albutashviliრჩება რჩება
* * *
ჟოზე მოურინიო: “ფეხბურთელებს იყიდი, ისტორიას და გულშემატკივრებს - ვერა”მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მსოფლიო დონის ვარსკვლავები არჩევანს კვლავაც ტოპკლასის გუნდებზე გააკეთებენ და ფულის გულისთვის საშუალო დონის გუნდებში არ გადაბარგდებიან. მისი თქმით, რუსი და არაბი შეიხების ფულმა, შესაძლოა, საშუალო დონის მოთამაშეები მოხიბლოს, მაგრამ ამ კლუბებს “რეალთან” და “ბარსელონასთან” შანსი მაინც არ ექნებათ.
AS-თან ინტერვიუში პორტუგალიელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფსაც შეეხო და თქვა, რომ მათი ჯგუფიდან გასული გუნდი სხვებზე უფრო ცუდ სიტუაციაში იქნება. ამასთან, მოურინიომ არც “რეალისა” და “ბარსელონას” ისტორიული დაპირისპირება დაივიწყა.
- შეძლებენ “რეალი” და “ბარსელონა” ვარსკვლავების შენარჩუნებას რუსი მილიონერებისა და არაბი შეიხების კლუბებთან ბრძოლაში, რომლებიც საკუთარ ინვესტიციებში შეზღუდული არ არიან?
- ისეთ კლუბებს, როგორიც “რეალი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი” არიან, აქვთ რაღაც უნიკალური - მდიდარი ისტორია. ტიტულები, ევროთასები, ისტორია, გულშემატკივრები - ეს ისეთი რაღაცეებია, რასაც ვერანაირ ფასად ვერ იყიდი. პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებსაც სწორედ ამ გუნდებში სურთ თამაში. იმ სამში, რომლებიც ჩამოვთვალე და კიდევ რამდენიმეში, რომელთაც მუზეუმები სავსე აქვთ ჯილდოებით. დღესაც კი, სწორედ ესაა გადამწყვეტი ფაქტორი.
უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ დღე-დღეზე ამოქმედდება ფინანსური ფეირ პლეი. პლატინიმ პირობა დადო, რომ მკაცრად გააკონტროლებს მის მიმდინარეობას. შეზღუდვების დაწესებით პრობლემები უწინარესად იმ კლუბებს შეექმნებათ, რომელთაც არასწორად აქვთ აწყობილი სტრუქტურა და ეს მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობის ფული აქვს მის მფლობელს.
თუ “რეალზე” ვისაუბრებთ, რომელშიც ვმუშაობ და რომლის შესახებაც ყველაფერი კარგად ვიცი, ჩვენ ახალი პირობებისთვის მზად ვართ და ყველაფერი კარგად გვექნება. “რეალს” აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ისტორია საიმისოდ, რომ საუკეთესო ფეხბურთელები შეინარჩუნოს, ისეთები, როგორებიც არიან კრიშტიანუ, კასილასი, ბენზემა, იგუაინი და ყველა მათგანი, ვინც დღეს ჩვენ გუნდში ირიცხება. იგივე სიტუაცია აქვს “ბარსელონასაც”. აი იმ კლუბებს კი, რომლებიც მხოლოდ საკუთარი მფლობელების დანახარჯით ცხოვრობენ, ძალიან გაუჭირდებათ. მათ დიდი სირთულეების გადალახვა მოუწევთ და ერთ-ერთი უმთავრესი ის იქნება, რომ ისტორია არ გააჩნიათ. ფინანსური ფეირ პლეი ფეხბურთს დიდ სარგებელს მოუტანს.
- შეძლებენ კი “რეალი” და “ბარსელონა”, თავისი კარგად აწყობილი სტრუქტურით წინააღმდეგონა გაუწიონ რუსი და შეიხების გუნდებს, რომელთაც ვარსკვლავური შემადგენლობა ეყოლებათ?
