SPORT BILD: ბატონო ლიზარაზუ, 5 წლის წინ თქვენ ბაიერნში კარიერა დაასრულეთ. სხვებთან შედარებით მუცლის ზომა არ გაგზრდიათ...
ლიზარაზუ: ოჰ, დიახ. ეს იმის შედეგია, რომ სპორტზე ჭკუას ვკარგავ. ბავშობიდან ასე ვიყავი. თხილამურებზე სრიალი, ფეხბურთი, ტენისი, ცურვა და სერფინგი... მე უბრალოდ მიყვარს გარეთ, ბუნებაში ყოფნა და მოძრაობა.
კითხვა: თქვენს ბიოგრაფიაში საკუთარ თავს "ზღვის ძმად" მოიხსენიებთ. თქვენს ქალიშვილს უაინა დაარქვით, რაც ბასკურად ტალღას ნიშნავს. როდის გაგიტაცათ სერფინგმა ასე?
ლიზარაზუ: მე ბასკეთში, ოკეანის ნაპირზე გავიზარდე. მამაჩემი ერთერთი პირველი იყო, რომელმაც აქ, ატლანტიკის სანაპიროებზე 60იან წლებში ტალღებზე ამხედრება დაიწყო. 10 წლის რომ გავხდი, სერფინგი მეც მასწავლა. აქედან შემიყვარდა ეს სპორტი.
კითხვა: 20 წელი პროფესიონალი ფეხბურთელი იყავით. ამის მიუხედავად სერფინგსაც ახერხებდით?
ლიზარაზუ: საზაფხულო ან ზამთრის არდადაგების დროს. როდესაც ბილბაოს ატლეტიკში ვტამაშობდი, შუა საფეხბურთო სეზონზეც გავპარულვარ სასერფინგოდ. ბაიერნში ამას ვერ ვახერხებდი. მიუნხენი ოკეანიდან შორს არის. თან კვირაში სამი თამაში მქონდა და ვერც მოვიცლიდი საამისოდ. კარიერის შემდეგ კი თავისუფალი დრო მაქვს და სერფინგით ვტკბები.
კითხვა: სერფინგის დროს ხალხი გცნობთ?
ლიზარაზუ: კი, ხდება ხოლმე. ერთი თვის წინ ჰაიტიზე გახლდით სასერფინგოდ. ტალრების დეფიციტი იყო. ხალხი ერთმანეთს ახტებოდა და არავის უთმობდნენ ტალღას. ერთმა მიცნო და მითხრა, ბიქსენტ, ეს ტალღა შენთვის მიჩუქნიაო (იცინის). ტალღას გავხედე და დავინახე, რომ ძალიან დიდი იყო. "გმადლობთ, მეორეს დაველოდები მეთქი" - ვუპასუხე (იცინის).
კითხვა: თქვენ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდით, თქვენი ძმა პეიო კი სერფინგით დაკავდა და საუკეთესო ხუთეულშიც შევიდა. არ გეშინიათ, როდესაც თქვენი ძმა მიუნხენის რატუშაზე მაღალ ტალღებში შედის?
ლიზარაზუ: არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უბედური შემთხვევა უბედური შემთხვევაა. მან იცის, თუ რა უნდა გააკეთოს. ამისთვის ბევრი ვარჯიშია საჭირო. უცებ არაფერი მოდის. 80 000 კაცის წინ ფეხბურთს ვერ ითამაშებ, თუ გუშინ მხოლოდ 200 კაცის თვალწინ თამაშობდი. ყველაფერს დრო უნდა. ხუთჯერ მეც გადავურჩი სიკვდილს სერფინგის დროს, მაგრამ ამის გამო უკან არ დავიხევ.
კითხვა: კარიერის დასრულების შემდეგ ბასკეთში გადაცხოვრდით. მიუნხენური თეთრი ლუდი ისევ გაქვთ მაცივარში?
ლიზარაზუ: რა თქმა უნდა.
კითხვა: რომელი?
