კაი სტატიაა
http://www.kvirispalitra.ge/sport/19078-th...th-qmesebi.htmlთემურ, სომხებს ყავთ "მესები?!
მორიგი შესარჩევი ციკლიც დამთავრდა. ბოლო თამაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან გვქონდა გასვლაზე, თანაც ესპანელებს მინიმუმ ქულა ჭირდებოდათ. მიუხედავად გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკისა, მაინც მოვემზადე თამაშის საყურებლად. ფეხბურთში ერთი ასეთი გამოთქმაა - ბურთი მრგვალია და სტადიონზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ხოდა, ფეხბურთის გულშემატკივარს გულის სიღრმეში მაინც რაღაცის ეიმედება-ხოლმე.
მართალია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ეს არ ეხებოდა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების თამაშს. თამაშის დაწყებამდე, პირველი, რაც თვალში მომხვდა ჩვენი ეროვნული ნაკრების შემადგენლობა იყო. შაბათ-კვირას სხვადასხვა სპორტული საიტები აქტიურად მიმოიხილავენ ხოლმე ჩვენებურების ევროპულ წარმატებებს, ამის შემხედვარე იფიქრებ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები ბლომად გვყავს, არადა საბოლოოდ შემდეგ შედეგს ვღებულობთ - ნაკრებში განაცხადს ძლივს ვავსებთ. ძირითდ შემადგენლობაში, თქვენ წარმოიდგინეთ და უგუნდო ფეხბურთელიც გვყავდა! ზოგი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ ჩამოდის, ზოგი სამუშაო ვიზის გამო, ზოგს კლუბის ინტერესები ურჩევნია ნაკრებში თამაშს, ზოგს ქორწილი აქვს, ზოგიც პახმელიაზეა, ზოგი კიდევ "ტატუაჟების" კეთებასა და "მუჯაჰედირობაზე" ფიქრშია გართული.
მატჩზე დიდი არაფერია მოსაყოლი, როგორც მოსალოდნელი იყო, აუღელვებლად წავაგეთ. ძირითადად, ჩვენს კვადრატში ვმოძრაობდით. საფინალო სასტვენის მერე, უკვე იმაზეც მადლობელი ვიყავი, რომ დიდი ანგარიშით არ წავაგეთ და როგორც იქნა, დავამთავრეთ მორიგი შესარჩევი ციკლი. შედეგების მიხედვით, ქართველი გულშემატკივრის ლოზუნგი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს - ნაკლები თამაში, ნაკლები წარუმატებლობა ან ერთად ჩავდგეთ დაცვაში არცთუ ისე უკეთესი მომავლისათვის. დავამთავრეთ უსახელოდ, სამი გატანილი გოლით და მხოლოდ ანდორასა და სან მარინოს "მივეცით უფლება", ჩვენზე უკან ყოფილიყვნენ.
არადა, პარალელურად სომხეთი იტალიას ეთამაშებოდა იტალიაში და ფრედ დაუმთავრა - 2:2. უგებდა თან. სომხეთი უგებდა იტალიას - იტალიაში. სტუმრად. ჩასული. სომხეთი. ცავატანემ! იქით ათკაციანმა აზერბაიჯანმა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ რუსეთს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუთანაბრა და 1:1 მორჩა ის თამაში. საღოლ! ზოგიერთი იტყვის, ჩვენც ხომ ვეთამაშეთ საფრანგეთს ფრეო. კი ბატონო, ვეთამაშეთ, სტადიონზე ვიყავი და ძალიან გამიხარდა, მაგრამ მარტო იმის იმედად როდემდე ვიყოთ, რომ გოლს არ გაგვიტანენ და ფრეს გამოვრჩეთ?! როდემდე ვუყუროთ 11 კაცით დაცვაში მოთამაშე საქართველოს ნაკრებს? გოლს გატანა უნდა, კარში დარტყმა უნდა!
ყოველი შესარჩევი ციკლი უკვე ცირკს დაემსგავსა. გამუდმებით პროგრესზე ლაპრაკობენ. რა არის პროგრესი, 8 თამაშში სამი გოლი? ბოლოსწინა ადგილი? ქეცბაიამ დაგვიბარა, წინაზე მეხუთეზე გავედით, ეხლა მეოთხეზე და პროგრესი არააო? კი კაცო! ანგარიშში მაინც ნუ გვატყუებთ, წინაზე 6-გუნდიან ჯგუფში ვიყავით და ეხლა 5-გუნდიანში და სად ხედავენ პროგრესს?!
თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა ქართული ფეხბურთი. მხოლოდ წარსულს მივტირით და სოციალურ ქსელში ვაზიარებთ ქინქლაძის გოლებს, კალაძის მიერ აწეულ ორ ჩემპიონთა თასს. გვენატრება კობიაშვილის სტაბილური, დახვეწილი თამაში, გვენატრება გიორგი ქინქლაძის ვირტუოზული ტექნიკა, გვენატრება არველაძეების გოლები, გვენატრება ყაველაშვილის, გახოკიძის, ცხადაძის დარი მოთამაშეები. ელემენტარულად ნორმალურ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელი გვენატრება. დრო იყო, "შალკეში", "მილანში", "სოსიედადში", "აიაქსში", "სიტიში" და არაერთ სხვა კლუბში ბრწყინავდნენ ჩვენები... ხო, დრო იყო.. მახსოვს კლაუს ტოპმიოლერი როდესაც დაინიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, კახა ცხადაძეს უთხრა, მე აუცილებლად შეგიყვანთ 50 საუკეთესო ნაკრებშიო, ცხადაძემ კიდევ - ჩვენ იქ თქვენამდეც ვიყავითო. მას მერე მრავალი წელი გავიდა და უკვე ასეული გაგვიხდა სანატრელი... მერე.. მერე აღარ ვიცი რა იქნება...
სამაგიეროდ, შეგვიძლია ვუყუროთ როგორ ვითარდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელიც მალე შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ. შეგვიძლია ვუყუროთ, ქვეყნის ტერიტორიის შემცირების პირდაპირპროპორციულად როგორ მცირდება მაყურებელთა რაოდენობა სტადიონზე. ქეცბაია კიდევ - მესი არ გვყავსო. სომხებს და აზერბაიჯანელებს ყავთ "მესები"? სულო ცოდვილო და, მესი არა, მაგრამ მხითარიანი ყავთ, ჩვენ ბარობაზე არც ეგეთია. ჩვენი "მესი" ქინქლაძე იყო - შესაბამისად, ჩვენ, ბედნიერ ერს, შეგვიძლია დაუსრულებლად ვუყუროთ ქინქლაძის გოლებს და არ ვიზრუნოთ ახალი ქინქლაძეების დაბადებაზე. რა თქმა უნდა, ქინლაძეობას უდიდესი ნიჭი ჭირდება, მაგრამ ერთი გამოთქმასაც მოვიშველიებ - მიეცი ნიჭსა გზა ფართოო... აი, ამ ფართო გზას კი დაგება ესაჭიროება. ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ჭირდება, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შექმნა ჭირდება, სწორი სტრატეგია და მრავალწლიანი დაგეგმარება ჭირდება, ფეხბურთში ჩახედული ადამიანები ჭირდება და კიდევ ბევრი რამ ჭირდება...
არადა, მახსოვს ჩვენი ნაკრები 90-იან წლებში, ისიც მახსოვს, რა პირობებში ვარჯიშობდნენ დემეტრაძე, ქინქლაძე, კალაძე, ცხადაძე, არველაძე... მაშინ არც ამდენი ფინანსები იყო და არც ამდენი შესაძლებლობა, მაგრამ იყო ნიჭი და რაც კეთდებოდა, იმას ის ხალხი აკეთებდა, ვინც ქართულ ფეხბურთში იყო თავის დღე და მოსწრება. ეს ყველაფერი კი იმას მაინც აძლევდა გულშემატკივარს, რომ ჩვენი გუნდის თამაშის არ გვრცხვენოდა და ბევრი ლამაზი წუთიც გვაჩუქეს.
დღეს კი, მართალია, იძახით კარგი მენეჯერი უდგას ფეხბურთის ფედერაციას სათავეშიო, მაგრამ თუ არ იცი, რა არის ქართული ფეხბურთი.. მარტო მენეჯერობა ვერაფერი შვილია, თუ ბუნებამაც არ უშველაო, ნათქვამია. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და VIP-ლოჟებიდან რომ უყურებთ ქართული ფეხბურთის წვალებას და გულშემატკივარს მოუწოდებთ სტადიონზე იაროს, ცოტა არაადეკვატურია. ძალიან კარგს იზამთ, თუ საზოგადოებას წარუდგენთ დეტალურ ანგარიშს - რაში იხარჯება ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხები და რატომ არ მოაქვს ამას შედეგი... თავის მხრივ, საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც ფეხბურთზე გული შესტკივა, კითხვების ღიად დასმა მართებს, დროა საჯაროდ დაიწყოს ამ კომპლექსურ პრობლემაზე საუბარი...