FC Bayern Geo Fans
დიტმარ ჰამანი: ``ძველ`` უემბლიზე ბოლო გოლის ავტორი, ადამიანი, რომელმაც ამ გოლით ისტორია დაწერა.
2000 წლის 7 ოქტომბერს გერმანია 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისს ეთამაშება. შეხვედრის მე-14-ე წუთი - საჯარიმო დარტყმა და გამარჯვების გოლი.
ეს ``ძველ `` უემბლის სტადიონზე ბოლო მატჩი იყო და საფინალო გოლი სწორედ გერმანელმა გაიტანა.
DFB.de-სთან ინტერვიუში ჰამანი ამ და კარიერის სხვა ეპიზოდებს იხსენებს.
- ბატონო ჰამან, კვლავ უემბლი და კვლავ ინგლისი გერმანიის წინააღმდეგ. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ბევრმა დაგირეკათ?
``ზომიერების ფარგლებში. რასაკვირველია, ხშირად მირეკავენ უემბლიზე გატანილ გოლთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გასაკვირი და ცოტა გადაჭარბებულია. სამშაბათის შეხვედრა ხომ სატესტოა.``
- განსხვავებით 13 წლის წინ გამართული შეხვედრისგან. გერმანია ინგლისის წინააღმდეგ, ძველ უემბლიზე ბოლო მატჩი, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. რა გახსენდებათ 2000 წლის 7 ოქტომბრიდან?
``ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო ინგლისის წინააღმდეგ, თანაც მაშინ პრემიერ ლიგაში ვთამაშობდი. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ გერმანიას ორი-სამი წლის მანძილზე დიდი მეტოქე არ დაუმარცხებია. იმ შეხვედრაში მართლაც იყო რაღაც მნიშვნელოვანი.``
- აქვს ამას ფეხბურთელისთვის ისტორიული მნიშვნელობა? როგორც იცით, ეს ძველ უემბლიზე ბოლო მატჩი იყო, აქედან გამომდინარე ინგლისური ფეხბურთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაც.
``რასაკვირველია - ფეხბურთელებმა ეს იციან. ჩვენ ამ სტადიონის ისტორიას, იქ გამართულ ლეგენდარულ შეხვედრებს ვიცნობთ. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ის მატჩი განსაკუთრებულ გარემოში ჩატარდებოდა. სხვა ფეხბურთელებმაც იცოდნენ ეს. უემბლის ძველი სტადიონი ნამდვილი მითოსი იყო, ფეხბურთელებისთვისაც. მატჩის მსვლელობისას კი ამაზე აღარ ვფიქრობდით და საკუთარ მიზანზე ვიყავით კონცენტრირებულნი. მახსოვს, ტიპიური ინგლისური ამინდი იყო, წვიმდა, მოედანზე ფეხი ცურავდა.``
- გარემო, რომელიც გოლის გასატანად გამოიყენეთ.
``სველი ბალახის გარეშე იმ გოლს ალბათ ვერ გავიტანდი.``
- თქვენი საჯარიმო დარტყმის ორი ვერსია არსებობს. ერთში ნათქვამია, რომ შოლს სურდა დარტყმა და გითხრათ: ``გადი, შენთვის ეს შორსაა.`` მეორე ვერსიით კი თავად შოლმა მოგთხოვათ ჯარიმის შესრულება, რადგან მისთვის მანძილი ეშორა. რომელი ვერსიაა სწორი?
``სიმართლე გითხრათ: აღარც მახსოვს. მაგრამ ფაქტია, მისთვის ეს შორს იყო. ის ჯარიმებს ყოველთვის დიდი გრძნობით და ნაკლები ტემპით ასრულებდა. ასეთი მანძილიდან კი წარმატებული დარტყმა ვერ გამოუვიდოდა.``
- ამიტომაც თქვენ დაარტყით. ჯარიმის შესრულება ცოტა ადრე მოგივიდათ, კედელი წესიერად არც კი იდგა.
``დიახ, ვიფიქრე, ბურთს ვცდი თქო. ფეხი კარგად მოვარტყი და ბურთიც კარის ბადეში აღმოჩნდა.``
- დავიდ სიმენსს მისი აღება შეეძლო?
