FC Bayern Geo Fans
Sport Bild-ის ჟურნალისტის მონიკა ლირჰაუზის ინტერვიუ მათიას ზამერთან.
- ბატონო ზამერ, როგორც ფეხბურთელობის, ასევე მწვრთნელობის პერიოდში ჩემპიონი გახდით. ეს დღემდე ძალიან ცოტამ თუ მოახერხა - ხომ არ იცით რამდენმა?
„რასაკვირველია, ფრანც ბეკენბაუერმა, ჰაინკესმა. კიდევ . . . უნდა გავიხსენო . . . ჰელმუტ ბენტჰაუზი, ტომას შააფი და ფელიქს მაგათი. ისინი გახდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, გერმანიისა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები. “
- სპორტული დირექტორის რანგში კი პირველად გახდით ტრიპლის მფლობელი. ბაიერნში თქვენი მისია უკვე შესრულებულია?
(იცინის) „არა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი ბაიერნისთვის მართლაც დაუჯერებელი იყო. მაგრამ ამის გარდა კიდევ გვაქვს ოცნებები. “
- ხომ ვერ გაგვიმხელთ რა?
„როგორც ფეხბურთელს, მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს მქონდა ბედნიერება გავმხდარიყავი ჩემპიონი, როგორც ფეხბურთელი და სპორტული დირექტორი გავხდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ფეხბურთელის რანგში ვიყავი ევროპის ჩემპიონი მაგრამ არა სხვა ფუნქციით. სადაც ვარ, ყოველთვის ვცდილობ წარმატებული ვიყო.“
- მწვრთნელად ყველაზე დიდხანს ბორუსიაში იმუშავეთ (2000-დან 2004-მდე). სუპერთასზე მარცხი მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით მტკივნეული არ იყო?
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს ზედმეტი იყო. თუ 2:4-ს გავაანალიზებთ, სადღაც ნორმალურიცაა: დორტმუნდში ისევე მიმდინარეობს ყველაფერი, როგორც წინა წლებში. ჩვენ კი ახალი მწვრთნელი გვყავს, გვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი. ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში ვიმყოფებით. მწვრთნელს დრო ჭირდება. ნამდვილად იყო რამდენიმე ფაქტორი, რაც ამ მარცხს ხსნის.“
- ამით კი ერთმა ტიტულმა უკვე ჩაიარა?
„მართალია, ერთი დავთმეთ. მაგრამ ახლა საკმარისია. ჩვენ ისევ ტრიპლის გამეორება გვსურს. ამას დამატებული ევროპის სუპერთასი და კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი. გამოგვივა თუ არა, სხვა საკითხია.“
- როგორ უნდა მოხდეს ტრიპლის მფლობელების მოტივირება? ამისთვის დორტმუნდთან მარცხი საკმარისია?
„მოტივაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ვერ ვიგებ: ახლა ყველაფერი ნულიდან იწყება. თუ ჩვენ არ გვაქვს წარმატების სურვილი და ამბიცია, მაშინ ბაიერნისთვის მუშაობას არ ვიმსახურებთ. თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურად უნდა გასცეს შეკითხვას პასუხი, არის თუ არა მზად ამ ვალდებულების შესასრულებლად.``
- ვინ იქნება ახალ სეზონზე ყველაზე დიდი სიურპრიზებით სავსე გუნდი?
``ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით - კონკრეტულად კი სტაბილურობის თვალსაზრისით. გვსურს მივაღწიოთ იმას, რაც ევროპაში არავის გამოსვლია: ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოგება. გვსურს, კიდევ უფრო გავძლიერდეთ, ამიტომაც ვერ ვიგებ ამ განხილვებს თვითკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია: ხელების დაკაპიწება და მუშაობა!``
- ყველა „ზე-ბაიერნზე“ საუბრობს. ხომ არ მოახდენს ეს გუნდზე უარყოფით გავლენას?
„ჩვენი გზით სვლა უნდა გავაგრძელოთ და არავის გამო არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ჯერ გაცნობის პროცესში ვართ, მაგრამ უკვე შედეგებიც უნდა დაიდოს. შეიძლება მიმდინარე პროცესების დროს კიდევ იყოს ხარვეზები, მაგრა: ახლა აღარ იქნება ალიბი ან თავის მართლება. შესაბამისი შედეგი უნდა ვაჩვენოთ.“
- იუპ ჰაინკესისა და პეპ გუარდიოლას მუშაობას შორის განსხვავებების დანახვა უკვე მოახერხეთ?
„ამას თავიდან ვერ ავიცილებთ! როდესაც იუპ ჰაინკესი გავიცანი, ის უკვე გამოცდილი მწვრთნელი იყო. გუარდიოლა კი მხოლოდ მეექვსე წელია ამ პროფესიით მუშაობს. თანაც აქამდე უცხოეთში მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. ამას ემატება განსხვავებული წარმოდგენები, საფეხბურთო იდეები, ასაკობრივი სტრუქტურა - თუმცა განსხვავება მხოლოდ ნიუანსებშია. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მწვრთნელი განსხვავებულია. თუმცა, ჩემი აზრით, პეპსა და ჰაინკესს შორის განსხვავება არც ისე დიდია, როგორც ამაზე საუბრობენ.“
- როგორ განსაზღვრავთ თქვენს როლს მწვრთნელის გვერდით?
