მოსაზრება: რატომ ვერ ამარცხებს რეალი ბარსას??
ორიოდე დღის წინ კიდევ ერთი კლასიკო ჩაბარდა წარსულს, რომელზეც ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, თუმცა მინდა სულ სხვა რამეს მიაქციოთ ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალი", ფორმიდან გამომდინარე, პირველად ითვლებოდა ფავორიტად ბოლო 4 წლის მანძილზე, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მაინც ვერაფერი დაუპირისპირეს კატალონიელებს, რომელთაც დაამტკიცეს, რომ ჯერ კიდევ უძლიერესები არიან.
მადრიდის "რეალისთვის" "ბარსელონას" წინააღმდეგ ეს ყველაზე გრძელი მოუგებელი სერიაა - სამეფო კლუბმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში ვერ შეძლო კატალონიელების დამარცხება.
მაშ ასე, რატომ ხდება ისე, რომ როცა ორივე გუნდი ფორმის პიკზეა, "ბარსელონა" უფრო თავდაჯერებულია და შედარებით ძლიერად გამოიყურება? ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კლასიკო კატალონიელთათვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მადრიდელებისათვის, და აი რატომ:
"ბარსელონა" წარმოადგებს კატალონიას და სურთ რეგიონი დამოკიდებელი გახდეს, ანუ გამოეყოს დანარჩენ ესპანეთს. მეორეს მხრივ, მადრიდის "რეალი" მიიჩნევა ესპანური ნაციონალიზმისა და ცენტრალიზაციის სახედ. ასე რომ, როდესაც "ბარსელონა" მოედანზე უპირისპირდება სამეფო კლუბს, მათ აქვთ გრძნობა, რომ ეს არის პატარა ნაციის ბრძოლა დიდი და საშინელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც მათ სამშობლო წაართვა. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლობის წყურვილი მეტია, ვიდრე ყველა სხვა გრძნობა. სწორედ ამის გამო არ დამარცხდა ესპანეთის იმპერია ლათინურ ამერიკაში და სწორედ ეს არ გახდა მთავარი მიზეზი ამ ორი გუნდის პრინციპული დაპირისპირებისა?
აზრი, რომ კატალონია არის დაჩაგრული და შევიწროვებული მხარე, მხოლოდ "ბარსელონას" ფანებს არ აწუხებთ. იგივე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმაც რამდენიმეჯერ აღნიშნა. გასულ წელს, აეროპორტის მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო, "ბარსამ" პამპლონაში, ოსასუნასთან გასამართ მატჩზე დააგვიანა, რის გამოც მათ თამაშის გადადების მცდელობაში დასდეს ბრალი. რაზედაც პეპ გუარდიოლამ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ვიცით როგორია ეს ქვეყანა. არანაირი ძალაუფლება არ გაგვაჩნია - ჩვენ ხომ პატარა კატალონიას წარმოვადგენთ, რომელიც მუდმივ ზეწოლას განიცდის. სამწუხაროდ სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია."
გუარდიოლა ყოველთვის ამ გუნდის ნაწილი იყო. ის იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდის" ერთ-ერთი წევრი გახლდათ, რომელმაც 1992 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო და რომლის კაპიტანიც თავად გახდა მოგვიანებით. გუარდიოლამ, მწვრთნელად დანიშვიდან დღემდე, ესპანეთის პრიმერა სამჯერ, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ და ქვეყნის თასი ერთხელ მოიგო. მასსა და მოურინიოს შორის სწორედ ეს მსგავსებაა, პორტუგალიელსაც ანალოგიური ტიტულები აქვს მოგებული, თუმცა ესპანელმა მისი შედეგის გაუმჯობესება ერთი გუნდით და უფრო მოკლე დროში შეძლო.
თუმცა, თუ ამ ორ მწვრთნელს შევადარებთ ელ კლასიკოდან გამომდინარე, გუარდიოლამ მადრიდული გრანდი თორმეტიდან რვაჯერ დაამარცხა, მოურინიომ კი, მწვრთნელად დანიშვნიდან დღემდე, ამის გაკეთება რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო, ისიც თასის ფინალში, დამატებით დროში გატანილი ერთადერთი ბურთით.
ეჭვი არავის ეპარება, რომ მოურინიო უდიდესი მწვრთნელია, მაგრამ მას არ აქვს ისეთივე კავშირი "რეალთან", როგორც ეს "ბარსელონასა" და გუარდიოლას შემთხვევაშია. ამასთანავე, პეპს მთელი კატალონია უჭერს მხარს და იგი რამდენიმე ხნის წინ, კატალონიის პარლამენტმა "ღირსების ორდენითაც" დააჯილდოვა.
