FC Bayern Geo Fans
მის სიტყვას წონა აქვს: Kicker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კარლ-ჰაინც რუმენიგე ახალ სეზონზე, ბაიერნის ახალწვეულებზე, პეპ გუარდიოლას პასუხისმგებლობასა და დორტმუნდის ბორუსიაზე საუბრობს (ნაწილი I).
- ბატონო რუმენიგე, როგორია სეზონის წინ განწყობა, როდესაც გრძნობ, რომ ტრიპლის გამეორებას ვერ შეძლებ?
„საკმაოდ მშვიდი. რადგან არ ვფიქრობ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გავიმეოროთ. 40 წელზე მეტია ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ვიცი: 1 ივლისს საათი ყოველთვის ნულზე ყენდება. ახლა ახალი მიზნები გვაქვს: გერმანიის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობა. ეს ავტომატურად ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგებას არ უნდა ნიშნავდეს. ბარსელონას სახით ნათელი მაგალითი გვაქვს. ბოლო ექვსი წლის მანძილზე მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდნენ და 2006 წლიდან სამჯერ მოიგეს. ჩემთვის ეს სამაგალითოა - ასეთ შემთხვევაში უკვე საუკეთესო ხარ. რაც შეეხება ბუნდესლიგას: მაღალკვალიფიციური კადრი და ასეთივე დონის მწვრთნელი გვყავს. საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი, რომ გერმანიის ჩემპიონობა შეგვიძლია, რადგან ყოველთვის ვამბობ: ეს ყველაზე საპატიო ჯილდოა!“
- გერმანიის ჩემპიონატის მოგებით ბაიერნისთვის სეზონი წარმატებულად ჩაითვლება?
„დიახ. ეს მოგვეთხოვება. ბაიერნმა ეს დაბრკოლება უნდა გადალახოს, რადგან აშკარაა, რომ ისეთი კლუბები, როგორიცაა დორტმუნდი, შალკე ან ლევერკუზენი აუცილებლად იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. ფეხბურთი ხომ ემოციაა - შესაბამისად ჩვენც დაინტერესებულები ვართ, რომ ემოციური ბუნდესლიგა მივიღოთ.“
- ბარსელონა სამაგალითოდ დაასახელეთ. როდესაც ბაიერნმა ტრიპლი მოიგო, შეიძლება რომ მას ვინმე ყავდეს მისაბაძი?
„ყოველთვის არიან კოლეგები ან კლუბები, რომლებიც გარკვეულ სფეროში შეიძლება სამაგალითონი იყვნენ. მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედი დაფინანსების ახალ გზებს მიმართავს, უფრო აგრესიულად, ვიდრე ჩვენ, გერმანიაში - ამას ზუსტად უნდა დააკვირდე. ჩემი აზრით, ევროპაში 10-12 კლუბია, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობა შეუძლიათ. პირველ რიგში ინგლისელებს, რომლებიც გასულ სეზონზე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს, სურთ პრემიერ ლიგის დომინირება დაიცვან. რასაკვირველია, ესპანელებიც, ბარსელონა და რეალი, რომლებსაც ნამდვილად არ მოეწონათ ნახევარფინალიდან გავარდნა. პარი სენ-ჟერმენიც ახალი ტრანსფერებით გაძლიერდა, ტურინის იუვენტუსი საკმაოდ ამბიციურად შეუდგა მუშაობას. გერმანული კლუბები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ასპარეზობა იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე იყო.“
- მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნს უმაღლესი ხარისხი აქვს?
„კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ, განსაკუთრებით ტიაგო და გიოტცე. მაგრამ, მიუხედავად ამისა ვიცით, ნამდვილად არ ვიქნებით ერთპიროვნული ლიდერები. წარმატებული სეზონის, ახალი ფეხბურთელებისა და ცნობილი მწვრთნელის მოსვლით კიდევ უფრო გაზრდილ წნეხს მშვიდად და დამაჯერებლად უნდა გავუმკლავდეთ.“
- ტრიპლის მოგებით ბაიერნმა იმიჯისა და მომხიბვლელი ფეხბურთის თვალსაზრისით მაქსიმუმს მიაღწია. ახალი მწვრთნელი კი მოსამზადებელ პერიოდში ბევრ ცდას ატარებდა, რასაც თქვენ მიესალმებოდით. სად არის ზღვარი, როდესაც ასეთი მცდელობა შესაძლოა სარისკო გახდეს?
„ძალიან მიყვარს კომპეტენტურობა. ჩემი აზრით, ყველაზე სულელურ შეცდომას მაშინ დავუშვებთ, თუ ამ მწვრთნელის კომპეტენციას არ მივენდობით. მან აქამდე უკვე დაამტკიცა, რომ მისი იდეები აბსოლუტურად მაღალკვალიფიციურია. რამდენიმე დღის წინ რუდი ფიოლერმა დაიჩივლა, რომ ბაიერნი ყველას გაანადგურებს. ამის შემდეგ სუპერ თასზე 2:4 დავმარცხდით და თავად შევიტანეთ დიდი წვლილი ამ მარცხში. მოდი ასე ვთქვათ: ჩემთვის გადამწყვეტი არის თამაში. დორტმუნდთანაც - ეს იყო ყველა დროის საუკეთესო სათასო შეხვედრა. ეს ხომ საოცარია. ნამდვილად არ მინდა შეფასებებში მხოლოდ თეთრიდან შავზე გადავხტე ან პირიქით. ამ დიდ აჟიოტაჟს მშვიდად უნდა უყურო.“
- კიდევ რა უნდა დახვეწოს გაურდიოლამ?
„ყოველთვის არის დეტალები, რომელთა გაუმჯობესება და დახვეწა შესაძლებელია, მითუმეტეს ახალი მწვრთნელის მოსვლის შემთხვევაში. ცოტა ხნის წინ ჩვენს კაპიტან ფილიპ ლამთან მქონდა საუბარი. ჩემს შეკითხვაზე, როგორ მიდის ყველაფერი, მან მიპასუხა: ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მაშინ ვიფიქრე: სწორედ ის არის, რაც გვსურდა: როდესაც ასეთი დიდი წარმატების შემდეგ უკან აღარ იხედები და არ ფიქრობ: ყველაფერი გამოგვივიდა და მოდი, ახლა ამ შედეგით დავტკბები მთელი წლის მანძილზე. ახალი მწრვთნელის მოსვლით და განხორციელებული ტრანსფერებით გამოწვეული წნეხის პირობებში ამის საფრთხეს ვერ ვხედავ.“
- ზეწოლას მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი აძლიერებს. მიუნხენის ბაიერნში ეროვნული ნაკრების 18 ფეხბურთელია, რომელთაც მსოფლიო ტურნირზე ასპარეზობის სურვილი აქვთ. ეს პრობლემას არ შექმნის?
„რასაკვირველია, ყველა ფეხბურთელს სურს ბრაზილიაში გამგზავრება. მსოფლიო ჩემპიონატი ნებისმიერი ფებხურთელის მიზანი უნდა იყოს. ვფიქრობ, წინა წელს უკვე დავამტკიცეთ, რომ მსგავ სიტუაციებთან გამკლავება საკმაოდ ღირსეულად და წესრიგით შეგვიძლია. სწორედ ამას მოვითხოვთ ფეხბურთელებისგან, მათგანაც, ვისაც ზოგჯერ თამაში არ უწევს. პირადად მეც ამას ვითხოვ მათგან. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები იქნება.“
- შემდგომ ტრანსფერებს გამორიცხავთ?
