FC Bayern Geo Fans

გთავაზობთ ული ჰიონესის ვრცელ ინტერვიუს კიკერ-იდან.
``ნოიერს შეუძლია ბაიერნის მენეჯერი გახდეს.``
``ბეკენბაუერის გავლენა კლუბში ნულია.``
``მოურინიოს ოსკარის მიღება შეუძლია.``
- ბატონო ჰიონეს, რომელი გუნდი გსურდათ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში?
``ამ ეტაპზე დორტმუნდის ბორუსია ნამდვილად არ მინდოდა. სხვა დანარჩენი მეტოქე ჩემთვის სულერთია. როდესაც ფინალში მოხვედრა გსურს, ნებისმიერი უნდა დაამარცხო.``
- ბაიერნში კლუბის ბევრი ყოფილი ფეხბურთელია სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული. ეს შემთხვევით ხდებოდა თუ წინასწარ გეგმავდით?
``ორივე. მთავარია, მათ საამისო გონება ჰქონდეთ. სანამ თანამშრომელს გარედან მოვიყვანთ, მანამდე ყოველთვის ვცდილობთ ისეთი ადამიანის მოძებნას, ვისაც ბავარიული გული აქვს.``
- სხვა კლუბებს ასე რატომ არ გამოსდით?
``ბაიერნის მსგავსი გუნდი ისეთ დიდ პიროვნებებს წარმოაჩენს, როგორიცაა ბეკენბაუერი, ბრაიტნერი, რუმენიგე, ლერბი, ეფენბერგი და ბევრი სხვა. თვით გიუნტერ ნეტცერსაც, რომელიც ჩვენი რიგებიდან არ მოდის, ნებისმიერი კლუბის მართვა შეუძლია.``
- დღევანდელი მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის შესწევს იმის უნარი, რომ სამომავლოდ ბაიერნში იმუშაოს?
``ფილიპ ლამს და ტომას მიულერს დაახლოებით 5-10 წელიწადში ნამდვილად შეუძლიათ კლუბში მუშაობა, ან თუნდაც ნოიერს. მანუელს 10 წელიწადში უკვე შეუძლია კლუბის მენეჯერი გახდეს. ამის გარანტიას მე გაძლევთ.``
- ეს ხომ არ არის ბაიერნის წარმატების საიდუმლო მიზეზი?
``დიახ. ამ ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ ყოველ დღე ახლის სწავლის სურვილი და სამყაროს ჯანსაღი გონებით უნდა უყურებდნენ.``
- რა უნდა ისწავლოს ყოფილმა ფეხბურთელმა მენეჯერის პროფესიის დასაუფლებლად?
``კარგი იქნება ერთი-ორი წელი შესვენება, რომ მუშაობის ჟინი მეტი იყოს. შემდეგ კი წარმატებისათვის კვირაში 60-80 საათი მუშაობა. თავიდან კვირაში შვიდი დღე შეუსვენებლად ვშრომობდი.``
- დღესაც ისევ ისე ემოციურად რეაგირებთ მატჩის მსვლელობისას?
``არსენალთან შეხვედრის ბოლო 5 წუთი ძალიან სანერვიულო და ემოციური იყო, ვხედავდი, როგორ ჩამიქროლებდა 10 მილიონი ევრო გვერდით.``
- როგორ ფიქრობთ, პეპ გუარდიოლა კლუბს მოერგება? ბარსელონაში ფეხბურთზე მხოლოდ ის საუბრობდა, ბაიერნში კი არიან რუმენიგე, ბეკენბაუერი, თქვენ . . .
``მხოლოდ მაშინ ვილაპარაკებ, როდესაც წავაგებთ. მან ყველა თამაში უნდა მოიგოს და არავინ არაფერს იტყვის . . . ``
- სერიოზულად . . .
``გუარდიოლამ დეკემბერში ნიუ იურკში თავის აპარტამენტებში დამპატიჟა, 30 წამში მან ჩემი სრული ნდობა მოიპოვა. მანამდე ორი-სამი წინადადებაც კი არ მქონდა მისთვის ნათქვამი. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ბაიერნში თავს შესანიშნავად იგრძნობს. ძალიან გახსნილი და ემოციური პიროვნებაა, ასეთები კი გვიყვარს. მისი პარტნიორები კლუბში ვიქნებით მე და რუმენიგე. ბეკენბაუერის გავლენა აბსოლუტურად ნულია. გარანტიას გაძლევთ, რომ პეპს პრობლემები არ ექნება, რადგან ერთ ტალღაზე ვართ.``
- როგორ ფიქრობთ, გუარდიოლასთვის უფრო რთული ხომ არ იქნება, თუ მიმდინარე სეზონზე ბაიერნი სამივე ტიტულს მოიპოვებს?
