წაიკითხეთ გვარდიზეა

)))
კარლო მაცონე იტალიელ მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებულია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბევრი არაფერი მოუგია.
1993-96 წლებში "რომას" ედგა სათავეში, მაგრამ ის მაინც "ბრეშას" მთავარ მწვრთნელად დაგვამახსოვრდა.
მაცონეს ერთი უნიკალური თვისება ჰქონდა: ფეხბურთელებთან, პრაქტიკულად, არასდროს ცდებოდა და ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. მან "ბრეშაში" ათამაშა რობერტო ბაჯო, ხოსეპ გვარდიოლა, ლუკა ტონი, ანდრეა პირლო, ლუიჯი დი ბიაჯო და კიდევ არაერთი ვარსკვლავი...
მაცონეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ხოსეპ გვარდიოლასთან - ადამიანთან, რომლის "ბარსელონაც" თანამედროვე ფეხბურთში მოდის კანონმდებელია...
რამეს მოვიფიქრებთ...
2001 წლის ზაფხულში კარლო მაცონემ აიჩემა, რომ "ბრეშაში" "მილანის" ნახევარმცველი ფედერიკო ჯუნტი უნდა გადაეყვანა. ერთი ხანობა ჯუნტი უარზე იდგა, თუმცა მაცონემ თავისი გაიტანა, ფედერიკოს "ოქროს ზოდებს" შეპირდა და თავისთან წაიყვანა.
ჯუნტის ტრანსფერიდან სამ დღეში მწვრთნელის კაბინეტში "ბრეშას" პრეზიდენტი ლუიჯი კორიონი შევიდა და თუ რა მოხდა, ამაზე თავად მაცონე გვეტყვის:
"კორიონი შემოვიდა და მკითხა, რას ვიტყოდი პეპ გვარდიოლაზე... ვუპასუხე, რომ ესპანელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. პრეზიდენტს გაეხარდა და მითხრა, რომ მალე გვარდიოლა ჩემს განკარგულებაში იქნებოდა.
გავოგნდი, რადგან იქამდე პეპთან მოლაპარაკების შესახებ არაფერი მსმენოდა. ცოტა ხანი გაოგნებული ვიყავი, შემდეგ კი აღმომხდა: ჯუნტის რა ვუყო? - ამაზე კორიონიმ გულიანად იცინა და მიპასუხა: რამეს მოვიფიქრებთ...
ჯუნტი სწორედ გვარდიოლას პოზიციაზე თამაშობდა და მალევე მივხვდი, რომ მათი მოედანზე ერთად ყოფნა არ გამოდიოდა. არადა, ფედერიკოს სასტარტოში თამაშს შევპირდი, რის გამოც მან "მილანზე" თქვა უარი.
სხვა მწვრთნელისთვის შეიძლება ეს არაფერია, მაგრამ მე ვინერვიულე და ჯუნტისთან პირისპირ საუბარი გადავწყვიტე.
ფედერიკომ დამამშვიდა და იგივე მითხრა, რაც კორიონიმ: რამეს მოვიფიქრებთ...
ეს რამე მე უნდა მომეფიქრებინა და ჯუნტი ფლანგზე გადავიყვანე, რამაც არ გაამართლა. ფედერიკო შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ავლენდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ვსვამდი სათადარიგოთა სკამზე - ამით გუნდმა იზარალა, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო - ალბათ, სწორედ ასეთი პრინციპების გამო ვერ მივაღწიე განსაკუთრებულ წარმატებებს".