FC Bayern Geo Fans
tz-ს ჟურნალისტის ინტერვიუ ხავი მარტინესთან.

- როგორ მოგესალმოთ „Hola“ თუ „ Servus“?!
„ორივე ენაზე მესმის, ასე რომ Servus!
- როგორ მიდის გერმანულის სწავლის საქმე?
„ბევრად უკეთესად, ვიდრე ველოდი. მაგრამ ამისთვის დღეში საათნახევარი ვმეცადინეობდი. ახლა ჩემს თანაგუნდელთა ინტერვიუების ჩანაწერებს ვუყურებ, რათა შემდეგ მეც გერმანულად შევძლო კამერების წინ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. აი, გუშინ მეცადინეობა ვერ მოვახერხე და იმედი მაქვს, ჩემი მასწავლებელი გაბრაზებული არ არის.“
- გესმით თქვენი თანაგუნდელების?
„უკვე მესმის, გარდა ვეფხვისა, მის საუბარს ჯერ კარგად ვერ ვიგებ.“
- მწვრთნელის თანაშემწე ჰერმან გერლანდს გულისხმობთ?
„დიახ. მაგრამ თანაგუნდელები ამბობენ, რომ ზოგჯერ მათაც არ ესმით მისი. ეს ცოტა მამშვიდებს (იცინის). გინდათ რაღაც გითხრათ?“
- თუ შეიძლება.
„გერმანული მუსიკა მიყვარს! სურათები გონებაში. იცით ეს სიმღერა?“ (და თავის მობილურში მელოდია ჩართო)
- რეპერ ზიდოს უსმენთ?
„დიახ. შესანიშნავია! ძალიან მომწონს. ჩვენთან გასახდელში ესპანური მუსიკა დიდად მოთხოვნადი არ არის.“
- მუსიკალური ხართ?
„ძალიან კარგად ვუკრავდი გიტარაზე. რამდენიმე სიმღერის შესრულება დღესაც შემიძლია. მაგრამ თქვენ გიტარა არ მოგიტანიათ არა?“
- შემიძლია დაგამშვიდოთ. მაგრამ კარტი მოვიტანე. გავიგეთ, რომ კარტით ტრიუკების ჩატარება შეგიძლიათ.
„მართალია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სამწუხაროდ დრო აღარ მრჩება რომ ვივარჯიშო. მაჩვენეთ რა კარტი მოიტანეთ.“ (კარტი აიღო და ფოკუსი ჩაატარა) „ხედავთ? ჯადოქრის ხელი ბევრად სწრაფია, ვიდრე ადამიანის თვალი.“
- არ იყო ცუდი! როგორც ჩანს მიუნხენში თავს კარგად გრძნობთ.
„დიახ! მიუნხენი შესანიშნავი ქალაქია, განსაკუთრებით უნივერსიტეტის მხარე. მიყვარს იქ ყოფნა. ბაიერნზე ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის. ასეთ დიდ კლუბში თამაშზე ვერასოდეს ვიოცნებებდი.“
- სამშობლო არ გენატრებათ?
„მზე მენატრება (იცინის). და ზოგჯერ ტერასაზე ჯდომა, როდესაც ზღვას გასცქერი და თან ლორს მიირთმევ. ისე არ გამოვიდეს, რომ რაიმეთი უკმაყოფილო ვარ. მიუნხენი დიდებულია, მაგრამ არის განსხვავებებიც.“
- რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მიუნხენში?
„აქ ადამიანები ბრმად გენდობიან. მაგალითად გაზეთების ავტომატებთან: სჯერათ, რომ მიხვალ, ფულს ჩააგდებ და გაზეთს აიღებ. ესპანეთში ასეთი რამ წარმოუდგენელია. საუბრის მანერაც სხვანაირია. როდესაც მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში მივდიოდით, მომეჩვენა, რომ ვყვიროდით. აქ უფრო მშვიდი ადამიანები არიან და ერთმანეთს პატივს სცემენ.“
- როგორ ატარებდით დროს მშობლიურ ესპანეთში?
