ამდენი მხოლოდ
1984 ამ ტკბილი, მურაბა კაცისთვის ვწერე
თორემ ისე კი იცით ჩელსის გულშემატკივარი არა ვარ

სტატიაც არაა ჩემი, უბრალოდ წიგნში ეწერა და იქიდან გადმოვიწერე

1997 წლის სტატიაა, მაგრამ თბილი და ჯიგრული

კორექტურისთვის ((თუ სადმეა)), წინასწარ ბოდიში მომითხოვია

ლონდონს მრავალი სოფელი აკრავს გარშემო. ოდესღაც, ეს სოფლები გვარიანად იყო მოშორებული მაშინაც დიდ ქალაქს, ახლა კი მისი ნაწილია. სოფელი – ქალაქში ეს მშვენიერი რამ არის ჩვენებურად ამას გარეუბანი ჰქვია, ინგლისელები კი პირდაპირ სოფელს ეძახიან.
სამხრეთ – დასავლეთ ლონდონის გაგრძელებაზე საერთაშორისო აეროპორტ ჰითროუსკენ რომ მიდიხარ, ერთ–ერთი ასეთი სოფელია. მას ჰარლინგტონ ვილიჯი ჰქვია. მოსახლეობის ძირითდი ნაწილი ჰითროუს აეროპორტში, ან ახლომახლო ქარხნებში მუშაობს.
ამ მწვანეში ჩაფლული ალაგის უმთავრესი ღირშესანიშნაობა იმპერიალ კოლეჯის კერძო საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ტერიტორიაა. ეს მიწა მოიცავს ბადით შემოღობილ საფეხბურთო მინდვრებს და ერთ მოგრძო, სამსართულიან ინგლისურ სახლს.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, კოლეჯის მინდორი ნაქირავები აქვს შპს ,,ჩელსი ვილიჯს“, რომლის თავჯდომარეც თეთრწვერა ჯელტმენი კენ ბეიტსია. ,,ჩელსი ვილიჯი“ ფლობს ლონდონის უპოპულარეს საფეხბურთო კლუბ ,,ჩელსის“ და ,,სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონს, რომელიც ლონდონის ზეპურ უბანში აუშენებიათ.
ლონდონში მრავალი გუნდია, მათი უმრავლესობა ,,ჩელსიზე“ სახელოვანი გახლავთ, მაგრამ ქომაგობდე ,,ჩელსის“, ცხოვრობდე ჩელსიში, ან კენსინგტონში ნიშნავს რომ გამორჩეული კაცი იყო. თუ გენეოლოგიური ქაღალდით არა, საქმით, ხასიათით, არისტოკრატიული სულით. ჩელსი კეთილშობილებას და თავისუფლებას გულისხმობს.
,,ჩელსის“ ფანების სიმღერა ერთადერთია ინგლისში, სიტყვა რომ იპოვით შიგ. და მოდით, დავუბრუნდეთ ,,იმპერიალ ვილიჯი“ მიდვრებს.
ეს იყო უქმე დღის დილა – ლონდონში თავსხმა წვიმა იყო. სველი ბალახი, ქოლგები და გალუმპული ჯანლუკა ვიალი – უკეთესს რას უნდ აუყუროს ფეხბურთის ქომაგმა ?
,,ჩელსის“ ახალგაზრდულ გუნდს, სადაც ლამის მთელი სეზონი გაატარეს რატი ალექსიძემ და აჩიკო სახვაძემ, დილით უწევს თამაშები. ამ დილით ,,ჩელსის“ ყმაწვილები ,,მილუოლის“ თანატოლებს ხვდებიან, მაგრამ ჩვენები იქ აღარ არიან, რადგან ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოძახეს, ლონდონის მეორე ბოლოში, გარეუბან ჩარლტონში, საიდანაც ლონდონის შუაგულამდე ნახევარი საათი უნდა იარო საგარეუბნო მატარებლით.
