FC Bayern Geo Fans
რუბრიკა ექს ბავარიელები.
Kicker-თან ინტერვიუში მიროსლავ კლოზე გერმანიის ნაკრების დაცვის პრობლემაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
- ბატონო კლოზე, რა მიზნები გაქვთ 2013/14 წლების მსოფლიო ჩემპიონატის სეზონისთვის?
`მინდა ჯანმრთელად ვიყო, რათა გუნდთან ერთად შეძლებისდაგვარად ბევრ ვარჯიშში მივიღო მონაწილეობა და შევძლო წარმატებით თამაში. როდესაც ვგრძნობ, რომ ფორმაში ვარ, საჭირო თავდაჯერებულობაც მაქვს.``
- 35 წლის გახდით, იტალიური გაზეთი Corriere della Sera ოთხი კვირის წინ წერდა: კლოზე ``ასაკთან დაკავშირებულ შეკითხვას იგნორირებას უკეთებს.`` 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის თავს მხნედ და შრომისუნარიანად გრძნობთ?
``დიახ, აბსოლუტურად. ასე რომ არ იყოს, პირველი ვიქნებოდი, ვინც თავად აღიარებდა ამას და არანაირი მოთხოვნა არ ექნებოდა. ახლა კი შემიძლია ვითამაშო, მოსამზადებელ პერიოდში ყველა ვარჯიშში მივიღე მონაწილეობა, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.``
- გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა უკვე გარანტირებული აქვს?
``ჯერ არა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ. შემდეგ შეხვედრებში ავსტრიასა და ფარელებთან წინ დიდი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია.``
- ვის ხედავთ ყველაზე რთულ მეტოქედ?
``სიმართლე გითხრათ, შვედეთს.``
- რა მიზანი გაქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე: რასაკვირველია, ტიტული?
``გვინდა შეძლებისდაგვარად ბოლომდე გავიდეთ. მომავალ ტურნირებზე გერმანია ოდესმე აუცილებლად იქნება პირველი, ეს ჩემთვის ეჭვგარეშეა. არაჩვეულებრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შესანიშნავი გუნდი გვყავს. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ნაკრები ტიტულს მოიგებს.``
- როდის დადგება ეს დრო?
``თუ ყველაფერი შეთანხმებული იქნება, არ გვექნება ტრავმიანობა და ცოტა იღბალიც ხელს შეგვიწყობს, ტიტულის მოგება ბრაზილიაშივეა შესაძლებელი, არაუგვიანეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა. როგორც ვთქვი, თავისუფლად წარმომიდგენია, რომ გერმანია უახლოეს ტურნირებზე ტიტულს მოიპოვებს. ჩვენს ამოცანად თავდამბლად უნდა მოვეკიდოთ და პატივი ვცეთ სხვა ძლიერი საფეხბურთო ერების თამაშს, რომლებიც ასევე გამარჯვებას იმედოვნებენ.``
- 1996 წლის შემდეგ მოახერხებთ იმას, რომ ტიტულის მოგების დროს ისევ ნაკრების შემადგენლობაში იყოთ?
``შესანიშნავი იქნება, თუ ამას მომავალ წელს მოვახერხებთ, შემდეგ კი ჩემთვის რთული იქნება.``
- და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოგებული ამ ტიტულითა და ბომბარდირობის სტატუსით დაასრულებთ კარიერას? ბრაზილიელ რონალდოს 15 გოლი აქვს გატანილი, თქვენ კი - 14.
``ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდთან ერთად ტიტულის მოგებაა. თუ 2014 წელს ბრაზილიაში ჩემს ბიჭებთან ერთად შევძლებ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე, ეს ყველაზე საუკეთესო და დიდებული რამ იქნება ჩემთვის. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.``
- ტიტულისთვის კლოზეს გოლები აუცილებელი იქნება.
``რასაკვირველია. მეც მაქედან გამოვდივარ. მაგრამ შეტევაში იმდენი კარგი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაგანაც ნებისმიერს შეუძლია გოლის გატანა - ამიტომაც ამაზე სრულებით არ ვდარდობ: ჩვენ ჩვენს გოლებს გავიტანთ.``
- დაცვა საკმარისად ძლიერია?
``დიახ. ტურნირის დაწყებამდე მოსამზადებლად და ავტომატიზმების დასარეგულირებლად საკმარისი დრო გვაქვს.``
- პარაგვაისთან გაშვებული სამი გოლი დაფიქრებას არ მოითხოვს?