``დიახ. მაგრამ ბურთი სველ მინდორზე აჩქარდა და ზუსტად ძელს ჩაუარა. მეკარის უხეში შეცდომა ნამდვილად არ ყოფილა.``
- ინგლისთან გამარჯვებამ რაღაც ახალი გარდატეხა შემოიტანა ნაკრებში ახალ მწვრთნელ რუდი ფიოლერთან დაკავშირებით, რომელიც გუნდში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოვიდა.
``დიახ. რუდი ფიოლერის დროს ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით გარემო, შედეგებიც. ინგლისთან შეხვედრამდე უკვე გვქონდა დადებითი შედეგები, ეს გამარჯვება კი თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.``
- მაშინ ლივერპულში ირიცხებოდით. როგორ მიგიღეს კლუბში მატჩის შემდეგ? ამ შედეგით ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების წინაშე არ ამაყობდით?
``საერთოდ არა. იმიტომაც, რომ ინგლისელებს კიდევ ქონდათ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ფინეთში. რადგან ჩვენ სამშაბათს თუ ოთხშაბათს კვლავ ვარჯიში გვქონდა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები კლუბში არ ყოფილან. ისედაც, ეს შეხვედრა კლუბში განხილვის თემა არ ყოფილა.``
- შეხვედრის შემდეგ გერმანელმა გულშემატკივარმა იზრუნა ინტერნეტში ერთობლივ აქციაზე, რომ სადგურიდან უემბლის სტადიონამდე ხიდს თქვენი სახელი დარქმეოდა. ამ აქციამ მაშინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იცოდით მაშინ ამის შესახებ?
``არა, მოგვიანებით გავიგე. ვიცოდი, რომ გულშემატკივართა აქცია წარუმატებელი იქნებოდა.``
- რატომ?
``ინგლისელები ნამდვილი სპორტსმენები არიან, იუმორიც კარგად ესმით, მაგრამ ასეთი რამ არ შეიძლება, ხიდს დაერქვას გერმანელის სახელი.``
- პირადად თქვენ, ეს აქცია მოგეწონათ?
``არც მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც გითხარით, ვიცოდი, რომ ინგლისელები ამას არასოდეს დათანხმდებოდნენ. ეს აქცია გერმანელი გულშემატკივრის მხრიდან სასიამოვნო ჟესტი იყო, მაგრამ ძალიან გამიკვირდებოდა, შედეგიანი რომ ყოფილიყო.``
- პარასკევს გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მილანში იტალიის წინააღმდეგ ითამაშა. მილანთანაც განსაკუთრებული ისტორია გაკავშირებთ. 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლივერპულსა და მილანს შორის თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო?
``დიახ, ეს ჩემი კარიერის მწვერვალი იყო. 2002 წლის ფინალში სამწუხაროდ დავმარცხდით. მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება ფეხბურთელისთვის ასმაგად სასიხარულოა. თავად გამარჯვების მანერა იყო წარმოუდგენელი - ბევრჯერ შეიძლებოდა დავმარცხებულიყავით, ბოლოს კი მაინც მოვიგეთ.``
- მანამდე პრემიერ ლიგაზე მუდამ თამაშობდით. ფინალში კი ბენიტესმა სათადარიგოთა სკამზე დაგსვათ. როგორ გადაიტანეთ პირველი 45 წუთი? მწვრთნელზე გაბრაზებული არ იყავით?
``შერეული გრძნობა იყო. ერთის მხრივ იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ მოედანზე დგომით თამაში სხვანაირად წავიდოდა. ფეხბურთელს ყოველთვის გუნდის დახმარება სურს და როდესაც ვერ თამაშობ, დახმარებასაც ვერ ახერხებ. მითუმეტეს, როდესაც ხედავ, რა ხდება მოედანზე . . . ``
- თქვენ ამბობთ, რომ მილანმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ითამაშა და გინდოდათ მოედანზე გასვლა, ამ ყველაფრის თავად განცდა. მაგრამ ბატონო ჰამან, ცოტა რთული დასაჯერებელია. როგორ შეიძლება მეტოქის ასეთი ხელოვნება გახარებდეს, როდესაც ამ დროს მოედანზე დგახართ?
``რატომაც არა? მართალია, სიხარული მცდარი გამოხატვაა. უბრალოდ მილანის თამაში პირველ ტაიმში უჩვეულოდ კარგი იყო. ისეთი მომენტები და სცენები იყო, ობიექტურად რომ ვთქვათ, მართლა ხელოვნების ნიმუშს გავდა. ამ ყველაფრის ყურება ძალიან მომხიბვლელი იყო.``
- მეორე ტაიმში 0:3-ზე შეხვედით მოედანზე. გქონდათ იმედი, რომ საოცრება მოხდებოდა?
