კოტეს სტატია ნახეთ?

რა თქვა ტყუილი? ზოგიერთი აქაური "ჭკუის კოლოფი" ჟურნალისტობას რომ უწუნებდა და აგინებდა
ზაიზენბახერი... ახლა უკვე - ვაიზენბახერიც...
ან უიზენბახერი... თუნდაც ზანზიბახერი იყოს...
არა აქვს დიდი მნიშვნელობა - ქართული ძიუდოს ავსტრიულ თავსატეხს სამივე ვარიანტი შეესაბამება და ერთადერთ კაცს გვახსენებს. იმ კაცს, რომელიც, როგორც ქართულ ძიუდოში ჩახედული ხალხი ირწმუნება, საქართველოში ჩამოსვლიდან დღემდე საკუთარი აწეული ცხვირის ჩრდილიდან არ გამოსულა.
ასეთი რამაა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა - მარტო ავსტრიულ არა, სხვანაირ ცხვირებსაც აპრეხს ხოლმე...
ის კი არა, საქმე იქამდე მიიყვანა, ქართული ძიუდოს მომავლად შერაცხულ ჭრიკიშვილს ესეც ათქმევინა - რაც ვიცი, იმის გაკეთებაც მეშინია, მიყვირებსო...
ხომ გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში მოვარჯიშე ახალგაზრდა კაცი ვერ მოიგებს? შიში ოხერია და იმიტომ!
კი ჰქონია საჩემპიონო ხასიათი ქართული ძიუდოს პეტერ პირველს - ნამეტანი დაუძაბუნებია და დაუჩიავებია ჩვენებურები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ზაიზენბახერსაც ვერაფერს დააბრალებ - გასდის და აიპონებს.
ახლა, ამ გადასახედიდან, დასკვნის გამოტანა ადვილია - ქართული ძიუდოს სტაბილური (და არა დალაგებულ-დავარცხნილი) სიტუაცია შოთა ხაბარელისა და დილარ ხაბულიანის დაპირისპირებამ არია. სადაც დილარია, დოლარიც იქაა ხოლმე და ხაბარელის ლამის თხუთმეტწლიან პირველკაცობასაც ბანკნოტებიანი სარჩული დაუდეს: ძიუდოისტებს კარგად კი ამზადებს, პირად და გუნდურ ტურნირებში ერთნაირად წარმატებულია, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელადაც აღიარეს, მაგრამ ბიჭებს პრემია-ხელფასების წილში უდგასო...
ეს კი ითქვა, მაგრამ ვერ დაამტკიცეს - ასეთი ბრალდების დადასტურება პირდაპირი გზაა სატუსაღოსკენ და რახან ხაბარელს მხოლოდ პოსტიდან გადაყენება აკმარეს, სავარაუდოდ, ეს მხოლოდ შავი პიარი იყო. საქმისთვის საჭირო შავი პიარი.
კი გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერი გააწყო ხაბარელმა. მიუხედავად იმისა, ხაბულიანის მიმართ ხელისუფლებაშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, იგი მაინც მმართველი სისტემის წარმომადგენელია და ხაბარელის საქმიდან ჩამოშორება მაინც მოახერხა.
ამის მერე დაიწყო აურზაური სალხინეთში და ზაიზენბახერიც მერე იყო. სტატისტიკასა და შედეგებზე არ ღირს ლაპარაკი - რაც გინდა აბრალო ქართულ ხასიათსა და გარემოს, ქართული ძიუდოს ისტორიაში ამგვარ უნდომანდო და წარუმატებელ, არასტაბილურ და დაულაგებელ სიტუაციას ძნელად თუ გაიხსენებ.
დიდებულია და სხვა ოქროს მედლებივით ბრწყინავს ლაშა შავდათუაშვილის ოქროც, მაგრამ ეს ავსტრიელი დამრიგებლის სწორი მუშაობის შედეგზე მეტად, მისი და პირადი მწვრთნელების დამსახურება უფროა.
ბუნებრივია, იმ დიდი და მცირე ნიუანსებისაც, რაც ზოგადად ახასიათებს ძიუდოს და სპორტს ზოგადად - ჩავიდა ფსიქოლოგიური ტვირთის გარეშე, არაფავორიტის რანგში, ტატამზე აჩვენა ყველაფერი, რისი ჩვენებაც შეეძლო და გაიმარჯვა. თანაც სად - ბოლოხანს პრობლემურ წონაში...
ასე რომ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ოლიმპიური ოქრო ვერ მოწმენდს ნამუსს პეტერ ზაინზებახერს - ჯერჯერობით, მის მიერ შესრულებული სამუშაო მხოლოდ ცუდად შეიძლება შეფასდეს. არადა, საკითხი ისეც იდგა, მის გაშვებას აპირებდნენ. რამ შეუშალათ ხელი? ძიუდოს სამზარეულოში დატრიალებული ამბების მიხედვით, მისი მფარველია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მესვეური ვიზერი და ზაინზებახერის აქამდელი განთავისუფლება სწორედ ევროპელი პატივცემულის რიდით თუ შიშით ვერ მოხერხდა.
ესეც ჩვენი ვიზერის ვაზარი და იპონს რაც შეეხება, მაშინ დაიპონდებით, ავსტრიელს თუ ბუზს აუფრენთო...
გამოუცდელი თვალიც შეატყობს - ავსტრიელს ქართველებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. გარდა ყველაფრისა, იგი ცუდი მოკარნახეა ტატამს მიღმიდან - უფრო ტატამის გარეთა მსაჯის შთაბეჭდილებას ტოვებს და დაახლოებით “იმერული ესკიზების“ იმ ბიჭუნას ჰგავს, წელიწადში ერთხელ რომ იღებს ხმას.