``მართალია, ბევრ ბურთს ვუშვებთ, მაგრამ შეტევაზე აწყობილი თამაში გვაქვს, რაც საერთო ჯამში გვაძლიერებს. როგორც გუნდი, სტაბილური უნდა გავხდეთ და ვისწავლოთ დაცვაში ფიქრი და მუშაობა.``
- როგორ უნდა მოხდეს ეს უფრო კონკრეტულად?
``მაგალითად, როგორც თავდამსხმელი, პირველი მცველი სწორედ მე ვარ. უბრალოდ აქამდე ინტენსიური შეთამაშებისთვის დრო არ გვქონდა. ამას გავითავისებთ და შესანიშნავი დაცვა გვეყოლება. სექტემბრის სანაკრებო შეხვედრაში, როდესაც მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვექნება, პარაგვაისთან მიღებულ 3:3 შედეგს აუცილებლად გამოვასწორებთ.``
- ახლახანს იოახიმ ლიოვი ბრაზილიის ექსტრემალურ კლიმატურ პირობებზე საუბრობდა, თანაც ეს ქვეყანა ყოველთვის პირველობისთვის იბრძვის, გასათვალისწინებელია, რომ ჩემპიონატი მათთან ტარდება. გერმანიის შანსები სამხრეთ ამერიკაში მართლა ასეთი შესანიშნავია?
``მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი შანსი გვაქვს. ტიტულის მოპოვების საკითხი ყოველთვის ოთხ-ხუთ გუნდს შორის ირკვევა. ჩვენ მათ რიგებში ვართ, ისევე როგორც წინა ტურნირებზე. ბრაზილიის ნაკრების შემთხვევაში ვნახავთ რა მოხდება: კონფედერაციის თასის გამარჯვებულ ნაკრებს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი არასოდეს მოუგია. თუმცა ოდესმე აუცილებლად იქნება პირველი ჯერი.``
- ეროვნული ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი ცდილობს ტიტულზე არ ისაუბროს, იუპ ჰაინკესი და რუმენიგე კი აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ტიტულის მოპოვება უნდა იყოს ერთადერთი მიზანი.რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
``მეც ასე ვფიქრობ: მიზანი გამარჯვება უნდა იყოს. მოგება გვსურს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუმცა ეს გარანტია ვერ იქნება. მოლოდინი ძალიან დიდია, რადგან ყველა ხედავს, გუნდს ეს შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ თადარიგში მყოფმა ფეხბურთელებმა ისევე მოახერხონ თამაში, როგორც ძირითადმა შემადგენლობამ. სწორედ ეს არის წარმატების საფუძველი.``
- 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე Kicker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდით, რომ ტურნირზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ იქნებოდით. როგორ უყურებთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას ნაკრების შემადგენლობაში?
``ვფიქრობ, გამოცდილებიდან გამომდინარე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვარ. რასაკვირველია, ნაკრების მწვრთნელი მოხარულია, როდესაც ორი ან თუნდაც სამი კარგი ფორვარდი ყავს. ეს ხომ მწვრთნელისთვის საჩუქარივითაა. ზოგჯერ გომესი უფრო კარგად შედის თამაშში, რადგან პირდაპირი გზით მიდის კარამდე; ზოგჯერ კი ამას უფრო კარგად ისეთი ტიპის ფეხბურთელი ახერხებს, როგორიც მე ვარ.``
- გლადბახელი მაქს კრუზე მესამე ნომრად მოიაზრება?
``დიახ, მისი თამაში ამერიკაში შეკრებისას ვნახე. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ძალიან მებრძოლია და სურს ნაკრების წევრი იყოს. მართლა კარგი ფორვარდია.``
- ის ხომ თქვენი მორიგი კონკურენტი იქნება. . .
``რაც უფრო მეტი კონკურენტია, მით უკეთესი.``
- რას ფიქრობთ ``ცრუ ცხრიანით`` ან გამოკვეთილი ფორვარდით თამაშის შესახებ?