„არავის აღარ შევიძენთ. ახლა ისეთი კადრი გვყავს, როგორიც გვსურდა. ტიაგოსთან ერთად გიოტცეც შეგნებულად მოვიყვანეთ, რადგან მას გერმანიასა და ევროპაში დიდ ტალანტად ვთვლით. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მისი თამაშით დიდ სიამოვნებას მივიღებთ. ტიაგოს შემთხვევაში გამოჩნდა, რომ მწრვთნელის მიერ კარგი გადაწყვეტილება იყო. მისი მოსვლა ტაქტიკური და საფეხბურთო თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს, რადგან ის ისეთ ელემენტებს ფლობს, რაც მიუნხენის ბაიერნში მანამდე არ იყო.“
- ბაიერნისთვის ეკონომიკურადაც კარგი წელი იყო. საუბარია 500 მილიონიან გაყიდვებზე.
„არა. ეს ამ მომენტისთვის შეუძლებელია. მართალია, მუდმივად წინ მივდივართ, მაგრამ არის სფეროები, სადაც იმაზე მეტს ვეღარ მოუმატებ. საბედნიეროდ უკვე რვა წელია ალიანც არენა ყველა თამაშის დროს ბოლომდე სავსეა. ამაზე მეტი არ გამოვა. მარკეტინგული თვალსაზრისით რეკორდული წელი გვქონდა. რაც შეეხებათ სპონსორებს, როგორც ადრე, ახლაც კარგ გზას ვადგავართ. მაგრამ რეალის და ბარსასნაირად ნახევარი მილიარდის გაყიდვები ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ისინი 100 მილიონ ევროს მარტო ეროვნული ტელემაუწყებლებისგან იღებენ. თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან გაყიდვები არ არის გადამწყვეტი კრიტერიუმი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვასრულებდეთ ფინანსური სამართლიანობის კრიტერიუმებს - ეს კი ბაიერნში, ისევე როგორც დორტმუნდში, ძალიან მაღალ დონეზეა.“
- მაგრამ გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 400 მილიონ ევროს ხომ მაინც მიაღწია?
„დაახლოებით მაგდენია, ზუსტი ციფრი ჯერ არ ვიცით. 400 მილიონი ადრე არასოდეს გვქონია.“
- ასეთი შემოსავლით სტადიონის გაფართოებასაც შეძლებთ.
„მაგრამ ამას არ გავაკეთებთ. თავიდან ამის სურვილი ფრანც ბეკენბაუერმა გამოთქვა და 100 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის საკითხი დააყენა განსახილველად.“
- ნამდვილად საამაყო იქნებოდა!
„დიახ! შესაძლოა ეს საკითხი განგვეხილა კიდეც მიუნხენ 1860-ს რომ ვეტო არ დაედო რომლებმაც თქვეს, რომ დასაწყისში 68000 მაყურებელზე გათვლილი არენაც კი დიდი იქნებოდა მათთვის. თანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი არანორმალურად დიდი იქნებოდა, 50%-მდე ავიდოდა. მარტო დღევანდელი ზომის და სტრუქტურის სტადიონი 345 მილიონი ევრო დაჯდა. ასე რომ, სამოციანელებმა ამ იდეას თავიდანვე მიუხურეს კარი.“
- როდის იქნება სტადიონი ბოლომდე გამოსყიდული? 2018-ში?
„ამის მოგვარება მოკლე დროში შეგვიძლია, ყოველ შემთხვევაში იმაზე უფრო სწრაფად მივიწევთ წინ, ვიდრე დაგეგმილი იყო. თავიდან გათვლილი იყო 2025 წლისთვის, მაგრამ სავარაუდოდ 5 წელიწადში არენა ჩვენი იქნება.“
- შემდეგ ბაიერნს უფრო მეტი გადასახადის გადახდა მოუწევს.
„გადასახადებს ყოველთვის ისედაც ბევრს ვიხდიდით. ბაიერნი ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტ გადასახადს იხდის.“
- გჯერათ, რომ მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნის მოთამაშე გახდება?