ლიზარაზუ: პაულანერი. პირველი გამოგზავნა ბაიერნის სპონსორმა "პაულანერმა" თავად გამომიგზავნა. ახლაც პერმანენტულად ვუკვეთავ და მიგზავნიან. ყოველ საღამოს ერთ ბოთლ თეთრ ლუდს ვსვამ და გერმანიაზე ვფიქრობ. ბაიერნზე ვფიქრობ. სხვა ლუდს საერთოდ არ ვსვამ. შეუძლებელია სხვა დავლიო.
კითხვა: ბაიერნში რვანახევარი წელი გაატარეთ. ბოლოს როდის იყავით მიუნხენში?
ლიზარაზუ: მაისში. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების 10 წლის იუბილეზე. ფანტასტიური საღამო გამოვიდა, ყველაფერი კარგად დააორგანიზეს. ალიანც არენაზე ძველმა კოლეგებმა ერთად ვივახშმეთ, შემდეგ კი სტადიონის დიდი ეკრანზე ვუყურეთ ვალენსიასთან ჩატარებული ფინალის სრულ ჩანაწერს. საოცარი განცდა იყო. ამხელა სტადიონზე მარტონი ვიყავით და თავი საკუთარ საკუჭნაოში გვეგონა. მართლა ფანტასტიური იყო. ამის შემდეგ საათობით ვილაპარაკეთ და მგონი, ყველაზე ბოლოს მე წავედი სახლში.
კითხვა: ძალიან დაგაგვიანდათ სასტუმროში?
პასუხი: არ ვიცი, 4 საათი იქნებოდა. ყველამ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი განცდები. ელბერი, კანი, ეფე, სანიოლი, შოლი - ესენი საოცარი ხალხია. ული ჰიონესიც იქ იყო, რუმენიგეც. იმ საღამოს საკუთარ თავს ვუთხარი: ახლა ვიცი თუ რატომ დავრჩი ამდენი წელი ბაიერნში-მეთქი.
კითხვა: და მაინც რატომ იყავით ამდენი წელი მიუნხენში?
ლიზარაზუ: როდესაც გერმანიაში წამოვედი, ბევრმა მეგობარმა ალმაცერად დამიწყო ყურება. მათი აზრით, მე ესპანურ ფეხბურთს უკეთესად მოვერგებოდი. მაგრამ ცხოვრებაში უნდა გამოსცადო შენი თავი და მერე გაიგებ, თუ რა ჯობია შენთვის. ბაიერნი ჩემთვის საუკეთესო კლუბი აღმოჩნდა. მე მიყვარს ამ გუნდის სული და პროფესიონალიზმი. როდესაც აქ რამეს გეტყვიან, შეიძლება ამ სიტყვას ასი პროცენტით ენდო. ეს კულტურა ჩემში იჯდა და მეც ბაიერნს კარგად მოვერგე. წესრიგი და სიცხადე მიყვარს. გაურკვევლობა და ქაოსი ნერვებს მიშლის ხოლმე. იმ დღეს, მაისში, როდესაც ვალენსიაზე გამარჯვების 10 წლისთავს ვზეიმობდით, მივხვდი, რომ ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე ტიტულების მოგება. მე ვამაყობ, რომ ბაიერნის ფეხბურთელი ვიყავი.
კითხვა: იმ საღამოსაც ამაყობდით?
ლიზარაზუ: რას ნიშნავს იმ საღამოსაც. მე ისევ მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი ვარ. სამუდამოდ ასე იქნება.
კითხვა: დღევანდელი ბაიერნი ძალიან არის რობენსა და რიბერიზე დამოკიდებული?
ლიზარაზუ: ისინი ხშირად არიან დაშავებულები. დიდი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპტიმალურ ფორმაში არიან და ტრავმა არ აქვთ. თუმცა გულახდილად გეტყვით: რამდენ თამაშს ატარებენ ისინი სეზონში? თან ორივე ინდივიდუალისტია. ბაიერნი ფრთხილად უნდა იყოს და ტავისი თამაში მათზე დამოკიდებული არ უნდა გახადოს. ეს სახიფათოა.
კითხვა: რამდენად არის სახიფათო?
