misha20123
The Truth Has Set Me Free

        
ჯგუფი: Members
წერილები: 88364
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10
|
#31436996 · 30 May 2012, 22:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იტალიის ეროვნული ნაკრები 2012 წლის ევროპირველობას მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან მატჩით დაიწყებს. ეს ჩეზარე პრანდელის გუნდისთვის პირველი სერიოზული გამოცდა იქნება. “ფურია როხას” გარდა, აპენინელებს ჯგუფში ირლანდიისა და ხორვატიის ნაკრებებთან მოუწევთ ბრძოლა. “სკუადრა აძურამ” პირველი (და, ჯერჯერობით, უკანასკნელი) ევროპის ჩემპიონობა 1968 წელს მოიპოვა. მნიშვნელოვანია, რომ ტურნირის მასპინძელი სწორედ იტალია გახლდათ. საკუთარ კედლებში მოთამაშე “ლურჯებმა” საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩი უგოლოდ – 0:0 დაასრულეს და ფინალში მონეტის აგდებით გავიდნენ. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში, იტალია იუგოსლავიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და გამარჯვებული არც დამატებით ტაიმებში გამოვლინდა. შედეგად, მოხდა განსაკუთრებული შემთხვევა: ფინალიდან 2 დღის შემდეგ, ნაკრებები ერთმანეთის წინაშე ხელახლა წარსდგნენ. ამჯერად, იტალიელებმა თავიანთი სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს. იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ევრო 2000-ზე მოხდა. წარმატებული სტარტის შემდეგ, “სკუადრა აძურამ” ფინალამდე გააღწია, სადაც “ოქროს გოლით” დამარცხდა. იმხანად, იტალიელებს ლეგენდარული მეკარე – დინო ძოფი წვრთნიდა. ჰოლანდია-ბელგიაში გამართულ ევროპირველობაზე, აპენინელებს ბრწყინვალე სტარტი ჰქონდათ: ჯგუფური ეტაპის 3 მატჩში 3 გამარჯვება. ისტორიულად, იტალიელები საერთაშორისო ტურნირებს განსაკუთრებული შედეგებით არ იწყებენ ხოლმე და ძალების დაზოგვით ცდილობენ პლეი ოფში გასვლას. ამჯერად, მათ თურქეთის, ბელგიისა და შვედეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთზე მიყოლებით დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. 1/4-ფინალში, ძოფის გუნდმა, ფრანჩესკო ტოტისა და ფილიპო ინძაგის გოლებით, რუმინეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა. იტალიელები 2-ბურთიანი უპირატესობით პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ და მატჩი მშვიდად დაასრულეს. თანაც, 59-ე წუთზე, მსაჯმა რუმინელთა ლიდერ გეორგე ჰაჯის წითელი ბარათი უჩვენა და 10-კაციანმა გუნდმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. ჰოლანდიასთან დაძაბულ ნახევარფინალურ მატჩში, გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. უგოლოდ დასრულებული 120 წუთის შემდეგ, დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, სადაც იტალიელებმა ივარგეს და “ნარინჯისფერებს” 3:1 სძლიეს. ევრო 2000-ის ფინალური მატჩი, სადაც იტალიელთა მეტოქე საფრანგეთი გახლდათ, როტერდამში გაიმართა. “სკუადრა აძურა” მარკო დელვეკიომ დააწინაურა და თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვითაც მიდიოდა, მაგრამ 90-ე წუთზე, სილვიენ ვილტორმა ანგარიში გაათანაბრა და ფრანგებს თასის მოპოვების იმედი დაუბრუნა. მოგეხსენებათ, იმხანად, ძალაში იყო “ოქროს გოლის” წესი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუკი რომელიმე გუნდი დამატებით 15-წუთიან ტაიმებში შეძლებდა მეტოქის კარის აღებას, მატჩი მაშინვე წყდებოდა და გამარჯვებულადაც ანგარიშში წინ გასული გუნდი სახელდებოდა. 