pablo honey 
FC Bayern Geo Fans
AZ-სთან ინტერვიუში ჯოვანი ელბერი მიუნხენის ბაიერნზე საუბრობს.
``ბაიერნს ლევანდოვსკი არ სჭირდება. მე პირადად გომესზე და მანძუკიჩზე გავაკეთებდი აქცენტს. ვინც დღეს კარგია, ხვალ შეიძლება საჭირო აღარ იყოს.``
- ბატონო ელბერ, მარიო გომესმა გადაგისწროთ და 134 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაზე. დაიმსახურა მან, რომ თქვენი სახელის გვერდით იხსენიებენ?
``რასაკვირველია. გატანილი ბურთების რაოდენობა თავის სათქმელს ამბობს. მაგრამ ჩვენი შედარება რთულია, რადგან მე სულ სხვა ტიპის ფეხბურთელი ვიყავი - ხშირად ღიად გადავდიოდი ფლანგებზე, მარიო კი კლასიკური ცენტრის ფორვარდია.``
- ხომ არ გეცოდებათ, მანძუკიჩს რომ გვერდს ვერ უვლის?
``ბაიერნში ყოველთვის ასეა: ყოველ წელს ახალი ფეხბურთელი მოდის, რომელიც აუცილებლად შეეცდება ძირითადში ადგილის დამკვიდრებას. შემდეგ წელს იქნებ ლევანდოვსკი მოვიდეს, რუნიზეც იყო საუბარი. გომესს ტრავმის გამო არ გაუმართლა. მანძუკიჩს კი შანსი მიეცა, ხორვატი ძალიან მომწონს.``
- თქვენი აზრით, დატოვებს გომესი სეზონის ბოლოს კლუბს?
``არა მგონია მარიო სადმე გადასვლაზე ფიქრობდეს. პირიქით: ვვარაუდობ, რომ თავის ადგილს დაიბრუნებს. დიდი ხანია ბუნდესლიგის ფეხბურთელია და ვიცი, როგორ ვითარდება ხოლმე მოვლენები. თუ ის ასეთივე ინტენსიობით გააგრძელებს გოლების გატანას, მალე ძირითადის ფეხბურთელი იქნება.``
- ჯობია ის მანძუკიჩს?
``ერთ საფეხურზე დგანან. მანძუკიჩს ის უპირატესობა აქვს, რომ მასთან ბურთის გათამაშებაც შეიძლება. გომესი ერთი-ერთზე სუსტია და თამაშის დროს ზუსტი საგოლე მომენტი უნდა შეუქმნა.``
- თქვენს მეგობარ კლაუდიო პისაროზე რას იტყვით?
``ის ყოველთვის უფრო მეტზე ოცნებობდა, ვიდრე მესამე ფორვარდობაა. მაგრამ დარწნმუნებული ვარ, ძალიან საიმედოა და ნებისმიერ თამაშში შეგიძლია დაეყრდნო. იქნებ ჯოკერის როლი შეასრულოს და ისეთი გოლი გაიტანოს, რომ გმირი გახდეს. მას ამას ვუსურვებ!``
- როგორ ფიქრობთ, ლევანდოვსკი უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე გომესი და მანძუკიჩი?
``არა. ბაიერნს ლევანდოვსკი არ ჭირდება. მე პირადად მანძუკიჩზე და გომესზე გავაკეთებდი აქცენტს! მაგრამ ფეხბურთში იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი: ვინც დღეს კარგია, ხვალ იქნებ აღარ გჭირდებოდეს და უნდა გაუშვა.``
- თქვენც ხომ 2003 წელს, როგორც ბომბარდირმა ისე დატოვეთ კლუბი. როდის ან როგორ იგრძენით, რომ ბაიერნი თქვენზე იმედებს აღარ ამყარებდა?
``როდესაც როი მაკაი მოვიდა, უკვე ვხვდებოდი. შემდეგ მოვიდა ჰითცფელდი და პირდაპირ მითხრა: ჯოვანი, შენ დღეიდან ნომერი სამი იქნები. მე არ მსურდა თადარიგში ყოფნა, ჩემი გონება ამას ვერ გადახარშავდა და რადგან მსურდა, ბაიერნზე კარგი მოგონებები შემომრჩენოდა, სხვა კლუბი მოვძებნე. 31 წლის ვიყავი და კიდევ მსურდა თამაში. თუმცა ლიონთან არაფერი გამოვიდა.``
- არ ბრაზობთ ხოლმე ჰითცფელდზე?
