ევროპის ლიგის "E" ჯგუფში მეორე ტურის მატჩები გაიმართება. "პაკოში" რუმინულ "პანდურს" უმასპინძლებს, "ფიორენტინა" კი უკრაინაში "დნიპროს" ეწვევა. ეს შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 5 წუთზე დნეპროპეტროვსკის "დნიპრო არენაზე" (ტევადობა 31 003) ჩატარდება. ორივე გუნდმა პირველი ტურის მატჩები უპრობლემოდ მოიგო და დღეს ორივე მათგანი ლიდერობის განმტკიცებას შეეცდება.
"დნიპრო" მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. უკრაინის პრემიერლიგაში 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ (8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება) 26 ქულა აქვს და 3ით ჩამორჩება ლიდერ მეტალისტს, უახლოეს მდევრებს, "ჩერნომორეცსა" და "შახტარს" კი 3-3 ქულით უსწრებს. დნეპროპეტროვსკელები უკანასკნელად მიმდინარე წლის 27 ივლისს, საკუთარ მოედანზე, "ზორიასთან" დამარცხდნენ (1:3), მას მერე გამართული 12 მატჩიდან კი 10 მოიგეს და 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. "დნიპროს" საკუთარ მოედანზე ზედიზედ 5 მოგება და 1 გაშვებული გოლი აქვს, ისიც "შახტარისგან" (3:1). დნეპროპეტროვსკელები ნანატრი ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ამის კარგი შანსიც აქვთ. ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელები დღევანდელ მატჩს მშვენიერ ხასიათზე ხვდებიან და მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. დნეპროპეტროვსკელებს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვთ და 15 სექტემბრიდან დღემდე მეექვსე შეხვედრას ჩაატარებენ. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად 3 დღეში "დნიპრო" უკრაინის პრემიერ ლიგის ლიდერს, "მეტალისტს" მასპინძლობს.
"ფიორენტინამ" სეზონი კარგად დაიწყო. ორი მატჩის ჯამში შვეიცარიულ "გრასჰოპერსს" აჯობა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გადახალისებული შემადგენლობით, პირველ ტურში, პორტუგალიურ "პაკოშს" 3 უპასუხო ბურთი გაუტანა და 3:0 მოიგო. სერია ა-ში ფლორენციელებმა ზედიზედ ორჯერ მოიგეს, თუმცა ამას მოგყვა სენსაციური ფრე "კალიარისთან" (1:1). მომდევნო ტურში "ფიორენტინამ" სტუმრად "ატალანტას" სძლია (2:0), თუმცა სტუმრადვე "ინტერთან" 2:1 დამარცხდა და ბოლო, მეექვსე ტურში "პარმასთან" მხოლოდ და მხოლოდ მოგება მართებდა, მიუხედავად სურვილისა, ფლორენციელებმა. "კალიარისთან" მატჩის მსგავსად, ბოლო წუთზე გაუშვეს და ეს შეხვედრაც ფრედ დასრულდა (2:2). აქედან გამომდინარე, "ფიორენტინამ" 11 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. ლიდერ "რომას" 7 ქულით, მესამე ადგილოსან "იუვენტუსს" კი 5 ქულით ჩამორჩება. წლევანდელ სეზონში ფლორენციელების მიზანი სამეულში მოხვედრა და ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება კარგი შედეგის ჩვენებაა. მეტოქის მსგავსად, 15 სექტემბრიდან დღემდე "ფიორენტინა" მეექვსე მატჩს ჩაატარებს, გარდა ამისა, ზუსტად სამ დღეში რომში ჩავა "ლაციოსთან" სათამაშოდ.
"დნიპრო" დღევანდელ მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება და ხუანდე რამოსს შეუძლია უძლიერესი შემადგენლობა დააყენოს. ერთადერთი ტრავმირებულია 24 წლის ნახევარმცველი სერგეი პოლიტულო. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით დნეპროპეტროვსკელთა მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "რთული მატჩი გველის, რადგან იტალიური გუნდები საკმაოდ ძლიერად გამოიყურებიან. 'ფიორენტინა' აქცენტს ბურთის ფლობასა და ტექნიკურ ფეხბურთზე აკეთებს, მიუხედავად ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელისა, ვფიქრობ ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ. ვიღაც ითამაშებს, ვიღაც ვერა - ეს ნორმალურია და ვთვლი, რომ ისინი, ვინც დღეს ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად გამოვლენ მოედანზე, მაქსიმუმს გააკეთებენ."
ფლორენციელთა დანაკლისი ძალზედ დიდია. ტრავმირებულნი არიან როგორც ძირითადის, ასევე სათადარიგოს ფორვარდები: მარიო გომესი, ჯუზეპე როსი, ალექსანდრ იაკოვენკო, ანტე რებიჩი. ტრავმა აწუხებთ ნახევამრცველ ალბერტო აკუილანისა და კაპიტან მანუელ პასკუალისაც, ხუან მანუელ ვარგასი კი ევროპის ლიგის განაცხადში არაა შეყვანილი. ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ხუან კუადრადოს, რომლის პირველივე წუთიდან თამაში სათუოა. მის ადგილს ან მატი ფერნანდესი, ან ჟოზიპ ილიჩიჩი დაიკავებენ. თავდასხმაში კი, დიდი ალბათობით, ახალგაზრდა რაიდერ მატოსი დადგება, რომელიც "პაკოშთან" მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და რამდენიმე წამში გოლიც გაიტანა. "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას განცხადებით მისი გუნდი უკრაინაში საბრძოლო შემართებით ჩავიდა: "დღეს ჯგუფის ლიდერობის საკითხი წყდება. მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნები გვაქვს. დღევანდელ მატჩში დიდი გამოცდა გველის, რადგან 'დნიპრო' ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა. ტრავმებისა და სხვა ფაქტორების გამო სტაბილურად ვერ გამოვიყურებით, მაგრამ გვინდა ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მაყურებელს ის სანახაობა შევთავაზოთ, რასაც გასულ სეზონში ვაკეთებდით".
ეს გუნდები ერთმანეთს 2001 წელს შეხვდნენ. "ფიორენტინამ" შინ 2:1 იმარჯვა, განმეორებითი მატჩი კი ფრედ, 0:0 მორჩა. "დნიპრო" გასულ სეზონში მეორე იტალიურ გუნდსაც შეხვდა, ეს იყო "ნაპოლი", რომელსაც შინ 3:1 მოუგო, სტუმრად კი 2:4 დამარცხდა.
დნიპრო - ფიორენტინა preview.ge