``კარგი შეკითხვაა, ამაზე ჩვენს ვისაუბრეთ კლუბში. როდესაც გუარდიოლაზე ვმსჯელობდით, ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებოდით, რომ იუპ ჰაინკესის სახით ფანტასტიური მწვრთნელი გვყავს. ის რომ 10 წლით ახალგაზრდა იყოს, არანაირი დისკუსია არ გაიმართებოდა. პეპის მოყვანით ჩვენ გამოვიყენეთ შანსი 41 წლის ახალგაზრდა მწვრთნელი გვყოლოდა. ყველას სურდა მისი გადაბირება და თუ ჩვენ ამ შანსს არ გამოვიყენებდით, ის ჩელსიში ან სიტიში წავიდოდა.``
- საბოლოოდ რა ფაქტორმა განაპირობა გადაწყვეტილების მიღება?
``მისი ფილოსოფიის გვჯერა. ტიტულების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთივე მნიშვნელობა აქვს, ვინმესთან გქონდეს საერთო ხედვა. ასეა ჰაინკესის შემთხვევაშიც და იგივეა პეპთანაც. ყველა ცდილობდა გუარდიოლა მისი ფილოსოფიით თავისთან წაეყვანა. თუ იუპი წელს სამივე ტიტულს მოიგებს, პეპის დავალება მართლაც გართულდება, მაგრამ მიუხედავად ამისა მას დარჩება იმის არეალი, რომ ბაიერნის ფეხბურთი განავითაროს.``
- როგორ ვითარდებოდა მოვლენები პეპის მოსაყვანად?
``ორი წლის წინ აუდის თასზე შევხვდით ერთმანეთს. მე, რუმენიგე და გუარდიოლა ყავას ვსვამდით და მაშინ თქვა, ადვილად შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბაიერნში ვიმუშავებო. ეს ნათქვამი სულ გონებაში ტრიალებდა. კალე გაფრინდა მასთან ბარსელონაში, შემდეგ მისი ძმა ჩამოვიდა მიუნხენში ხელშეკრულების დეტალების შესათანხმებლად. სექტემბერში მოვიდა შეტყობინება, რომ სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა, გუარდიოლას ჩემი გაცნობა სურდა. 18 დეკემბერს, სამ საათიანი საუბრის შემდეგ მან მკითხა: მოვაწერო ხელი? მე ვუპასუხე: სულაც არ არის ცუდი იდეა.``
- რატომ დათანხმდა გუარდიოლა ბაიერნის წინადადებას?
``მშვენიერ გასამრჯელოს მიიღებს, მაგრამ სხვაგან ბევრად მეტი ექნებოდა. გადამწყვეტი რა თქმა უნდა, ჩვენი ფილოსოფიაა, რომელიც ბარსელონასთან ახლოს დგას. მან აღნიშნა, რომ ბარსელონაში არაჩვეულებრივი პერიოდი გაატარა, თუმცა იქ დაბრუნება აღარ შეუძლია. ამიტომ ჩვენთვის რთული სულაც არ იყო მისი გადმობირება.``
- მას შემდეგ, რაც გუარდიოლას ტრანსფერი გახმაურდა, გუნდში პრობლემები ხომ არ იყო ჰაინკესთან მიმართებაში?