"ბარსელონას" ფეხბურთელებს ისეთივე ძლიერი გრძნობა აქვთ კლუბისა და კატალონიის მიმართ, როგორც მათ მთავარ მწვრთნელს. გახსოვთ ალბათ, რას შეადარა ხავიმ სამეფო კლუბთან გამარჯვება: "მადრიდის "რეალის" დამარცხება ჩემთვის ორგაზმივითაა.." რაც შეეხება "სეპარატისტთა" კაპიტანს, კარლეს პუიოლს, მის სამკლავურზე ყოველთვისაა კატალონიის დროშა. იმ თერთმეტი ფეხბურთელიდან, ვინც უკანასკნელ კლასიკოში მიიღო მონაწილეობა, ექვსი სწორედ კატალონიელია, მესი და ინიესტა კი ამ გუნდში 13 წლის ასაკიდან ირიცხებიან. ხსენებულ შეხვედრაში მადრიდული კლუბიდან მხოლოდ სამმა ესპანელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან მხოლოდ კასილასია ძირძველი მადრიდელი.
კასილასის შესაძლებლობებსა და გუნდის სიყვარულში ეჭვი არავის ეპარება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი "რეალიდან" მასზე მეტად არავის ესმის აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობა. დამეთანხმებით, რომ ნახევარდაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, "ბარსელონას" ამ პოზიციაზე სამი კატალონიელი - ხავი, ბუსკეტსი და ფაბრეგასი ჰყავდა, მაშინ როცა "რეალის" ნახევარდაცვაში მხოლოდ ერთი ესპანელი, ისიც ბასკი ხაბი ალონსო იდგა. არავინ ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელმა თავი დაზოგა და სრულად არ დაიხარჯა, თუმცა მას გუნდისადმი ის შემართება და სიყვარული ნამდვილად არ გააჩნია, რაც ნამდვილ მადრიდისტას ექნებოდა.
წარსულში სამეფო კლუბის ღირსებას დიდებული ფეხბურთელები იცავდნენ, რომელთაც მადრიდული სისხლი უჩქეფდათ ძარღვებში. ასეთები იყვნენ: რაული, რომელსაც ბარსელონას კარში 15 ბურთი აქვს შეგდებული და საფირმო აღნიშვნით ხშირად დაუდომებია ნოუ კამპი. გუტი, რომელმაც განაცხადა, რომ არასდროს უყურებდა კატალონიური გუნდის თამაშებს კლასიკოს გარდა. ასევე იყვნენ სალგადო, მორიენტესი, იერო და სხვა ბრწყინვალე და პატივსაცემი, "რეალისთვის" თავდადებული ფეხბურთელები.
ამჟამინდელ რეალში დიდებული მოთამაშეები ირიცხებიან: მესუთ იოზილი, პეპე, დი მარია, ალონსო, იგუაინი, კრისტიანო რონალდო და სხვა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მათგან არცერთს არ აქვს ისეთი დიდი გრძნობა გუნდის მიმართ, როგორც ეს "ბარსელონას" შემთხვევაშია. რთულია, არ აღიარო რონალდოს შესაძლებლობები და ეჭვი შეიტანო მის გენიალურობაში, თუმცა პორტუგალიელმა ვერცერთ კლასიკოში ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. კრისტიანომ ბარსას წინააღმდეგ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ სამჯერ მოახერხა კარის აღება. შაბათს გამართულ შეხვედრაში კი მან გოლის გატანის ორი რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.
ფლორენტინო პერესის სატრანსფერო პოლიტიკისა და მოურინიოს მენეჯერული შესაძლებლობების ხარჯზე მადრიდის "რეალი" ჩამოყალიბდა გუნდად, რომელიც პრიმერაში ყველას ჯაბნის, გარდა ერთისა, რომლის დამარცხებაც დედაქალაქელებს ყველაზე მეტად სურთ და სჭირდებათ. შეიძლება იყიდო ფეხბურთელი, რომელიც ერთ სეზონში 40 გოლს გაიტანს, მაგრამ ვერ იყიდი ძლიერ გრძნობას, რაც დაბადებიდან გუნდთან ერთად ყოფნას მოსდევს.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუარდიოლამ საიამაყით განაცხადა, რომ რვა ფეხბურთელი სწორედ "ბარსელონას" აღზრდილი იყო. წარსულში "რეალსაც" ჰყოლია ასეთი ფეხბურთელები: რაული, გუტი, კასილასი, მორიენტესი და სხვა. თუმცა ბოლო დროს მადრიდელ ახალგაზრდებს ნაკლები ყურადღება ექცევათ და სანამ ეს არ შეიცვლება, "ბარსელონა" გამარჯვებასთან ყოველთვის ერთი ნაბიჯით ახლოს იქნება.