„გახდება თუ არა ამ წოდების მატარებელი ბავარიელი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამჯერად არის ბუნდესლიგის ფეხბურთელის დაჯილდოვების შანსი. 1996 წელს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მათიას ზამერმა მიიღო მას შემდეგ გერმანელი არ არჩეულა. ვფიქრობ, ბაიერნი უკვე საკმაოდ ცნობილია, ეს კიკერ-ის მიერ ჩატარებულ არჩევნებშიც გამოჩნდა, სადაც ბაიერნის ხუთი ფეხბურთელი წამყვან პოზიციაზე იმყოფება. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მისაღებად კი მომავალ თვეებშიც კარგი თამაშია საჭირო. მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელმა ეს წოდება ნამდვილად დაიმსახურა. შესანიშნავი სეზონი ვითამაშეთ და ბევრმა ფეხბურთელმა დიდებული შედეგი აჩვენა.“
- თქვენი ბევრი ფეხბურთელი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, სწორედ ახლა ნაკრებში მიუნხენელთა და დორტმუნდელთა ბლოკია. არ ფიქრობთ, რომ ეს სწორედ ის თაობაა, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამაყად უნდა გაემგზავროს: ან ახლა, ან არასოდეს?
„იოახიმ ლიოვს ამაზე უკეთესი რა უნდა მოსვლოდა, როდესაც ბუნდესლიგის ორი წამყვანი გუნდის ფეხბურთელები ყავს ამხელა საერთაშორისო გამოცდილებით. ეს ორი გუნდია, რომელიც ევროპაზე შესანიშნავად წარმოგვაჩენს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც თავმდაბლად უნდა წახვიდე, ნაცვლად წინასწარ ტრაბახისა: ჩვენ ჩემპიონები გავხდებით! ბრაზილიელები ყველაფერს გააკეთებენ საკუთარ ქვეყანაში ჩემპიონატის მოსაგებად. მაგრამ: გერმანიის ნაკრებს აქვს ტიტულისთვის ბრძოლის ხარისხი, განსაკუთრებით ახლა, დორტმუნდის და ბაიერნის დონის გაერთიანებით. ჩვენ არ გვსურს იმის თქმა: მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით. უმჯობესია ვთქვათ: გვსურს, რომ გავხდეთ.“
- ეყოლება თუ არა გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატამდე სპორტული დირექტორი, ან ჭირდება კი საერთოდ?
„სპორტულ დირექტორთან დაკავშირებული განხილვები კარგად ვერ გავიგე და საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ არის საერთოდ ნაკრებში ორი სპორტული დირექტორი - ერთი პროფესიონალთა ნაკრებისთვის და მეორე - ახალგაზრდული განყოფილებისთვის. ბუნდესლიგის კლუბებში მხოლოდ ერთი სპორტული დირექტორია. რატომ არ შეიძლება, ნაკრებშიც რომ ერთი იყოს?“
- იქნებ იმიტომ, რომ იქ ნაკლები ანაზღაურებაა?
„არ მგონია. მაგრამ: ეს თანამდებობა ნაკრებში ისეთი შრომატევადი არ არის, რომ ერთი პიროვნება ვერ გაუმკლავდეს.“
- დავუბრუნდეთ ბუნდესლიგას: როგორია თქვენი ურთიერთობა ვათცკესთან - დაპირისპირება გრძელდება?
„არა, საერთოდ არა. შვებულების პერიოდში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ კონკურენტები ვართ. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ არის განსხვავებული ინტერესები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე პატივს ვცემთ ერთმანეთს. ბოლო წლებში დორტმუნდი ძალიან წარმატებული იყო, მართლა კარგად მუშაობენ. მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ 2004 წელს, როდესაც თითქმის გაბანკროტებულები იყვნენ. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოს. ვფიქრობ, იგივეს განიცდიან ისინი ჩვენი მისამართით.“
- მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში იქნება თუ არა ლევანდოსკის საკითხზე საუბარი?
