FC Bayern Geo Fans
Kicker-ის ჟურნალისტ კარლჰაინც ვილდ-ის ვრცელი ინტერვიუ ბაიერნის კაპიტან ფილიპ ლამთან.

- ბატონო ლამ, იყო თუ არა თქვენს კარიერაში დღემდე ყველაზე დიდი მომენტი, როდესაც ათი დღის წინ მიუნხენის ბაიერნის კაპიტნის რანგში პირველად აღმართეთ გერმანიის ჩემპიონის სინი?
``სენსაციური მომენტი იყო, დიდი პატივი ჩემთვის. ოცნება. ბაიერნში ბევრი დიდებული კაპიტანი იყო: ბეკენბაუერი, კანი და სხვები. მე უფლება მომეცა მათ რიგებს შევუერთდე.``
- ხომ არ ვარჯიშობდით წინასწარ მკლავების კუნთებზე, რომ სინის აღმართვა თავისუფლად შეგძლებოდათ, ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგის თასი რომ თავისუფლად აწიოთ, შემდეგ კი გერმანიის თასი?
`` ამაზე სახლში ვვარჯიშობ, როდესაც ჩემს პატარა ვაჟიშვილს იულიანს დავატარებ ხელში. ასე რომ, კარგად ვარ მომზადებული.``
- მიუნხენის ბაიერნის კაპიტნის რანგში ისტორიაში შესვლა შეგიძლიათ: სამი ტიტული ერთ სეზონზე. ამ პერსპექტივის გამო, მითუმეტეს ორი წაგებული ფინალის შემდეგ, განსაკუთრებულად ხომ არ ნერვიულობთ?
``მოლოდინი და დაძაბულობა საუკეთესო ემოციური მდგომარეობაა. სარეკორდო მაჩვენებლებით მოგებული გერმანიის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ორი ტიტულის მოპოვება შეგვიძლია. ეს ჩვენი დიდი მიზანია და ამისკენ მივილტვით.``
- ნორმალურად ძილს ახერხებთ?
``არანაირი პრობლემა არ მაქვს. დაძაბულობა ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე მოდის, როდესაც გამგზავრების დღე ახლოვდება.``
- რა უფრო მეტია: ოპტიმიზმი, რომ ორი წაგებული ფინალის შემდეგ აუცილებლად მოიგებთ თუ მესამედ მარცხის განცდის შიში?
``რა თქმა უნდა, ოპტიმიზმი. რადგან არაჩვეულებრივი სეზონი ვითამაშეთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ფინალში ჩვენს მაქსიმალურ შესაძლებლობას გამოვავლენთ. ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობა კი საკმარისი იქნება დორტმუნდის დასამარცხებლად.``
- რა იქნება ამ ფინალში განსხვავებული, ვიდრე 2010 და 2012 წლებში?
``2010 წელს გაგვიმართლა, რომ ფინალში აღმოვჩნდით და მაინცდამაინც ფავორიტებადაც არ მოვიაზრებოდით. ამიტომაც ინტერის წინააღმდეგ დამაჯერებლად არ გამოვიყურებოდით.``
- რას გულისხმობთ კონკრეტულად?
``ფინალში გავედით და ვთქვით, მოდით, ვნახოთ, იქნებ გამოგვივიდეს. ახლა სულ სხვა მოთხოვნები გვაქვს. ახლა შეხვედრაში გავდივართ და ვამბობთ: ტიტული უნდა მოვიგოთ! ასე უნდა იყოს.``
- და რას იტყვით 2012-ზე?
``საკმაოდ დამაჯერებლად გავედით ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში თერთმეტმეტრიანებში გავიმარჯვეთ. ფინალშიც საკმაოდ წესრიგიანად ვითამაშეთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში რაღაც დაგვაკლდა. ამასობაში კი გუნდი მომწიფდა, განვითარდა. ამას შაბათს აუცილებლად ვაჩვენებთ.``
- რაში ვლინდება მომწიფება?
