ეჭვგარეშეა, ჟოზე მოურინიო ევროპული ფეხბურთის მთავარი ინტრიგანია. კი მართალია, გამოჩენილ საფეხბურთო ორატორებზე დაწერილი ეს სტატია კლაუდიო რანიერის ეძღვნება და არა მას, მაგრამ ისტორია, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი, პორტუგალიელ მწვრთნელთანაა უშუალო კავშირში.
როდის: 2010 წლის 15 მაისი
სად: ვერონა
მოვლენა: იტალიის 2009-2010 წლების ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩისწინა (“კიევო”-“რომა”) პრესკონფერენცია
სიტყვები
“მითხარით, ვგავარ ჩვეულებრივ საშუალოსტატისტიკურ მწვრთნელს? არა, მე კლაუდიო რანიერი ვარ - იღბლიანი, რომელიც სიამოვნებითა და სიყვარულით ასრულებს საკუთარ სამუშაოს. მოურინიოს შეუძლია, ბევრი იმსჯელოს საფეხბურთო საქმეებზე, თუმცა გამოდის, რომ მას ძალიან აღელვებს, შესაძლოა აშინებს კიდეც ჩემი წარმატებული საქმიანობა. სხვაგვარად, არ ახსენებდა ჩემს სახელს ასე ხშირად. სიმართლე გითხრათ, ეს ადამიანი უკვე საშინლად მომბეზრდა და მის გამონათქვამებზე გული მერევა. ვერ გამიგია, ასე რატომ მიილტვის ჩემი გაკრიტიკებისკენ. დროა, აღმაფრენის სხვა წყარო მონახოს. მერწმუნეთ, მეც შემიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბრო ამ პორტუგალიელზე, მაგრამ ეს სულაც არ მჭირდება და დიდად არც მაინტერესებს. მე უფრო პოზიტიური პიროვნებები მომწონს, რომლებსაც ფეხბურთში პოზიტიური სიახლეები შემოაქვთ. მოურინიო ასეთთა რიცხვს არ მიეკუთვნება”.
წინაისტორია
კარგი ნათქვამია, არა? როგორ უნდა გამოიყვანო 58 წლის ჭაღარა კაცი მდგომარეობიდან, რომ მან შენს შესახებ ასეთი ტირადა წარმოთქვას?!
რანიერისა და მოურინიოს დამოკიდებულების ისტორიაზე მსურველი არაერთ პოემას შექმნიდა. რამდენად გამოკვეთილადაა განაწილებული როლები, აშკარაა თითოეულის მიზნები და ქცევის მეთოდები, იმდენად მსგავსია მოვლენათა შემდგომი განვითარება. ერთი ცუღლუტობს და ოპონენტის პროვოცირებას ცდილობს, მეორე კი “ანკესს ეგება” და ისე, რომ ეჭვიც არ უჩნდება, მის კმაყოფილ ოპონენტს შესაბამისი ფრაზებით ამარაგებს. პირველი მოურინიოა, მეორე - რანიერი.
ყველაფერი 2004 წელს დაიწყო, როცა “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელმა იტალიელი შეცვალა. სხვადასხვა სამწვრთნელო თაობათა წარმომადგენლებს შორის სწორედ ამან გააჩინა ბზარი, რომელიც თანდათან უფსკრულად გადაიქცა.
გულშემატკივართა ფართო წრეებისთვის შეუმჩნეველი “წაკბენები” თანდათან ღია სიტყვიერ კონფლიქტში გადაიზარდა - განსაკუთრებით მაშინ, როცა რანიერი და მოურინიო მარტო კოლეგები კი არა, იტალიის ჩემპიონატში ერთმანეთის მეტოქეებიც გახდნენ. ამასთან, მათ გუნდებს ყოველთვის ერთი და იგივე მიზნები ჰქონდათ. 2008-2009 წლების სეზონში, როცა რანიერი “იუვენტუსს” ედგა სათავეში, “ინტერის” თავკაცის რანგში მყოფი მოურინიო მას დაუფარავად აშაყირებდა. “ზეროტიტული” - ასეთი წოდებით შერაცხა პორტუგალიელმა რანიერი და სხვა იტალიელი მწვრთნელები, როცა მილანურ კლუბს სკუდეტო მოაგებინა. არა გვგონია, ეს სიტყვა ქართულად თარგმანს საჭიროებდეს.