ფსიქოტიპის მიხედვით, ზაინზებახერი საკუთარ თავზე შეყვარებული ტიპური დასავლეთელია - ევროპელი, რომელიც მუდამ ეგოთი მოქმედებს და საერთოს არასოდეს დააყენებს პირადულზე მაღლა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გერმანელი მწვრთნელის, ტოპმიოლერის მსგავსად, მას ზღვარგადასული უტიფრობაც ახასიათებს - საქციელშიც და განცხადებებშიც. იმ ნეტარხსენებულისა არ იყოს, რატომღაც მანაც ქართველთა მისიონერად და განმანათლებლად ჩათვალა საკუთარი თავი და ძველის ერთბაშად დანგრევა და ახალი სტილის დანერგვა მოინდომა. სტილისა, რომელსაც დასავლურ-აზიური დაარქვეს ჩვენში და სინამდვილეში კი ის “აჯათსანდალია“, ტრიფონია ამყოლაძეს რომ დაასწავლეს ელივეტპოლში...
რატომ გაუვიდა? უბრალო მიზეზის გამო: ქართულ სპორტში და ძიუდოშიც გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, რომელთაც მხოლოდ მოყვარულის დონეზე ესმით სპორტიც და ძიუდოც და პროფესიულად განსწავლული მრჩეველებისა კი არ სჯერათ.
რაკი უცხოელი და საუცხოო ერევათ, მედრე-მეხვალიე პოლიტიკას “მიაწვნენ“ - მსოფლიოზე არა? ევროპაზე! ევროპაზე არა? გუნდურზე! გუნდურზე არა? “დიდ სლემზე“! “დიდ სლემზე ვერა? ოლიმპიადაზე...
ლოგიკურია, რომ მოიმკეს ის, რაც დაითესა.
არადა, მე უკომპრომისო და სამართლიანი გია ნაცვლიშვილიც მახსოვს - ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე და შუადღისას, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობებზე. სამწუხაროა, თუ მის სამართლიანობას სხვების ამბიცია მოერია, უკომპრომისობას - პარტიული კონფორმიზმი.
ბუნებრივია, ბრალი ძიუდოსიტებსაც მიუძღვით - ისინი ვერანაირად აიცილებენ პასუხისმგებლობას იმ სიტუაციებისა გამო, რომლებსაც მხოლოდ ახლა ახმიანებენ ხოლმე, თორემ ვიწრო წრეში ისედაც ყველამ იცოდა. საუბარია უდისციპლინობებზე, ქურდობებზე, ზოგადად არაპროფესიონალიზმზე.
ძნელია, ამ დაუდუღებელ ქვეყანაში ვინმეს სამშობლოს სიყვარულზე უკიჟინო, მაგრამ დასაწერი უნდა დაიწეროს: სამშობლო მარტო ფორმა და ჰიმნი არ არის, სამშობლო არც მხოლოდ გულზე დადებული ხელია...
“სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ - როგორც აფხაზეთში გაზრდილი ბერძენი ბიჭი ამბობდა.
სამშობლო ისაა, რომელიც ამ სახელმწიფოობანას შენებაში დავკარგეთ და როგორ გაიგებს ავსტრიელი იმას, რაც ქართველებსაც აღარ გვესმის?!
ან კი, რად გინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც კაცი ჭანჭიკია და პატრიოტიზმი გარეწრების თავშესაფარი?!
რაც შეეხება იმ ამბავს, ქვეყნის მესვეურები რომ კრიმინალს ფარავენ, ეს საერთოდ ამაზრზენი რამაა - დანაშაულში თანამონაწილეობაა თავისთავად. დასჯადი რამ...
რაც შეეხება პოლიტიკას და იმ სენტენციას, რომლის დანერგვასაც ასე ცდილობენ საქართველოში... თითქოს ჟურნალისტს, სპორტსმენს, ხელოვანს ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე საკუთარი აზრი არ უნდა გააჩნდეს და პოზიცია არ უნდა ეჭიროს. ადამიანი რომ ჭანჭიკია, იმ თეორიიდანაა ესეც - მონის დიაპაზონი პლანტაციას რომ არ უნდა გასცდეს, იმ არეალიდან...
ხელოვანებსა და მასმედიელებს არ ჩამოვთვლი, მუჰამედ ალი, მარტინა ნავრატილოვა, ფერენც პუშკაში ცუდი მაგალითებია?! თუ პროტესტი საჭიროა, სპორტსმენმა უნდა გამოხატოს პროტესტი და რაც შეეხება იმ სისულელეს, თითქოს მას პოლიტიკური პოზიცია არ უნდა გააჩნდეს, თანამედროვე მსოფლიო წესრიგთან ადაპტირებული პატრონ-ყმური თეორიაა და სხვა არაფერი...
ან კი როგორ უნდა აერიდოს პოლიტიკას სპორტსმენი ქართულ ფეხბურთში, ძიუდოში, სამბოში, კალათბურთში, კრივში, მშვილდოსნობაში დატრიალებული ამბების მერე?! როცა ბადმინტონის ფედერაციის პრეზიდენტიც კი პარტიული ნიშნით ინიშნება, სპორტსმენი პოლიტიკის გარეთ დარჩენას მოახერხებს?
არა და ვერა.
ზაიზენბახერს კი, ევროპელს, საქართველოში მისიონერის მანტიამოსხმულს იმ სიტყვებს გავახსენებდი, უმშვენიერესმა ევროპელმა ანნა მანიანიმ უმაგრეს ევროპელს ფედერიკო ფელინის რომ მიმართა:
“წადი, ფედერიკო, შინ... გვიანია...“
კონსტანტინე გოგიშვილი