მოვიდა ელ პარტიდოს დღე და დრო ლოკოკინაზე ნელა გადის

გარდიანი:
სიმეონე: ,,ჩვენი ბიუჯეტი ბარსელონას ბიუჯეტის მეხუთედია, მაგრამ შანსი გვაქვს, დავამარცხოთ ბარსელონა და ამით ბარსა-რეალის ჰეგემონია დავამხოთ"
ლა ლიგის ზუსტად მე-19 კვირაში, პირველი წრის დასასრულს, ვისენტე კალდერონზე ბარსელონა ეწვევა მადრიდს, პირველი წრის ჩემპიონის ვინაობის გადასაწყვეტად. ოღონდ ამჯერად მისი მოწინააღმდეგე იქნება მადრიდის ატლეტიკო და არა მადრიდის რეალი. კვირების განმავლობაში ელოდნენ ამ დღეს. მწვრთნელ დიეგო ,,ელ ჩოლო" სიმეონეს თვეების წინაც კი უსვამდნენ კითხვებს ამ თამაშთან დაკავშირებით. სიმეონეს, რომელმაც შესაძლოა მიაღწიოს იმას, რასაც უკვე ერთი დეკადაა ვერავინ ახერხებს და ცხვირწინ ააცალოს ტიტული ბარსა-რეალის ტანდემს. თითოეული გასული მატჩის შემდეგ კითხვა, შეუძლია თუ არა ატლეტიკოს ლიგის მოგება, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამ კითხვაზე სიმეონე ყოველთვის პასუხობს, რომ მისი გუნდი პროგრესირებს "partido a partido", მაგრამ ლიგის მოგებას მაინც ისე ხატავს, თითქოს მიუღწევადი იყოს. ეს კლიშე ახალი არაა, მაგრამ კარგა ხანია, იგი სიმეონესთან ისევე ასოცირდება, თითქოს სიმეონე იყოს მისი ავტორი.
ატლეტიკოსა და ბარსელონას შორის მატჩი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში დაიმსახურებდა დიდ ყურადღებას, მაგრამ თავიდან, სიმართლე რომ ითქვას, ცოტა თუ ელოდა ატლეტიკოსგან ამ წერტილამდე ასე კარგად მოსვლას: ბარსელონასთან თანაბარი და რეალზე 5-ით მეტი ქულების რაოდენობა, 18-დან 16 მოგება, 1 ფრე და ერთადერთი წაგება ესპანიოლთან, ისიც ავტოგოლის წყალობით. მათ სულ 11 გოლი გაუშვეს მთელ სეზონში, 47 გატანილი გოლის საპასუხოდ.
,,ლიგა მოსაწყენია, რეალი და ბარსელონა გაგვასწრებენ. თამაშების მსვლელობის პარალელურად, თქვენც ნახავთ რომ ასე იქნება" - განაცხადა სიმეონემ ესპანიოლთან თამაშის შემდეგ, რითაც კიდევ ერთხელ გაიმეორა სეზონის დასაწყისის დროინდელი მისი სულისკვეთება. არადა თამაშები ერთმანეთს მიყვება, ატლეტიკო კი კვლავ თავის ადგილასაა. თუ ის შაბათსაც მოიგებს, სიმეონეს კვლავაც ჰკითხავენ: ახლა? პასუხი ალბათ უცვლელი იქნება, მაგრამ ემოციები - განსხვავებული. ამას შეუძლია წარმოდგენა შეუცვალოს იმ სკეპტიკოსებსაც, ვისაც ატლეტიკოს მიერ ლიგის მოგება შეუძლებლად მიაჩნია.
სიმეონე ატლეტიკოში 2011 წელს, შობამდე 2 დღით ადრე მოვიდა, მას შემდეგ, რაც გუნდი კოპა დელ რეიდან მესამე დივიზიონის ალბასეტემ გამოაგდო. წლების განმავლობაში ატლეტიკოს მიმართ წარმოდგენა ჩამოყალიბებულიყო, თითქოს ისინი არიან el pupas (დაწყევლილები) - თუ რაიმე შეიძლება ცუდად მომხდარიყო, ყოველთვის ხდებოდა კიდეც ასე - ევროპული თასის ფინალის შემთხვევითი გოლის შედეგად დაკარგვა, პრიმერადან გავარდნა, თანაქალაქელ მეტოქეებთან ყოველთვის, ყოველთვის წაგება. ეს წარმოდგენა თავის გასამართლებელი საბაბი უფრო იყო სხვადასხვა პირთათვის, რადგან იგი სიმართლეს მთლიანად არ შეესაბამებოდა - ატლეტიკომ ხომ 2010 წელს მოიგო ევროპის ლიგა. თუმცა ის კი ჭეშმარიტება გახლდათ, რომ ატლეტიკო მუდმივად კრიზისს განიცდიდა, დაბნეულობა კონფლიქტი, განხეთქილება და ფატალურობა ამ კლუბს მუდამ თან ახლდა.
