FC Bayern Geo Fans
იუპ ჰაინკესი მიუნხენში ბრუნდება. ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფიდან 104 დღის შემდეგ ბავარიელთა ყოფილი მწვრთნელი გერმანიისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების დროს კვლავ შეხვდება თავის ყოფილ ფეხბურთელებს.
თუმცა ჰაინკესის მიუნხენში ვიზიტს სხვა მიზეზი აქვს: როგორც უკვე გითხარით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია 68 წლის მწვრთნელს 2013 წლის ``Fairplay``-ის მედლით დააჯილდოვებს.
DFB.de-ს რედაქტორ თომას ჰაკბართთან საუბარში იუპი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრასა და მკაცრ საფეხბურთო სამყაროში სამართლიანი თამაშის შესახებ საუბრობს.
- ბატონო ჰაინკეს, პარასკევს ავსტრიის ნაკრების შემადგენლობაში დავიდ ალაბა ითამაშებს. რა გამოარჩევს მას?
``დავიდი 2008/09 წლების სეზონის დასასრულს გავიცანი. მაშინ ბაიერნი მცირე ხნით გადავიბარე და ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ კვალიფიცირებაც შევძელით. სწორედ მაშინ გახდა 17 წლის. მალევე დავინახე, რომ ეს იყო ახალგაზრდა ფეხბურთელი, წარმოუდგენლად ამბიციური, ყოველ ვარჯიშზე 100%-ით იხარჯებოდა. ეს მახასიათებლები დღემდე აქვს. შემდეგ ორ წელიწადში კი შესანიშნავად განვითარდა. ალაბა არის ძალიან სტაბილური, ჭკვიანი, კარგი საფეხბურთო ინსტინქტით და ისეთი დარტყმით, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია. იგი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს მიეკუთვნება.``
- არის იმის საფრთხე, რომ პარასკევს მეზობლები ძალიან გაგვაბრაზებენ?
``არა, ასე არ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს კოლერთან და ძალიან ვაფასებ. საკვალიფიკაციო ეტაპს დამაჯერებლად გავივლით. ავსტრია კი ალბათ ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.``
- როგორ შეაფასებთ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს და რა არის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დასახვეწი?
``ეს ნაკრების მწვრთნელმა თავად იცის. თუმცა ერთი რამ გადამწყვეტია: ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელთა დიდი რეზერვი გვყავს. უემბლიზე გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან დიდი პრიორიტეტია. ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ბაიერნის ფეხბურთელები ამ ტიტულის მოგებით გარკვეული თავდაჯერებულობით გაემგზავრებიან ამ დიდ ტურნირზე. გერმანიის ეროვნულ ნაკრებს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ახლა იოგიმ ეს ყველაფერი უნდა შეკრას.``
- 2013 წელს ბაიერნმა ტრიპლი მოიგო, Fairplay-ს რეიტინგში თქვენი კლუბი პირველ ადგილზე გავიდა -არცერთ ბავარიელს არ მიუღია წითელი ბარათი. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი სამართლიანი თამაშის პრინციპებისთვის მედლით დაგაჯილდოვებთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის, გუნდის ამ მიმართულებით განსწავლა?
``წითელი ბარათის არმიღება ნიშნავს, რომ არცერთი ფეხბურთელი არ იყო დისკვალიფიცირებული - ეს ტურნირზე პრიორიტეტია. მწვრთნელად მუშაობის პერიოდში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევდი წესრიგს და სამართლიან თამაშს. ``Fairplay`` ფეხბურთის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც 17 წესი. ეს სიმფონიური ორკესტრივითაა: განსხვავებული ხასიათიას ადამიანებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ. ამისთვის გჭირდება ხარაჩო. ეს ხარაჩო კი არის დისციპლინა და სამართლიანი თამაში.``
- გასულ სეზონზე თქვენი ფეხბურთელებიდან პირდაპირ წითელი ბარათი არავის მიუღია, იყო ერთი ყვითელი/წითელი და 35 ყვითელი ბარათი. ბუნდესლიგის ხუთმა კლუბმა 2012/13 წლების სეზონზე 70-ზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღო.