``გუნდის შეთამაშებასა და საერთო გამოსვლაში. კონკრეტული მაგალითის ან ცალკეული მომენტის დასახელება არ გამოვა, საუბარია ყოველდღიურ განვითარებასა და წინსვლაზე.``
- 2009 წლის შემოდგომაზე ბაიერნში ფილოსოფიის ნაკლებობასა და სპონტანურ ტრანსფერებზე საუბრობდით. ამის გამო მაშინ 50000 ევრო ჯარიმის გადახდაც კი მოგიწიათ. საბოლოო ჯამში ეს თანხა მგონი ამაოდ გადაყრილი არ გამოვიდა და თანდათან უკან ბრუნდება.
``ამ კითხვაზე პირდაპირ ``დიახს`` ვერ გიპასუხებთ. მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რისი იმედიც მქონდა. 2009 წლიდან მოყოლებული გუნდი ძალიან დადებითად განვითარდა. ახლა გამიზნული და კარგი ტრანსფერები კეთდება, კვლავ გვაქვს ჩვენი ფილოსოფია. ყველაფერი კარგად არის.``
- როგორ ემზადება თქვენნაირი გამოცდილი ფეხბურთელი მსგავსი დონის საერთაშორისო შეხვედრისთვის?
``ჩვეულებრივ ისევე, როგორც ყოველთვის. ვიცი, რომ 100% ფორმაში უნდა ვიყო. დანარჩენი კი მთავარია, რომ გუნდმა მოახერხოს იმ დატვირთვის ჩვენება, რაც შეუძლია. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. ჩემი დავალებაა საკუთარი წვლილის შეტანა, რომ გუნდი დორტმუნდის წინააღმდეგ მაღალ დონეზე შეკრული გამოვიდეს.``
- რა გავლენას ახდენთ?
``ვესაუბრები ფეხბურთელებს, ვვარჯიშობთ სრული დატვირთვითა და კონცენტრაციით. საუბარია ყველას საერთო საქმეზე: ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რამ გაგვაძლიერა ასე ძალიან, დაცვაში ჩვენს ქმედებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. სწორედ ახლა, ამ შეხვედრაში გვაქვს საერთაშორისო ტურნირის მოგების დიდი შანსი.``
- რადგან ბაიერნი ასეთი კარგია თუ რადგან მეტოქე ბორუსიაა?
``რადგან კარგი გუნდი გვყავს. ტიტულის მოგების 100%-ანი შანსი გვაქვს. წინა წლებში კი ასე არ იყო.``
- ანუ ბაიერნი ფავორიტია?
``თუ ბუნდესლიგის სეზონსაც გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა.``
- ბუნდესლიგაზე ასეთი დიდი უპირატესობა ლონდონის შეხვედრაზე გავლენას იქონიებს?
``არა მგონია. ეს უბრალოდ წარმოდგენის შესაქმნელად არის, რომ ბაიერნი ფავორიტია. ყოველ შემთხვევაში მიმდინარე სეზონზე ძალიან თავდაჯერებულები გავხდით და ქულებს შორის უპირატესობა მხოლოდ ამის დასტურია.``
- დორტმუნდელები თავს უფრო აუტსაიდერის როლში წარმოაჩენენ. ამის გამო წნეხი ბაიერნზე უფრო დიდია?
``დორტმუნდელთა მხრიდან წნეხი არ ვიცი. ჩვენზე ის ყოველთვის არის, რადგან მუდამ გამარჯვება გვწყურია. აქედან გამომდინარე ბაიერნი ყოველთვის ზეწოლის ქვეშაა.``
- ხომ არ ეუბნებით საკუთარ თავს: რატომ მაინცდამაინც დორტმუნდის წინააღმდეგ?
