FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ ფილიპ ლამთან:
- ბატონო ლამ, პარასკევს მე-100-ე სანაკრებო შეხვედრას გამართავთ. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ ფაქტს?
``ეს იუბილე რაღაც ძალიან დიდი და განსაკუთრებულია, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ციფრი 100 ნამდვილად არ ყოფილა გასული წლების შრომის მიზანი. ფეხბურთელს უფრო სხვა ამბიციები აქვს. მაგრამ როდესაც ვიხსენებ ისტორიას და ვხედავ, რამდენი გენიალური ფეხბურთელი იყო, რომლის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა 100-მდე არ ასულა, როგორც გერდ მიულერი ან უვე ზეელერი, მაშინ ამ ციფრის მიღწევა მართლაც მშვენიერია.``
- იცით, რომელი ფეხბურთელები არიან სიაში თქვენზე წინ?
``დეტალებში არ ვიცი. ვიცი, რომ ფრანც ბეკენბაუერს 100 შეხვედრაზე მეტი აქვს ჩატარებული და რომ ლოთარ მათეუსი რეკორდსმენია.``
- მიუნხენელი ბრძანდებით, მიუნხენის ბაიერნში თამაშობთ და მე-100-ე შეხვედრას მიუნხენში გამართავთ. ამაზე მშვენიერს ვერც კი ისურვებდით არა?
``ყველაფერი შესანიშნავად მოერგო ერთმანეთს. ამ განსაკუთრებულ შეხვედრას პირდაპირ სახლის კარის წინ ვითამაშებ - ფანტასტიურია. სტადიონზე იქნებიან ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები. ეს 90 სათამაშო წუთზე ბევრად მეტია. მანამდეც რამდენიმე დღე მიუნხენში ყოფნა გვიწევს. მშობლიურ მხარეში კი თავს ყველაზე კარგად გრძნობ.``
- ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 შეხვედრის შემდეგ წარსულის გახსენებაც შეიძლება: რამდენად კარგად გახსოვთ 2003 წლის 15 ნოემბრის მატჩი?
``ამასთან დაკავშირებით დიდებული მოგონება ნამდვილად არ მაქვს, თუ არ ვცდები საფრანგეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა იყო და გერმანია 0:3 დამარცხდა. მაგრამ მაშინ მე ნაკრებში არ ვთამაშობდი.``
- მართალია, მაგრამ ეს იყო ბოლო შეხვედრა, სანამ ლამი ნაკრების ფეხბურთელი გახდებოდა. როგორი იყო მანამ ნაკრების საფეხბურთო საღამოები ლამის სახლში?
``დეტალურად ვერ გავიხსენებ. მაგრამ ძირითადად მთელი ოჯახი ვისხედით ტელევიზორთან. ხშირად ოთახი ისე გამოიყურებოდა, როგორც ბევრ გერმანულ ოჯახში. როცა წამოვიზარდე, შემდეგ უკვე მეგობრებთან ერთად მივდიოდი საყურებლად.``
- მოგვიანებით, როდესაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გახდით, ეს ყველაფერი შეიცვალა. პირველი სანაკრებო შეხვედრა 2004 წლის 18 თებერვალს ხორვატიის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი იყო. გახსოვთ ის პერიოდი? ვისგან შეიტყვეთ გამოძახების შესახებ?
„ფელიქს მაგათისგან გავიგე, რომელიც მაშინ შტუტგარტში ჩემი მწვრთნელი იყო. ვარჯიშის დაწყებამდე თავის ოთახში შემიყვანა და ამის შესახებ მაცნობა. მაშინ 20 წლის ვიყავი. ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, დაძაბული, მღელვარე. ნაკრების სამყაროში ხომ ყოველ დღე ვერ შეაბიჯებ.“
- იმ პერიოდში მიუნხენიდან შტუტგარტში იყავით განათხოვრებული. ნაკრებში შტუტგარტის და ბაიერნის ფეხბურთელები თამაშობდნენ. დღეს კი ბავარიელთა აშკარა უპირატესობაა. თვენი პირველი სანაკრებო შეკრების დროს ყველაზე მეტად ვისთან იყავით ახლოს?