მოედნის შორიახლოს ,,ჩელსის“ მეორე მწვრთლნელი გრემ რიქსი დააბიჯებს – წარსულის პოპულარული ფეხბურთელი და ნაკრების წევრი.
სათამაშო მინდვრის გაყოლებაზე კი მაყურებლები ჩამწკრივებულან – დიდ ქოლგებს ქვეშ მათ წვიმის არ ეშინაით. აქვეა ერთიო ხნიერი ქალბატონიც, ,,ჩელსის“ თავგადაკლული ქომაგი, რომელსაც რამდენიმე ათეულია არ გაუცდენია არათუ პირველი გუნდის, არამედ რეზერვისტების და ახალგაზრდების თამაშიც კი.
წვიმა ძალიან ჩვეულებრივი რამ არის აქაურ ფეხბურთში, ისე ჩვეულებრივი, რომ კოლორიტსაც ვერ დაარქმევ. ახალგაზრდების თამაში იწყება. უფროსები კი მოშორებით ვარჯიშობენ.
,,ჩელსის“ შაბათობით თამაშის დღე აქვს. მაგრამ ეს შაბათი დასვენების დღე გამოვიდა. პრემიერლიგის ტური არ არის. ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებებზე არიან, ზოგს კი დასვენებამ მოუწია, უამინდობის გამო არც ფეხბუეთელთა ოჯახის წევრები ჩანან, რომლებიც როგორც წესი, ვარჯიშის ბოლოს მოდიან ჰარლინგტონში თავიანთ მამებთან და ქმრებთან შესახვედრად.
თუმცა, რაღა ოჯახები ? ,,ჩელსის“ უმარავი ქომაგი მოდის ხოლმე აქ, რათა შავიანთ შვილებს ფეხბურთელები გააცნოს, ბავშვობიდანვე აზიაროს კლუბის სიყვარულს, რომელიმე 5 წლის ჯეკს სურათი გადაუღოს ვარსვლავებთან ერთად და მერე მორჩა. ,,ჩელსი“ თუნდ მეოთხე დივიზიონში აღმოჩნდეს, ჯეკი მუდამ კლუბის ერთგული იქნება.
ასეა, კლუბსა და ქომაგებს შორის ორგანული კავშირია, ფეხბურთელები იცნობენ გულშემატკივრებს. ბავშვებსაც კი.
რუდ გულიტი ეტყვის თითისტოლა ბიჭს კლუბის ოფისის კართან, სიმშრალეში რომ ელოდება თავის კერპებს: ,,სად დაიკარგე დეივიდ ?“ ,,ავად ვიყავი, მახველებდა“, – პასუხობს თვალებგაბრწყინებული ბიჭი, ,,ქუდი ხელში ნუ გიჭირავს, დაიხურე“, – არიგებს რუდი და გასახდელში შედის.
ვარჯიშის ბოლოსკენ, 30–იოდე წლის მასწავლებელი ქალი, 13–14 წლის ბიჭებს, მოუძღვის პირდაპირ სკოლისკენ წამოსულებს ,,ჩელსის“ თეთრ–ცისფერი შარფები უკეთიათ და ასეთივე ქუდები ახურავთ, ისინი თამამად აბიჯებენ მოედნის კიდესა და სახლს შორის გაბმულ თოკს და გასახდელის კართან იკავებენ ადგილს.
მინდორზე კი ფეხბურთი გრძელდება: აქეთ თამაშობენ, იქით ვარჯიშობენ. გულიტი ორმხრივ მინიფეხბურთში ებმევა. მარკ ჰიუზი, ფრანკ ლებეფი, ვიალი, ფრენკ სინკლერი, დენის ვაიზი, ფროდე გროდასი – აი ხალხი, რომელიც წვიმაში ღვრის ოფლს.
ამასობაში ,,ჩელსის“ ახალგაზრდებს გააქვთ გოლი, მანამდე მათი მეკარე პენალტს იგერიებს.