``საერთოდ არა. ეს დუელი ძალიან მახარებს. ნაკრებსაც კარგად წაადგება. ფეხბურთელები მეტ გამოცდილებას შეიძენენ. სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა, რადგან ვიცი: აბსოლუტურად მაღალი დონის გუნდი გვყავს, რომელსაც ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ამისთვის იმაზე განსხვავებულად არ ვემზადებით, როგორც ჩელსის ან რომელიმე სხვა გუნდის წინააღმდეგ ვემზადებოდით.``
- კარლ-ჰაინც რუმენიგე გამოთქვამდა შიშს, რომ გერმანიაში ესპანური ურთიერთობა არ დაიწყოს და გუნდებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებდა. ხომ ვერ ხედავთ ბაიერნსა და დორტმუნდს შორის ისეთი დაპირისპირების საფრთხეს, როგორიც ელ კლასიკოების დროს რეალსა და ბარსელონას შორის არის?
``ესპანეთში ეს ყოველთვის დიდი მნიშვნელობის შეხვედრებია, ასევეა ბაიერნისა და დორტმუნდის შემთხვევაშიც. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ.``
- ოტმარ ჰიტცფელდმა აღნიშნა, რომ ფინალში ბაიერნისთვის რეალი ან ბარსელონა უფრო მარტივი მეტოქე იქნებოდა ფავორიტის როლიდან გამომდინარე, ვიდრე დორტმუნდი. ეთანხმებით მას?
`` როდესაც ორი მატჩის ჯამში ბარსელონას 7:0-ს მოუგებ, შესაძლოა რეალთანაც ფავორიტები ვყოფილიყავით.``
- მოქმედებს თუ არა ბაიერნის ფეხბურთელებზე ორი წაგებული ფინალი და ბუნდესლიგაზე დორტმუნდის ორწლიანი დომინირება?
``ახლახანს დასრულებულმა ბუნდესლიგის სეზონმა საპირისპირო დაამტკიცა, მითუმეტეს ჩელსისთან განცდილი დიდი იმედგაცრუების შემდეგ გუნდი არ დაეცა.``
- გეშინოდათ ამის?
``არა. პირველი რამდენიმე დღე ბევრს ფიქრობ ამაზე და შემდეგ ცდილობ სწრაფად მოახდინო გავლენა უარყოფით შედეგებზე. ჩელსისთან მარცხმა გუნდი კიდევ უფრო შეკრა. თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა, თუ როგორ არის მოწყურებული გამარჯვებას. არანაირად არ ვართ უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ.``
- ჩელსისთან წაგებული ფინალის შემდეგ ხომ არ გიფიქრიათ: ჩვენ ამ ტიტულს ვეღარასოდეს მოვიგებთ?
``მართალია, ეს წარმოუდგენლად მწარე მარცხი იყო და მაშინვე დადებითზე ფიქრი რთულია. მაგრამ იცი, რომ ასეთ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა კვლავ მოგეცემა.``
- საიდან იცოდით, რომ შანსი კვლავ მოგეცემოდათ?
``ამაში წინასწარ დარწმუნებული ვერ იქნები, მაგრამ წინაპირობა ნამდვილად გვქონდა.``
- შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ საკუთარ მოედანზე წაგებულმა ფინალმა ის განსაკუთრებულად მოტივირებული გახადა. თქვენც იმავეს გრძნობთ?
``ფინალში მოასპარეზე ექვსი ფეხბურთელი შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, საიდანაც ასევე დამარცხებული დაბრუნდა. ამან ბაიერნის ფეხბურთელები კიდევ უფრო შეადუღაბა.``
- და დორტმუნდი კი წინა დუბლის შემდეგ უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა.
``რასაკვირველია. მაგრამ ჩვენ, ბავარიელებს შეგვიძლია ერთად ასეთი რამეების გადატანა.``
- ამიტომაც ხომ არ თამაშობთ ამ სეზონზე ასე სტაბილურად და ძლიერად?
``ჩემთან დაკავშირებით თუ გულისხმობთ მთლიანად ჩემი განვითარების პერიოდი უნდა გავიხსენოთ: შტუტგარტში უფრო შეტევაში ვთამაშობდი, ბაიერნში დაბრუნების შემდეგ კი ნელ-ნელა გავაუმჯობესე დაცვითი თამაში. ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა სწორედ ამ პროცესების შედეგია. გარდა ამისა, ჩვენმა გუნდმა იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. ფლანგის მცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანი თამაში, რათა მან მოახერხოს დაცვის და შეტევის თამაშის ოპტიმალური შერწყმა.``
- იყო ეტაპები, როდესაც თქვენი თამაში ზედმეტად დოზირებულად გეჩვენებოდათ, განსაკუთრებით დაცვაში?
