“ბარსელონა” – ფაბრეგასი და სანჩესი ორშაბათს
“ბარსელონამ” ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასისა და “უდინეზეს” ფორვარდის, ალექსის სანჩესის ტრანსფერების განხორციელების ბოლო ვადა დათქვა.
ესპანური გამოცემის, Marca-ს ცნობით, კატალონიელებს სურთ, ორივე ფეხბურთელი 5 ივლისამდე შეიძინონ. “ბარსელონაში” ფაბრეგასის გადასვლის შანსი საკმაოდ დიდია –
ლონდონელებმა სესკი აზიურ ტურნეში წამსვლელთა სიაში არ ჩართეს და ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაციაც მის გარეშე ჩაატარეს. კატალონიელებს არ სურთ, რომ ფეხბურთელმა მოსამზადებელი პერიოდი “არსენალის” შემადგენლობაში დაიწყოს, რომელიც შვებულებიდან უახლოეს სამშაბათს გამოდის. ბრიტანული მასმედიის ცნობით, მომავალი გარიგების სავარაუდო ფასი 40 მილიონი ევროა.
რაც შეეხება ალექსის სანჩესს, კატალონიელებს მისი გამოსყიდვა იქამდე სურთ, ვიდრე ფეხბურთელი ჩილეს ნაკრების შემადგენლობაში კოპა ამერიკაზე სასტარტო შეხვედრას ჩაატარებს. ესპანელები ვარაუდობენ, რომ სანჩესის კარგად გამოსვლის შემთხვევაში, “უდინეზე” მის ფასს უფრო გაზრდის. ახლა კი, კლუბები 28 მილიონი ევროს კომპენსაციაზე არიან შეთანხმებულნი.
ფაბრეგასისა და სანჩესის შეძენის თაობაზე “ბარსელონა” ოფიციალური განცხადების გაკეთებას ორშაბათს აპირებს.

ეს სიმართლეა ?