``არ მგონია თამაში ისე მოვაწყოთ, რომ მხოლოდ ცენტრის ფეხბურთელებზე ვიყოთ ორიენტირებულნი. ვფიქრობ, ერთი თავდამსხმელი გვჭირდება, ისევე როგორც ფლანგის შემტევი ფეხბურთელები, რომლებიც ბრძოლისუნარიანად გადავლენ შეტევაში. თუ გვეყოლება მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ცენტრის სიღრმიდან წავლენ მეტოქის კარის მიმართულებით, ამ შემთხვევაში ადვილად გამოსაცნობი გახდება ჩვენი თამაში.``
- 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას საბოლოოდ დაასრულებთ?
``ვფიქრობ, ნაკრებთან დაკავშირებით ასე იქნება.``
- თქვენ აღნიშნეთ, რომ გერმანიის ნაკრების ახლანდელი შემადგენლობა საუკეთესოა, რომელშიც კი ოდესმე გითამაშიათ. ნაკრებში კი 12 წელია ხართ. რა აკლია ამ გუნდს?
``მხოლოდ ტიტული. ხარისხისა და კლასის თვალსაზრისით დანაკლისი ნამდვილად არ არის. შესანიშნავი, ტექნიკურად ძლიერი და ტაქტიკურად სწორად განსწავლული ფეხბურთელები გვყავს, თითოეულ პოზიციაზე ორი ან სამი ფეხბურთელი მოდის. ძალიან დიდი ძალა გვაქვს იმისთვის, რაც ჭირდება გუნდს ტიტულის მოსაგებად.``
- არ ამაყობთ იმით, რომ 35 წლის ასაკში კვლავ ამ გუნდის წევრი ხართ?
``დიახ, ვამაყობ. მაგრამ ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, რადგან ყოველთვის ფეხბურთით ვცხოვრობდი. არ ვღებულობდი არანაირ ალკოჰოლს, ნიკოტინს. ამის საზღაურს კი დღეს ვიღებ.``
- 2012/13 წლების სეზონზე ევროპაში დომინირებდნენ ბაიერნი და დორტმუნდი. ნაკრების შემადგენლობაში ამ ორი კლუბის ფეხბურთელთა დაჯგუფება კარგია?
``დიახ. ჩვენ კარგი გუნდი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ კლუბს შორის დიდი კონკურენციაა. ითამაშებს თუ არა უფრო მეტი დორტმუნდელი, ან ბავარიელი, ამას ნაკრებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.``
- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ გუნდში შიდა ატმოსფერო არ იყო სახარბიელო, რომ გატანილ გოლს სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ყველა ფერხბურთელი არ აღნიშნავდა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
``ვფიქრობ, ამის მიზეზი განსხვავებული ხასიათებია. სათადარიგოთა სკამზე ან ტრიბუნაზე ჯდომით კმაყოფილი არავინაა. მიუხედავად ამისა, თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს გუნდისთვის. სწორედ ეს არის ჩემთვის ხასიათის საკითხი. როდესაც მოედანზე მეტოქესთან საბრძოლველად გამოდიხარ, ეს სათადარიგოთა სკამზეც უნდა აისახოს და შესაბამისი განწყობა უნდა მოდიოდეს. ვფიქრობ, ბასტიანმა სწორედ ეს იგულისხმა.``
- ეს პრობლემა მოგვარებულია?
``ეს არც ყოფილა საუბრის თემა.``
- ხომ არ ფიქრობთ, რომ დორტმუნდსა და ბაიერნს შორის მზარდი კონკურენცია, შესაძლოა ნაკრებზე უარყოფითად აისახოს?
``ბაიერნი და დორტმუნდი ერთმანეთთან დაპირისპირებისას მუდამ საბრძოლო განწყობით იქნებიან და ასეც უნდა იყოს, რადგან თითოეულს მოგება სურს. მაგრამ არ მგონია, რომ ნაკრებში შეხვედრისას ფეხბურთელებს კლუბური შეხვედრები უტრიალებდეთ თავში.``
- ფეხბურთელისთვის, რომელიც ამ ორ ბლოკს არ მიეკუთვნება, თამაშში ჩართვა რთული არ არის?
``ვგრძნობ, რომ ერთი საერთო ვარჯიში მაინც მჭირდება, სანამ შევეჩვევი, რადგან ლაციოში სხვანაირ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუმცა ინტეგრაციის პროცესი სწრაფად ვითარდება.``
- რაში მდგომარეობს დიდი განსხვავება?