ლებეფი თამაშს თავს ანებებს და მარათონულ დისტანციას შეუდგება. პირადი პროგრამის მიხედვით მთელს იმპერიალ კოლეჯს 6 – ჯერ მაინც უნდა დაარტყას წრე. როგორც ამბობენ, თავი ვიალისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაუპარსავს.
ვიალსიადმი სოლიდარობა – ეს ,,ჩელსის“ შინაური ცხოვრების ერთ–ერთი საინტერესო მომენტია. ხოტორა იტალიელი, ,,ჩელსის“ ძირითადის ლიდერი იყო სეზონის პირველ ნახევარში, მეორე წრეში სათადარიგოდ იქცა.
ვიალი მოწყენილია და ფარხმალდაყრილ კაცს ჰგავს, გამხდარი და მობერებულიც კია. ამასთან ლუკას ძალზე მეტყველი, სევდიანი თვალები აქვს და თავისი საყვარელი სავარჯიშო ქუდიც სადღაც გადაუგდია.
,,ეგებ გაისად აღარც ვიყო ,,ჩელსიში“,“ – ამბობს ის და ზრდილობის გულისთვის იღიმება.
ასეა, პრემიერლიგას მძიმე კანონები აქვს. გვიან შემოდგომაზე ,,ჩელსიში“ გადმოსულმა ჯანფრანკო ძოლამ ვიალის ადგილი წაართვა. ჰიუზისა და ძოლას ტანდემი იმდენად მორგებული აღმოჩნდა ,,ჩელსის“ თავდასხმისთვის, რომ გულიტმა თავისი მეგობარი რეზერვში გაამწესა. ლუკა ვიალი რეზერვში ! ხომ არ წარმოგიდგენიათ ?
მაგრამ ,,სტემფორდ ბრიჯის“ პუბლიკა ბრბო როდია, ის არასოდეს ივიწყებს გმირებს. ამიტომ არის ხოლმე წუთები, როცა სათადარიგო სკამზე მჯდომ ვიალის ხმაშეწყობილად ესმის ,,ლუ–კა, ლუ–კა, ლუკ–კა ! „
მას ამხნევებენ და მხარს უჭერენ არა მხოლოდ ტრიბუნებზე. ,,ჩელსის“ ცეროდენა კაპიტანი დენის ვაიზი, რომელიც სამართლიანად არის მიჩნეული ლურჯების გულის და ჯიგრის გამოხატულებად, კლუბის საკლუბო მასურის ქვეშ ყოველი თამაშის წინ უმკლავო მაისურს იცმევს. თუ დენის ბედმა გაუღიმა და გოლი შეაგდო, ის როგორც წესი ,,ჩელსის“ სათადარიგოთა სკამისკენ გარბის, ზედა მაისურს რავანელის ილეთით იცმევს თავზე და ყველა, პირველ რიგში გულიტი და ვიალი ხედავენ წარწერას, შიდა მაისურს რომ ამშვენებს: ,,არ დანებდე ლუკა ! ჩვენ შენთან ვართ ! „
აი, ასეთი ურთიერთობებია და არაფერი ხდება ინტრიგის საფუძველი. ინტრიგანებს და კონკურენციით გაბოროტებულ მოთამაშეებს აქ კაცურად დაელაპარაკებიან ხოლმე.
ინგლისური გაზეთები ,,ჩელსის“ გამო ხუმრობდნენ, პრემიერლიგაში რა უნდა, სერია ა–ში უნდა თამაშობდესო. ამ ხუმრობას აქვს საფუძველი: ჯანფრანკო ძოლა, რობერტო დი მატეო და ვიალი პატარა იტალიური ლეგიონია შუაგულ ლონდონში, ძოლა და დი მატეო დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობენ. მაგრამ ჯიგარი, თავმდაბალი ვარსკვლავები არიან. პუბლიკა აღმერთებთ მათ.
