აგერ ამ ინტერვიუს სრული ვერსია, თან ქართულად

***
”მილანის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა - ალეშანდრე პატომ ინტერვიუ მისცა Corriere dello Sport-ს და Corriere della Sera-ს. მოთამაშემ რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება. პატოს საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოუვიდა.
”ჩემთვის 2011 წელი კარგი გამოდგა - ევროპაში თამაშისას პირველი ტიტული მოვიგე, გავიტანე რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი. არ მახსენდება ისეთი წელი, როდესაც ტრავმა არ მიმიღია.”
22 წლის ფეხბურთელმა გასულ 12 თვეში 8 ტრავმა მიიღო: ”ყველა ჯერზე ვცდილობდი სხვადასხვა გამოსავლის პოვნას. არასოდეს შემშინებია, არც მაშინ, როდესაც სექტემბერში მივიღე ტრავმა. მე ვფიქრობ, ნელ-ნელა დავბრუნდები, 100%-ით მზად უნდა ვიყო. ყოველთვის ორმაგად ვვარჯიშობდი, რაც ”მილანელოზე” ჩამოვედი ყოველ დილით ვვარჯიშობ. ვვაჯიშობ მეტს და მეტს, რათა უფრო კარგად ვითამაშო.”
სანამ პატო ტრავმას მიიღებდა, ის ცუდ ფორმაში არ იყო. ბრაზილიელს ამ თემაზეც კითხეს: ”სამ თამაშში ორი გოლი გავიტანე. ”ბოლონიასთან” კარგად ვერ ვითამაშე, მაგრამ მაშინ გუნდმაც ვერ ითამაშა კარგად. როცა აგებ და როცა იგებ ამას გუნდი აკეთებს, ასე არაა? ჩემზე ხშირად საუბრობენ, რადგან მე ”მილანისთვის” მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ.”
”იხვს” მწვრთნელებთან ურთიერთობაზეც კითხეს. ბრაზილიელმა კარლო ანჩელოტი და ლეონარდო გამოყო და მათ ”ნათლიებიც” კი უწოდა. მან ასევე ალეგრიზეც ისაუბრა: ”კარლო ყოველთვის მესაუბრებოდა, ის მეუბნებოდა, რა უნდა გამეკეთებინა მოედანზე. თუ ახლა უკეთესად უნდა ვითამაშო, ალეგრიმ უნდა ამიხსნას, რა არის საჭირო. ჩემპიონი გუნდი თავდამსხმელებისგან ყოველთვის საუკეთესოს მოელის. ალეგრიმ უნდა ამიხსნას ჩემი შეცდომები, მწვრთნელმა ფეხბურთელს უნდა მიუთითოს, რა შეცდომას უშვებს ის. მინდა, ალეგრისთან პირდაპირი ურთიერთობა მქონდეს, მეტს ვერ ვიტყვი. თუ ის ფიქრობს, რომ ჩემი გაკრიტიკება სწორია, მაშინ მე თავს ჩავღუნავ და მუშაობას გავაგრძელებ. მე მწვრთნელის სიტყვას პატივი უნდა ვსცე. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ როდესაც ის ჩემს თამაშში რაიმე არასწორს დაინახავს, მან უნდა მითხრას ის, უნდა დავჯდეთ და ვისაუბროთ.”
ალეგრის ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ მან, შეიძლება, პატო სხვა პოზიციაზე მოსინჯოს: ”ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელად ვთამაშობ და ვფიქრობ, ჩემს საქმეს ცუდად არ ვაკეთებ.”
ნოემბრის ბოლოს, მაშინ, როდესაც ”მილანი” ”კიევოს” ეთამაშებოდა, მოედანზე კაპიტნის სამკლაურით ტიაგო სილვა გამოვიდა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის ტრადიციების თანახმად, შესაძლებელი იყო, კაპიტნის სამკლაური პატოს ჰკეთდებოდა: ”სიმართლე ისაა, რომ წესების თანახმად, დარწმუნებული ვიყავი, კაპიტნის სამკლაურს მე გავიკეთებდი. მაგრამ იმედგაცრუებული სულაც არ ვყოფილვარ, რადგან სამკლაური ჩემს მეგობარს და თანაგუნდელს ეკეთა. მე ამ სიტუაციის ახსნას არ ვითხოვ, გადაწყვეტილებებს ადრიანო გალიანი და ალეგრი იღებენ.”
სულაც არ არის გამორიცხული, პატო ”მილანიდან” წავიდეს. ბრაზილიელით ”არსენალი” და ”პსჟ” არიან დაინტერესებულნი. ინგლისური გუნდი, რომელიც ”როსონერის” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაუპირისპირდება, ბრაზილიელის გუნდში განვითარებულ სიტუაციას დააკვირდება და შესაძლებელია, მათ პატოში 28 მილიონი ევროც გადაიხადონ.
როგორც Mediaset იტყობინება, ისიც არ არის გამორიცხული, რომ პატო ”პსჟ-ში” ვიხილოთ, რადგან იქ ბრაზილიელის ”ნათლიები” - ლეონარდო და ანჩელოტი არიან. ფრანგები გალიანის 20 მილიონს შეთავაზებენ.
http://acm.ge/index.php?newsid=4284