113-ე წუთზე, დავიდ ტრეზეგემ, დაახლოებით 11 მეტრიდან მარცხენა ფეხით უზუსტესი დარტყმა შეასრულა და იტალიელთა ოცნებებს ცივი წყალი გადაასხა. წლეულს, იტალიელებს თავის გამოჩენა მართებთ, რადგან უკანასკნელ დიდ საერთაშორისო ტურნირებზე – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ძალზე წარუმატებლად იასპარეზეს. ევრო 2008-ზე, “სკუადრა აძურამ” ჯგუფური ეტაპი კი დაძლია, მაგრამ 1/4-ფინალში ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, იტალიელებმა იმდენი მოახერხეს, რომ პარაგვაის, სლოვაკეთისა და ახალი ზელანდიისაგან შემდგარ ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავეს და ტურნირს სამარცხვინო შედეგით დაემშვიდობნენ. ევრო 2012-ზე, “სკუადრა აძურას” ძირითად ბირთვს ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები შეადგენენ. გუნდის თავკაცმა – ჩეზარე პრანდელიმ ევროპირველობაზე “ბებერი სინიორას” შვიდი ფეხბურთელი იახლა. მოგეხსენებათ, ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატი დაუმარცხებლად დაასრულეს და დამსახურებულ სკუდეტოსაც დაეუფლნენ. საგულისხმოა, რომ “იუვედან” გამოძახებული ფეხბურთელების უმრავლესობა ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად განიხილებიან, ასეთ ტურნირებში კი, ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია. პრანდელის გუნდში განსაკუთრებით გამოსარჩევი მოთამაშეები არიან ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო. ამ ვეტერანებს დიდ მატჩებში მონაწილეობის კოლოსალური გამოცდილება აქვთ და წესით, გუნდის გაძღოლაც მათ უნდა ითავონ. ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით იტალიაში ბოლო დროს აგორებულ სკანდალსაც... როგორც იცით, აპენინებზე სამართალდამცავებსა და ფეხბურთთან დაკავშირებულ ადამიანებს შორის დიდი გარჩევებია და მტყუან-მართალი, ჯერჯერობით, არ გარკვეულა. იქონიებს თუ არა ეს აურზაური გავლენას იტალიის ნაკრებზე, ეს უშუალოდ ტურნირის მსვლელობისას გამოჩნდება. ერთი კია: 2006 წელს, როდესაც იტალიაში კალჩოპოლის ცნობილი სკანდალი მოხდა და “იუვენტუსი” სერია B-შიც კი დაქვეითდა, “სკუადრა აძურამ” მსოფლიოს ჩემპიონატი ბრწყინვალედ ჩაატარა და შინ ოქროს მედლებით დაბრუნდა... იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსებულია 1898 წელს ფიფას წევრია 1905 წლიდან უეფას წევრია 1954 წლიდან ოფიციალური ვებ-გვერდი: figc.it პრეზიდენტი: ჯანკარლო აბეტე რეზიდენცია: რომი ტექნიკური დეპარტამენტი: ფლორენცია ადგილი ფიფა-ს რეიტინგში: 12 ნაკრების ფერები: ლურჯი, თეთრი მეტსახელები: “სკუადრა აძურა”, “ლურჯები” კაპიტანი: ჯანლუიჯი ბუფონი პირველი მატჩი: 1910 წლის 15 მაისს, საფრანგეთთან (6:2) ყველაზე დიდი მოგება: 1948 წლის 2 აგვისტოს, აშშ-სთან (9:0) ყველაზე დიდი მარცხი: 1924 წლის 6 აპრილს, უნგრეთთან (1:7) ყველაზე მეტი მატჩი: ფაბიო კანავარო (136), პაოლო მალდინი (126), ჯანლუიჯი ბუფონი (113), დინო ძოფი (112), ჯანლუკა ძამბროტა (98), ჯაჩიტო ფაკეტი (94), ალესანდრო დელ პიერო (91) ბომბარდირი: ლუიჯი რივა (35), ჯუზეპე მეაცა (33), სილვიო პიოლა (30), რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო (27) მიღწევები მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემპიონი – 1934, 1938, 1982, 2006 მე-2 ადგილი – 1970, 1994 მე-3/მე-4 ადგილები – 1990, 1978 ევროპის ჩემპიონატი ჩემპიონი - 1968 მე-2 ადგილი - 2000 მე-3/მე-4 ადგილები – 1980, 1988 ოლიმპიური თამაშები ჩემპიონი - 1936 მე-3 ადგილი – 