,,როცა იტალიამ ინგლისს მოუგო და სტუმართა ნაკრები სამშობლოში გაემგზავრა. ჯანფრანკო და რობი არსად წასულან, ცხადია, რომ პარასკევს ჰარლინგტონში გამოცხადდნენ ვარჯიშზე. მინდორზე რომ გამოვიდნენ, ორივეს იტალიის ნაკრების მაისური ეცვა. ეს არ იყო იოლი ასატანი, მაგრამ ისინი ხომ ჩვენი ბიჭები არიან, ისინი ამაყობდნენ, რომ ,,უემბლიზე“ მოიგეს და ვინ არ ამაყობს ,,უემბლიზე გამარჯვებით ? „ – ჰყვება რიქსი.
ყველაფრის თავი და თავი გულიტია.
სადღეისოდ ეს არის კაცი, რომელიც ორი თვის უვარჯიშებელ ათლეტს ჰგავს. იმ წვიმაში მომეჩვენა, რომ გულიტი უფრო მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთელი. თუმცა, თავად ასე არ ფიქრობს.
როგორც ამბობენ, გაორებული გულიტი ვნებს ,,ჩელსის“ ამბიციას. მაგრამ რუდი თავისას არ იშლის – თავადაც ადგება კროსის უგრძეს ბილიკს.
,,ჩელსისთვის მთავარია ევროპულ ტურნირებზე მოხვდეს. სათასო ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია – ეს ყველაზე პრესტიჟული ტროფეია ინგლისში. მაგრამ ჩემთვის, ეს ევროპისკენ მიმავალი გზაა. მე ვფიქობ, რომ ,,ჩელსი“ ბევრს აალაპარაკებს კონტინენტზე“ – ფიქრობს ჰოლანდიელი.
გულიტი გულღია და პირუთვნელი კაცია, კლუბში არ არსებობს სირთულეები, რომლებიც მან ვერ მოაგვაროს. პრინციპში, ის ჯერ მხოლოდ 34 წლისაა და ,,ჩელსის“ გამოცდილი ფეხბურთელებისაგან ასაკითაც კი არ გამოირჩევა. მარკ ჰიუზი ერთი წლით უმცროსია თავის მენეჯერზე, სადღეისოდ ის ,,ჩელსის“ თავდასხმაში მანოკაუტებელი ფეხბუერთელის ფუნქციას ასრულებს. თუ დენის ვაიზი ,,სტემფორდ ბრიჯიდან“ ორიოდ კილომეტრში დაიბადა და მთელი ცხოვრება ლონდონურ კლუბში გაატარა, ჰიუზს ,,ბარსელონაშიც“ კი უთამაშია.
ამ ჯანმაგარმა ფეხბურთელმა თავისი ტიტულები ,,მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მოიგო და როგორც ბერიკაცი, ისე დააყანეს ტრანსფერზე, მაგრამ ბერიკაცი გაახალგაზრდავდა და დღეს ლიგაში ერთ–ერთი საუკეთესო კაცია.
,,ოლდ ტრაფორდი“ ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ,,ჩელსი“. დღეს მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და ალბათ, აქ დავასრულებ კარიერას“
,,ჩვენ სახელოვანი ჩელსი ვართ! „ – მღერიან ქომაგები, რომელთა გუნდსაც 27 წელია არ მოუგია არანაირი ჯილდო, ქვეყნის ჩემპიონი კი უკანასკნელად, 41 წლის წინ იყო.
დღეს სხვა დროა, დღეს ,,ჩელსი“ ვარსკვლავთკრებულია, შემოდგომაზე სამხრეთ ინგლისის ცაში დაღუპულმა კლუბის ვიცე თავჯდომარემ მეტიუ ჰარდინგმა დიდი ფული ჩადო კლუბში. მან სტემფორდ ბრიჯის რეკონსტურქციაც წამოიწყო. მეტიუ ბავშვობიდანვე ,,ჩელისის“ ქომაგი იყო – კოსტუმში გამოწყობილს, ლოჟიდან ქომაგთა ტრიბუნაზე მიუწევდა გული. მილიარდერი კაცი საყურეს მოიტგებდა და ლურჯ მაისურში გამოწყობილი უერთდებოდა ხოლმე ფანებს. ის ,,ჩელსის“ გამოღვიძების ინიციატორი იყო.
