http://geoscousers.ucoz.com/news/maksi_rod...2012-07-13-1489არგენტინელმა ნახევარმცველმა მაქსი როდრიგესმა "ლივერპული” დატოვა და მშობლიურ "ნიუელს ოლდ ბოისს” მიაშურა.
მაქსი მერსისაიდულ გუნდში 2010 წლის იანვარში მადრიდის "ატლეტიკოდან” გადავიდა, თუმცა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელთა იმედების გამართლება ვერ შეძლო. არგენტინელი ნახევარმცველი "ენფილდიდან” აბარგებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა.
"როდესაც არგენტინიდან ევროპაში წავედი, ზუსტად ვიცოდი, რომ ოდესმე უკან დავბრუნდებოდი. "ნიუელს ოლდ ბოისის” პრეზიდენტმა დამირეკა და გუნდში დაბრუნება მთხოვა, რაზეც უარის თქმა არ შემიძლია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია "ლივერპულზე” და ჩემს პირად კონტრაქტზე, რომლის გარკვეულ პუნქტებსაც, სავარაუდოდ, გადახედავენ”, – ეს მაქსიმ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, თუმცა ფეხბურთელმა 2011-2012 წლების სეზონი მაინც მერსისაიდში გაატარა.
31-წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა "ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი მაინც ვერ მოიპოვა და საბოლოოდ გადაწყვიტა ევროპის დატოვება.
მაქსი როდრიგესმა მერსისაიდული გუნდის ფორმით ჩატარებულ 73 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო 2-წელიწადნახევარი "ლივერპულის” ღირსების დაცვა. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ ამაყი ვიყავი მაშინ, როცა "კოპი” ("ლივერპულის” გულშემატკივართა გამორჩეული ნაწილი) ჩემზე შექმნილ სიმღერას მღეროდა”, – მერსისაიდული გუნდიდან წასვლის შემდეგ თქვა მაქსი როდრიგესმა.
.