``ვიცოდი, რომ დაუშვებელი იყო ამ თამაშის ასე უბრძოლველად დათმობა. მანამდე იუვენტუსი და ჩელსი გამოვთიშეთ. კარგ გზაზე ვიდექით, გულშემატკივარს ჩვენი სჯეროდა. ვიცოდი, რომ თამაშს კომიკური საკუთარი დინამიკის მიღება შეეძლო. ვიცოდი ისიც, რომ სწრაფი გოლით შეხვედრაში ცოტა დაძაბულობას შევიტანდით. ისიც ფაქტი იყო, რომ ეს ძლიერი ნერვებისა და მონდომების ხარჯშე უნდა მომხდარიყო, რაც არ გვაკლდა. მთელი სეზონის მანძილზე გამოგვდიოდა ასეთი შეხვედრების შემოტრიალება. მაგრამ რაც იქ სინამვილეში მოხდა, ამას წინასწარ მართლა ვერავინ წარმოიდგენდა. ექვს წუთში სამი გოლი გავიტანეთ. თან იტალიური კლუბის წინააღმდეგ. ასეთ რამეს წინასწარ როგორ გათვლი.``
- დამატებითი დრო დაინიშნა. დაღლა გეტყობოდათ. დამატებითი დროის დასრულემაბდე ხუთი თუ ექვსი წუთით ადრე ფეხის ტრავმა მიიღეთ. ვიკიპედიაზე ეწერა: ``ტრავმირებულს მოძრაობა ფაქტიურად არ შეუძლია, ფეხი დაუფიქსირეს.`` თქვენ კი თამაში გააგრძელეთ. როგორ მოახერხეთ ეს?
``ადრენალინი, ეიფორია. ასეთი რამ ადრე არასოდეს მიგრძნია. კი ვხვდებოდი, რომ რაღაც წესრიგში არ მქონდა, მაგრამ ტკივილის ატანა შემეძლო. მოედნის დატოვება აზრადაც არ მომსვლია. აქ ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა საუბარი.``
- თერთმეტმეტრიანის დროსაც დარტყმის შესრულებაზე მაშინვე თანხმობა განაცხადეთ.
``უბრალოდ თავი დავუქნიე მწვრთნელს.``
- მწვრთნელმაც გადაწყვიტა, რომ ბურთთან პირველი თქვენ მიხვიდოდით.
``ეს მწვრთნელის არჩევანი იყო.``
- იქნებ ბენიტესის გადაწყვეტილების მიზეზი თქვენს ეროვნებაში იყო?
``შესაძლებელია. თუ შევხედავთ, ეროვნული ნაკრებში ჩემი წინამორბედები როგორ ასრულებდნენ თერთმეტმეტრიანებს 1990 წლის მსოფლიოსა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, შეიძლება ბენიტესმა ეს ამოცანა მეც მაგიტომ დამაკისრა და ბურთთან პირველად გერმანელი მიმიშვა.``
- თქვენ კი მას იმედი არ გაუცრუეთ.
``თანაც საქმე ოდნავ გამირთულდა, რადგან მილანის მხრიდან პირველი დარტყმა ააცილეს. იმ მომენტში ჩემზე წნეხი გაიზარდა. საბედნიეროდ გავიტანე. ``
- ლივერპულში არაჩვეულებრივი დახვედრა მოგიწყვეს. თქვენ ყოველთვის აღნიშნავდით, რომ ეს კლუბი ``თქვენი სიყვარულია``. ხომ არ აპირებთ ერთ დღეს იქ მწვრთნელად დაბრუნებას?
``ნამდვილად არა. ერთხელ მკითხეს, რომელი კლუბში მომხიბვლავდა მწვრთნელობა. ჩემი პასუხი იყო: ბაიერნი და ლივერპული. მაგრამ ეს ამბიცია არ არის, ეს ჩემი დამოკიდებულებაა. თუმცა ვიცი, როგორც ვითარდება მოვლენები. თუ ერთ დღეს შესაძლებლობა მომეცება, აი მაშინ, ალბათ უარს არ ვიტყოდი.``
------------------
dfb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=669...er¬if_t=like
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)