ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ტიერი ანრისა და “არსენალს” შორის 2-თვიან იჯარაზე მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. გარიგებას ოფიციალურად უახლოესი 48 საათის განმავლობაში გაახმაურებენ.
34 წლის ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები “ნიუ იორკ რედ ბულზს” ეკუთვნის, მაგრამ ამჟამად აშშ-ს MLS ლიგაში შესვენებაა და ანრის მოკლე ვადით ლონდონურ კლუბში დაბრუნება შეუძლია.
ანრის იჯარა “მეთოფეებს” საშუალებას მისცემს, რომ იანვრის ბოლოს ჟერვინიოს და შამახის აფრიკის თასზე სათამაშოდ გამგზავრება უმტკივნეულოდ გადაიტანონ.
თუ ფრანგის “არსენალში” გადასვლა დადასტურდა, მას საშუალება ექნება, პრემიერლიგის შვიდ შეხვედრაში, ინგლისის თასზე, ასევე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “მილანთან” ორივე შეხვედრაში ითამაშოს.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ანრი “არსენალში” 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რადგან 14-ნომრიანი მაისური, რომლითაც ის ადრე ლონდონელთა რიგებში ასპარეზობდა, თეო უოლკოტს აცვია. სავარაუდოდ, ფრანგის ხელფასი კვირაში 70000 გირვანქა იქნება.