FC Bayern Geo Fans
ფილიპ ლამისა და ბასტიან შვაინშტაიგერის კომენტარები ფილმიდან: “Wembley – Football is coming hoam” (კომენტარები გაკეთებულია თანმიმდევრულად, ფილმის მსვლელობის მიხედვით)
2012 წლის წაგებული ფინალი:
ფილიპ ლამი: ``ოცნება დასრულდა. . . ყველაფერი საოცნებოდ ვითარდებოდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სახლში, საკუთარ სტადიონზე. რამდენ ფეხბურთელს ეძლევა საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შესაძლებლობა?! თანაც ჩემს მშობლიურ ქალაქში. . . შემდეგ კი ხედავ, როგორ გამორბის დროგბა, ბურთი კარის ბადეში ხვდება და ეს ოცნება უცებ იმსხვრევა. . . კვირეების, თვეების მანძილზე იმხელა ინვესტიცია ჩაიდო საერთაშორისო ტიტულის მოსაგებად და უცებ ყველაფერი ჩავლილია. . . მახსოვს როგორ ვიდექი მოედანზე, ჩემს გვერდით ჩემი თანაგუნდელები როგორი განადგურებულები იწვნენ ბალახზე . . . ``
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``ირგვლივ საოცარი სიცარიელე იყო. . . ვინც გასახდელში ფეხბურთელთა სახეები და ჩვენი პრეზიდენტის ული ჰიონესის რეაქცია ნახა . . . ეს ის მომენტები იყო, რომელთა გამოყენებაც მომავალში შეიძლებოდა. რასაკვირველია, ტიტულს მაშინაც დიდი სიამოვნებით მოვიგებდით, მაგრამ ახლა, როდესაც ზუსტად ვიხსენებ ყველაფერს, ვრწმუნდები: იმ იმედგაცრუებული სახეების ნახვის გარეშე, შეიძლება შემდეგი სეზონი ასე წარმატებით ვერ გვეთამაშა. პირველ რიგში საკუთარ თავს ვგულისხმობ. შეიძლება ასე შორს ვერ წავსულიყავით. ჩემპიონთა ლიგის ყოველი შეხვედრის წინ გონებაში მიუნხენში განცდილი მომენტები ცოცხლდებოდა. სწორედ ამან მომცა წარმოუდგენლად დიდი მოტივაცია.``
ფილიპ ლამი: ``არიან გუნდები, რომლებიც ასეთი წაგებული ფინალის შემდეგ იშლებიან. ჩვენს შემთხვევაში საპირისპირო მოხდა: ამ ყველაფერმა ერთად შეგვკრა. შეიძლება იმიტომ, რომ ვიცოდით, მომავალ წელს ტიტულის მოსაგებად შანსი კიდევ მოგვეცემოდა. ვიცოდით, რადგან ვგრძნობდით, რა ხარისხი არსებობდა გუნდში. ჩემი აზრით, ძალიან დაგვეხმარა ცოდნა იმისა, რომ თუ მომავალ სეზონზეც თავდაუზოგავად ვიმუშავებდითთ, აუცილებლად მოგვეცემოდა შესაძლებლობა გვებრძოლა ტიტულის მოსაგებად და თუ ფინალამდე მივიდოდით, ამჯერად უკვე აუცილებლად გავიმარჯვებდით.``
გზა 2013 წლის ფინალამდე:
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``როდესაც ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბარსელონა გამოვთიშეთ, უკვე ნამდვილად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა.``
ფილიპ ლამი: ``ბარსელონასთან დაპირისპირების შემდეგ უფრო გავიაზრეთ, თუ რა შედეგი ვაჩვენეთ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონზე. ბარსელონასთან 4:0 და 3:0 მოგება სიგიჟე იყო. . . დავიწყეთ ფიქრი: ახლა თასი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს იყო ისტორია: ახლა ისევ ფინალში ვართ, ახლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ!``
იუპ ჰაინკესის შესახებ:
