა იცის როგორ მიყვარს ძილი, თან ისეთი რამეები მესიზმრება, თავი ცხადში მგონია ხოლმე... ქუჩაში იდგა და ვიღაცას ელოდა, ფეხბურთის მოყვარულს არ ჰგავდა, მაგრამ რატომღაც ბარსელონას მაისური ეცვა, მეც მეტი მიზეზი რა მინდოდა – მივედი და მივახალე, თქვენი მაისური ისე მომწონს, ახლავე უნდა გაიხადოთმეთქი. დაიბნა – წითელი და ლურჯი ფერი მე უფრო მომწონსო, ისე გულწრფელად მიპასუხა, მიხვდი არათუ ფეხბურთის, არამედ ცალ–ცალკე „ფეხი“– სა და „ბურთი“– საც დიდი არაფერი გაეგებოდა. მოგვიანებით ოსტატურადაც იცრუა, ესპანურ ფეხბურთზე ისე ვგიჟდები, დიდი სიამოვნებით გაგიჩენდი 11 ბიჭსო. მართალია მას შემდეგ 11 ბიჭი ვერ გამიჩინა, სამაგიეროდ ყოველ ბარსელონას თამაშზე უდიდესი სიამოვნებით ვადევნებ მის ტანჯვა–წამებას თვალს და არაადამიანური მოთმინება მჭირდება, ბოლო ხმაზე რომ არ ავხარხარდე როცა ისეთ სახეს იღებს, თითქოს სულიერ შიმშილს იკლავს ფეხბურთის ყურებით.
ყველაზე არაადეკვატური მაშინ ხდება, როცა არ ვაიძულებ ჩემთან ერთად უყუროს მატჩს – ათასნაირ რამეს იგონებს და ისე სექსუალურად მიჯდება ცხვირწინ, ზემოთნახსენებ მოთმინებაზე არანაკლები მოთმინება მჭირდება ზიდანის ფეხებზე კონცენტრაციის მოსახდენად.
ხომ იცის, როგორ მიყვარს ფეხბურთი?
არა, მაინც ის უფრო მეტად უნდა მიყვარდეს!
ხომ იცის, რომ ის უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ფეხბურთი?
არა, ფეხბურტის მატჩის დროს უნდა დავუმტკიცო რომ ფეხბურთზე უფრო მეტად მიყვარს!
თავად კი, როცა სახეზე ათასნაირ საოცრებას იტიტყნის, აბა კარგი მამისშვილი ხარ და ხელი შეუშალე. ამასწინად, სამზარეულოში შევედი, გადმოელაგებინა მთელი საკონდიტრო ფასეულობები : თაფლი, არაჟანი, ნუშის ზეთი, გერკულესის ფქვილი და ერთ სამზადისში იყო, მეგონა ნამცხვრის გამოცხობას აპირებდა, ეს კი თურმე კოსმეტიკური პროცედურებით იყო დაკავებული და მთელი სამი საათი ღუმელში შესადგამი გამოსაცხობი ბისკვიტივით დადიოდა.
მახსოვს ერთხელ სახლში მე და ჩემი მეგობარი ავედით, ვიფიქრე ზაფხულია, ყველს ავიტან, სალათს გავაკეთებთ და ლუდს დავლევთმეთქი, ხოდა კი დამხვდა სალათივით – თმაზე მაიონეზი და ზეითუნის ზეთი ესვა და თვალებზე კიტრები ელაგა, ლამის გული დამწყდა პომიდორი რომ ვერ გამოიყენა ვერაფეში.
აი ახლაც, საოცრებებს აკეთებს, რა აძლებინებს ამ სიცხეში ასეთი მოტკეცილი კაბით, მის გარეშე უფრო მშვენიერია, თან მთელი დღე ქუსლებით დაბაკუნობს – მიმიქარავს შინაური კოდალა. სამაგიეროდ, ჩემი გამოსვლა უფრო ეფექტურია ხოლმე – იმხელა ხმაზე გავყვირივარ „გოოლ“– ს, შიშისაგან ეს გამოსკვანჩული კაბა გვერდებში ეხევა, თან ცოტა მოიმატა, მაგრამ ჰქონია რომ ვერ ვამჩნევ.
ამ ტრიუმფალუსი გამოსვლის მერე, მოთმინებას კარგავს და დასაძინებლად მიდის... რა გულმა უნდა გამიძლოს მერე, ან რა ლუდმა..
მე ხომ ვიცი, რატომ მოიმატა – ერთი ამათი ფეხისაც და ბურთისაც ... მძიმე მყავს სახლში.