FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ ბასტიან შვაინშტაიგერთან.
- ბატონო შვაინშტაიგერ, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდით?
„გამიკვირდა. ამ წოდებით ვამაყობ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს მიუნხენის ბაიერნთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გუნდის წარმატებების გარეშე ამას ვერ მივაღწევდი. ეს ჯილდო ჩვენი გუნდისთვისაა.“
- თქვენი აზრით, რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი გასულ სეზონზე ასეთი კარგი თამაშისთვის?
„ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ გასული სეზონზე ჯანმრთელად ვიყავი. მარტის დასაწყისში კი მქონდა პრობლემები და შემდეგ ოპერაციაც დამჭირდა, მაგრამ თამაში შემეძლო. თუმცა მარტო ეს არ არის, მნიშვნელოვანი გუნდის თამაში იყო. წინა სეზონთან შედარებით რაღაც დეტალები შევცვალეთ, ამან კი ჩემთვის უფრო გაამარტივა იმის გაგება, თუ რა შემიძლია.“
- პირველად გახდით წლის საუკეთესო ფეხბურთელი - თითქმის 29 წლის ასაკში. თქვენი ნიჭის პატრონს უფრო ადრე არ უნდა მიგეღოთ ეს წოდება?
„ეს არ ვიცი. რთულია ამაზე ზეგავლენის მოხდენა. ამ ყველაფერს ყოველთვის კავშირი აქვს გუნდთან. ორი წლის წინ სამჯერ გავედით მეორე ადგილზე, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სეზონი ვითამაშეთ, მაგრამ ფინალი წავაგეთ. ერთი რამ კი ფაქტია, ამ წლებში ძალიან განვვითარდი.“
- ისე ჩანს, რომ წარმატებისთვის სხვებთან შედარებით ბევრად უფრო მძიმე შრომის გაწევა მოგიხდათ. საერთაშორისო ტიტულის მოსაგებად 2013 წლამდე ლოდინი მოგიწიათ, იგივე იყო საუკეთესო ფეხბურთელის წოდებასთან დაკავშირებითაც.
„ჩემს კარიერაში ხშირად იყო ცუდი მომენტებიც. მაგრამ ისე ვარ გაზრდილი, რომ არასოდეს ვნებდები, არამედ მუდამ დაბრუნებას ვცდილობ. მირჩევნია ავდგე, ვიდრე დაცემული დავრჩე. ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ გასულმა სეზონმა ასე გაგვაბედნიერა. თუ გავიხსენებთ, როგორები ვიყავით 2012 წლის ზაფხულში, აუცილებლად ასეთი წარმატებული წლის მოლოდინი შეუძლებელი იყო. თან ამას წლის საუკეთესო ფეხბურთელად არჩევაც რომ დაემატა, ეს ჩემთვის დიდი პატივია. სიამაყით მავსებს, თუნდაც გუნდის წარმატება ჩემთვის ყველაზე პირველ ადგილზე იდგეს.“
- რამდენად კავშირშია განვლილ სეზონთან ალიანც არენაზე თქვენს მიერ ძელს გარტყმული თერთმეტმეტრიანი ჩელსისთან მატჩში?
„რა თქმა უნდა, ეს ისეთი მოგონებებია, რომლებიც გწვავს. მაგრამ ჩემთვის ამ მომენტზე მეტად უფრო შემდეგ ნანახმა იმოქმედა, რამაც მომავალი სეზონისთვის უზომოდ დიდი მოტივაცია შემძინა. თანაგუნდელთა სახეები გასახდელში იმდენად სულისშემძვრელი იყო - ასეთი რამ არასოდეს მენახა. ამ ყველაფერმა მომავალი სეზონის მოსაგებად წარმოუდგენელი ამბიცია და მიზანსწრაფულობა შემძინა არა მხოლოდ მე, ჩვენ ყველას. ეს ყველგან შეიმჩნეოდა. განსაკუთრებით თამაშების წინ, მათ შორის ლონდონის ფინალზეც, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ისმოდა, მიუნხენში წაგებული ფინალის მოგონებებმა თავი იჩინა, გონებაში ტრიალებდნენ. ეს კი სუფთა მოტივაცია იყო. რასაკვირველია, სიამოვნებით ვიტყოდი უარს ჩელსისთან წაგებაზე, მაგრამ სწორედ ამისგან მივიღეთ ამდენი ძალა. ამ ყველაფერმა ძალიან გაგვზარდა.“
- 2012 წელს მიუნხენის ქუჩებში ავტობუსით მიდიოდით როგორც მეორეადგილოსანი, ახლა კი როგორც გამარჯვებული.
„ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. ეს გრძნობა, თასის ბოლოსდაბოლოს მიუნხენში ჩამოტანა, ენით აღუწერელი მომენტია. მთლიანად ეს ისტორია: ჩვენ ხომ თასი ლონდონელებს საკუთარი ხელიდან მივეცით, ერთი წლის შემდეგ კი ისევ ლონდონიდან დავიბრუნეთ. საოცრებაა. მაგრამ აივანზე სამი ტიტულით დგომა აქამდე არასოდეს განმიცდია. ეს ის მომენტია, რომელსაც სიამოვნებით გავიმეორებდი. მაშინ ვიფიქრე: რა მაგარია, ჩვენ რაღაც ისტორიული გამოგვივიდა.“
- რამდენად რთულია თქვენთვის ამ დონის შენარჩუნება?
„არის ერთი სიტყვა, რაც დიდ მოტივაციას მძენს: სრულყოფილება. მსურს, რომ ჩვენი და მათ შორის ჩემი თამაშიც სრულყოფილებასთან ძალიან ახლოს იყოს. გასულ სეზონზე ნამდვილად ჩავატარეთ ისეთი შეხვედრებიც, სადაც ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან, მაგრამ ასეთ დონეზე ხანგრძლივად თამაშია ჩვენი მიზანი. პერფექციონისტი მწვრთნელი გვყავს. აქედან გამომდინარე, წინაპირობები ნამდვილად გვაქვს.“
- ბოლო პერიოდში კმაყოფილების განცდა გქონდათ?
„კმაყოფილება? არ მიყვარს ეს სიტყვა. უფრო მეტად წარმატების მიღწევის სიხარული. ტრიპლი ხომ ისტორიული მოვლენაა და იყო ამის მონაწილე, ძალიან დიდი სიხარულით გავსებს.“
- იყო თუ არა გასულ სეზონზე კრიტიკული მომენტები?
„ეს იყო საკუთარ მოედანზე არსენალთან მატჩის ბოლო ხუთი წუთი. რიბერისთან ერთად მაღლა ვიჯექი ტრიბუნაზე, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 0:2 იყო, ერთი გოლიც და . . . ეს ხუთი წუთი იყო, როდესაც ძალიან ვინერვიულე და ვფიქრობდი, იმედია გამოგვივა. მხოლოს ეს მომენტი იყო, როდესაც ცუდი გრძნობა მქონდა, როდესაც შემეშინდა, რომ ტურნირს გამოვეთიშებოდით.“
- რა წვლილი მიუძღვის იუპ ჰაინკესს თქვენს თამაშში?
„მწვრთნელი შეფია. ის გვაძლევდა მითითებებს, რა უნდა გაგვეკეთებინა და გამოგვესწორებინა. ჰაინკესში ყველაზე მეტად მხიბლავდა მისი პიროვნულობა და ხასიათი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წარმატება უკვე მიღწეული ქონდა. იუპი სამაგალითოა და ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს.“
- ლონდონში ფინალის შემდეგ, მათიას ზამერი ძალიან შინაურულად გესაუბრებოდათ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
„მათიასი არსებით როლს თამაშობს, თუნდაც უკანა პლანზე იდგეს და არ ჩანდეს. მასთან ძალიან კარგი საუბრები მაქვს. ისეთ დეტალებს ხედავს, რასაც სხვა ყურადღებას არც მიაქცევს. სიტუაციას კარგად აღიქვამს, კარგად ესმის სხვადასხვა დეტალი, როგორიცაა მაგალითად ლიდერის სტილი, რას ეფუძნება ეს. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. აუცილებლად ზუსტი დაკვირვებაა საჭირო იმ საკითხებზე, რომლებზეც გესაუბრება.“
- თამაშში რეფლექსებიც საჭიროა. . .
„დიახ, რასაკვირველია. ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე ბურთის გორება არ არის, გონება დიდ როლს თამაშობს. ზოგიერთი მატჩის შემდეგ ფეხებზე მეტად, თავი გტკივა. ხშირად ამ დროს გონება ცარიელია. ამ დროს ძალიან კარგია, როდესაც ზამერისნაირი მოსაუბრე გყავს, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე გამოცადა და ზოგიერთ სიტუაციას წინასწარ პროგნოზირებს კიდეც.“
- გუნდისთვის ერთგვარი გამაფრთხილებელი ხომ არ ხართ?