სიმეონემ შეცვალა ყველაფერი, კლუბის იდენტობის ჩათვლით. 1996 წლის დუბლის მომგები გუნდის კაპიტანმა, რომელსაც უნიკალური მორალური ავტორიტეტი გააჩნია, ერთ მუშტად შეკრა ფანები, მენეჯმენტი, ბორდი. ,,არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ერთადერთი იყო, ვინც ამას შეძლებდა, თუმცა მისი კანდიდატურა საუკეთესო არჩევანი იყო" - უთხრა გუნდის კაპიტანმა გაბიმ ,,პანენკას". გაბის, ატლეტიკოს ახალგაზრდული სისტემის აღზრდილს, უთამაშია სიმეონესთან. იგი ამბობს: ,,ფანები ყოველთვის ელ ჩოლოს მხარეს იყვნენ, იმ მოგონებების გამო რაც მასთან, როგორც მოთამაშესთან, აკავშირებდათ. იგი იცნობდა ბორდს ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროიდან და კარგად მოეხსენებოდა გუნდის შემადგენლობის შესახებაც. მას ჰქონდა საკმარისი ცოდნა და საკმარისი მხარდაჭერა, მაგრამ ამავდროულად ეს იყო ორლესული მახვილი, რადგან ცუდი შედეგების შემთხვევაში იგი გმირიდან ხელმოცარულ პიროვნებად გადაიქცეოდა".
,,ჩვენ მენტალურად ვიყავით განადგურებულნი" - აღიარებს გაბი. სიმეონეს პრეზენტაციაზე სამი ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ,,ისინი ზურგს შემაქცევენ, თუ ჩვენ წავაგებთ" - განუცხადა სიმეონემ ფეხბურთელებს და ამით აგრძნობინა, რომ ისინი ერთ მხარეს იყვნენ. გუნდში მანამდეც იყო ნიჭი, მაგრამ სიმეონემ შეცვალა გუნდის მენტალობა და თავდაჯერებულობა.
ამ ცვლილების ყველაზე კარგ მაგალითს თავდამსხმელი დიეგო კოშტა წარმოადგენს, რომელიც ატლეტიკოს 2007 წელს შეუერთდა, მაგრამ განათხოვრდა სელტაში, ალბასეტეში, ვალიადოლიდში, რაიოში და მხოლოდ სერიოზულმა ტრავმამ ააცილა თავიდან საბოლოო გაყიდვა. სიმეონეს მიერ ხელახლა აღზრდილმა, ამ ზაფხულს მან პირველად იცოდა, თუ სად ითამაშებდა. მის მიერ ლიგაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი სეზონში 10 გოლი იყო. ამ სეზონში მან უკვე გაიტანა 19. მათგან ხუთში ასისტენტობა კოკემ გაუწია. ლიგის არც ერთი სხვა დუეტი არ ყოფილა ასეთი პროდუქტიული.
,,ატლეტიკო ისევე თამაშობს, როგორც დიეგო სიმეონე თამაშობდა - ხისტად, მობილიზებულად და ტაქტიკურად ბრწყინვალედ" - განაცხადა მადრიდის რეალის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ქალაქური დერბის წინ. შემდგომ ღამეს კი ატლეტიკომ 1:0 გაიმარჯვა. ისტორიაში პირველად, მათი ზედიზედ მეორედ მოიგეს ბერნაბეუზე. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მათ ბოლო 14 წლის განმავლობაში, 25 მატჩში ერთხელაც არ ჰყავდათ რეალი დამარცხებული სანამ 4 თვის წინ, კოპა დელ რეის ფინალში, გამარჯვება არ მოიპოვეს. ზოგიერთის აზრით, ეს საუკეთესო გამარჯვებაა მთლიანად კლუბის ისტორიაში.