„ასე ზუსტად ვერ გეტყვით. ისე ნამდვილად არ ყოფილა, რომ არავის ვიცნობდი. შტუტგარტის ფეხბურთელებიც იყვნენ: ანდრეას ჰინკელი, კურანი, თუ სწორად მახსოვს ტიმო ჰილდებრანდიც. თანადგომა ნამდვილად მქონდა, თავს მარტო არ ვგრძნობდი.“
- რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებში პირველი ნაბიჯების გადადგმისას თანადგომა? დღეს, როგორც კაპიტანი, აქცევთ თუ არა ყურადღებას, რომ ახალი ფეხბურთელების ინტეგრაციის პროცესი სწრაფად განვითარდეს?
„რასაკვირველია. მაგრამ ახლანდელი სიტუაციის შედარება 2004 წელთან არ შეიძლება. მაშინ ძალიან ბევრი უფროსი ფეხბურთელი იყო კადრში, არცერთი ისეთი ფეხბურთელი არ იყო, ვისაც მაგალითად ახალგაზრდული გუნდიდან ვიცნობდი. ამიტომაც ძალიან მიხაროდა, რომ შტუტგარტის რამდენიმე ფეხბურთელი იყო. თუ 2013 წლის ნაკრებს შევხედავთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ისინი ერთმანეთს ახალგაზრდული გუნდებიდან ან კლუბებიდან იცნობენ. ამიტომაც დღეს ინტეგრაცია პრობლემური საკითხი არ არის.“
- ნაკრების ახალბედა ფეხბურთელი იყავით და მალევე, მესამე შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხეთ. გახსოვთ ეს მომენტი?
„დღემდე კარგად მახსოვს, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ გოლები იშვიათად გამაქვს. თუმცა გერმანიის ნაკრებში ძალიან ბევრი ბევრი ლამაზი და მნიშვნელოვანი სადებიუტო გოლია, ვიდრე ჩემი. ჩემი მესამე სანაკრებო შეხვედრა იყო, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით. 5:0 ვაგებდით და შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ანგარიში 5:1 გავხადე. ამიტომ ამ გოლს ძალიან დიდი სიხარული არ მოყოლია, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის მშვენიერი მომენტი იყო: ჩემი პირველი გოლი ნაკრების შემადგენლობაში.“
- რეგიონალური ლიგის ფეხბურთელობიდან 6 თვეში ნაკრების წევრი გახდით. რამდენად რთულია ასეთ მოკლე პერიოდში არაფრისგან რამპის შუქის წინ გამოსვლა?
„ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან ძალიან ბევრი რამ სწრაფად და მკვეთრად იცვლება. ეს მარტო ფეხბურთზე დაკვირვებასა და შეფასებაში კი არ შეიმჩნევა, ამასთან გამკლავება უნდა ისწავლო, თუმცა ეს ყველაზე მარტივი ამოცანაა. უფრო რთულია, როდესაც მოედნის მიღმა გაკვირდებიან, როგორც ნაკრების ფეხბურთელს. საყიდლებზე სიარულის დროს, რესტორანში, იშვიათად ხარ მარტო. გარკვეულწილად ეს გამოცდაა, ტესტია, რომელიც ჩავაბარე. უნდა შეეჩვიო მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას, რადგან როგორც ნაკრების ფეხბურთელს, ხშირად გიწევს ინტერვიუების მიცემა.“
- ეს სიტუაცია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უფრო გართულდა? 2004 წლისგან განსხვავებით მედიაც ძალიან განვითარდა. ახლა ისეთი პლათფორმებია, როგორიცაა ფეისბუქი, ტვიტერი, ფეხბურთელების პირად ცხოვრებას უფრო აკვირდებიან. . .
„ყოველთვის მიჭირს დღევანდელი სიტუაციის მაშინდელთან შედარება. მედიის ინტერესი დღეს ძალიან ექსტრემალურია, შესაძლებლობებით ბევრად გაზრდილი. 2004 წელს ტვიტერი და ფეისბუქი არ არსებობდა, მართალია. მაგრამ ფეხბურთელთა აქტიური თაობა ამით იზრდება. ერთი რამ კი ფაქტია: დღესაც, ისევე როგორც მაშინ, ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, ოჯახი, მეგობრები, სწორი მენეჯმენტი. ამაში ნამდვილად გამიმართლა, რადგან ჩემს ირგვლივ ყველა საუკეთესოა.“
- თქვენი კარიერა ძალიან სწრაფად განვითარდა, მაგრამ იყო რთული პერიოდიც. 2005 წელს მძიმე ტრავმა მიიღეთ. როგორ გაუმკლავდით იმ პერიოდს?