`` ამაზე წინასწარ ვფიქრობდით. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ჰაინკესი ფანტასტიური პიროვნება და ფეხბურთელების მეგობარია. მან ისე იმუშავა, რომ გუნდთან პრობლემა არ ჰქონია და მომავალშიც არ ექნება - შესანიშნავი ურთიერთთანამშრომლობაა.``
- ვან გაალმა აღნიშნა, რომ სწორედ მან მოამზადა გზა ბაიერნში გუარდიოლას მოსასვლელად. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
``ვან გაალის დიდი პრობლემა ის არის, რომ თავი ღმერთის მამა ჰგონია. სანამ სამყარო შეიქმნებოდა, იგი უკვე არსებობდა. როდესაც ასე ფიქრობ, ჩემთვის რთულია გავიგო, როგორ ფუნქციონირებს სამყარო. ვან გაალი ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ თავი მწვრთნელზე მაღლა უყენია, ღმერთზე მაღლაც. სადაც არ უმუშავია, არავის უთქვამს, რომ სუპერ ტიპია. მის ადგილას აუცილებლად ვკითხავდი საკუთარ თავს, რატომ ხდება ასე. იქნებ სწორედ იმიტომ, რაც ზემოთ მოგახსენეთ. თუმცა, მე ვან გაალის მტერი ნამდვილად არ ვარ. ის ჩემი 60 წლის იუბილეზეც კი დავპატიჟე. უბრალოდ არ მესმის, რატომ არ იზიარებს სხვის შეხედულებებს. თვითონვე ირთულებს ამით ცხოვრებას.``
- გერმანულ კლუბში მოდის ესპანელი მწვრთნელი, ესპანურ ფეხბურთს კი გერმანელი მასწავლებლები უყვარს, რომელ გერმანელ მწვრთნელს ურჩევდით მადრიდის რეალს, თუ მოურინიო კლუბს დატოვებდა? ლიოვს თუ იურგენ კლოპს?
``კლოპს და ლიოვს ორივეს შეუძლიათ ბარსელონასა და რეალის მწვრთნელები იყვნენ.``
- რას ნიშნავს თქვენთვის კარგი მწვრთნელი?
``კარგ მწვრთნელს გუნდში მოაქვს თავისი ფილოსოფია, ტაქტიკა. უნდა იყოს კომუნიკაბელური. მაგალითად, ერნსტ ჰაპელს და ბრანკო ზებეკს დღეს აუცილებლად შეექმნებოდათ პრობლემები, რადგან ისინი არავის ესაუბრებოდნენ.``
- რის ცოდნა სჭირდება ბაიერნის მწვრთნელს აუცილებლად?
``ჩვეულებრივ გერმანულად უნდა საუბრობდეს. ჯოვანი ტრაპატონისთან ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს. დიდებული ადამიანი და მწვრთნელია, მაგრამ თავის იდეასა და კონცეფციას ენის არცოდნის გამო სრულად ვერ გამოხატავდა. გუარდიოლას შემთხვევაში სხვანაირადაა: ფანტასტიურად საუბრობს ინგლისურად, ესპანურად და სწავლობს გერმანულს. შობამდე მას უკვე კარგი გერმანული ეცოდინება.``
- თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ვინ იყო თქვენთვის საუკეთესო მწვრთნელი?
``ბევრი კარგი მწვრთნელი გვყოლია: უდო ლატეკი, ჰითცფელდი, ჰაინკესი. ვან გაალიც კარგი მწვრთნელია. კლინსმანი იყო ცუდი მწვრთნელი და საკმაოდ რთული იყო მის შემდეგ გუნდის კალაპოტში დაბრუნება. ვან გაალმა კი ეს მოახერხა.``
- მოერგებოდა თუ არა მოურინიო ბაიერნს?
``მას პირადად არ ვიცნობ და ამიტომ მისი შეფასება არ შემიძლია. პრინციპში მას ოსკარიც მიღებაც შეუძლია, რადგან საჯაროდ მშვენიერ როლს ირგებს. ფეხბურთელებისგან ვიცი, რომ ძალიან კარგი მწვრთნელია. თუმცა მისი იმიჯი საუკეთესო ნამდვილად არ არის. მწვრთნელი ხომ კლუბის სახეა. თანაც ბოლო ორი, სამი წლის განმავლობაში ნაკლებად წარმატებულია.``
- გახდება თუ არა გაზპრომი ბაიერნის სპონსორი?
``დაახლოებით ერთი წლის წინ იყო საუბარი გაზპრომის შეფ მილერთან. ორმხრივი დაინტერესება არის, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ არა.``- როგორ ხედავთ კლუბის მომავალს ამჟამინდელი ფეხბურთელებითა და ახალი მწვრთნელით?