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დორტმუნდის ბორუსიას შეუძლია. მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩემთვის უკვე გასაგები იყო. ჩემთვის რთული წარმოსადგენია 180 გრადუსით შეაბრუნო ნათქვამი, როდესაც აცხადებ: ფეხბურთელს შეუძლია სადაც უნდა იქ გადავიდეს, შემდეგ ამას ცვლი. დორტმუნდის კომენტარი ცალსახა იყო. ამასაც პატივი უნდა ვცეთ.“
- სარისკო კურსის არჩევის გამო დორტმუნდი ლამის გაკოტრდა. ზოგიერთი გერმანული კლუბი ეკონომიკურად საკმაოდ რისკიან გზას ადგას გასაძლებად. ეს შემაშფოთებელი არ არის?
„არა. ვფიქრობ, ბევრი ჩემი კოლეგა იძულებულია ინვესტიცია ჩადოს. ორმხრივი წნეხია: ერთის მხრივ მედიის და გულშემატკივრის მხრიდან, რომ გუნდი გაძლიერდეს, მეორეც - ევროტურნირებიდან მოსალოდნელი შემოსავალი, უფრო სასურველი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაა, რათა მიღებული მაღალი შემოსავალი ისევ კადრებში დააბანდო. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი კრიტერიუმი შანსისა და რისკის ერთობლივი დაბალანსებაა. სისულელე არ უნდა ჩაიდინო. რასაკვირველია, შესაბამისი ტრანსფერის განხორციელება შეზღუდული რაოდენობის თანხით ვერ მოხერხდება. ზოგიერთი კლუბისთვის ძალიან რთულია არსებული ბიუჯეტით კადრის ფორმირება. “
- ბრემენის ვერდერი წლების მანძილზე იყო ბაიერნის დიდი კონკურენტი. როგორ უნდა დაუბრუნდეს ასეთი კლუბი სათავეს? უფსკრული ხომ უფრო და უფრო იზრდება?
„ყველაზე ეფექტური საშუალება ნებისმიერ კლუბში ახალგაზრდული განყოფილებაა. მართალია, ტიაგოსა და გიოტცეს ტრანსფერში დიდი თანხა გადავიხადეთ, მაგრამ კლუბში გვყავს 8 თუ 9 ჩვენივე აღზრდილი ფეხბურთელი. ლამი თუ შვაინშტაიგერი, მიულერი, ბადშტუბერი ან ალაბა. გერმანიაში ამ სფეროში კარგად მუშაობენ. ყველა კლუბში ამას უკვე დიდი პრიორიტეტი ენიჭება. დარწმუნებული ვარ, მომავალ ათ წელიწადში უფრო შედეგიანები ვიქნებით ამ სფეროში, ვიდრე გასული ხუთი წლის განმავლობაში.“
- ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია. ბუნდესლიგაზე ფეხბურთელთა საშუალო ასაკმა 25,33 წლამდე დაიწია. უფროსები, მაგალითად 26 ან 27 წლისები უკვე ახალგაზრდების წნეხის ქვეშ ექცევიან.
„ეს სასურველია. მაგრამ ასაკი კრიტერიუმი არ არის. ჩვენთან ახალგაზრდა ფეხბურთელი ავტომატურად ძირითად ადგილს ვერ მიიღებს, არც უფრო ასაკიანი ფეხბურთელი იგზავნება მაშინვე პენსიაზე. ყოველთვის არის კრიტერიუმი: მოედანზე. ეს ოტო რეჰაგელმა თქვა.“
- ასეთი შემოსავლის პირობებში ბუნდესლიგაზე ოპტიმიზაციის შესაძლებლობას ხედავთ? წარსულში ამ საკითხზე ბევრს საუბრობდით.