„შეიძლება ზოგიერთ სიტუაციაში თავისუფლად ვიქცევი, მაგრამ როცა საჭიროა ფოკუსირებული და სერიოზული ვარ. მიყვარს, როდესაც ადამიანები სწრაფად ფიქრობენ და სწრაფად მოქმედებენ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვას ორი-სამი ნაბიჯით უსწრებენ. ეს მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ადვილად არ გამოდის. ამიტომაც ზოგჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო, მაგრამ ასეთ მომენტში გუნდში ამოსავალი წერტილი ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს.“
- ტრიპლის გამარჯვებულს მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მიზანი უნდა ქონდეს, თუ . . .?
„ჯერ ბაიერნთან ერთად ძალიან კარგი სეზონისთვის ვემზადები. ყველა ტიტულის დაცვა მსურს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იფიქრო. რა მოხდება მომავალ ზაფხულს? რასაკვირველია ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. “
- რომელიც ჩემპიონატზე ფავორიტის როლში იქნება.
„ნამდვილად გვაქვს იმის ხარისხი, რომ ბრაზილიაში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ. მაგრამ ასეთ ტურნირზე ასპარეზობა მარტივი არ არის, მითუმეტეს სამხრეთ ამერიკაში.“
- უფრო შემტევად ხომ არ უნდა მივუდგეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგების მოთხოვნას? ნაკრებს ბაიერნის „Mia-san-mia“-ს მენტალიტეტი ხომ არ წაადგებოდა?
„როდესაც მოედანზე გამოვდივარ, რასაკვირველია მოგება მსურს, ისევე, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე. 1998 წლიდან ბაიერნში ვარ და სადაც არ უნდა ვთამაშობდე, ნებისმიერი მატჩის ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტა მინდა. ასევეა ნაკრებშიც. მაგრამ ვიცი ისიც, რომ სხვა ქვეყნის ნაკრებებსაც კარგი ხარისხი გააჩნიათ ტიტულის მოსაგებად.“
- ნაკრების პასუხისმგებელი პირები ცოტა თავშეკავებულები არიან.
„შეიძლება ჩემთვის სხვანაირად ვფიქრობ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ასეთი ტურნირის მოგება რთულია. ახლო წარსულში კარგად ვასპარეზობდით, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვაკლდა. მაყურებელს ჩვენი თამაში სიამოვნებას ანიჭებდა, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ტიტულსაც მოვიგებთ, ეს რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნება.“
- რამდენად გაოცებთ ვარჯიშის დროს გუარდიოლას პირდაპირი და ღია ახსნა-განმარტებები?
„ძალიან შთამბეჭდავია. როდესაც ვუყურებ, როგორ ხსნის დეტალებს, რას აქცევს ყურადღებას: ძალიან, ძალიან უღრმავდება ყველაფერს. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის კარგია. ძალიან დიდი და კარგი კადრი გვყავს. მისთვის გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არ იქნება, ადვილი არ იქნება არც ფეხბურთელებისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიყოთ წარმატებულები.“
- შეგიძლიათ უკეთესები გახდეთ?
„პეპ გუარდიოლამ საკუთარი ფილოსოფია განავითარა და ცდილობს ის ბაიერნის ფილოსოფიას შეერწყას, ეს კი იდეალია. კონკრეტულ სიტუაციებში საკუთარი წარმოდგენები აქვს და ჩვენ ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ის კმაყოფილი იყოს. რასაკვირველია ფილოსოფია ჯერ უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს კარგად ვიგებთ და შეგვიძლია ეს ფილოსოფია ჩვენში განვავითაროთ.“
- და ბოლოს, რა იყო გასული სეზონის ყველაზე დიდი მონენტი?
„საბოლოო სასტვენის ხმა ბერლინში გერმანიის თასის ფინალის შემდეგ. მაშინ გაირკვა, რომ ტრიპლის მფლობელები ვიყავით. ერთი კვირით ადრე ლონდონში ჩემპიონთა ლიგის მოგება ვიზეიმეთ, მაგრამ ცოტა თავშეკავებულად, ბერლინში კი სულ სხვა იყო. ისტორიული მომენტის მიღწევა ჩვენი დიდი მიზანი იყო. ეს არის უკვდავი გამარჯვება.“
----------------------------------------------
Kicker, 29.07.2013./ MOUNIR ZITOUNI
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=611...&type=1&theater