``პრინციპში ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს: პირველი - ფინანსური სიტუაცია; მეორე - შესანიშნავი იმიჯი; მესამე - გუნდის ასაკი; მეოთხე - თუ პლატინი სერიოზულად მიიღებს ფინანსურად სამართლიანი პრინციპის თამაშს, მაშინ ჩვენ, დორტმუნდს და კიდევ რამდენიმე გერმანულ კლუბს ოქროს მომავალი გველოდება.``
- და ფინანსური სამართლიანობის პრინციპის კარგი დასაწყისი ხომ არ იყო მალაგას დასჯა?
``ერთ დღეს ხომ უნდა დაწყებულიყო. რაც ადრე, მით უკეთესი. იმედი მაქვს, დიდ კლუბებსაც მიაქცევენ ყურადღებას და მხოლოდ პატარა კლუბებზე არ გადატყდება ჯოხი.``
- ვის გულისხმობთ?
``რამდენიმე მიტრიალებს თავში.``
- გახდება მალე ბუნდესლიგა ევროპაში პირველი?
``არ ვიცი. ამჟამად ესპანეთი ძალიან ძლიერია.``
- გუარდიოლას მოსვლა ალბათ ცნობილი ფეხბურთელების ბუნდესლიგაში წამოსვლას გამოიწვევს.
``ესეც ფინანსური სამართლიანობის პრინციპზეა დამოკიდებული. მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს შეუძლიათ 150 ან 200 მილიონი ევრო გააკეთონ; მაგრამ თუ ბატონი პლატინი ამას აკრძალავს, მაშინ ბუნდესლიგასაც ძალიან კარგი შანსები ექნება.``
- ხომ არ გწყინთ, რომ სიტი და პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიან?
``აქამდე ჰქონდათ ეს უფლება, მომავალში ალბათ არ ექნებათ. მე პირადად ძალიან, ძალიან გავბრაზდები, თუ სამომავლოდ სანქციები არ იქნება.``
- ეჭვი გეპარებათ?
``ორი კვირის წინ პლატინი მიუნხენში იმყოფებოდა, მეათასედ ვკითხე ფინანსური სამართლიანობის პრინციპებზე, მან მიპასუხა: ნუ დარდობ, ული! მეც ვუთხარი, რომ სიტყვაზე ვიჭერ.``
- ხომ არ დატოვებს კლუბს არიენ რობენი?
``არა. კარგ სეზონს თამაშობს და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კლუბში, თუ ჯანმრთელად იქნება. ის ყოველთვის ინდივიდუალური ფეხბურთელი იყო და არ უყვარდა გადაცემების გაკეთება თანაგუნდელებისათვის. ეს მისი ძლიერი მხარეა.``
- მარტინესში 40 მილიონი ევრო გადაიხადეთ. დღევანდელი გადასახედიდან ეს ძვირად არ გეჩვენებათ?
``ამ პოზიციაზე პრობლემა უნდა გადაგვეჭრა. სხვა კანდიდატები 20 მილიონი ჯდებოდა. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს არჩევანი გავაკეთეთ. ხვალაც იგივეს გავაკეთებდი. ხავი მარტინესი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს პრობლემას გადაჭრის.``
- რა ტრანსფერებს უნდა ველოდოთ 2013/14-ში?
``ალბათ ჩემი პასუხით გაგაოცებთ, მაგრამ არა მგონია, ბაიერნმა ბევრი ტრანსფერი განახორციელოს. რადგან, ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. თუმცა შესაძლოა ორი-სამი ფეხბურთელი დავიმატოთ.``- ბლატერმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ 2015 წელს თანამდებობას დატოვებს. ეს კარგი ამბავია?
``ამაზე კარგი რამ მას ბოლო სამი წლის მანძილზე არ გაუჟღერებია. მე რომ ფიფა-ში პასუხიმგებელი პირი ვიყო, სადაც ყოველ დღე განსხვავებული რაღაცეები ხდება, გავგიჟდებოდი. ბაიერნში რომ იმის 10% ხდებოდეს, რაც ფიფა-ში, მაშინვე გადავდგებოდი. არ შეიძლება ყოველთვის ამბობდე: სხვები არიან. ის არის თავი და თავი.``
- ვინ იქნება მისი იდეალური შემცვლელი?
``ვფიქრობ, პლატინი შეეცდება, მაგრამ მისთვის ძალიან რთული იქნება.``
"Kicker".
Katerina Bayern.