``არ ვიცი. ყოველ ორ წელში დიდ ტურნირებზე საუკეთესო თერთმეტეულში ვხვდები. მაშინ ვინმემ უნდა მაჩვენოს ჩემი არც თუ ისე კარგი წლები.``
- ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდით, თითქოს ლიზარაზუსავით თამაშობდით, რომელიც ხშირად შეტევაში საკმაოდ ზომიერად იქცეოდა. ასე იყო?
``ამით ცხოვრება თავისუფლად შემიძლია, რადგან ლიზარაზუ ჩემთვის სენსაციური ფლანგის მცველი იყო. თუ მხოლოდ ეს არის დიდი კრიტიკა ჩემი მისამართით, მაშინ ვიტყვი: დიდი, დიდი მადლობა. ეს შედარება ჩემთვის კომპლიმენტია.``
- ბუნდესლიგაზე 11 ასისტი გაქვთ, ჩემპიონთა ლიგაზე 5: თქვენში შემტევი პოტენციალი ხელახლა აღმოაჩინეთ?
``ახლა უბრალოდ უფრო თავისუფლად და აგრესიულად შემიძლია შეტევაში ჩართვა, რადგან ბურთის დაკარგვის შემთხვევაში გუნდში ძალიან დიდი წესრიგია და სწრაფადვე შეგვიძლია მისი მოპოვება, ვიდრე წინა წლებში. გარდა ამისა წელს ჩემი გადაცემები ხშირად გოლით დაგვირგვინდა.``
- ეს ვისზე უფროა დამოკიდებული, გადაცემის ავტორზე თუ გოლის გამტანზე?
``ორივეზე. ეს ნიშნავს, რომ სივრცეში კარგად ვართ განაწილებულები.``
- როტაციამ თქვენზე დადებითად იმოქმედა? თუ ხელი შეგიშალათ პირადი რეკორდების დამყარებაში?
``შესვენება ყოველთვის კარგია, მითუმეტეს, როდესაც დატვირთული საფეხბურთო დღეებია. თან მენტალობის საკითხიც არის. ჩვენი მწვრთნელი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ართმევდა თავს. რაც შეეხება პირად სერიას, ეს არ მაინტერესებს.``
- ბუნდესლიგაზე ყვითელი ბარათი არ მიგიღიათ. როგორ ახერხებს მცველი ამას?
``ესეც გუნდზეა დამოკიდებული. ყვითელ ბარათს ძირითადად ტაქტიკური ჯარიმის დროს ვიღებ, როდესაც ჩვენი კარის მიმართულებით კონტრშეტევა იწყება. ნაკრებში ვიყავი დისკვალიფიცირებული, შვედეთთან შეხვედრაში კურიოზული მომენტის გამო. ფარერებთანაც მომიწია კონტრშეტევაზე მეტოქის შეჩერება.``
- როდის გაიტანთ გოლს?
``სიამოვნებით გავიტანდი, მაგრამ მეტოქის კარისთვის საშიში არასოდეს ვყოფილვარ.``
- ვხედავთ თუ არა ახლა ყველა დროის საუკეთესო ფილიპ ლამს?
``ეს სხვებმა უნდა განსაჯონ. ფაქტია, რომ ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონს ვთამაშობ.``
- რუმენიგე თანამედროვე თაობას უჩვეულო ხასიათის გამო ძალიან აქებს. რას აკეთებს გუნდი ასეთ განსაკუთრებულს?
``გუნდური სულისკვეთება შესანიშნავია. სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ამ შექებას ნამდვილად იმსახურებენ. გუნდი ნებისმიერ შეხვედრას განსაკუთრებულად უდგება. სუფევს დიდი წესრიგი.``
- რუმენიგე იმასაც ამბობს, რომ დიდი გამარჯვებების შემდეგ ფეხბურთელები ალკოჰოლს არ ღებულობთ და მხოლოდ წყალს სვამთ. ასეთი კარგი გუნდი ხართ?
