2010/11 სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი "მოუიზმების" ნაკრები,
ინტერვიუ "ასთან", 1 - ლი სექტემბერი, იმაზე, თუ რას მიაღწევს "მადრიდთან" ერთად:
მისმინეთ, მე მწვრთნელი ვარ და არა ჰარი პოტერი. ის ჯადოსნურია, მაგრამ რეალობაში ჯადოსნობა არ არსებობს. მაგია გამოგონილია, მე კი ფეხბურთისთვის ვცხოვრობ, ხოლო ის ნამდვილია.
მატჩი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, 18 სექტემბერი, სერხიო რამოსს:
კარვალიუმ, მარსელომ და პეპემ კარგად ითამაშეს.
მატჩი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, 18 სექტმბერი, გუნდს:
როგორ შეიძლება გუნდმა, რომელიც ახლახანს დაწინაურდა, ასე გვაჯობოს? ჩვენ კარშიც კი არ დაგვირტყამს! ვერცერთ თქვენგანს ვერ ვცნობ.
პრესკონფერენცია, 2 ოქტომბერი, თავდაცვა იმაზე, რომ ფეხბურთელები პრესკონფერენციებს აღარ მართავენ:
სექტემბერში პრესას ხუთ ვარჯიშზე დასწრების უფლება მივეცი, რაც 450 წუთია. და ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ დანარჩენი 10 სესიის 15 წუთისთვის, ანუ - დამატებით 150 წუთი. საერთო ჯამში - 600 წუთი, ანუ 10 საათი, რომელიც მთლიანად პრესის განკარგულებაში იყო. გარდა ამისა, ჩვენ ჩავატარეთ 16 პრესკონფერენცია, აქედან 7 - ჩემი, დანარჩენები კი - კასილასის, რონალდუს, იგუაინის, ალონსოს, გრანეროს, ხედირას, კარვალიუს, არბელოას და ბენზემას, პლუს კიდევ 6 - მატჩების შემდეგ და რამდენიმე - შუა კვირაში. ამ კვირას, რომელსაც თქვენ "მდუმარე კვირა" უწოდეთ, მე, ბენზემამ, ალონსომ, რამოსმა და პეპემ გავმართეთ პრესკონფერენციები, მივეცით ინტერვიუები და მოვაწყეთ სახალხო ღონისძიებები. მითხარით, სხვა რომელი კლუბი აკეთებს ამას? ჩემი სურვილი არ ყოფილა ფეხბურთელების პრესისგან დისტანცირება. თქვენ პრივილეგირებული ადამიანები ხართ.
პრესკონფერენცია, 18 ოქტომბერი:
თუ მოვიგებთ, ხვალ ოთხშაბათი იქნება. თუ წავაგებთ, ხვალ ოთხშაბათი იქნება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, 23 ოქტომბერი, სამეფო თასის მოახლოებულ მატჩზე:
თუ შარშანდელი სცენარი განმეორდება (ე.წ. "ალკორკონასო"), იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ითამაშებენ, ჩემი სიიდან ამოვშლი და ისინი ჩემთვის მკვდარნი იქნებიან.
პრესკონფერენცია, 24 ოქტომბერი, სამეფო თასის მოახლოებულ მატჩზე:
თუ მოთამაშეები ხვალ ცუდად იასპარეზებენ, შაბათს სათადარიგოთა სკამს "კასტილიას" ფეხბურთელებისგან დავაკომპლექტებ.
პრესკონფერენცია, 11 დეკემბერი, მსაჯზე, რომელმაც რონალდუ სიმულაციისთვის გააკრიტიკა:
ის ჭკვიანი მსაჯია, რადგან ჭკვიანმა ხალხმა იცის, როგორ მიიქციოს ყურადღება. ამის ერთ-ერთი გზა რონალდუზე ლაპარაკია და ჩანს, ლარსენს ეს კარგად ესმის. კრიშტიანუ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, ეს ადამიანი კი - საშუალო დონის არბიტრი, კარიერის დამთავრების შემდეგ ის აღარავის ემახსოვრება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, 12 დეკემბერი, ტაქტიკაზე:
ძაღლი და კატა ტაქტიკას ეხება და არა ფეხბურთელებს. ძაღლი სამი თავდამსხმელით თამაშია, უფრო აგრესიულად. კატა – 4-2-2 სისტემით, ნაკლები შეტევითა და ბურთის მეტი კონტროლით. ვიფიქრე, ყველას ეყოფოდა ჭკუა იმის გასაგებად, რაც ვთქვი, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ ძაღლი გონსალოა, კატა კი - ქარიმი. ეს ასე არ არის.
