სერხიო რამოსი: “ქომაგებისგან უფრო მეტ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ”აგერ უკვე 6 მატჩია, რაც სერხიო რამოსმა ამპლუა შეიცვალა და მადრიდის “რეალს” ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოასპარეზე ეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. რამოსი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მაღალი კლასის უნივერსალური ფეხბურთელია და მზადაა, საყვარელ კლუბს ნებისმიერი ამპლუით მოთამაშე შეეშველოს.
- მადრიდის “რეალი” უმოწყალოდ უსწორდება ოპონენტებს და გათამაშების ცხრილსაც სათავეში მოექცა...
- ბოლო ხანს ჩვენი გუნდი მართლაც კარგად ათამაშდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად მატჩის საწყისი წუთები გამოგვდის და დიდწილად შეხვედრათა დასაწყისში საფუძველს ვუყრით მოგებას. ასე იყო “ვილიარელათან”, “მალაგასა” და “რეალ სოსიედადთან” დაპირისპირებისას. ჩვენ მძლავრად ვიწყებდით ასპარეზობას, მეორე ტაიმში კი ზეწოლას ოდნავ ვამცირებდით. ამის მიუხედავად, ამ პაექრობებში 3 ქულას ვიწერდით აქტივში.
- საწყისი წუთებიდან “რეალი” პრესინგით ხუთავს მოწინააღმდეგეს...
- დიახ, ამგვარ დავალებას ჟოზე მოურინიო გვაძლევს და მას განუხრელად ზუსტად ვასრულებთ. მეტოქეებს ვბოჭავთ, რაც შეტევის დროს უპირატესობას გვაძლევს.
- გულშემატკივრებს თქვენი ახალი პოზიცია მოსწონთ, რასაც მათ მიერ ტრიბუნებიდან გამამხნევებელი წამოძახილები და აპლოდისმენტები ადასტურებს...
- ჩვენი გუნდის ერთგული გულშემატკივრებისადმი სასაყვედურო არასდროს არაფერი მქონია, ბოლო დროს კი მათგან უფრო მეტ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ. “ვილიარეალის” წინააღმდეგ თამაშისას შეძლებისდაგვარად საუკეთესო თვისებების გამოვლენა შევძელი, რაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ მაყურებელს მოეწონა და პრაქტიკულად მთელი მატჩის მსვლელობისას ტაშით მაჯილდოვებდა. გასახდელიდან გამოსულს კი უამრავი ქომაგი “დამიდარაჯდა” და ავტოგრაფს მთხოვდა. ცხადია, ყველა მათგანის თხოვნა დავაკმაყოფილე. მოხარული ვარ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩემი გამოსვლა მოწონებას რომ იმსახურებს. მადრიდის “რეალს” ნებისმიერ პოზიციაზე მოთამაშე გავუწევ სამსახურს. რიკარდუ კარვალიუს დაბრუნების შემდეგ, ალბათ, ისევ ფლანგზე გადაწევა მომიწევს. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მე კი ჟოზე მოურინიოს ნებისმიერ დავალებას შევასრულებ.
- პირადად თქვენ უფრო რომელ პოზიციაზე მოგწონთ თამაში?
- აკი მოგახსენეთ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ჩემი მოვალეობაა, დამრიგებლის იდეას ხორცი შევასხა მინდორზე. გუნდის ინტერესიდან გამომდინარე, მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე გავიარო ადაპტაცია და სწრაფად შევეჩვიო ახალ ამპლუას.
- როგორ გგონიათ, ამჟამად გულშემატკივრები მინდორზე ბოლო წლების მადრიდის “რეალის” საუკეთესო ვერსიას ხედავენ?
- ეს თქვენი, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების საქმეა საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა, თუ გუნდების ერთმანეთთან შედარება. გასული სეზონის მსვლელობისას “რეალს” საკმაოდ ბევრს აკრიტიკებდნენ და ლამის ყველა ერთხმად გაიძახოდა, რომ გაცილებით მეტს მოელოდა “სამეფო კლუბისგან”. სადღეისოდ, “რეალი” შარშანდელისგან განსხვავდება, რაც უპირველესად გუნდის წევრების განწყობით განისაზღვრება. ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გუნდის თამაში იდეალურს მიუახლოვდება. ამის თქმის საფუძველს აშკარად გაუმჯობესებული კოლექტიური ასპარეზობა მაძლევს, ეს კი ნებისმიერი ფეხბურთელის ინდივიდუალური თვისებების სრულად წარმოჩენას უწყობს ხელს.