``ჩვენ უბრალოდ ვიცით როდის უნდა ვიზეიმოთ და როდის არა.``
- იფიქრებდით ოდესმე, რომ არიენ რობენი თქვენს ფლანგზე დაცვაში ასე ითამაშებდა?
``არა მხოლოდ არიენი, არამედ ფრანკ რიბერიც. ის მსოფლიო დონის ფეხბურთს თამაშობს. მის შემტევ პოტენციალს ყველა ვიცნობდით, ახლა კი დაცვაშიც ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებს.``
- როგორ მიხდევით აქამდე?
``წინა სეზონის შემდეგ ბევრი შეკითხვა იყო, მწვრთნელმა მიგვანიშნა, რომ დაცვაში მთლიანად, თერთმეტივე ფეხბურთელს უკეთ უნდა გვეთამაშა.``
- გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა. რამდენ ხანს არის შესაძლებელი ასეთი ფოკუსირების შენარჩუნება?
``მთელი სეზონის მანძილზე ეს კარგად გამოგვივიდა. გუნდი ისეთი მოწყურებულია გამარჯვებას, რეკორდებმაც გარკვეული მოტივაცია შეგვძინა.``
- დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ გიხარიათ კიდეც, რომ ჩელსისთან წააგეთ, რადგან ახლა გამარჯვების სურვილი ბევრად უფრო დიდია?
``არა. მაშინაც სიამოვნებით გავიმარჯვებდი. ახლანდელ განწყობაში ეს არაფერს შეცვლიდა.``
- განსაკუთრებულად ხომ არ მოქმედებს თქვენზე ფრაზა: ლამისა და შვაინშტაიგერის თაობა?
`` ამას ყოველთვის ვამბობდი: საერთაშორისო ტიტულის მოგება გვსურს, სხვა დანარჩენი უკვე გვაქვს. მაგრამ ლონდონის ფინალის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა ტიტულის მოგებისა. ჩვენი კადრი მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში კიდევ უფრო შეიკვრება, ყველა წამყვან ფეხბურთელს გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს. გიოტცეს ტრანსფერი კი წლის შენაძენია. ბაიერნს წინ ვარდისფერი ხანა ელის. მაგრამ, ჩვენ ტიტულის მოგება გვსურს და რაც შეიძლება მალე.``
- არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ თაობამ რამდენიმეჯერ ზედიზედ მოიგოს საერთაშორისო ტურნირი, როგორც ბაიერნმა 1974/75/76 წლებში მოახერხა?
``ყოველ შემთხვევაში მომავალშიც გვაქვს ევროტურნირებზე ასპარეზობისა და მოგების შესაძლებლობა, როგორს ეს წინა წლებში ბარსელონას გამოუვიდა. ჩემი მოწოდება ყოველთვის იყო გავმხდარიყავით ევროპის ნომერი პირველი გუნდი.``
- წინა წლის ფინალური მარცხი განსაკუთრებული მოვლენა იყო. როგორი განწყობა გაქვთ დორტმუნდთან შეხვედრის წინ?
``იგივე დაძაბულობა და წინასწარი სიხარული, როგორიც მაშინ.``
- რას ნიშნავს თქვენთვის მომავალ ფინალში მარცხი?
``ამაზე არ ვფიქრობ.``
- და გამარჯვება?
``ეს ბაიერნის მიერ მოპოვებული პირველი საერთაშორისო ჯილდო იქნება 2001 წლის შემდეგ. გვეძლევა შანსი მოვიპოვოთ ტრიპელი.``
- შტუტგარტთან გერმანიის თასის ფინალის სათამაშო გაქვთ. იქნება ეს მატჩი ადვილი გასეირნება?
``თუ შაბათს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, გერმანიის თასსაც დავეუფლებით. ამაში დარწმუნებული ვარ.``
Kicker, 21.05.2013-ის გამოცემა
Katerina Bayern.