პრესკონფერენცია, 18 დეკემბერი, საკუთარი თავის შეფასებაზე:
თუ საკუთარი თავის ათბალიანი სისტემით შეფასება მომიხდებოდა, 11 ქულას დავიწერდი.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, 19 დეკემბერი, "სევილიასთან" დაპირისპირებაზე:
ერთ ევროსაც არ გადავიხდიდი ამ თამაშის საყურებლად. სახლში რომ ვყოფილიყავი, ტელევიზორს ვიეტნამურ ფეხბურთზე გადავრთავდი.
ინტერვიუ, 17 თებერვალი, იმაზე, თუ რას ფიქრობს ღმერთი მის შესახებ:
ალბათ, ის ფიქრობს, რომ შესანიშნავი ადამიანი ვარ, რადგან სხვაგვარად ამდენს არ მომცემდა... ის იმდენი რამის მიღწევაში დამეხმარა, რომ ჩემზე კარგი აზრის უნდა იყოს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, 2 აპრილი, "სპორტინგთან" მატჩის შემდეგ:
ეს არის ფეხბურთი, ხვალ კი კვირაა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, 5 აპრილი, "უეფას" სანქციებსა და ჯარიმებზე:
ძალიან ვამაყობ, რომ მსოფლიოში ერთადერთი მწვრთნელი ვარ, რომელიც ამის გამო დააჯარიმეს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, 16 აპრილი, აიტორ კარანკას მხარდასაჭერად:
კარგი, მე არ ვარ ვალდებული, გიპასუხოთ. თქვენი ფილოსოფიის თანახმად, თუ თქვენ უარს ამბობთ ჩემს თანაშემწესთან საუბარზე, მაშინ მეც მხოლოდ დირექტორებს დაველაპარაკები.
პრესკონფერენცია, 26 აპრილი, პეპ გუარდიოლასა და მსაჯებზე:
ახლა, გუარდიოლას განცხადებების გათვალისწინებით, დაიწყო ახალი ციკლი, შეიქმნა მესამე ჯგუფი, რომელშიც მხოლოდ პეპი შედის: ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს მსაჯთა სწორ გადაწყვეტილებებს. ეს რაღაც ახალია. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს... ეს არის ჯგუფი, რომელიც აკრიტიკებს ლაინსმენს მართებული და ურთულესი გადაწყვეტილების მიღების გამო.
პრესკონფერენცია, 28 აპრილი, გასულ მატჩზე:
ის რომ ვთქვა, რასაც ვფიქრობ, ჩემი კარიერა დასრულდება... ზოგჯერ ფეხბურთი ავად მხდის...
რატომ ხდება ჩემს თავს ერთი და იგივე ყოველ ნახევარფინალში? ოვრებო, დე ბლეკერე, ბუსაკა, ფრისკი, შტარკი... რატომ? რატომ არ მოგვცეს მათთან თამაშის საშუალება? რატომ გააძევეს პეპე? რატომ არ დანიშნეს ოთხი პენალტი "ჩელსის" სასარგებლოდ? რატომ გააძევეს ტიაგო მოტა? რატომ გააძევეს რობინ ვან პერსი? რატომ? არ მესმის, რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ მაისურებზე "იუნისეფი" აწერიათ ან იმიტომ, რომ ანხელ ვილარს დიდი გავლენა აქვს "უეფაში", ანდა იმიტომ, რომ კარგი ბიჭები არიან, მაგრამ მე, უბრალოდ, არ მესმის. რატომ სჭირდება ამ მასშტაბის გუნდს ასეთი დახმარება? ჩემი შეკითხვაა - რატომ?
სეზონის ადრეული ნაწილიდან...
ვარჯიშზე, ბენზემას:
შენი ნება რომ ყოფილიყო, სესიას 12 საათზე დაიწყებდი, რადგან 10 - ზე გძინავს და 11 - ზე ისევ გძინავს.
მორატას:
ადექი, ინგლისურ ფეხბურთში ამაზე არც კი დაუსტვენდნენ!
ბონუსი:
ჩემი ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ის არის, რომ ფარისევლებით სავსე სამყაროში ფარისეველი არ ვარ.
წაიკითხეთ საინტერესოა