- მოდით, დაუფარავად გვითხარით – მადრიდის “რეალს” სადღეისოდ ესპანური პრიმერა დივიზიონის უძლიერეს გუნდად თვლით?
- ნამდვილად არ ვიც.ი ჯერჯერობით ამაზე გადაჭრით საუბარი ნაადრევია. თუკი ამ კითხვას სეზონის ბოლოს დამისვამთ, აუცილებლად გაგცემთ დადებით ან უარყოფით პასუხს. იმედია, დადებითი პასუხის გაცემა მომიწევს.
- უპირველესად რამ განაპირობა კოლექტიური და ინდივიდუალური თამაშის გაძლიერება?
- უზარმაზარი მოცულობის გაწეულმა სამუშაომ. მწვრთნელი მაქსიმალურად მომთხოვნია. ჩვენ ერთ ადგილზე შეჩერების უფლება არ გვაქვს, წინ უნდა მივისწრაფვოდეთ. რაც უფრო დრო გადის, გუნდის წევრები უფრო მეტად ვუშინაურდებით ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს მინდორზე კარგად იგრძნობა. “რეალის” ამჟამინდელი კონდიციით და მდგომარეობით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავს ოდნავ მაინც მოდუნების საშუალებას მივცემთ. ჩვენი ამოცანა ტიტულების მოხვეჭაა და ამ მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ.
- მომდევნო ტურში “ბარსელონას” რომ ეთამაშებოდეთ, მოახერხებდით პეპ გვარდიოლას გუნდის დამარცხებას?
- ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. რაც შეეხება “ბარსელონასთან” დაპირისპირებას, ამის დროც მოვა – 11 დეკემბერს კატალონელებს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვმასპინძლობთ და ვიმედოვნებ, იმ მატჩის შემდეგ გათამაშების ცხრილში მოწინავე პოზიციაზე ვიქნებით.
- რა შესძინა გუნდს ჟოზე მოურინიომ?
- პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარი ძალისადმი რწმენა კიდევ უფრო განგვიმტკიცა. წინასასეზონოდ მოურინიო ბრწყინვალედ გაისარჯა, რაც სადღეისოდ “რეალის” სატურნირო მდგომარეობაზე სათანადოდაა ასახული.
- ჟოზე მოურინიოზე ყოველდღიურად არა მარტო “სამეფო კლუბის” გულშემატკივრები საუბრობენ, არამედ იგი ყურადღების ცენტრში თქვენი დაუძინებელი მტრის “ბარსელონას” ბანაკშიცაა. რის გამო იწვევს მოურინიო საყოველთაო ყურადღებას?
- ჟოზე მოურინიო ძლიერი პიროვნებაა. მან საკუთარი განუმეორებელი კვალი დაამჩნია ყველა იმ გუნდს, რომლებშიც მუშაობდა. ამიტომაც იოტისოდენადაც არაა გასაკვირი, ესოდენ წარმატებული კარიერის მქონე მწვრთნელი ქომაგთა და სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში რომაა მოქცეული.
- პიროვნული თვისებების გამო მოურინიო პატივისცემას თუ იმსახურებს?
- აკი მოგახსენეთ, სეუ ჟოზე მაღალპროფესიონალი დამრიგებელი რომაა. პირადად მე, მხოლოდ ამის გამოც ვცემდი პატივს.
- 25 წლის ხართ. კიდევ რამდენ ხანს აპირებთ ფეხბურთის თამაშს? თავს 30 წლის ასაკშიც პროფესიონალ მოთამაშედ ხედავთ?
- ფეხბურთის თამაშის სურვილი სადამდეც მექნება და ჯანმრთელობა საამისო საშუალებას მომცემს, მინდორზე გასულს მიხილავთ.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=27038&...s=show#comments
მე მოვკვდები ამ კლუბისთვის. არასოდეს არაფერს დავიშურებ “ რეალისთვის” და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რადგან ეს ჩემი კლუბია და ყოველთვის ასე იქნება. ყოველ მატჩში მე მოვკვდები “თეთრი” ფორმისთვის.
Raúl González Blanco