"2002 წელს 17 წლისა ვიყავი. ტრავმის გამო 8 თვით დასვენება მომიხდა. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი, რათა ფორმაში ჩავმდგარიყავი. ამ დროს ტერიც რეაბილიტაციას გადიოდა. ასე რომ, მის გვერდით, 3 თუ 4 კვირა გავატარე. მას შემდეგაც, რაც ის გუნდს დაუბრუნდა, ყურადღებას არ მაკლებდა. გამოჯანმრთელების შემდეგ წარმატებაც მისურვა, თუმცა პირველივე შეხვედრაში ისევ დავილეწე. მორიგი ტრავმიდან სამ დღეში ოპერაცია დამინიშნეს.
ფიზიოთერაპევტმა მითხრა, რომ ჯეი ტი გრემ ლე სოსთან მისულა და უთხოვია, იქნება სადისციპლინო ფონდიდან თანხები გამოვნახოთ სემისთვის შვებულების ფულის გადასახდელადო. ამის დაჯერებაც კი გამიჭირდა. 10 დღის შემდეგ ჯონი ბაზაზე ვნახე, მახარა, კლუბმა შვებულება მოგცა და შეგეძლია შენს მეგობართან ან ძმასთან ერთად გაატაროო. "მესმის, რომ ამის ფული არ გექნება, უბრალოდ მოიფიქრე სად გინდა წასვლა და მითხარი ყველაფერს ორგანიზებას გავუწევთ", - მითხრა მან.
ერთადერთი, რაც შემეძლო, მადლობის გადახდა იყო. მაშინ ძალიან ფერმიხდილი ვიყავი, რადგან ოპერაციის დროს ბევრი სისხლი დავკარგე და ეს სახეზეც მეტყობოდა. დედაც ახალი ნაოპერაციები მყავდა და მცირე დასვენება ნაღდად არ გვაწყენდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი წაყვანა. ვიფიქრე, უქმეებზე სევილიაში გავფრენილიყავით. როცა ჯონმა ეს გაიგო, მითხრა: "კარგი რა, სემ, საიდან მოიტანე ეს სევილია? ოქტომბერია, სითბო ნამდვილად არ იქნება. წადით, მაგალითად, კარიბის კუნძულებზე, წარმოიდგინე, პლაჟზე დასხდებით და არაფერი შეგაწუხებთ. ნუ იფიქრებ რა ეღირება, ყველაფერს გადავიხდით".
ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ტრინიდადზე შევაჩერე არჩევანი. წასვლის წინა საღამოს ჯონმა ჯიბის ფულიც მომცა, არ მინდოდა გამორთმევა, მაგრამ მან სხვა გზა არ დამიტოვა.
შვებულებიდან რომ დავბრუნდი, თავს ისე ვგრძობდი, თითქოს თავიდან დავიბადე. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მზად ვიყავი, ფეხბურთი კიდევ მეთამაშა. ტრავმის შემდეგ პირველ შეხვედრაში (რეზერვისტთა გუნდში) 6 თვის თავზე ვითამაშე. ჩვენი თამაში დილის 10 საათზე იყო, ძირითად გუნდს კი 3-ზე უნდა ევარჯიშა. ჯონი სპეციალურად მოვიდა ჩემს სანახავად. ის რა თქმა უნდა არ იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა.
ჯონმა ერთხელ რეზერვისტთა გუნდის ფეხბურთელებს მანქანის ტარების სასწავლო კურსის ფული გადაუხადა, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ ბიჭებისთვის, რომლებიც კვირაში 80 ფუნტს იღებდნენ, ის ძალიან ძვირი იყო. ეს ბიჭები პირველი გუნდის ფეხბურთელებს ბუცებს უწმენდნენ ხოლმე, ყველას ჯონის, ლემპარდის, მორისისა და გუდიონსენის სამსახური სურდა, ისინი ყველაზე დიდ ბონუსებს იხდიდნენ.
ტერი მხოლოდ ბუცების გაწმენდისთვის კი არ აჯილდოებდა, მათ ჯარიმებსაც იხდიდა, თუკი მიაჩნდა, რომ მათ კლუბი არასამართლიანად ექცეოდა. რა თქმა უნდა ისინი ამაზე არსად არ ლაპარაკობდნენ. ჯონის ყოველთვის ახსოვდა, რას ნიშნავდა რეზერვისტობა.
ის იდეალური კაპიტანი იყო და ამიტომაც ყოველთვის ნახულობდა დროს მათთან სალაპარაკოდ. რეგულარულად ინტერესდებოდა მათი საქმეებით, როცა ვინმე კარგად ითამაშებდა, არ ავიწყდებოდა მიელოცა და მხარზე ხელი დაერტყა. ტერი ხელს უწყობდა ხოლმე ბიჭების ადაპტაციას ახალ გარემოში. მოედანზეც და კობემის სავარჯიშო ბაზაზეც დიდებული იყო. ყოველთვის სხვებზე მეტს ვარჯიშობდა. ყოველ ჩვენგანს ის მისაბაძ მაგალითად მიაჩნდა.