მოურინიო: “ბარსელონა” პატარა კლუბია
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ “ბარსელონასთან” დაპირისპირებით მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე არაა დაკავებული, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ბარსას” ახალი ბრალდება წაუყენა და პრინციპულ მეტოქეს პატარა გუნდი უწოდა.
“არავის ვაკრიტიკებ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. მე-2 ტაიმში, მოედნიდან გაქრნენ ბურთის მომწოდებლები. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ პატარა კლუბებს შეუძლიათ” – განაცხადა მორიგი “კლასიკოს” წაგების შემდეგ მოურინიომ.
ძნელი სათქმელია, რატომ ვერ შენიშნა მოურინიომ მე-2 ტაიმში ბურთის მომწოდებლები, რომლებიც მოედანზე ნამდვილად იყვნენ (სხვა საკითხია, რამდენად პირნათლად ასრულებდნენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას “რეალის” აუტების დროს). შესაძლოა, მათზე დაკვირვების ნაცვლად, პორტუგალიელი სპეციალისტი გვარდიოლას თანაშემწის, ტიტო ვილანოვას თვალის მიზანში ამოღებით იყო დაკავებული.