„მწვრთნელი გუნდის გაძღოლაზე, მის გამყარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე აგებს პასუხს. ამ მომენტისთვის ჩემი ფუნქცია მხოლოდ ის არის, რომ ეს პროცესები კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე წარმატებით დაინერგოს და განვითარდეს. იყო შემთხვევევი, როდესაც გუნდი და მწვრთნელი ერთმანეთს ესაუბრობოდნენ - მიუხედავად ამისა, გასხნავებულად ფიქრობდნენ. ისე უნდა გავაკეთო, რომ მსგავსი რამ ჩვენთან არ მოხდეს. მაგალითად, შეიძლება საუბარი იყოს პოზიციებზე სისტემაში. კიდევ ერთი, რაც მნიშვნელოვანია, საქმე და წარმატება უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. გასულ სეზონზე ეს კარგად მოვახერხეთ. “
- ხომ არ მოგწევიათ ფეხბურთელებისთვის იმის ახსნა, რატომ უნდა თქვან უარი გასულ სეზონზე ასეთ წარმატებულ ორსაყრდენიან სისტემაზე?
„რას შეეხება ამ შეკითხვას: ამ თემაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ. პეპ გუარდიოლას გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ.“
- სისტემის შეცვლაში რისკს ვერ ხედავთ?
„ვინც ცვლილებებს რისკის გარეშე უყურებს, ის მეოცნებეა. მწვრთნელის შეცვლით განპირობებულ ცვლილებებს გაგებით და თანაც მგრძნობიარედ უნდა მივუდგეთ და ყურადღება მივაქციოთ, რომ ყველამ თავისი საქმე საერთო წარმატების მიღწევის სურვილით აკეთოს.“
- ბოლოს განიხილავდნენ იმ საკითხს, ჭირდება თუ არა ბაიერნს ძირითადი შემადგენლობა . . .
„სავსებით გასაგები რომ იყოს: ჩვენ არ გვყავს მხოლოდ 10 ძირითადი ფეხბურთელი! როგორ უნდა ისაუბროთ ამაზე და შემდეგ კიდევ თქვათ: ჩვენ ერთი გუნდი ვართ? წინა წელს ეს ყველაფერი მშვენივრად ავხსენით.“
- თქვენი შეხედულება ული ჰიონესისას არ ემთხვეოდა, რომელიც ითხოვდა ხუთ, ექვს ძირითად ფეხბურთელს.
„ვიცი, რაც ულიმ იგულისხმა, კონკრეტულად კი - გუნდში სპორტული პროცესებისა და ავტომატიზაციის არსებობა. ამ საკითხს მეც ასევე ვუყურებ. მაგრამ როდესაც ამასთან ჩვენი ფეხბურთელების ხარისხზე ვსაუბრობთ, დაუშვებელია მათი დაყოფა ძირითად და სათადარიგო ფეხბურთელებად. ჩვენ ნაკრებში მოთამაშე 18 ფეხბურთელი გვყავს - ეს კი მომავალ 11 თვეზე გაწერილი წარმოუდგენლად დიდი პროგრამაა.“
- შეიძლება ორსაყრდენიანი სისტემა დაბრუნდეს?
„ამ კითხვის ადრესატი მე არ ვარ. ზოგჯერ მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე ვიგებ ძირითადი შემადგენლობის შესახებ. მე მხოლოდ ერთი რამის ცოდნა მაინტერესებს: მინდა ვიცოდე, რომ მწვრთნელი და გუნდი ერთმანეთთან კარგად ურთიერთთანამშრომლობენ.“
- ბოლოს ტიაგო ექვსიანზე თამაშობდა. როგორ მოგეწონათ ესპანელი ამ პოზიციაზე?
„არ ვიცი, იქნება თუ არა ის მუდამ ექვსიანზე, როგორც ამას თქვენ გულისხმობთ. ჩვენი მწვრთნელი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც გუნდისთვის საუკეთესო იქნება. ბევრი ფეხბურთელი გყვავს, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ: ბასტიან შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო, ტონი კროოსი, იან კირხჰოფიც. ეს ფეხბურთელები ან ტრავმირებულები იყვნენ, ან ვარჯიში გვიან დაიწყეს. ტიაგოს კი ამ პოზიციაზე ბევრის გაკეთება შეუძლია. ამიტომაც დააყენა მწვრთნელმა იქ. მაგრამ მას რვიანზე და შემტევ ნახევარმცველად თამაშიც შეუძლია.“
- ტიაგო გუარდიოლას მოთხოვნის შემდეგ მოვიდა. მომავალშიც ყველა სურვილი აუსრულდება მწვრთნელს?
„ტრანსფერის საკითხს მარტო მწვრთნელი არ წყვეტს, ეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ხდება. ასე იყო და ასე იქნება. მაგრამ ყველა მწვრთნელმა იცის, რომ კლუბს ყოველთვის არ შეუძლია მისი მოსაზრებების სისრულეში მოყვანა.“
- შეიძლება თუ არა, რომ გუარდიოლას ფილოსოფიის გამო ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხი უკვე მოძველებულად ჩავთვალოთ?
„ლევანდოვსკისთან დაკავშირებით ატეხილი ამბავი სუფთა სპეკულაციაა და ასეც დარჩება. ამ მომენტისთვის ამაზე კომენტარის გასაკეთებელ მიზეზს ნამდვილად ვერ ვხედავ.“
- ხომ არ აპირებთ ახალგაზრდა ფეხბურთელების განათხოვრებას ან გაყიდვას?
„ვნახოთ, ძალიან დიდი კადრი არ გვყავს. თუ მეკარეებს გამოვრიცხავთ, 20 ფეხბურთელი გამოდის. ბაიერნის პროგრამისთვის კი ეს ბევრი არ არის.``
-------------------------
Sport Bild /7.08.2013
Monica Lierhaus
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=616...er¬if_t=like