ლიზარაზუ: ერთი მხრივ მათ თამაშების გადაწყვეტა შეუძლიათ, მაგრამ მეორე მხრივ კოლექტიურად არ აზროვნებენ. ჩავის, მესის ან ინიესტას უდიდესი ინდივიდუალური ოსტატობა გააჩნიათ და თამაშის მარტო მოგება შეუძლიათ, მაგრამ ისინი ამასთან ერთად გუნდს სტრუქტურას ანიჭებენ და თანაგუნდელებს სივრცეებს უქმნიან. რობენისა და რიბერის ტიპის ფეხბურთელებს კი ბურთს გადააწოდებ ფლანგზე და ბურთს მერე უკვე ვერ ნახავ.
კითხვა: თქვენ განაპირა მცველი იყავით. თქვენთვის ეს ძნელი იყო? ანუ როდესაც პასს ელოდებოდით?
ლიზარაზუ: თუ განაპირა მცველს პასს არ აძლევ, მას ბოლოს და ბოლოს წინ წასვლა მობეზრდება. ეს იცით როგორ არის? აძლევ პასს წინა ხაზის ფეხბურთელს, აირბენ მთელს მოედანს და ის თამაშში არ გრთავს. ამას გააკეთებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს მოგბეზრდება. მერე უკნიდან უყურებ თამაშს, ისე როგორც მაყურებელი ტრიბუნაზე. შენი პარტნიორი წინ ბურთს თუ დაკარგავს, გახსენდება, რომ მოთამაშე ხარ, თან მცველი და თამაშში უნდა ჩაერთო.
კითხვა: 2004 წელს ბაიერნიდან მარსელის ოლიმპიკში გადახვედით. ნახევარი წლის შემდეგ კი ბაიერნს დაუბრუნდით. არადა განათხოვრებული არ ყოფილხართ. რა მოხდა. ჰიონესს დაურეკეთ და ნათლად უთხარით, რომ ბაიერნში დაბრუნება გსურდათ?
ლიზარაზუ: დიახ.
კითხვა: რა ენაზე ეკონტაქტებით ერთმანეთს?
ლიზარაზუ: ინგლისურად.
კითხვა: როგორია ჰიონესის ინგლისური?
ლიზარაზუ: ძალიან კარგი.
კითხვა: როგორ ჩაიარა მაშინდელმა სატელეფონო საუბარმა?
ლიზარაზუ: მე მას ვუთხარი, რომ სამი არჩევანი მაქვს: 1. ფეხბურთისთვის თავის განებება, 2. მარსელის მწვრთნელისტვის, ფილიპ ტრუსიესთვის პანჩურის ამოკვრა და 3. ბაიერნში დაბრუნება.
კითხვა: ჰიონესმა რა გიპასუხათ?
ლიზარაზუ: ჰიოენსმა მითხრა, იმ წინა ორ არჩევანს აჯობებს ბაიერნში დაბრუნდეო (იცინის). რუმენიგეს და მწვრთნელს დაველაპარაკებიო.
კითხვა: ბევრმა არ იცის, რომ 2009 წელს ევროპის ჩემპიონი გახდით ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში. როდის დაინტერესდით საბრძოლო ხელოვნებით? მას შემდეგ რაც 1999 წელს ლოთარ მათეუსმა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სკანდალური სილა გაგაწნათ?
ლიზარაზუ: ოჰ, არა. თუმცა, მათეუსს ძალიან გაუმართლა. დღეს მას იგივე საქციელი ძვირი დაუჯდებოდა (იცინის).
კითხვა: კადრში ჩანს, რომ მათეუსმა რაღაც მოგაძახათ და თქვენ მაშინვე გაბრაზებული სახით მისკენ გაემართეთ. გახსოვთ, რა გითხრათ მაშინ მათეუსმა?
ლიზარაზუ: არ მახსოვს, მაგრამ კარგი არაფერი უთქვამს (იცინის). იმ დღეს ორივე მარცხენა ფეხზე ავდექით, ეტყობა. ლოთარი გერმანიაში ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ეს მას უფლებას არ აძლევდა ჩემს საქმეში ჩარეულიყო. ამიტომ გავბრაზდი. თუმცა, მალევე შევრიგდით. ის მომენტი მამლაყინწების კინკლაობას ჰგავდა. მას შემდეგ ურთიერთობები ძველებურად გავაგრძელეთ.
sportbild.deსტატია აღებულია Bayern.Ge - დან
ბიქსენტ :**