სიმეონეს ხელში, ორი წლის განმავლობაში, ატლეტიკომ მოიგო ესპანეთის თასი, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი. ისინი ბრწყინვალედ დაბრუნდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფურ სტადიაზე 5 მოგებით, ერთი ფრით და სულ 3 გაშვებული გოლით. მათ დაამხეს საკლუბო რეკორდი და ახლა ბარსელონასთან ერთად იყოფენ ლიგის პირველ ადგილს. იმის მიუხედავად, რომ მათი ბიუჯეტი დიდი ორეულის მხოლოდ მეხუთედია. რესურსების ნაკლებობა, რაც იწვევს იმაზე მოკლე შემადგენლობის ყოლას, რაც ტრავმების არსებობის შემთხვევაშიც მშვიდად ყოფნის საშუალებას იძლევა, გუნდს შესაძლოა მეტად ძვირად დაუჯდეს, მაგრამ ჯერჯერობით დაბრკოლებები ატლეტიკოს გვერდს უვლიან.
ბარსელონა გუნდების იმ მცირე რაოდენობას მიეკუთვნება, ვისთანაც ატლეტიკო ფრთხილად უნდა იყოს. სიმეონეს ხელმძღვანელობით ატლეტიკო მათ ლიგაში სამჯერ ეთამაშა და სამივეჯერ დამარცხდა. თუმცა ატლეტიკო პროგრესირებს - აგვისტოში ისინი ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ესპანეთის სუპერ თასზე და ბარსელონამ ტიტული მხოლოდ ორი ფრის შედეგად, კალდერონზე გატანილი გოლის ხარჯზე მოიპოვა. ახლა ატლეტიკო 49 ქულით მათ თანასწორად იმყოფება დივიზიონის სათავეში. ადრე თუ გვიან, თანასწორობა უნდა დაიმსხვრეს. შაბათს საღამოს დიდი თამაში იქნება.
* * *

როგორ შეიძლება ატლეტიკომ ტაქტიკურად დაამარცხოს ბარსელონა
დიდი დრო სულაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ატლეტიკო სალაზღანდარო კლუბად მიიჩნეოდა. კლუბს თან სდევდა ერთგვარი წყევლა, რომ ნებისმიერი სახის წარმატება მხოლოდ ზედაპირული აღმოჩნდებოდა და მალე გაქარწყლდებოდა.
ბოლო დროს ეს შეხედულება შეიცვალა.
შეიძლება მათ ბიუჯეტს ახლაც გასდის წყალი, მაგრამ მწვთნელის, დიეგო სიმეონეს გამოჩენამ გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ყოველი ბურთისთვის მებრძოლად აქცია.
მან პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი პიროვნების შესაბამისად ააწყო გუნდი, როგორც ფიზიკურად, ისე -მენტალურად. ატლეტიკოს ფეხბურთელები გადაიქცნენ მებრძოლ, შრომისმოყვარე და ამბიციურ ფეხბურთელებად, რომლებიც არასოდეს ეგუებიან დამარცხებას. ტურის შემდეგ ბარსელონასთან ქულების თანაბარი რაოდენობის ქონა ატლეტიკოსთვის ფანტასტიკური წარმატებაა, თუმცა დაფნის გვირგვინით თავის დამშვენება ჯერ ადრეა.
დიეგო კოშტას ადგილი
როცა გუნდები ერთმანეთს სუპერთასზე, სეზონის დასაწყისში შეხვდნენ, სიმეონემ მისი ვარსვკლავური თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა, რათა შეეწყვიტა ხორდი ალბას დაწოლა და ეიძულებინა იგი დაცვაში დარჩენილიყო.
ვისენტე კალდერონმა მან გამოიყენა 4-2-3-1 ფორმაცია, მაგრამ კამპ ნოუზე იგი ტრანსფორმირდა 4-1-4-1-ად. ამან გუნდისთვის აშკარად სასიკეთო შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს მაინც აგვისტოში იყო. იქამდე, სანამ წარმოშობით ბრაზილიელი ფორვარდი 23 საოცარ გოლს გაიტანდა 20 თამაშში და მთავარ დამრტყმელ ძალად იქცეოდა.
ახლა არგენტინელ მწვრთნელს დიდი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს კოშტას ადგილთან დაკავშირებით. თუმცა სავსებით შესაძლებელია, მან ამ ორი ფორმაციის კომბინაცია გამოიყენოს.