``არა და აგიხსნით რატომაც. მასთან და ჰიონესთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ისინი ყოველთვის პირდაპირები იყვნენ ჩემს მიმართ, არაფერი დაუმალავთ და გარკვევით ამიხსნეს, რომ თადარიგში ჯდომა მომიწევდა, ამიტომ აჯობებს სხვა კლუბი მოძებნოო. ასეთია სპორტი. ვინ რჩება დღეს ერთ კლუბში 18-დან 35 წლამდე?
- იქნებ შვაინშტაიგერს გამოუვიდეს.
``შვაინი!`` (იცინის)
- როგორი იყო შვაინშტაიგერი 18 წლის ასაკში?
``ნამდვილი უხეში! სულ არ აინტერესებდა ვის სიტყვას ჰქონდა ფასი. ვარჯიშზე კი საოცარი დატვირთვით მუშაობდა. მაშინვე ჩანდა, რა დიდი პოტენციალი იყო მასში - დასაწყისში ნამდვილი ველური ძაღლი იყო.``
- რას აკეთებდა ასეთს?
``გასახდელში ბევრ სისულელეს ჩადიოდა. თავიდან სწავლა მოუწია, რომ ეს ბაიერნი იყო და არა როზენჰაიმი. დღეს კი ის პროფესიონალია. მე, როგორც ბაიერნის გულშემატკივარს, ყოველთვის მიხარია, როცა ტელევიზორს ჩავრთავ და ვხედავ - ბასტიანი თამაშობს!``
- რას ამბობენ ბრაზილიაში დანტეზე?
``როდესაც დანტე გლადბახში თამაშობდა, მას ბრაზილიაში არავინ იცნობდა. ახლა კი ეროვნული ნაკრების წევრია, თავიდან ამას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. მართალია, ინგლისთან პირველ თამაშში ყველაფერი კარგად არ გამოუვიდა, მაგრამ აშკარაა, რა შესაძლებლობების მქონეცაა.``
- როგორ ფიქრობთ, მოახერხებს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდეს?
``ვფიქრობ, რომ კი. ლილე, გლადბახი, ბაიერნი - მისი აღმასვლა თვალსაჩინოა. გარდა ამისა, დადებითი ხასიათის ადამიანია. საოცრად კარგი დამოკიდებულება აქვს ნებისმიერ თანაგუნდელთან. არასოდესაა ცუდ ხასიათზე და ბაიერნში ყოველთვის განწყობის შენარჩუნებაზე ზრუნავს, როგორც ადრე მე ვიყავი! თუ ის ტრავმას არ მიიღებს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს.``
- რას ფიქრობთ ბრაზილიის ნაკრებზე?
``ამჟამად არ არის კარგი გუნდი. ყველას სქოლარის იმედი ჰქონდა, მაგრამ პირველივე თამაშმა იმედები გაგვიცრუა. დრო კი გადის. ცალკე აღებული ნებისმიერი ფეხბურთელი კარგია, მაგრამ არ არიან ისეთი გუნდურები, როგორებიც ესპანეთის და გერმანიის ნაკრებები.``
- დღევანდელი ბაიერნი შვაინშტაიგერითა და დანტეთი ჯობია თქვენი დროის გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო?
``ამას წინა სეზონზე ხშირად მეკითხებოდნენ. რა იყო ბოლოს? წაგებული ფინალი. მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია შევადარო ეს ორი გუნდი ერთმანეთს, როდესაც ლიგას მოიგებენ. მე როცა გერმანიაში ჩამოვდივარ, ხალხი მცნობს როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს.``
- თუ ბაიერნი წელს სამივე ტიტულს მოიგებს მაშინ?
``ყველა გუნდს თავის დრო აქვს. მე ბაიერნს მთელი გულითა და სულით ვგულშემატკივრობ და აუცილებლად ვუსურვებ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებას. ბილეთი ლონდონში უკვე დაჯავშნული მაქვს.``
abendzeitung-muenchen.de
Katerina Bayern.