კენ ბეიტსი სხვანაირი კაცია. ამასწინათ მან დიდი სისულელე წამოროშა: ,,ჩელსისი” იმ ქომაგებს, ვისაც ,,უემბლის“ ფინალის ბილეთები უნდათ, ვავალდებულებ, კლუბის თითო 500 ფუნტიანი აქციები იყიდონო. სკანდალმა გაზეთებამდე მიაღწია და მოხუცი ჯელტმენის წამოწყება ჩაიშალა.
ჰარლინგტონში კი კვლავ წვიმდა.
ჩანს, ქართველი სტაჟიორები აქ დიდხანს ეხსომებათ. აკი ამბობდნენ იქ შეკრებილი ქომაგები – თავდასხმაში რომ ალექსი გვყავდეს, 4–0 – ს მოვიგებდითო. ,,ჩელსის“ ახალგაზრდულ გუნდში მე დამანახეს 3–4 ფეხბურთელი, რომლებსაც ახალი სეზონიდან კლუბი პირველ პროფესიულ კონტრაქტს გაუფორმებს.
ეს ბიჭები გასაოცარი მონდომებით ირჯებოდნენ. ერთმა მათგანმა მოედნის კიდეზე მდგომს კინაღამ ფეხი მომტეხა. როცა აუტში გამავალ ბურთს გამოენთო, სველ ბალახზე ბარე ხუთი ნაბიჯი გასრიალდა და ბურთი მოედანზე დააბრუნა. უბრალო ეპიზოდი იყო, მაგრამ თვალში საცემი: ბიჭი ომობდა. ის სწრაფად წამოდგა, მომიბოდიშა და თავისი საჯარიმოსკენ გაქანდა. ,,სწრაფაად ჯოი, სწრაფად ! „ – დაიყვირა მწვრთნელმა.
ამ სამ–ოთხ ბიჭს, შესაძლოა ქართველებიც დამატებოდნენ. ,,ჩელსის“ უფროსობაში ამის აშკარა სურვილი იგრძნობოდა.
,,ჩელსი“ დიდი საფეხბურთო სამყაროს ნაწილია. მას უერთგულესი ქომაგები ჰყავს და აშკარაა, რომ ახალ გზაზე დგას.
,,ინგლისურ ფეხბურთს სჭირდება იტალიელები და ფრანგები“, – ამბობს გულიტი, – ,,ჩელისის“ მომავლისთვის უცხოელებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. ჩვენ კონტინენტზეც გვექნება ამბიცია“.
,,სტემფორდ ბრიჯზე“ ასეთი წესი აქვთ: პრემიერლიგის მსვლელობის დროს კენ ბეიტსი თამაშის დღეს სტუმრად ჩამოსული გუნდის თავჯდომარეს იწვევს სადილად. სუფრა სტადიონის საბანკეტო დარბაზშია გაშლილი. ფანჯრებიდან კი ჩანს, როგორ ივსება ,,ბრიჯი“
იქ უკვე იკრიბებიან სი–ეფ–სი – ის ფანები ((C.F.C ,,ჩელსის“ აბრევიატურაა – ჩელსი ფუტბოლ ქლაბ))
სიმღერად კი ისმის:
,,We are famous CFC
ჩვენ სახელოვანი ჩელსი ვართ,
We do not give a fuck
ჩვენ არსად ჩავისვრით,
Were we play
არც შინ და არც გარეთ,
We are famous CFC
ჩვენ სახელოვანი ჩელსი ვართ,
Chelsea, Chelsea, Chelsea,
ჩელსი, ჩელსი, ჩელსი . . . „