"რეალის" დიდი საზაფხულო გეგმა

სამ თვეში მადრიდის "რეალმა" შესაძლოა სატრანსფერო ფანჯარა დაიპყროს. ესპანური გრანდი საგრძნობლად გაძლიერებას გეგმავს.
ბოლო სეზონებში "რეალი" უჩვეულოდ ცოტა თანხას ხარჯავს (გუნდმა 2011 წელს 55 მლნ. ევრო დახარჯა, წინა ზაფხულს კი 36,5 მლნ. ევრო), რაც ფლორენტინო პერესისთვის უკვე რაღაც არასაკადრისია. როგორც ჩანს, ახლა ის საქმეში სრულად ჩაბმას და გუნდის გაძლიერებას გეგმავს.
წასასვლელად გამზადებულები
სავარაუდოდ, ადანი, კარვალიუ, ალბიოლი, ესიენი, კაკა, ბენზემა ან იგუაინი ზაფხულში გუნდს დატოვებენ. ყველა თავიანთი მიზეზების გამო.
25 წლის ანტონიო ადანი საჭირო აღარაა, რადგან იკერ კასილასს ღირსეული და გამოცდილი შემცვლელი - დიეგო ლოპესი ჰყავს. ადანის ღირებულება სატრანსფერო ბაზარზე 2 მლნ. ევროა, მაგრამ მადრიდელებს პრობლემა არ ექნებათ, თუ რომელიმე საშუალო დონის ან პატარა გუნდს მის შესაძენად თანხა დააკლდება.
კარვალიუ უკვე 34 წლისაა. მას კონტრაქტი უმთავრდება, რომელსაც გახანგრძლივება არასდროს შესთავაზეს. სიმართლე ითქვას, გუნდსაც არ სჭირდება ხანშიშესული პორტუგალიელი მცველი, რადგან რაფაელ ვარანისა და ნაჩოს სახით ორი დიდებული ახალგაზრდა გვყავს.
27 წლის რაულ ალბიოლს უკვე დაავიწყდა, რას ნიშნავს ძირითად შემადგენლობაში თამაში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მას ნაკრებშიც აღარ ათამაშებენ. 2014 წელს ბრაზილიაში მუნდიალია და ალბიოლს სურს სამხრეთ ამერიკაში გამგზავრება. ამისათვის კი საჭიროა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ამ მცველის შეძენა ლა ლიგის ფაქტიურად ყველა კლუბს სურს (ალბიოლიც პირველ რიგში სწორედ პრიმერას გუნდების შემოთავაზებებს გადახედავს). მისი სატრანსფერო ფასი 10 მლნ. ევროა.
ესიენის არენდას ვადა გასდის, ხოლო კაკას დაბალ ფასად შესაძლო წასვლა გუნდისთვის დიდი თავის ტკივილია. მადრიდელებს მისი შეძენა 65 მლნ. ევრო დაუჯდათ, ახლა კი ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი 16 მლნ. ევროა. პრაქტიკულად იმდენი, რაც ხელფასი აქვს. "ბლანკოსი" არ ეცდება რეგრესის გზაზე მდგომი რიკარდოს ძვირად გაყიდვას. გუნდის მიზანია ბრაზილიელი ნებისმიერ ფასად მოიშოროს. რეგრესირებად კაკას საკმაოდ დიდი ხელფასი აქვს და ეს რა თქმა უნდა ხელმძღვანელობას ნამდვილად არ ხიბლავს.
ბოლოს კი დილემა ფორვარდებს შორის: მოვა ახალი ცენტრფორვარდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდს ან იგუაინი, ან ბენზემა დატოვებს. უფრო რეალური ბენზემას წასვლაა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას არც მისი შედეგიანობა და არც სკანდალები მოსწონს.
კითხვის ნიშნის ქვეშაა ჩაბი ალონსოც მომავალიც. თუმცა, კლუბი მუდმივად გაუპარსავ ბასკთან განშორებას არ გეგმავს და ინიციატივა შესაძლოა თავად ფეხბურთელისგან მოდიოდეს.
ეს ფალკაო არ იქნება
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ზაფხულში "რეალის" რიგებს კოლუმბიელი ფორვარდი - რადამელ ფალკაო შეავსებს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ მოხდება. 2012 წელს, როცა ფალკაო "ატლეტიკოსთან" ხელშეკრულებას ახანგრძლივებდა, მან ხელმძღვანელობას ხელფასის 7,5 მლნ. ევრომდე გაზრდა და პირობის შესრულება მოსთხოვა, არ გაეზარდათ მისი გამოსასყიდი თანხა. "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამაც კოლუმბიელს გული არ დაწყვიტა. ფალკაოს გამოსასყიდი თანხა 55 მლნ. ევროა, მაგრამ, თუ "როხიბლანკო" "რეალისგან" მიიღებს შემოთავაზებას, ფლორენტინო პერესს მათთვის 70 მლნ. ევროს გადახდა მოუწევს. ეს კი უტოპიაა. ამასთან ერთად, რადამელი სხვა კლუბში გადაბარგებისას "სუფთა" ხელფასს 10 მლნ. ევროს მოითხოვს (ესპანური დავალიანებით ეს 20 მლნ. ევრო გამოდის) და ასეთი თანხა მას უკვე "მანჩესტერ სიტიმ", "პსჟ"-მ, "ჩელსიმ" და "ანჟიმ" შესთავაზეს. მიუხედავად პერესის ფალკაოსადმი სიმპათიებისა, მცირეა იმის შანსი, რომ მან კოლუმბიელი შეიძინოს.