- სატრანსფერო ბაზარი ძლიერ შეიცვალა, ის დიდ რყევებს განიცდის. მაგალითისთვის, “ზენიტმა” 100 მილიონ ევროდ ჰალკი და ვიტცელი შეიძინა “პორტუსა” და “ბენფიკისგან” - პორტუგალიური და ევროპული ფეხბურთისთვის უდიდესი ისტორიის მქონე კლუბებისგან. ყველა ელოდა, რომ ეს მოთამაშეები რომელიმე ევროპის ტოპკლასის გუნდში გადავიდოდნენ და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ მათ იმით დაასრულეს, რომ რუსეთში ამოჰყვეს თავი. ფული კვლავაც მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის, მაგრამ უწინარესად საშუალო დონის მოთამაშეებისთვის. ადამიანი, რომლის შემოსავალიც წელიწადში 12 ათასია, წავა იქ, სადაც 40 ათასს შესთავაზებენ. ეს ლოგიკურია, რადგან ამით მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება. მაგრამ იგივე სქემა არ მუშაობს ტოპვარსკვლავებზე. ტოპგუნდებიდან ფეხბურთელთა გადაბირებაც არ იქნება ადვილი. და მაინც, ჰალკისა და ვიტცელის მსგავს ტრანსფერებს უახლოეს წლებში კიდევ უნდა ველოდოთ. ეს ახალი რეალობაა, რომელთანაც შეგუება მოგვიწევს.
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყტის შედეგად, “რეალი” “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდა. გულიტმა თქვა, რომ ამ ოთხეულიდან შეცდომის კი არა, ოდნავ მოდუნების უფლებაც არავის ექნება.
- გულიტს სრულებით ვეთანხმები. მაგრამ არის მეორე საკითხიც: ის ორი გუნდი, რომელიც პლეი ოფში ჩვენი ჯგუფიდან გავა, დანარჩენ 14-თან არათანაბარ პირობებში იქნება. დავაკონკრეტებ: ყველა თამაშში, პირველიდან ბოლო წუთამდე, მაქსიმალური ზეწოლის ქვეშ, მაქსიმალური კონცენტრაციით და ინტენსივობით, მთელი ძალით მოგვიწევს თამაში. შედეგად, პლეი ოფში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილები გავალთ, მაქსიმალური დატვირთვით ჩატარებული დიდი დროით, შესაძლოა, დიდი ოდენობით წითელ-ყვითელი ბარათებით. დანარჩენი გუნდები უფრო მხნედ იქნებიან, ბარათებისა და დისკვალიფიკაციების გარეშე, ფეხბურთელებით, რომლებმაც სრული დატვირთვით ოპტიმალური დრო გაატარეს მოედანზე. ეს ყველაფერი “რეალს”, “მანჩესტერ სიტის”, “დორტმუნდს” და “აიაქსს” არ ექნება.
- უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, “რეალმა” ორჯერ სძლია “ბარსელონას”. ეს ახალი ეპოქის დასაწყისია?
- ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. ფაქტი ისაა, რომ შევწყვიტეთ “ბარსელონას” გამარჯვების სერია, რადგან მანამდე ისინი ტიტულს ტიტულზე იგებდნენ. ახლა გამარჯვებები ერთმანეთს ენაცვლება და ვნახოთ, ვინ იქნება საბოლოოდ გამარჯვებული. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ “რეალი” და “ბარსელონა” ორი კარგი, უფრო სწორედ ორი ბრწყინვალე გუნდია. ნებისმიერი სხვა გუნდი რომ ჩაერთოს ესპანეთის ჩემპიონატში, ის ვერ დაიკავებს პირველ, ან მეორე ადგილს. “რეალი” სწორედ ამის გამო შევარჩიე. იმიტომ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას. სხვა ლიგებში გამარჯვება უფრო ადვილია, რადგან არცერთი კლუბების დაპირისპირება არ შეედრება ჩვენი და “ბარსელონას” მეტოქეობას.
მინდა აღვნიშნო, რომ “ბარსელონა” ერთ-ერთი მიზეზია “რეალის” გასული წლის წარმატებებისა. კატალონიელებმა თამაში ძალიან მაღლა ასწიეს. იმისთვის, რომ ესპანეთის ჩემპიონები გავმხდარიყავით, სხვა განზომილებაში მოგვიწია გადასვლა და ტიტულს განსაკუთრებული ფასი ამითაც დაედო. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. შესაძლოა, კატალონელთა გამარჯვებების სერია დასრულდა, მაგრამ ამ ორი გუნდის აყვავების პერიოდი გრძელდება. არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, “რეალისა” და “ბარსელონას” მორიგ დაპირისპირებას გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესპანეთის სუპერთასის მატჩებს უფრო მეტმა მაყურებელმა მიადევნა თვალი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მატჩებს.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=41773&lang=1