1928, 2004 შედეგები ევროპის ჩემპიონატზე 1968 (იტალია) 1/2-ფინალი იტალია – საბჭოთა კავშირი 0:0 (მონეტის აგდებით, ფინალში იტალია გავიდა) ფინალი იტალია – იუგოსლავია 1:1 იტალია – იუგოსლავია 2:0 სულ: 3 მატჩი, 1 მოგება, 2 ფრე, ბურთები: 3:1 1980 (იტალია) ჯგუფური ეტაპი ესპანეთი – იტალია 0:0 ინგლისი – იტალია 0:1 იტალია – ბელგია 0:0 მატჩი მე-3 ადგილისთვის ჩეხოსლოვაკია – იტალია 1:1 (პენ: 9:8) 1988 (გერმანია) ჯგუფური ეტაპი დასავლეთ გერმანია – იტალია 1:1 იტალია – ესპანეთი 1:0 იტალია – დანია 2:0 1/2-ფინალი საბჭოთა კავშირი – იტალია 2:0 სულ: 4 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი. ბურთები: 4:3 1996 (ინგლისი) ჯგუფური ეტაპი იტალია – რუსეთი 2:1 ჩეხეთი – იტალია 2:1 იტალია – გერმანია 0:0 სულ: 3 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი. ბურთები: 3:3 2000 (ჰოლანდია-ბელგია) ჯგუფური ეტაპი თურქეთი – იტალია 1:2 იტალია – ბელგია 2:0 იტალია – შვედეთი 2:1 1/4-ფინალი იტალია – რუმინეთი 2:0 1/2-ფინალი იტალია – ჰოლანდია 0:0 (პენ: 3:1) ფინალი იტალია – საფრანგეთი 1:1 (1:2 დ.დ) სულ: 6 მატჩი, 5 მოგება, 1 მარცხი. ბურთები: 9:4 2004 (პორტუგალია) ჯგუფური ეტაპი დანია – იტალია 0:0 იტალია – შვედეთი 1:1 იტალია – ბულგარეთი 2:1 სულ: 3 მატჩი, 1 მოგება, 2 ფრე. ბურთები: 3:2 2008 (ავსტრია-შვეიცარია) ჯგუფური ეტაპი ჰოლანდია – იტალია 3:0 იტალია – რუმინეთი 1:1 საფრანგეთი – იტალია 0:2 1/4-ფინალი ესპანეთი – იტალია 0:0 (პენ: 4:2) გზა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე ესტონეთი – იტალია 1:2 იტალია – ფარერის კუნძულები 5:0 ჩრდილოეთ ირლანდია – იტალია 0:0 იტალია – სერბეთი 3:0 სლოვენია – იტალია 0:1 იტალია – ესტონეთი 3:0 ფარერის კუნძულები – იტლია 0:1 იტალია – სლოვენია 1:0 სერბეთი – იტალია 1:1 იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია 3:0 ამხანაგური მატჩი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე 1 ივნისი – იტალია - რუსეთი კალენდარი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე 10 ივნისი – ესპანეთი - იტალია 14 ივნისი – იტალია - ხორვატია 18 ივნისი – იტალია - ირლანდია შემადგენლობა მეკარეები ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია) მორგან დე სანკტისი (“ნაპოლი”, იტალია) სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი) მცველები ინიაციო აბატე (“მილანი”, იტალია) ფედერიკო ბალზარეტი (“პალერმო”, იტალია) ანდრეა ბარცალი (“იუვენტუსი”, იტალია) ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”, იტალია) ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”, იტალია) კრისტიან მაჯო (“ნაპოლი”, იტალია) ანჯელო ოგბონა (“ტორინო”, იტალია) ნახევარმცველები დანიელე დე როსი (“რომა”, იტალია) ალესანდრო დიამანტი (“ბოლონია”, იტალია) ემანუელე ჯაკერინი (“იუვენტუსი”, იტალია) კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”, იტალია) ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”, იტალია) რიკარდო მონტოლივო (“ფიორენტინა”, იტალია) ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი) ანტონიო ნოჩერინო (“მილანი”, იტალია) თავდამსხმელები მარიო ბალოტელი (“სიტი”, ინგლისი) ფაბიო ბორინი (“რომა”, იტალია) ანტონიო კასანო (“მილანი”, იტალია) ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”, იტალია) სებასტიან ჯოვინკო (“პარმა”, იტალია) მთავარი მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
3
|