აბა, გახურდა თუ ხურდება, თუ როგორც არი.
ოთხი წლის წინანდელი ასე მახსოვს: თბილისში ლამის ყველა გუნდის ფანკლუბი შეიქმნა და ღრიალებდნენ კამერების წინ.
ასე მახსოვს, ესპანეთის როგორღაც გვიან გამოაჩინეს და მეტად მოკრძალებულიც იყო, მგონი, უფრო მეტად, გოგოებისგან შედგებოდა.
ჰოდა, ესპანეთი ტიტულს იცავს.
რახან ინგლისში ვარ და სანამ ინგლისში ვარ უფრო ინგლისელების ამბებს მოგახსენებთ. ძალიან ძნელია ხოლმე, რომ ინგლისში იყო და სხვა ქვეყნების საფეხბურთო ამბებით დაინტერესდე. ასე გამოდის. პრესაც ასეთია და გარემოც.
ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტების სრული უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონობის ნომერი პირველი პრეტენდენტი წლეულს გერმანიაა. ვისაც გინდათ დაეთანხმეთ.
ამას გარი ლინეკერიც ამბობს, რომელსაც გერმანიის შესახებ ფრთიანი და მგონი უკვე უკვდავი და მობეზრებული ფრაზა ეკუთვნის: ოთხმოცდაათი წუთიო და ბოლოს გერმანია იგებსო. ყველას გეხსომებათ.
მხოლოდ ალან შირერი იმეორებს ჯიუტად, ინგლისი ოთხეულში გავაო. ეს ინგლისი.
მოულოდნელი, ახალი მწვრთნელით, თავისთავად ბრძენი და ძალიან კარგი კაცით, როი ჰოჯსონით.
მაგრამ… მაგრამ. ეს პირველადაა ინგლისური ფებურთის და ინგლისური მედიის მრავალტანჯული ურთიერთობის ისტორიაში რომ ინგლისურმა გაზეთებმა ხმამაღალი მოთხოვნების გარეშე გააცილეს ნაკრები სლავების მხარეში.
ბევრ ჩვენებურს ეგებ გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ინგლისური მედიის ტრადიცია ასეთია, რომ ნაკრები ყოველთვის უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად უნდა გაუშვას. დიდი ხმაური, პომპი და ფანფარებია ხოლმე. ისიც ცნობილია, რომ ნაკრების მენეჯერის სკამს, თავისი სიცხელით მხოლოდ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის სკამი თუ შეედრება.
მაგრამ წლეულს ხმადაბალი ამბავი იყო, სკანდალი მხოლოდ იმას მოჰყვა, რიო ფერდინანდი რატომ არის უკუგდებული და ნაკრებში გარი კეჰილის დამტვრევის შემდეგ მაინც რატომ არ მიიწვიესო. ეს გრძელი ამბავია. მიზეზი რიოს იგნორირებისა კი არასაფებურთოა.
გახსოვთ ალბათ, ჯონ ტერიმ რასობრივი გინებებით აავსო რიოს უმცროსი ძმა, ქუინზ პარკში მოთამაშე ანტონ ფერდინანდი. სასამართლო ჯერაც არ ყოფილა. ბიჭებს შორის ურთიერთობა კი რთულია. თავის ტკივილი არავის უნდა, თვით ისეთ მოქნილ, საზრიან და გამოცდილ კაცსაც კი, როგორიც ჰოჯსონია. რიოც ხასიათია, ტერიც ხასიათია. თან გვერდიგვერდ დგომა შენს საჯარიმოსთან, როცა ტიპს არ ელაპარაკები…
ინგლისელთათვის ერთი უცნაურობა ის არის, რომ ფანობა პოლონეთსა და უკრაინაში არ მიიჩქარის, რაც სრულიად გაუგონარი ამბავია.
სამ ჯგუფურ თამაშზე ინგლისს გამოუყვეს ჯამურად 25 ათასი ბილეთი. შვედეთთან ბოლო მატჩზე საერთოდაც 9 ათასი. სადღეისოდ კი, გაყიდულია მხოლოდ სამ -სამი ათასი თითოეულ მატჩზე. ეს სრულიად წარმოუდგენელი ამბავია.
ინგლისელები არათუ კვოტას ავსებდნენ, არამედ, უბილეთონი ჩადიოდნენ და ადგილზე ჩალიჩობდნენ ბილეთს. თუ არა და ქუჩებში იდგნენ ათასობით და ინგლენდ, ინგლენდ-ს დასძახოდნენ.
ჰოდა, ახლა, არაო.
შეიძლება, ეს მსოფლიო ფინანსურ კრიზისსაც დავაბრალოთ, ნაკრებისადმი შობილ უიმედობასაც და იმასაც, რის გამოც სოლ კემპბელმა პირდაპირ ეთერში მოუწოდა გულშემატკივრებს: შინ ისხედით და ტელევიზორში უყურეთ ჩვენს თამაშს, ევროპის ჩემპიონატი რასისტულ ადგილებში იმართება და არ ღირს იქ წასვლა და ნერვების შლაო.
ვიკტორ იანუკოვიჩმა კი განაცხადა, ემაგ რასისტებს კისერს მოვუგრიხავთო, მაგრამ რეპუტაცია, რეპუტაციაა.
თანაც, აქაურ გაზეთებში ეწერა, გაუგებარია, რით უნდა დაკავდნენ ფანები თამაშებს შორის დღეებში, თანაც უკრაინა იმხელა ქვეყანააო.
მოკლედ, დღეს, პოლონეთი-საბერძნეთი. მერე კი მივყვეთ წვრილი ჭიქით, როგორც ძველი სკოლის თამადები იტყოდნენ.
http://adjarabetblog.com/50/