საფრანგეთის მთავრობა, 2012 წლის ივნისში, უკრაინასა და პოლონეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს. France Press-ის ინფორმაციით, მთავარი დამნაშავე უკრაინაა და პროტესტიც უწინარესად სწორედ მისკენ არის მიმართული, მიზეზი კი, უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშჩენკოა.
“აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე აცნობა უკრაინისა და პოლონეთის მთავრობას” - თქვა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ვალერი ფურნეირონმა საფრანგეთისა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის წინ.
საფრანგეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან, შვედეთთან და უკრაინასთან მოხვდა, რის გამოც სამივე თამაშის ჩატარება უკრაინაში უწევს, პირველ შეხვედრას კი, 11 ივნისს დონეცკში ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.
“ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მივიღეთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვზრუნავთ ევროპულ ფასეულობებზე” - დაამატა ფურნეირონმა. მისივე თქმით, საფრანგეთის პოზიციას იზიარებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ. ბაროზუმ და ვან რომპეიმ უკვე განაცხადეს, რომ უკრაინაში თამაშებს არ დაესწრებიან. მერკელმაც დაიმუქრა, რომ იმავეს გააკეთებდა, ოღონდ, ბოიკოტის შესახებ საჯაროდ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ახლახან არჩეულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ უკრაინაში გასამართ არცერთ შეხვედრას არ დაესწრება: “მე მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ის, რაც უკრაინაში ხდება, დიდი პრობლემაა”.
თავის მხრივ, ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, შავკანიანმა სოლ კემპბელმა, გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ პოლონეთსა და უკრაინაში ევროპის ჩემპიონატის მატჩებს არ დაესწრონ, ოღონდ, სულ სხვა მიზეზით. ის მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნებში რასიზმთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებული არაა. კემპბელის აზრით, უეფა შეცდა, როდესაც არჩევანი ამ ქვეყნებზე შეაჩერა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=36620&...s=show#comments