„უნდა ითქვას, რომ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან კარგად იმუშავა, შემოსავალი 50%-ით გაიზარდა. ეს შექებას იმსახურებს. თავადაც შურით ვუყურებდით ადრე იტალიელებს, რომლებიც ეკონომიკურად დაბლა იყვნენ და მაინც მილიარდი მიიღეს. მაგრამ ჩვენც მატება გვაქვს - დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგაც მიაღწევს იმ ეტაპს, როდესაც მისი შემოსავალი მილიარდზე ავა. თუნდაც იმიტომ, რომ Sky კარგად განვითარდა. გერმანიაში სატელევიზიო გადახდა მართლა არ იყო შესაბამისად განვითარებული. ახლა კი საბედნიეროდ აღმავლობის გზაზეა. შეხედეთ ინგლისს ან იტალიას, საფრანგეთს. რაც შეეხება განაწილებას, სიმართლე გითხრათ, გერმანიაში ყველა კლუბი ძალიან სოლიდარულად ურთიერთობს ერთმანეთთან. ბოლო პერიოდში შევხვედრივარ ესპანეთის სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებს, რომლებიც დეტალურად აკვირდებიან გერმანულ სისტემას და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ გერმანიაში მართლაც ძალიან კარგი ურთიერთობებია.“
- გერმანიის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. მიუნხენის ბაიერნის ქალბატონები ბუნდესლიგაზე ასპარეზობენ. ვოლფსბურგის ტრიპლი არ უნდა გაიმეორონ? ან რას იტყვით კალათბურთზე?
„ჩვენი ქალბატონები ლიგაზე მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ეს კარგია. ქალთა შორის ჩემპიონობა აუცილებელი არ არის. ამ შემთხვევაში იგივე ძალისხმევა მოგვიწევს, როგორიც კალათბურთში ან მამაკაცთან ფეხბურთში. ეს განსაზღვრული არ გვაქვს. ქალთა ბუნდესლიგაზე მაკლია ის, რომ ეს უფრო სუბსიდიური ბიზნესია. საშინაო შეხვედრებზე 150 მაყურებელი გვყავს ხოლმე. რაც შეეხება ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ის ძალიან კარგად არის განვითარებული და წარმატებასაც აღწევს. ყველაფერი, რაც ქალთა ლიგას ეხება, როგორც გითხარით სუბსიდიურია. მაგრამ: ჩვენ მივდევთ მას და ვაღიარებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრიპლის გამარჯვებული ვოლფსბურგი უნდა ჩავანაცვლოთ. “
- გასულ სეზონზე ულტრასების გამო ლიგაზე დიდი აურზაური იყო. დამშვიდდა თუ არა სიტუაცია თუ კვლავ დაპირისპირებაა?
„ვფიქრობ, ულტრასები არასოდეს დამშვიდებიან. ამ შემთხვევაში კლუბი სპეციფიურად უნდა მიუდგეს რადიკალურად განწყობილ გულშემატკივარს და მათთან ურთიერთობის ჭკვიანური მოდელი შეიმუშაოს. მართალია, ულტრასებს ერთი საერთო ხაზი აქვთ, მაგრამ მათ შორის განსხვავება მაინც არის, მაგალითად ფრანკფურტელები განსხვავდებიან მიუნხენელებისგან. ულტრასებს არასოდეს მოსწონთ კლუბის მხრიდან მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები. მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთი კომერციის გარეშე უკვე შეუძლებელია. მათ საკუთარი ხედვა აქვთ და საკუთარ წესებში არიან მოცეულნი. მიუნხენის ბაიერნმა 200 000 ევრო ჯარიმა გადაიხადა გასულ სეზონზე ულტრასების მიერ პიროტექნიკის გამოყენების გამო. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები კი არ ვართ, ამ მხრივაც რეკორდი მოვხსენით. ვფიქრობ, იმ 200 000 ევროს უფრო დიდი სიამოვნებით გადავრიცხავდით საქველმოქმედო მიზნებისთვის.“
-----------------------------------------------
Kicker, 05.08.2013.
JEAN-JULIEN BEER და RAINER FRANZKE
Katerina Bayern
P.S. ინტერვიუს მეორე ნაწილი გამოქვეყნდება შემდეგ ნომერში, სადაც რუმენიგე ბლატერზე, პლატინისა და ყატარზე საუბრობს.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=615...&type=1&theater