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მისი პიროვნულობა, განვლილი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა, არამედ მისი მწვრთნელად განვითარების პროცესი. იგი არ გაჩერებულა ერთ ადგილზე. არასოდეს ამბობდა: ასეა საჭირო, არამედ სხვის მოსაზრებებს გულისყურით უსმენდა და მოდერნიზირებას ახდენდა. თანაც მის ასაკში ასეთი გუნდის გაძღოლა, სადაც სრული შემადგენლობა მაღალი ხარისხით ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და სეზონის ბოლოს ტიტულის მოგებით ყველა ერთნაირად ხარობს, არ არიან უკმაყოფილო ფეხბურთელები - ეს ადვილი სულაც არ არის.``
ფილიპ ლამი: ``იუპთან ძალიან კარგი ადამიანური ურთიერთობა გვქონდა. ფეხბურთელს შეეძლო მარტივად მისულიყო და მისთვის საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინა. იუპი მოსასმენად მუდამ მზად იყო. სიამოვნებით იღებდა რჩევებს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არგუმენტირებული იყო. მართალია, ბოლოს მაინც მხოლოდ მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ იგი ყოველთვის გვისმენდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა იყო მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის.``
ფინალი:
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``ჯერ კიდევ თამაშის დღეს, როდესაც დილით ადრე ავდექი, კარგი შეგრძნება მქონდა. როცა სასაუზმოდ ჩავედი და დავინახე ბიჭები, შეინიშნებოდა, რომ ეს დღე დადგა. . . ამან თავდაჯერებულობა შემძინა . . . სტადიონზე გამგზავრებამდე ყოველთვის ვიკრიბებით და მომავალი შეხვედრის დეტალებს განვიხილავთ. როგორც ყოველთვის, იუპ ჰაინკესმა ამჯერადაც დეტალურად აგვიხსნა, რა უნდა გაგვეკეთებინა. სათათბირო დარბაზში უკვე შეინიშნებოდა, რომ ყველას მოედანზე გასვლა სურდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად. თითოეული მოტივირებული იყო. . . ``
ფილიპ ლამი: ``ახლა აუცილებლად მსურს ამ თასს დავეუფლო, მინდა ეს თასი ჰაერში ავღმართო . . . ახლა ვერცხლის მედალი აღარ მეყოფა . . . აუცილებლად ოქროს მედალი მსურს. . . ამას ვამბობდი არა მხოლოდ მე, არამედ ყველა, ვინც ერთი ან ორი წლის წინ ჩვენს რიგებში იყო.``
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``როდესაც სტადიონზე მივედით, მოედანზე გავედი და ბალახი შევამოწმე. მარჯვენა მხარეს ბაიერნის გულშემატკივრები ისხდნენ, რომლებიც მადრიდში ინტერთან და შემდეგ კი ჩვენთან ჩელსისთან ფინალებს ესწრებოდნენ . . . მატჩის დაწყებამდე თანაგუნდელებს ვესაუბრები და ერთმანეთს ვეუბნებით: დღეს ჩვენი დღეა, დღეს აუცილებლად ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს. . . მოედანზე ვხურდებოდით, ხუთი ხუთის წინააღმდეგ ვთამაშობდით და მანჯუკიჩმა შემთხვევით ტრავმირებულ ფეხზე მომარტყა. მაშინვე გავიფიქრე: რატომ მაინცდამაინც ახლა?! ფეხი თებერვლიდან მოყოლებული მაწუხებდა. იმ წამებშიც საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ისეთ ადრენალინს ვგრძნობდი, რომ ეს ტკივილი სულ გადაფარა. . . ზუსტად მახსოვს, როგორი იყო მოედანზე გატარებული თითოეული წამი. ასეთ ინტენსიურ შეხვედრაში მუდამ ბოლომდე ყურადღებით უნდა იყო. შემდეგ კი ამას არასოდეც ივიწყებ. ``