``ეს შემთხვევითობა არ არის. ჩემი ფეხბურთელები მოედნის მიღმაც წესიერად იქცეოდნენ. მეტოქეს ყოველთვის პატივს უნდა სცემდე. ამას კი ჩემები სამაგალითოდ აკეთებდნენ. წარმატება და სამართლიანი თამაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს კავშირშია გუნდის შიდა ცხოვრებასთანაც. პირველ რიგში კი იმასთან, რომ პასუხისმგებელი პირებისთვის უნდა იყოს ეს ღირებული. ამ მხრივ მე, როგორც ბაიერნის მწვრთნელს, არ მქონდა გადამწყვეტი როლი.``
- რამდენად დიდი იყო თქვენი დატვირთვა 2012/13 წლების სეზონზე. გაზეთებში იწერებოდა, რომ ძალიან იშვიათად ტოვებდით ბაზას.
``მთელი ეს ეტაპი დაიწყო 2012 წელს წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან. თითოეული ქვის შემობრუნება დავიწყეთ. შევეცადეთ მოგვეხდინა გარკვეული საკითხების ოპტიმიზაცია და განგვეხორციელებინა დეტალური ცვლილებები. 2012 წლის ზაფხულში პრაქტიკულად შვებულებაც არ მქონდა. შემდეგ კი დაიწყო ეს საოცარი სეზონი. ფეხბურთელები ძალიან მეხმარებოდნენ. არ ყოფილა არანაირი აფეთქება. დღეს ფეხბურთელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ საჯაროობაზე. ამას შესანიშნავად ართმევდნენ თავს. თითოეული ცდილობდა პირადი უკანა პლანზე გადაეწია, ნამდვილ ერთიანობად ჩამოვყალიბდით. თუმცა სტრესი მაინც იყო. ყოველ მესამე დღეს თამაში გვიწევდა, ამასთან საუბრები მედიასთან, კლუბის პასუხისმგებელ პირებთან, შეხვედრები სპონსორებთან. ბაიერნში მოღვაწეობისას სწორედ ამაშია ხელოვნება, რომ მთლიანობაში კარგად გამოგივიდეს ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს მშვენივრად მოვახერხე.``
- პეპ გუარდიოლას მოსვლის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახმაურდა. რამდენად რთული იყო თქვენთვის სიმშვიდის შენარჩუნება და ყურადღების მოკრეფა?
``ამას ჩემზე წნეხი არ გაუზრდია. ფეხბურთელობისა და მწვრთნელობის პერიოდში ყოველთვის ამბიციური ვიყავი. მხოლოდ თავად ვაქცევდი თავს წნეხის ქვეშ. გლადბახში გავიზარდე. ჩვენი ფილოსოფია იყო: იყავი წარმატებული და ითამაშე მიმზიდველი ფეხბურთი. მიზნად მუდამ ტიტულების მოგება გვქონდა დასახული. დიდი გუნდები მოპოვებული ჯილდოების მიხედვით ფასდებიან. ფსიქოლოგიურად ყოველთვის ძლიერი ვიყავი. არასოდეს მქონია ზეწოლის გამო პრობლემა. არა, გუარდიოლას მოსვლის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას ჩემთვის არაფერი შეუცვლია. უფრო სხვა საკითხი იყო.``
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
``იანვარშივე ვიცოდი, რომ კარიერას და მიუნხენის ბაიერნში მოღვაწეობას დავასრულებდი. ამიტომაც ქვეცნობიერად კიდევ უფრო დეტალურად, უფრო ინტენსიურად და უფრო ყურადღებით ვმუშაობდი. როდესაც გამოიკვეთა, რომ ტრიპლის მოგება რეალობასთან ახლოს იყო, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა ჩემში. სტრესული ნამდვილად იყო, მაგრამ წნეხი? არანაირი. ეს წლების მანძილზე უკვე დამარცხებული მქონდა.``
--------------------
DFB.de
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=629...&type=1&theater