valoიმ სიაში მე რატო არ ვარ ბლინ ? და ვაბშე სად გდიხარ
* * *
"მილანს" წინა ტურშიც შეეძლო ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება, თუმცა "ინტერმა" არ დათმო თავისი შეხვედრა და ზეიმი მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო.
დადგა ის დღეც - უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: მოვიდა ის ტურიც, რომელშიც "მილანი" მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული და თუ "რომასთან" გასვლაზე თუნდაც ქულა მოიპოვა, სკუდეტო ოფიციალურად მასიმილიანო ალეგრის გუნდის იქნება.
ეგ კი არა, "როსონერიმ" შესაძლოა დამარცხების შემთხვევაშიც იპირველოს და ეს მაშინ მოხდება თუ "ინტერიც" დაკარგავს ქულებს. თუმცა, "შავ-წითლებს" თანაქალაქელის თამაში ნაკლებად ადარდებთ - მთელი გუნდი "რომასთან" მოახლოებულ ჯახზეა კონცენტრირებული და ეს სრულიად ბუნებრივია. ალეგრის სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული, პრესასთან კი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს სკუდეტოსთან და როდესაც ამაზე ვფიქრობ, ემოციების მოზღვავებას განვიცდი. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დედაქალაქელებს ჩვეული თამაში დავუპირისპიროთ. "ჯალოროსი" მოტივირებულია, გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლებენ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და არა ქულის მოპოვება - "მილანი" მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე და ასე იქნება "რომასთან" შეხვედრაშიც".
"მილანის" ფეხბურთელები მაქსიმალურად ერიდებიან ჟურნალისტებთან ურთიერთობას, რაც ალბათ მთავარი მწვრთნელის და კლუბის მესვეურთა მითითებაა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდი საგანგებო რეჟიმშია გადაყვანილი და გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. აუცილებლად უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოიხადა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 'ჯალოროსის" სავარაუდოდ პირველივე წუთებიდან შეეტოქება. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, შვედის მხარდამხარ რობინიო გაირჯება, ანტონიო კასანო და ალეშანდრე პატო კი სათადარიგოთა სკამზე გამწესდებიან. ნახევარდაცვაში ნაცად ოთხეულს ვიხილავთ: ჯენარო გატუზოს, მარკ ვან ბომელს, კევინ პრინც ბოატენგს და კლარენს ზეედორფს.
დიდი სამზადისია რომაელთა ბანაკშიც - გასული ტური "ჯალოროსისთვის" წარმატებული გამოდგა და დღეს ისე ახლოა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონასთან, როგორც არასდროს მიმდინარე სეზონში. ვინჩენცო მონტელა კი ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეჭვი გვაქვს, თვითკმაყოფილებას არის მიცემული - მოვუსმინოთ და შემდეგ, შემადგენლობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა:
"ყველას დავანახვეთ, რომ ჩვენი გუნდი არასდროს ნებდება და მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს. არავის სჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას შევძლებდით, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით მეოთხე საფეხურზე მოკალათებულ "ლაციოს". მას შემდეგ, რაც გუნდის სათავეში მოვედი, დიდძალი სამუშაო შესრულდა და შედეგსაც ვიმკით. ამიტომ, ჩემს მომავალთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვდარდობ და მომდევნო პაექრობაზე ვარ კონცენტრირებული. სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს "მილანის" სასკუდეტო პერსპექტივები, მე ჩემი გუნდის მიზანი მამოძრავებს და მეტოქეს აუცილებლად უნდა მოვუგოთ".
"გაძეტას" მტკიცებით, მონტელა ნაცად ტაქტიკას აირჩევს და ფეხბურთელებს 4-2-3-1 სქემით განალაგებს. შეტევის წინა ხაზზე ტრადიციულად ფრანჩესკო ტოტის ვიხილავთ, მის უკან კი სავარაუდოდ მირკო ვუჩინიჩი, როდრიგო ტადეი და ფაბიო სიმპილისიო გაირჯებიან. არის მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც სიმპილისიო თადარიგში დარჩება, ძირითადში კი ჟერემი მენეზი იასპარეზებს. ვნახოთ, თამაშამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.