ოპტიმალური ფორმაცია
ლიგაში კოლჩონერომ ყველა მატჩი 4-4-2 ფორმაციით ითამაშა ხეტაფესთან თამაშის გამოკლებით, რომელიც მათი ყველაზე წარმატებული შეხვედრა აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, სიმეონეს სისტემა არ არის კლასიკური ინგლისური 4-4-2, რადგან ფლანგის ნახევარმცველები, როგორც წესი, მოძრაობენ მოედნის შიდა მხარისკენ, რათა შეუზღუდონ მოწინააღმდეგე მხარეს სივრცე და აიძულონ ფლანგებიდან შეტევა.
ატლეტიკოსთვის ეს ტაქტიკა საკმაოდ კომფორტულია, რადგან ეს მათ ლიგის ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა დგომის საშუალებას აძლევს, გარდა რეალისა და ბარსელონასი, რომლებიც ფლანგებიდან შეტევასაც ისევე კარგად იყენებენ, როგორც ცენტრიდან.
სიმეონეს შეუძლია აირჩიოს 4-4-2 ფორმაცია კოშტასა და დავიდ ვილიას გამოყენებით, სადაც ისინი ორივე ცენტრალურ მცველს ავიწროებენ და აპრესინგებენ, თუ ბურთის გარეშე არიან. ლიონელ მესის მიერ ცრუ ცხრიანის როლის შესრულება საშუალებას მისცემს ატლეტიკოს მჭიდრო ნახევარდაცვას, რაოდენობრივადმაინც გაუმკლავდნენ ბარსას შემტევებს.
ჩემპიონთა ლიგაზე მათ ამ ტაქტიკით ჯერ არ უთამაშიათ. ჩანს, რომ სიმეონეს ამგვარი ტაქტიკის გამოყენება თავისზე ძლიერ მეტოქესთან ურჩევნია. უფრო ადრე, ბერნაბეუზე 4-4-2-ით თამაში ერთადერთი გამონაკლისს წარმოადგენდა, თუმცა ამის ახსნა რეალის იმდროინდელი ფორმიდან გამომდინარე შეიძლება.
ასე რომ უფრო სავარაუდოა, ატლეტიკომ დაიწყოს 4-2-3-1 ფორმაციით, სადაც კოშტა მარჯვენა ფლანგზე იდგება და შემდეგ გადაეწყოს 4-4-2-ზე, იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება თამაში.
პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება
ატლეტიკოსათვის საბედნიეროდ, ის სტრატეგია, რომელიც მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ, საუკეთესოდ ჯდება გუნდის ხასიათში. მასპინძლები, როგორც წესი, ბუნებრივადაც იყენებენ პრესინგს მოწინააღმდეგე გუნდზე ბურთის დაკარგვისთანავე და მხოლოდ იმის შემდეგ გადადიან დაცვით წყობაზე, რაც ბურთის დაბრუნების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება.
ბარსელონას უნარი, გააკონტროლოს ბურთი, ნიშნავს, რომ ატლეტიკოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მისი ჩაშლა წინა ხაზიდანვე დაიწყოს და ამავდროულად ბარსელონას შემტევებს არ დაუტოვოს ცარიელი ადგილი საკუთარ განლაგებაში.
ხერარდო მარტინოს უფრო მეტად პირდაპირი (ვერტიკალური) სტილი დაეხმარება ბარსელონას, გადალახოს პრესინგის პირველი ხაზი. თუმცა, ღია თამაში უფრო მეტად ატლეტიკოს წაადგება, რადგან ისინი ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენენ მსოფლიოში, ვისაც კონტრშეტევებზე თამაში შეუძლია.
ატლეტიკომ ბარსელონა ბოლოს 2010 წლის ვალენტინობას დაამარცხა და ამით შეაწყვეტინა მას 22 მატჩიანი წაუგებელი სერია ლიგაში. დღევანდელი პრიორიტეტი კი უფრო მეტად დაცვაში ჩაჯდომა და პირველ რიგში, მშრალი კარის უზრუნველყოფა იქნება. შემდეგ კი - კონტრშეტევაზე სწრაფი გარღვევა.
როგორც უფრო ფიზიკური და ხისტი გუნდისთვის, ატლეტიკოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება საჯარიმო დარტყმებსა და კუთხურებს. შეტევაში სიჩქარისა და ძალის გამოყენება იქნება გუნდის საუკეთესო შანსი ბარსელონასთან კიდევ ერთი გამარჯვების მოსაპოვებლად.
* * *
Atletico Madrid Line-up : Courtois; Juanfran, Miranda, Godín, Filipe; Tiago, Gabi; Koke, Arda, Diego Costa , David Villa
This post has been edited by Darker Side on 11 Jan 2014, 15:47