„არის ასეთი სოფელი აიეგი. იქ ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და მათთან ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ზაფხულის არდადეგებზე დილით 10 საათზე ვდგებოდი, გავდიოდი სახლიდან და ღამის 12 საათზე ვბრუნდებოდი შინ. დედაჩემი მეტყოდა: რაც გინდა ის გაკეთე, ოღონდ სახლში მშვიდობით დაბრუნდიო. ასეც ვაკეთებდი და ზოგჯერ იმაზე მეტი ფულით ვბრუნდებოდი, ვიდრე სახლიდან წასვლამდე მაძლევდნენ. დედა მეკითხებოდა: როგორ ახერხებ ამას?“
- და როგორ ახერხებდით ამას? კარტების ტრიუკებით?
„ხან როგორ, ხან როგორ. მაგრამ შემდეგ ერთი ან ორი დღე შინა- პატიმრობა მქონდა ხოლმე. ერთხელ სარეცხის თოკს ცეცხლი წავუკიდე, შემდეგ ოთახში შევვარდი და ვყვიროდი: ხანძარია, ხანძარი! ყველაფერი, რაც თოკზე ეკიდა, დაიწვა. სახანძროს გამოძახებაც კი გახდა საჭირო.“
- ამ ყველაფერთან ერთად ფეხბურთისთვის დრო გრჩებოდათ?
„ასეთი ცუდიც არ ვყოფილვარ. ფეხბურთისთვის დრო ყოველთვის იყო, უფრო ხშირად უფროსებს ვეთამაშებოდით ხოლმე.“
- ვინ იყო თქვენი კუმირი?
„ჩემი ძმა! ის მაშინ მეორე ლიგაში თამაშობდა და ვფიქრობდი: მეც ისეთი კარგი მინდა გავხდე. სწორედ მის გამო არ გავხდი მეკარე.“
- მეკარე?
„დიახ, ყოველთვის მეკარეობა მინდოდა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მეკარის გენი მქონდა. მაგრამ ჩემმა ძმამ სანაძლეო დადო ჩემთან: 10 თერთმეტმეტრიანს დაგირტყამ და თუ ერთს მაინც მოიგერიებ, მაშინ შეგიძლია მეკარეობაო. მან ათივე გაიტანა.“
- გამოდის, თქვენს საფეხბურთო კარიერას ძმას უნდა უმადლოდეთ?
„რავიცი, იქნებ მსოფლიო დონის მეკარე გამოვსულიყავი.“ (იცინის)
- იცოდით მაშინ ბაიერნის შესახებ?
„რა თქმა უნდა! ესპანეთის ყველა გუნდი ვიცოდი, ასევე მანჩესტერ იუნაიტედი, მილანი და ბაიერნი. ერთი მეგობარი, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი ხოლმე ფეხბურთს მეუბნებოდა: შენ აუცილებლად ითამაშებ ბაიერნში! ეს გონებაში ჩამრჩა და როდესაც წლების შემდეგ მიუნხენში ჩემი ტრანსფერის საქმე გაირკვა, მაშინვე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ მართალი ყოფილა! მას ეს ამბავი არც ახსოვდა.“
- დიდხანს არ გიფიქრიათ?
„არა! ჩემთვის ბავშვობიდანვე ნათელი იყო, რომ წასვლა მინდოდა, სხვა ქვეყნისა და კულტურის გაცნობა. როდესაც ბაიერნის დაინტერესების შესახებ გავიგე, გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე. ეს მატარებელი მეორედ არ ჩამოივლიდა, ამიტომაც გამოვეკიდე. ახლაც უნდა გავიქცე.“
- რას გულისხმობთ?
„გერმანულის გაკვეთილი მეწყება და სამწუხაროდ უნდა წავიდე. ნახვამდის.“
TZ.
Katerina Bayern.