ასე რომ, "ელ ტიგრე" სხვა კლუბს შეუერთდება.
ახალწვეულები
120 მლნ. ფუნტი (შესაძლოა მეტიც) - ეს ის თანხაა, რომელსაც "სამეფო კლუბი" ტრანსფერებში დახარჯავს. ახალწვეულთა ოთხეული შემდეგნაირი იქნება: კარვახალი, ბეილი, ისკო და აგუერო.
გასულ ზაფხულს 21 წლის კარვახალი მოულოდნელად ლევერკუზენის "ბაიერში" გადაბარგდა (ვარაუდობდნენ, რომ "კასტილიიდან" ის პირველ გუნდში მოხვდებოდა). ივნისში მადრიდელები გამოსყიდვის პუნქტით ისარგებლებენ. გამოსასყიდი ფიქსირებული თანხა 8 მლნ. ევრო იქნება. "რეალის" მარჯვენა ფლანგი, რომელსაც ალვარო არბელოა აკონტროლებს, ძალიან სუსტად მიიჩნევა და გაძლიერებას საჭიროებს და კარვახალის დაბრუნება მათთვის მისწრება იქნება.
"Golden Boy"-ს პრემიის მფლობელმა ისკომ, რომელსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებია, უკვე ფლორენტინო პერესის ყურადღება მიიპყრო. ნახევარმცველის ფასი 20 მლნ. ევროა. "მალაგა" მას 30 მლნ. ევროდ შეელევა. გასულ ზაფხულს ისკო ფაქტიურად კატალონიაში გადაბარგდა, "ბარსელონამ" და "მალაგამ" შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი სწავლობდა, როგორ შესულიყო მესისა და კომპანიის გასახდელში, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში ისკოს მამა ჩაერთო, რომელმაც შემდეგი განაცხადა: "სჯობს პირველი კაცი იყო სოფელში, ვიდრე ქალაქში როტაციის სისტემაში ასპარეზობდე". "ბლაუგრანამ" თავადვე დაადო ვეტო ამ ტრანსფერს. ამიტომ, ისინი აღარ ჩაერევიან ისკოსა და "რეალის" მოლაპარაკებებში. თუმცა, სცენიდან "ბარსელონას" გასვლა იმას არ ნიშნავს, რომ "მალაგას" ტალანტისთვის სხვა გუნდები არ იბრძოლებენ. აქვე არიან პეპ გვარდიოლა და ინგლისური კლუბები.
რაში სჭირდება ფლორენტინო პერესს გარეთ ბეილი, ჯერჯერობით უცნობია: დაცვის მარცხენა ფლანგზე მარსელო და კოენტრაუ ასპარეზობენ, ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე კი კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ გამოთქმა "მე ვყიდულობ ფეხბურთელებს და დაე ისინი მოედანზე მწვრთნელმა განალაგოს" მადრიდისტებისთვის ჯერ კიდევ "პირველი გალაქტიკოსის" ხანიდანაა ცნობილი. ამაზე ბევრი რამ ვისენტე დელ ბოსკემ იცის. რაც არ უნდა იყოს, ბეილი პერესის მორიგი სუპერვარსკვლავია, რომელიც გუნდს ყველაზე ძვირი დაუჯდება ("ტოტენჰემი" მასში 70-80 მლნ. ევროს ითხოვს და როგორც ჩანს, არ ხუმრობს). და შესაძლოა კლუბმა ამით იზარალოს. ეს არ ეხება უელსელის ოსტატობას. საუბარია იმაზე, თუ რა პოზიციაზე განლაგდება. ალბათ, უკეთესი იქნება, თუ კლუბი ამ თანხას ფალკაოს ტრანსფერში გამოიყენებს (გუნდს გამტანი ფორვარდი სჭირდება), მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას თავისი მიზნები აქვს.
ბოლოს, სერხიო აგეურო. არგენტინელს "სიტიში" პრობლემები აქვს და ინგლისელები მზად არიან ის 50 მლნ. ევროდ გაყიდონ, რათა ის 45 მლნ. ევრო ამოიღონ, რომელიც თავის დროზე "ატლეტიკოს" გადაუხადეს. აგუეროს "რეალში' გადაბარგებას "ბარსელონა" აფერხებს. კატალონიელებსაც სჭირდებათ ფორვარდი და ზაფხულში არგენტინელის ტრანსფერზე იმუშავებენ, თუ ნეიმარის შეძენა ვერ მოხერხდება. თუ კუნის ტრანსფერი არ შედგა, მადრიდელებს ალტერნატიული ვარიანტებიც ჰყავთ: ლევანდოვსკი, კავანი და დიეგო კოშტა. ფლორენტინო პერესი აქაც ფეხბურთელთა ვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს უპირატესობას. ეს ტრიო კი განსხვავებული სტილის მოთამაშე ფორვარდებს მოიცავს.