ფილიპ ლამი: ``იცით როგორი შეგრძნება მქონდა? ადამიანი რომ მძიმე ზურგჩანთას ატარებს, თუმცა მას ჩანთა რეალურად არ აქვს. ამ ფინალისა და შეხვედრის პირველი ათი წუთის შემდეგ კი შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უკვე ვიცი რა შეგრძნებაა ეს. ყველაფერი გირთულდება, ყოველი ნაბიჯი მძიმდება, ყველაფრისთვის ცოტა მეტი დრო გჭირდება. რთული სიტუაციაა, მაგრამ რაც უფრო გადის დრო, 10, 15, 20 წუთის შემდეგ უკეთესობას ამჩნევ. სიმართლე გითხრათ, დასაწყისში ასეთ ვითარებას არ ველოდი. მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩემი თამაშის პოვნა შევძელი.``
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``ველოდებოდით, რომ დორტმუნდი ასე ითამაშებდა, თანაც შეინიშნებოდა, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა წინა წელს წაგებული ფინალის წნეხს გრძნობდა . . . ბავარიელები წინა შეხვედრებისგან განსახვავებულად გამოვიყურებოდოთ. ალბათ ამიტომაც გაგვიჭირდა თამაშში შესვლა. სწორედ ამის გამო გუნდი კიდევ უფრო მეტ შექებას იმსახურებს, რადგან გამარჯვებაზე კონცენტრირება მოვახდინეთ და თამაშში დავბრუნდით. . . რობენის და დორტმუნდის ბორუსიას ისტორია კიდევ ცალკე თემაა. არიენმა ტრადიციულად შემოდგომის სეზონი გამოტოვა, როდესაც დაბრუნდა, გუნდი უკვე შეკრული იყო, მაგრამ ყველამ ვიცით, როდესაც ის ჯანმრთელია და ფორმაშია, მარტო შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ამიტომაც ხშირად მითქვამს ჰაინკესისთვის, რომ არიენი ის ფეხბურთელია, რომელსაც არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია. ``
ფილიპ ლამი: ``ასეთი შეხვედრის ყველა დეტალი შეიძლება არ გახსოვდეს, მაგრამ ის ნამდვილად მახსოვს, როგორ დავინახე, ბურთი რომ კარის ბადეში აღმოჩნდა, მოშორებით ვიყავი, მახსოვს როგორ გავიქეცი მანჯუკიჩისა და ბიჭებისკენ . . . პირდაპირ ჩვენი გულშემატკივრების ბლოკის წინ აღმოვჩნდით და მათთან ერთად ავღნიშნავდით პირველ გოლს. ვხედავდი, როგორ უხაროდა გულშემატკივარს, ვგრძნობდი ამ საოცარ ატმოსფეროს . . . მშვენიერი მომენტებია.``
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``რობენი ცენტრიდან შერბოდა, როდესაც რიბერიმ მოკლე გადაცემა გაუკეთა, რომ გავხედე გავიფიქრე, გოლის გატანას ვერ მოახერხებს, ალბათ მეკარე ხელს შეუშლის . ამ დროს კი მარიო ოქროს ადგილას აღმოჩნდა და რობენის გადაცემით გოლის გატანა მოახერხა. მანჯუკიჩი იმ მომენტში ცოტა განერვიულებული მეჩვენა, მაგრამ ძალიან გამიხარდა, გოლი რომ გაიტანა. . . რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, ამას არც ჩემზე და არც გუნდზე უარყოფითად არ უმოქმედია. დანტემ თავადაც იცის, რომ სხვანაირადაც შეეძლო რეაგირება, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ასეთი რამ ხშირად ხდება და სწორედ ეს არის ამ დროს ფეხბურთში მთავარი, რომ სწრაფი გადართვა მოახდინო. როდესაც მოედანზე რაიმე უარყოფითი ხდება, მხრები არ უნდა ჩამოყარო და თამაში უნდა გააგრძელო. . . რაც შეეხება გამარჯვების გოლს, როდესაც ბოატენგი საჯარიმო დარტყმას ასრულებდა, სულ განსხვავებულ პოზიციაზე ვიდექი და ვანიშნებდი, რომ ჩემსკენ ჩაეწოდებინა, მაგრამს წორედ ეს არის ჟერომის მაღალი ხარისხი, რომ კარგად იცის, საით გააკეთოს გადაცემა. დაინახა, როგორ ჩარბოდა სიღრმეში ფრანკი, რომელმაც ჟერომისგან ბურთის მიღების შემდეგ რობენს მოკლე გადაცემა გაუკეთა. . . ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს არიენი დიდხანს ფიქრობდა, რომელ კუთხეში დაერტყა და მოგვიანებით დარტყმის მიმართულება შეცვალა. ბურთი ისე ნელა მიგორავდა კარის ხაზისკენ . . . და ბოლოს უკვე დავიჯერე: აი, ახლა ეს მართლა მოხდა.``
მატჩის შემდგომ:
ფილიპ ლამი: ``საბოლოო სასტვენის ხმა, გულშემატკივართან ერთად აღნიშვნა. . . ამით უბრალოდ უნდა დატკბე. შემდეგ კიბეებზე ასასვლელი გზის გავლა, რაც წლების მანძილზე ასეთი გვიმძიმდა, ახლა კი მსუბუქად ადიხარ ზედა ტრიბუნისკენ. . . მე ყველაზე ბოლოს უნდა ავსულიყავი. . . როდესაც უკვე იქ დგახარ, უყურებ სტადიონს, ბაიერნის გულშემატკივარს, ირგვლივ თანაგუნდელები გიდგანან და ბოლოსდაბოლოს თასის აღმართვის უფლება გაქვს . . . ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ეს გენიალურია. მომენტი, რომელზეც მუდამ ოცნებობდი და ახლა უკვე რეალობაა.``
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``კიბეებზე ასვლის დიდი მოყვარული არ ვარ. მაგრამ იმ მომენტში თითოეულ საფეხურზე ფეხის დადგმით ვტკბებოდი. მახსოვს, ქალბატონმა მერკელმა ერთ-ერთმა პირველმა მოგვილოცა. საოცარი შეგრძნება იყო. უემბლიზე ვითამაშეთ, მანამდე იქ არასოდეს მითამაშია. მაგრამ ის ლამაზი წითელი ტრიბუნა ჩვენი გულშემატკივრებით გადაჭედილი, ზღაპრული ატმოსფერო, დაუვიწყარი მომენტი, როდესაც თასი უკვე კიბეებზე ჩამოგაქვს. . . ``
ფილიპ ლამი: ``ჩემს კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ულამაზესი გრძნობაა. ეს ხომ ჩვენი დიდი ხნის მიზანი იყო. ვფიქრობ, ბასტიც იგივეს განიცდიდა. ჩვენ ორნი ხომ ახალგაზრდული გუნდიდან ერთად მოვდივართ და ახლა, როდესაც კლუბთან ერთად ეს ტიტული მოვიგეთ, კარგად ჩანდა, თუ როგორ გვიხაროდა. ასმაგად გასახარი იყო, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ორმა ერთად განვიცადეთ.``
ბასტიან შვაინშტაიგერი: ``მატჩის შემდგომი დილა, ადრე გამეღვიძა, მზე უკვე ანათებდა. სარას ვუთხარი, ავდგეთ, დღევანდელი დღით უნდა დავტკბე. მობილურზე ფრანკის მოკლე ტექსტური შეტყობინება დამხვდა: ``რა მოხდება თასი რომ ამეღამ ჩემს ნომერში წავიღო?`` ფრანკის ნომერთან მივედით, ის და მისი მეუღლე გავაღვიძეთ და ვთხოვეთ თასი მოეცა. . . სასაუზმოდ ჩავედით. იქ მხოლოდ თომას მიულერი დაგვხვდა. თასი მაგიდაზე დავიდგით და ისე ვისაუზმეთ. . . ვიცი, რომ ბევრს საერთოდ თვალიც არ მოუხუჭავს. ყველანი თვითმფრინავში შევიკრიბეთ, შემდეგ კი ტრიპლის აღნიშვნა, ავტოკოლონა მიუნხენის ქუჩებში . . . მართალია, საშინელი ამინდი იყო, მაგრამ უამრავი ადამიანი მოვიდა. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის ამდენი გულშემატკივრის დანახვა, თანაც ისეთ ამინდში, საოცარი, ზღაპრული შეგრძნება იყო. ``
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=640...&type=1&theater