``ბაიერნი და დორტმუნდი თითქმის ერთნაირად თამაშობენ, მაგრამ ლაციოსგან დიდად განსხვავდებიან. რომში ბურთის დაკარგვისას მაშინვე უკან ჩავდივართ. თუ იტალიაში გსურს ისეთი გუნდის ხილვა, რომელიც დასაწყისიდანვე პრესინგს ანხორციელებს, ძალიან უნდა გამიმართლოს. ბევრს პრესინგი ჯერ საერთოდ არ უსწავლია. ამიტომაც, იტალიელები კომპაქტურ დაცვას ფლობენ და ახერხებენ კონტრშეტევაზე სწრაფ გადართვას.``
- ის ფაქტი, რომ ლამისა და შვაინშტაიგერის თაობამ ასეთი დიდი ტიტუი მოიგო, ნაკრებისთვის სარგებლის მომტანია?
``რასაკვირველია. ჩემპიონთა ლიგის მოგებით ისინი უკვე მზად არიან ნაკრებში ტიტულის მოსაგებად. დორტმუნდელებსაც შეუძლიათ ფინალში გასვლითა და საერთოდ ჩემპიონთა ლიგის 2012/13 წლების სეზონით იამაყონ. მათ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი ყავთ და გარკვეულ პერიოდში ამ ტურნირის მოგებაც შეუძლიათ.``
- იგრძნობა თუ არა იტალიაში, რომ დიდი კლუბები გაძლიერდნენ გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლველად?
``უკვე შევნიშნე, რომ ტურინის იუვენტუსი ბაიერნთან განცდილი ორი მარცხის შემდეგ ძალაუფლებისთვის ბრძოლას აპირებს. ჩემპიონტა ლიგის მეოთხედფინალში ფიქრობდნენ, რომ ტაქტიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი. მაგრამ მომავალი სეზონისთვის იუვე მართლა მზად იქნება.``
- რას უნდა ველოდეთ 2013/14 წლების სეზონზე იტალიური კლუბებისგან?
``რთული სათქმელია, ინტერში და ნაპოლიში ახალი მწვრთნელებია.``
- რატომ შეყოვნდა ასეთი აღმავალი იტალიური ფეხბურთის განვითარება?
``ფაქტია, რომ ასე მოხდა. თუმცა იტალიის ეროვნული ნაკრები მაინც ფორმაშია და დიდი მეტოქეების დამარცხება შეუძლია. ახლანდელი სიტუაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზი გენიალურ ფეხბურთელთა დიდი თაობის, მაგალითად კანავაროს და ნესტას ნელ-ნელა წასვლა იყო. გარდა ამისა, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სტადიონები 90-იანი წლებისაა. თუმცა მე იტალიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.``
- სად იმყოფებიან იტალიის კლუბები?
``იტალიელები კვლავ წინა რიგებში არიან, მათ წინ კი არის ესპანეთი, ინგლისი და გერმანია. ბუნდესლიგამ სერია A-ს გადაუსწრო.``
- რამდენიმე დღეში იტალიის ჩემპიონატი იწყება. რომელი კლუბები არიან ფავორიტები?
``მთავარი ფავორიტი ტურინის იუვენტუსია.``
- ჩემპიონობისთვის მებრძოლთა სიაში ფიორენტინა და მისი ახალწვეული მარიო გომესიც შედიან?
``დიახ. ფიორენტინას შესანიშნავი მწვრთნელი და საფეხბურთო თვალსაზრისით ძლიერი გუნდი ყავს.``
- გესმით გომესის, რომელმაც ბაიერნი დატოვა?
``მესმის. ბაიერნი შესანიშნავი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია; მაგრამ მარიოს თამაში სურს. იტალიაში შესაძლებელია კარგად ცხოვრება და ასევე ფეხბურთის თამაში. მასაც სწორედ ეს უნდოდა. კარგი გადაწყვეტილება მიიღო.``
- ფიორენტინა ევროპაში პირველ კლუბებს მიეკუთვნება?
``არ მგონია, რომ მარიომ გადაწყვეტილება კლუბის გამო მიიღო, არამედ მწვრთნელისა და გუნდის სტრუქტურის გამო.``
- იტალიაში გადმოსვლამდე რჩევა ხომ არ გკითხათ?
``არა.``
- რა უნდა გაითვალისწინოს გომესმა, როდესაც იტალიელი მცველი გადაეყრება გზაზე?
