– ფეხბურთის თამაში, მისი ანაბანა, – მიამბობს მანუჩარი, – მე და გოჩამ, ჩემმა ერთი წლით უმცროსმა ძმამ, ჩვენი სახლის ეზოში ვისწავლეთ, ნაძალადევში, გუდამაყრის ქუჩაზე, სადაც ფეხი და ენა ავიდგით და ბავშვობა-სიყრმე-სიჭაბუკეც გავატარეთ.
ამ ეზოში, არ შეიძლებოდა, თავდავიწყებით არ შეგყვარებოდა ფეხბურთი, საკმაოდ ღმრად არ ჩაწვდომოდი ტყავის ბურთის დამორჩილების საიდუმლოებასაც – აქ ხომ ამ ანდამატური ძალით მიმზიდველი თამაშის ტრფიალი იყო ყველა, დიდი და პატარა. ჰო, დიდი და პატარა, ყველა...მაგრამ... მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთი გამონაკლისის გარდა. და ეს გამონაკლისი – ელექტროინჟინერი დომენტი მაჩაიძე გახლდათ, თავის საქმის საკუთარი ხუთი თითივით მცოდნე* კაცი, მამა იმ თავითვე ფეხბურთს გადაყოლილი პატარა ბიჭებისა, მანუჩარისა და გოჩასი. იგი შეუვალი ციხესიმაგრე გამოდგა ფეხბურთისათვის.
– ბურთს არ გაეკაროთ, თორემ... – მუქარით დაუქნევდა თითს ვაჟებს დომენტი და ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის "შეგონებას" დიდი ზემოქმედებითი ძალა ჰქონდა, დამშვიდებით წავიდოდა სამუშაოზე.

მაგრამ როგორც კი გაუჩინარდებოდა გუდამაყრის ქუჩის შესახვევში, მისი "შეგონება" კარგავდა ყოველგვარი ზემოქმედების ძალას – უკვე ეზოში იყვნენ ძმები და ერთი თუ ბურთს დააგორებდა, მეორე ფეხდაფეხ მისდევდა, ამ ბურთის დაპატრონებას ლამობდა.
საღამოობით, როცა შინ იყო ხოლმე მამა, ხოლო ეზოში, ჩვეულიბისამებრ, ფეხბურთს გაახურებდნენ მათი თანატოლები – მიუსხდნებოდნენ ფანჯარას მანუჩარი და გოჩა, შურით სავსე თვალებით გასცქეროდნენ ოფლში გავლებულ ამხანაგებს. იცოცხლე, იმათ მაშინ თამაში უნდოდათ, მაგრამ მამის რიდით, აბა, როგორ გაბედავდნენ მობურთავეებში გარევას.
მერე, როცა ერთი-ორი წელი გავიდა და ძმები ცხრა-ათი წლისანი გახდნენ, დომენტი მაჩაიძემ როგორღაც შედარებით მიაჩვია თვალი და ყური იმათ ფეხბურთელობას. საქმე ის იყო, რომ ძმებმა მაჩაიძეებმა ამ დროისათვის უკვე დაიქუხეს ეზოსა და უბნის თანატოლ ბიჭებს შორის, როგორც "მატაობის" პირველმა ფალავნებმა და მათი თამაშის სანახავად არამარტო პატარები, დიდების კი იყრიდნენ ხოლმე თავს. (ამონარიდი მინდია მოსაშვილის წიგნიდან "დიდი მანუჩარი")
მიმაგრებული სურათი