საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე დიდიე დეშანმა განაცხადა, რომ გამარჯვებისკენ სწრაფვა სისხლში აქვს და გუნდი წარმატებებს მეტოქეებისთვის საკუთარი თამაშის თავს მოხვევით მიაღწევს.
“ჩემი უპირველესი ამოცანა გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა. ხუთგუნდიან ჯგუფში მოვხვდით, მეტოქეთაგან ერთ-ერთი ესპანეთია – ბოლო 6 სეზონის განმავლობაში მსოფლიოს უძლიერესი გუნდი. ამ საკითხს სპორტული თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ესპანელები ჩვენზე მაღლა დგანან და ისე უნდა განვეწყოთ, რომ მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპზე პლეი ოფით მოვხდეთ”, – იუწყება დეშანის სიტყვებს უეფას ოფიაციალური ვებგვერდი.
გარდა ამისა, ფრანგების თავკაცმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა:
“თქვენ მიცნობთ. იცით, რომ გამარჯვებებისკენ სწრაფვა სისხლში მაქვს და მოგება ერთადერთია, რასაც ჩემთვის მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ საფრანგეთმა გამარჯვებას მეტოქისთვის თავს საკუთარი თამაშის მოხვევით უნდა მიაღწიოს. არ მსურს, ფეხბურთი დაცვად და თავდასხმად დავყო. პირველყოვლისა, ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ”.
დეშანის თქმით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში დიდი პატივია:
“საფრანგეთის ნაკრებში თამაში უდიდესი საქმეა. ეს დიდი პატივია, მაგრამ დღესდღეობით დიდი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ, მოთამაშეებს ვეუბნები, რომ შეცდომის უფლება არ აქვთ”.
დეშანმა საფარნგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლორან ბლანი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ესპანელებთან მარცხის შემდეგ რამდენიმე დღეში დატოვა. ის “სამფეროვნების” არსებობის ისტორიაში მე-16 მწვრთნელი აღმოჩნდა. დეშანის დებიუტი 15 აგვისტოს, ჰავრში ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ შედგება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფრანგები ჯგუფში სასტარტო მატჩს 7 სექტემბერს ფინელებთან ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი, ესპანეთი, ფინეთი და ბელარუსი მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.
მიმაგრებული სურათი