„იმ წელს არცერთ სანაკრებო შეხვედრაში არ მიმიღია მონაწილეობა. ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ არც კი იცი, როგორ განვითარდება შენი კარიერა. მაგრამ, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ დაბრუნებას შევძლებდი. პირველ რიგში დიდია იმედგაცრუება, სინანული - მე უარყოფითი ემოციის გადალახვა მალევე მოვახერხე და სწრაფადვე დავიწყე წინ ყურება.“
- 99 სანაკრებო შეხვედრაში მიიღეთ მონაწილეობა. შეგიძლიათ გვითხრათ, რომელში იყავით საუკეთესო?
„საკუთარი თამაშის შეფასება ყოველთვის მიჭირს. ეს ეხება როგორც ინდივიდუალურ თამაშს, ასევე შედარებებსაც. 99 შეხვედრიდან ერთის გამოყოფა - ნამდვილად არ მსურს. ნამდვილად იყო რამდენიმე მატჩი, რომელშიც ძალიან კარგად ვითამაშე. მაგრამ რომელი იყო საუკეთესო - ამის შესაფებას სხვას მივანდობ.“
- საკუთარი ბალანსი იცით? ამ 99-დან რამდენი შეხვედრა მოიგეთ, რამდენში დამარცხდით და რამდენი ითამაშეთ ფრედ?
„სიმართლე გითხრათ: წარმოდგენაც არ მაქვს.“
- და თუ ივარაუდებთ . . .
„რთულია. ვფიქრობ, ბალანსი დადებითი უნდა იყოს. (იცინის) და როგორია ეს ბალანსი?“
- 71 გამარჯვება, 15 ფრე, 13 მარცხი. კმაყოფილი ხართ?
„დრამატულად ცუდად სულაც არ ჟღერს. (იცინის) მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია. გადამწყვეტი ის კი არ არის, რამდენ შეხვედრას მოიგებ, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელოვანი შეხვედრების მოგებაა. სპორტსმენის სპორტული ბალანსი მხოლოდ გამარჯვებათა რაოდენობა კი არა, დიდ ტურნირებზე მიღწეული შედეგებია. ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. რამდენჯერ გახვედი ნახევარფინალში? რამდენჯერ ფინალში? როდესაც დღეს 2004 წლიდან დღემდე ჩემს განვითარებას გადავავლებ ხოლმე თვალს, შემიძლია აბსოლუტურად კმაყოფილი ვიყო. 2006 წლიდან მოყოლებული ყველა ტურნირზე ნახევარფინალში მაინც გავედით, ეს აუცილებლად აღსანიშნია, თუნდაც რომ ფინალში გასვლას და მოგებას ბევრად უფრო წინ ვაყენებდეთ.“
- 13 მარცხიდან რომელი იყო ყველაზე მტკივნეული?
„ყველა არც მახსოვს, თუმცა საბედნიეროდ ბევრიც არ ყოფილა. რასაკვირველია, დიდ ტურნირზე განცდილი მარცხი ყოველთვის რჩება მეხსიერებაში. 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი იტალიასთან დამატებით დროში, 2008 წელს ესპანეთთან წაგებული ევროპის ჩემპიონატის ფინალი, 2010 მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ესპანეთთან, სამწუხარო იყო ასევე 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი ნახევარფინალი იტალიასთან. მაგრამ ხომ არ აჯობებს უფრო მშვენიერ საკითხებზე ვისაუბროთ?“
- სწორედ ეს იყოს შემდეგი შეკითხვა. გთხოვთ!