თავიდან რანიერი ითმენდა, მერე კი პასუხის გაცემა დაიწყო. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა მოურინიომ მისი ლინგვისტური ნიჭი გააქილიკა.
“იტალიურს დღეში 5 საათს ვმეცადინეობ, რათა ნორმალურად ვიურთიერთო ფეხბურთელებთან, პრესასა და გულშემატკივრებთან. უცნაურია, რატომაა, რომ რანიერი, რომელმაც ინგლისში 5 წელი იცხოვრა, დღემდე ძლივს წარმოთქვამს ინგლისურად “დილა მშვიდობისა”-ს და სხვა პრიმიტიულ რამეებს”, - ამით დაიწყო მოურინიომ.
პასუხს კი დიდხანს არ დაუგვიანია: “მოურინიო ტრაბახობს, დღეში 5 საათი ვსწავლობ იტალიურსო. მაგრამ, ხომ ვერ მეტყვით, რაში სჭირდება ყველაფერი ეს, თუ პრესასთან ურთიერთობის არავითარი სურვილი არ აქვს?”
მოკლედ, ყველაფერი ასეთ სტილში იყო - ხან კამათობდნენ მწვრთნელები, ხან ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ მოურინიომ კოლეგა რესტორანში მიიპატიჟა, ორიოდე კვირაში კი, ისევ “წყალს გაატანა”. არაფერი შეცვლილა მას შემდეგაც, რაც რანიერიმ “რომა” ჩაიბარა. აღნიშნული 2010 წლის მაისში მოხდა და ეს, კარგა ხნის წინ დაწყებული ისტორიის კულმინაცია იყო.
“როცა 2004 წელს “ჩელსიში” სამუშაოდ მივედი, ჩემი პირველი კითხვა ასეთი იყო: “რატომ გაუშვით რანიერი?” რაზეც საკმაოდ გასაგები პასუხი მივიღე: “ხელმძღვანელობას გამარჯვებები სურდა, მისტერ რანიერისთან ერთად კი, ამ ოცნების სამუდამოდ დავიწყება მოგვიწევდა”. ნუთუ ჩემი ბრალია, რომ მას “ჩელსიში” ხელმოცარულად მიიჩნევდნენ?” სწორედ ამ სიტყვების შემდეგ თქვა რანიერიმ, რომ მოურინიოსა და მის გამოხტომებზე გული ერევა.
ეპილოგი
მოურინიომ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ჩვეულ სტილში უპასუხა ოპონენტს. “რანიერის ჩემს გამო გული ერევა? რა არის რანიერის გულისრევა? მე მხოლოდ ჟან-პოლ სარტრის “გულისრევა” ვიცი. მერწმუნეთ, ამ ნაწარმოების ტექსტისა და იდეების თითქმის ზეპირად მოყოლაც შემიძლია. სარტრი ფილოსოფოსი იყო, ნობელის პრემიაც მიანიჭეს (რომელზეც უარი თქვა - ფ.კ.) და რაც ჩემთვისაა მთავარი, ფეხბურთის დიდი მოყვარული გახლდათ”.
იცით, რაა ყველაზე საგულისხმო? როცა მოურინიო იტალიიდან ესპანეთში გადაბარგდა და “რეალს” ჩაუდგა სათავეში, რანიერი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ მის გარეშე ძალიან მოიწყენდა.
“ჟოზეს გარეშე მოვიწყენ. რაც უნდა იყოს, იგი თავისებური ხასიათის საინტერესო ადამიანია და ძალიან დამაკლდება. ვიმედოვნებ, რომ “რეალს” ჩემპიონთა ლიგაში შევხვდებით”.
ბედის ირონიით, რანიერი ამჟამად უმუშევარია და სად შეახვედრებს ბედი მოურინიოს გაწვრთნილ გუნდს, არავინ იცის.
გაუხევია კაიფში ჟოზეს და დაიბოღმებოდა აბა რას იზამდა