მოკლედ დღეს ზამერის დღეა გერმანულ პრესაში

FC Bayern Geo Fans
``დარჩენილი სეზონისთვის გუნდმა თამასა ძალიან მაღლა ასწია. შაბათს ჩემპიონატის მოგება შესანიშნავი იქნებოდა.``
fcbayern.de-ს ინტერვიუ მათიას ზამერთან.
- ბატონო ზამერ, სიმართლე გვითხარით, იუვენტუსთან შეხვედრის წინ ძალიან ნერვიულობდით?
``სასაცილოა, მაგრამ მსგავსი დიდი შეხვედრების წინ ძალიან მშვიდად ვარ, რადგან ვიცი: მოედანზე მყოფი ნებისმიერი ფეხბურთელი ფოკუსირებულია. როდესაც საქმე შედარებით ``პატარა`` მეტოქეებს ეხება, მაშინ მდგომარეობა სხვანაირია. სამშაბათს საღამოს ვიცოდი, რომ კარგი გეგმა გვქონდა.``
- როგორ აფასებთ გუნდის გამოსვლას?
``შედეგით კმაყოფილი ვარ. თამაშმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოედანზე პიროვნულობა წარმოვაჩინეთ და მსხვერპლი გავიღეთ. აგრესიულობა, ბურთის მიმართ ტაქტიკური წესრიგი, სწრაფი შეტევა - ეს ყველაფერი მაღალ დონეზე შესრულდა და წარმატების გასაღებიც აღმოჩნდა.``
- თქვენი აზრით, მიმდინარე სეზონზე ეს საუკეთესო შეხვედრა იყო?
``დიახ. ძალიან გააზრებული და ნაყოფიერი თამაში იყო. იუვენტუსის ძლიერი მხარეები გავანეიტრალეთ. თქვენც დაინახეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს.``
- კენჭისყრის შემდეგ განაცხადეთ, რომ იუვენტუსი არც ისე უხერხული მეტოქეა . . .
``ჩემთვის ნათელი იყო, რომ დორტმუნდთან სათასო შეხვედრის შემდეგ იუვენტუსის კალიბრის გუნდთან შეხვედრა გაძლიერებაში დაგვეხმარებოდა. სანაკრებო შესვენების შემდეგ კვლავ დავუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს და არ არსებობს არანაირი მიზეზი, რატომ ვერ უნდა შევინარჩუნოთ ეს დონე მომავალ შეხვედრებში.``
- რას გულისხმობთ?
``იუვენტუსთან შეხვედრით გუნდმა დარჩენილი სეზონისთვის თამასა ძალიან მაღლა ასწია. ახლა ეს უნდა იყოს საზომი, დადგან ჰაინკესი ხშირად მიმართავს როტაციას, არ შეიძლება, რომ დავიღალოთ.``
- მიუხედავად ამისა 1:0-ის შემდეგ იყო მომენტები, როდესაც ტურინელებმა პრობლემები შექმნეს.
``ზოგჯერ გარკვეული დროა საჭირო რიტმის საპოვნელად. ამჯერადაც ასე მოხდა. ჯერ ჩვენთვის უჩვეულო მეტოქის 3-5-2 სისტემას უნდა შევგუებოდით. საბედნიეროდ ცენტრში შვაინშტაიგერი გვყავს, რომელიც შესანიშნავად კითხულობდა თამაშს.``
- მარიო მანძუკიჩიც თავდაუზოგავად თამაშობდა. როგორ აფასებთ მის გამოსვლას?
``მარიო მხეცივით მუშაობს - ამას უპატივცემულობით კი არა, კარგი გაგებით ვამბობ. ეს ძალიან გვეხმარება თამაშის გაკონტროლებასა და ორგანიზებაში.``
- მსგავს შეხვედრებს დიდი ძალა და ენერგია მიაქვთ. მოახერხებს გუნდი საპასუხო შეხვედრისთვის ძალების მოკრეფას?
``ყოველთვის ისე აგრესიულად და ისეთ მსოფლიო დონეზე ვერ ვითამაშებთ, როგორც სამშაბათს. თუმცა ამის ორგანიზება მუდამ შეგვიძლია. ეს გუნდმა უნდა ისწავლოს. ძლიერი ფეხბურთის თამაშისას შეიძლება ყოველთვის არ ბრწყინავდე. ბარსელონა ხუთი წელია წარმოუდგენელ დონეზეა. ბევრი ტიტულიც მოიპოვეს. ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია.``
- როგორ ითამაშებს ბაიერნი საპასუხო შეხვედრაში?
``მიღწეული შედეგი უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ მოსაგებად ჩავიდეთ. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც სახლში.``
- მანამ კი შაბათს გერმანიის ჩემპიონობასაც გაიფორმებთ. კარგი დროა ჩემპიონობისთვის იუვენტუსთან შეხვედრებს შორის?
``ყველაფერი ჩვენს ხელთაა და აინტრახტთან მოგება გვსურს - ამას კიდევ შედეგად ბუნდესლიგის ჩემპიონობა მოყვება. ეს შესანიშნავი ჯილდოა.``
- მაგრამ დიდი ზეიმის მოსაწყობად დრო არ არის?!
``ამას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უნდა გავუმკლავდეთ. ჩემპიონობით გამოწვეული სიხარული და აღფრთოვანება არ კნინდება. მხოლოდ მატჩის შემდგომ პირდაპირ იუვენტუსზე უნდა გადავერთოთ.``
- ფეხბურთელებისთვის საკმაოდ რთული სიტუაციაა, ორი წელია ტიტული არ მოუგიათ . . .
``ბაიერნს მაღალი მოთხოვნები აქვს ფეხბურთელთა მისამართით. ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი სჭირდება. გერმანიის ჩემპიონობა მიმდინარე სეზონის დიდი მიზანი იყო. ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც იქნება. შემდგომი მიზნების მიღწევა რომ უადგილო ქცევით შევაფერხოთ, თავქარიანობა იქნება. ბევრი რამ არის ორივე კაპიტანზე ლამსა და შვაინშტაიგერზე დამოკიდებული, თუ როგორ გავლენას მოახდენენ ისინი გუნდზე. თავიანთი გამოცდილება უნდა გაუზიარონ ფეხბურთელებს და აუხსნან მათ, როგორ უნდა იცხოვროს ფეხბურთელმა მსგავს სიტუაციაში ბაიერნის გენით.``
- შაბათს ტიტულის მოგების შემდეგ კონკრეტულად რა გეგმა გაქვთ?
``შეხვედრის დასრულებისთანავე სახლში დავბრუნდებით. ავტობუსში ალბათ რამეს შევჭამთ - როგორც ყოველთვის. ძალიან გაგვიხარდება, თუ ყველაფერი გამოგვივა. ფსიქოლოგიურადაც დადებითი მომენტი იქნება. მეტი არაფერი. შაბათს საღამოს 18 საათზე უკვე იუვენტუსზე და ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს დავიწყებთ.``
- ლუდით წუწაობა სეზონის ბოლომდე გადაიდება. მზად ხართ რომ ლუდით გაიწუწოთ?
``კარგი შეკითხვაა. სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიფიქრია და არც ვაპირებ. ყველაფერს ვერ დაგეგმავ. ზოგი რამ თავისით წყდება.``
fcb.de
Katerina Bayern.