``უნდა გაითვალისწინოს დაცვის კომპაქტურობა, ის ფაქტი, რომ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში გუნდი უკან იწევს - მიუხედავად ამისა გოლის გატანის შესაძლებლობები არის ხოლმე. ესაა იტალია. ის აუცილებლად მიიღებს თავის შანსს.``
- გასულ სეზონზე მეშვიდე ადგილზე გასვლის შემდეგ რომის ლაციო უფრო ძლიერია?
``რასაკვირველია, გაუმჯობესება გვსურს. სტაბილურობა გვაკლია.``
- ბევრი რამ თქვენს გოლებზეა დამოკიდებული.
``მაგრამ არა ყველაფერი, თუმდაც თამაშის დროს საერთოდ არ გავიტანო. საერთო ჯამში ცოტა საგოლე მომენტს ვქმნით.``
- ევროპის ლიგაზე თამაში კიდევ გხიბლავთ?
``მთავარია, რომ საერთაშორისო ტურნირზე ვასპარეზობ, რათა სამდღიანი რიტმი შევინარჩუნო.``
- იტალიის ჩემპიონატის 56 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანეთ, პირველ წელს 12, შემდეგ - 15. რამდენი იქნება მომავალ წელს?
``ყოველთვის მინდა პირადი საუკეთესო შედეგის გაუმჯობესება, ეს ნიშნავს, რომ მომავალ სეზონზე 15-ზე მეტის გატანა მსურს.``
- ლაციოსთან ხელშეკრულება 2014 წლამდე გაქვთ. რა გაქვთ შემდეგ დაგეგმილი?
``ახლა მომავალი სეზონის თამაში და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება მსურს - შემდეგ ვნახოთ, რა იქნება. ჯერ ფორმაში ვარ და ფეხბურთის თამაში მიხარია.``
- თქვენი ბუნდესლიგაში დაბრუნება შესაძლებელია?
``რასაკვირველია, ბუნდესლიგაში დაბრუნება შესაძლებელია და იქ კარიერის დასრულებაც ადვილი წარმოსადგენია ჩემთვის.``
- ხშირად გავრცელებულია, რომ კლუბს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე ტოვებენ ხოლმე. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
``არა. არასოდეს.``
- ხედირას, იოზილის, პოდოლსკის, ჰოლტბისა და თქვენს შემდეგ გომესი და შურლე ის გერმანელი ფეხბურთელები არიან, რომლებიც უცხოეთში გადავიდნენ სათამაშოდ. ხომ არ შეინიშნება, რომ იტალიაში გერმანელი ფეხბურთელები კვლავ პატივსაცემები ხდებიან?
`` რასაკვირველია. ვინც უცხოეთში ბუნდესლიგას უყურებს, ხედავს გერმანული ფეხბურთის განვითარებას. კვირის ბოლოს Sky იტალია მინიმუმ ბუნდესლიგის სამ შეხვედრას აჩვენებს პირდაპირ ეთერში.``
- ფეხბურთელების უცხო ქვეყნის კლუბებში თამაში ნაკრებისთვის დადებითის მომტანია?
``ეს ყოველთვის პრიორიტეტია. საკუთარ თავზე ვიტყვი: ეს არის გამოცდილება, სხვანაირად ვარჯიშობ, ახალ სავარჯიშოებს სწავლობ, კლუბის სტრუქტურაც განსხვავებულია. პირველ რიგში კი - მწიფდები პიროვნულად.``
- იტალიაში გატარებულ ორწლიან მონაკვეთში როგორ უფრო განვითარდით? როგორც ფეხბურთელი თუ როგორც ადამიანი?
``ერთმნიშვნელოვნად განვითარდი როგორც პიროვნულად, ასევე საფეხბურთო თვალსაზრისით. მოლოდინი ჩემგან აქ უფრო დიდია, ვიდრე გერმანიაში. ადამიანები ხედავენ, რა შემიძლია და მოედანზე მუდამ შესაბამის შედეგს ითხოვენ.``
- თავიდან იტალიაში ``ტანკს`` გეძახდნენ, ახლა - ``მეფე კლოზე``-ს ან ``ზებუნებრივ კლოზისიმო``-ს. რთული ბრძოლა დაგჭირდათ აღიარების მოსაპოვებლად?
``არა. ვცდილობ თამაშში ბოლომდე დავიხარჯო და ვიქცევი ისე, როგორიც ვარ. გულშემატკივრისგან ამისთვის ჯილდოს ვიღებ.``
-------------------------------
Kicker / KARLHEINZ WILD.
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=622...&type=1&theater