„განსაკუთრებით დამამახსოვრდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის შეხვედრა, მიუნხენში. პირველი გოლის გატანაც გამომივიდა. როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობ სახლში, ბევრი მშვენიერი მომენტი ახლავს თან, ბევრი ლამაზი გამარჯვება. მეოთხედფინალი არგენტინასთან, თერთმეტმეტრიანების სერია - დაუვიწყარია. ასევე 2008 წელი, როდესაც პორტუგალია მეოთხედფინალში 3:2 დავამარცხეთ. თუნდაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: გრანდიოზული მერვედფინალი ინგლისთან 4:1, შესანიშნავი გამარჯვება არგენტინასთან 4:0. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი: ძალიან დამაჯერებლად გავიარეთ შესარჩევი ეტაპი, შესანიშნავი გამარჯვებები ვიზეიმეთ ჰოლანდიისა და პორტუგალიის წინააღმდეგ. ჩემს მიერ ჩატარებულ 99 შეხვედრაში საბედნიეროდ ნამდვილად იყო ლამაზი მომენტები.“
- გერმანიის ფეხბურთის ფედერაციისგან ყოველი შეხვედრის შემდეგ მედალს იღებთ. სად მიგაქვთ ისინი?
„სახლში ჩემს კაბინეტში ვიტრინაში ვაგროვებ.“
- და კაპიტნის სამკლაურებს
„სამკლაური პირადად მე არ მეკუთვნის, მას ყოველი მატჩის წინ თომას მაისგან ვიღებ.“
- როდესაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გახდით, გერმანია კარგად იყო დაშორებული მსოფლიო დონისგან. დრაქსლერი და გიოტცე კი დღეს მოდიან ისეთ გუნდში, რომელიც უკვე მსოფლიო დონისაა. ხომ არ გშურთ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების, თუ თვლით, რომ თქვენს მიერ გავლილი განვითარების ეს გზა უფრო მნიშვნელოვანი იყო?
„შურიანი საერთოდ არ ვარ. ვთვლი, რომ მშვენიერია, როცა განვითარების ასეთი გზა გავიარე. თანაც 2004 წლის ნაკრები იმაზე უფრო ცუდად ნამდვილად არ უნდა წარმოვაჩინოთ, ვიდრე იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2002 წელს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გერმანია ვიცე-ჩემპიონი გახდა. მიუხედავად ყველაფრისა ვთვლი, რომ განვითარების კარგი გზა გავიარე. შევძელი დიდი გამოცდილების მიღება, იმ გამოცდილების, რომელსაც დღეს ვიყენებ.“
- მიუნხენის ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგეთ. ამ წარმატებით გამოწვეული სიხარული ბევრად უფრო დიდია, რადგან მანამდე ბევრი იმედგაცრუება გადაიტანეთ, განსაკუთრებით კი 2010 და 2012 წლებში წაგებული ფინალების შემდეგ? ამასთან, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს უფრო მეტი მნიშვნელობა ხომ არ ენიჭება, მითუმეტეს ახლა, როდესაც იცით, რა რთული საერთაშორისო ტურნირის მოგება?
„მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ბევრჯერ ვიყავით მიზანთან ახლოს, მართლაც მძიმე და გრძელი გზა იყო წარმატებამდე. თუმცა ის, რომ სიხარული ამის გამო იმაზე მეტად დიდია, ვიდრე უნდა იყოს, ასე არ ვფიქრობ. როდესაც ვუყურებ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს ფინალი და მოიგეს, ნამდვილად ვერ ვიტყვი მათზე, რომ ნაკლებად უხაროდათ. როგორ იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე, წარმოდგენა არ მაქვს, გარდა ამისა, სანამ ტიტულის მოგებაზე ვისაუბრებთ, ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ.“
- ამიტომაც ავსტრიასთან გამარჯვება ძალიან წაგადგებათ. ვენაში გასვლითი შეხვედრა გერმანიამ 2:1 მოიგო. რას ელით ახლა?
„ავსტრია საშიში გუნდია. თანაც ფეხბურთელები გერმანიის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოტივირებულები არიან. თუმცა ფაქტია, რომ გერმანიამ ავსტრია უნდა დაამარცხოს, ამაზე საუბარიც არ არის.“
- თუნდაც იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში კაპიტანს პრობლემა შეექმნება და იუბილე გაუფუჭდება . . .
„ასე ჩანს (იცინის). ამის შესახებ მატჩამდე ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვი.“
-----------------
dfb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=628...&type=1&theater