FC Bayern Geo Fans
თომას მიულერის მიუნხენის ბაიერნში პროფესიონალური დებიუტიდან ხუთი წელი გავიდა.
მას შემდეგ 24 წლის ფეხბურთელისთვის ბევრი რამ შეიცვალა. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იგი FIFA-სგან ოქროს ბუცით დაჯილდოვდა, 2012 წელს გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, 2013 წელს კი მიუნხენის ბაიერნთან ერთად ტრიპლი მოიგო.
მართალია, მიულერი მსოფლიოს ტექნიკურად მომხიბვლელ ფეხბურთელთა რიგებს არ მიეკუთვნება, მაგრამ მისი სათამაშო სტილი განსაკუთრებით ეფექტური და მნიშვნელოვანია გუნდისთვის.
მიღწეული წარმატებების მიუხედავად იგი გაჩერებას არ აპირებს და 2013 წელს კიდევ ერთი მიზანი აქვს: კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.
FIFA-ს ჟურნალისტის ინტერვიუ თომას მიულერთან.
- 2008 წლიდან მოყოლებული უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი ბრძანდებით. მას შემდეგ რა შეიცვალა თქვენთვის?
``რთული სათქმელია, მაგრამ გავიზარდე, წლები მომემატა (იცინის). ყველაფერი ისეთი ინტენსიურია. მადლობა ღმერთს, არასოდეს ვყოფილვარ ტრავმირებული, ამიტომ ოთხწელიწადნახევარია სულ ვთამაშობ. მხოლოდ ზაფხულის შესვენების დროს მაქვს მცირე პაუზა. ამიტომ სეზონი სეზონს თითქმის გადაბმულად მისდევს.``
- თუ ტრიპლს არ ჩავთვლით, კიდევ რას იხსენებთ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
``2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ან ჩემი პირველი სეზონი. იმ პერიოდში ჩვენგან ასეთ შედეგიანობას ნაკლებად ვინმე მოელოდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავედით. დიდებული იყო!``
- რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ თამაში: ფორვარდად, ფლანგზე, თუ ცენტრში?
``ბოლო წლებში რამდენიმე პოზიციაზე მითამაშია. არც ახლა შეცვლილა ბევრი რამ. ყოველთვის იქ ვთამაშობდი, სადაც მწვრთნელი მაყენებდა. გარდა ამისა, ეს დამოკიდებულია თვითონ თამაშზე და მეტოქეზე, თითოეული მეტოქე თავს განსხვავებულად იცავს.``
- როგორ აღწერდით თქვენს სათამაშო სტილს?
``მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც შრომობს და ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული. ვფიქრობ, ვიცი, რა არის მნიშვნელოვანი ფეხბურთში, რა ამოცანებია შესასრულებელი კონკრეტულ პოზიციებზე. ჩემი მხრიდან კი ვცდილობ საკუთარი წვლილი სასწორზე დავდო. ჩემს შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ბევრ მოძრაობასთან. თუ კარგად თამაში მსურს, ბევრი უნდა ვირბინო. გარდა ამისა, უბრალოდ ვცდილობ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ერთობლივი კარგი თამაში გამოვიდეს. ხშირად ამბობენ, რომ სიგიჟეებს ვაკეთებ, მე ასე არ ვიტყოდი. ჩემთვის ყველაფერი გააზრებულია (იცინის).``
- რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის კლუბების მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს?
``რთული სათქმელია. მსოფლიოში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე ჩვენთან, გერმანიაში. მაგრამ რადგან ამ ტურნირზე ვასპარეზობ, მონაწილეობის მიღება კი ასე ადვილი არ არის, ამიტომ ყველა შემთხვევაში მოგება მსურს. ამ ტიტულის მოგება ჩვენი ტრიპლის სეზონის სრულყოფილება იქნება. კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი გვაკლია, ამიტომ მოგება მსურს, რისთვისაც ძალიან მოტივირებული ვარ.``
- უკვე ფიქრობთ შესაძლო მეტოქეებზე?
``ვიცით, რომ ყველა კონტინენტის გუნდია წარმოდგენილი. ამიტომ ალბათ განსხვავებული ფეხბურთი იქნება, ვიდრე ევროპაში. შეიძლება ჩვენ ფავორიტის როლში ვართ, მაგრამ ეს უნდა დავამტკიცოთ.``
- მინეიროს ბრაზილიელებთან ფინალს ხომ არ ისურვებდით?
``ფინალი ყოველთვის კარგია, მითუმეტეს ბრაზილიელების წინააღმდეგ არ იქნებოდა ცუდი, იქაც დავტესტავდით ჩვენს თავს (იცინის).``
- ტიტულის მოგების შემთხვევაში მას იუპ ჰაინკესს მიუძღვნით?
``რასაკვირველია, მან ბევრი რამ გააკეთა ამისთვის. მასთან ერთად მოვიგეთ ტრიპლი. ამიტომაც გვაქვს ახლა მარიკოში თამაშის უფლება და მსოფლიო თასის მოგების შესაძლებლობა. მისი ბრალი ხომ არ არის, რომ ეს ტიტული დეკემბერში თამაშდება.``
- პეპ გუარდიოლამ აღნიშნა, რომ მაროკოში ფეხბურთელებს დასვენების საშუალებასაც მისცემს, რომ ქალაქი დაათვალიერონ. რას აპირებთ: ქალაქში გაისეირნებთ, თუ სასტუმროში დარჩებით?
``თუ შესაძლებლობა მომეცემა, ქალაქს დავათვალიერებ. სასტუმროს ნომერს ისედაც საკმარისად ვხედავ ხოლმე.``
- ერთი წლის შემდეგ ძალების ხელახლა მობილიზება რთული არ არის?
``არა. ახლა გერმანიის თასის თამაშიც რომ იყოს, ისიც უნდა მოვიგოთ.``
- მაროკოში კარის ხაზის ტექნიკა იქნება გამოყენებული. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
``ცუდი არ არის და არც არავის ავნებს. ეს ტექნოლოგია არავის ავტორიტეტს არ აკნინებს, პირიქით, დამხმარე საშუალებაა მსაჯებისთვის.``
- თავად აღნიშნეთ, რომ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილების მიღების უფლების მოპოვება საკმაოდ რთულია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთადერთი შანსი გაქვთ ამ ტიტულის მოსაგებად?
``არა, საერთოდ არა. თანაც ჩემი მიზანია ბაიერნთად ერთად მომევალში კიდევ ვითამაშო ამ ტურნირზე.``
- როგორ უყურებთ შანსს, რომ კვლავ ითამაშებთ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე?
``ვფიქრობ, ადრე ეს შანსი უფრო ცუდად გამოიყურებოდა. ტრიპლისგან დიდი დრო არ გასულა. ახლა კი კვლავ შემდეგ ტიტულზე ვსაუბრობთ. ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რა არის შემდეგი. აქედან გამომდინარე, არის საშიშროება იმისა, რომ ტრიპლის განსაკუთრებულობა ოდნავ გაუფერულდეს.``
- არ ნანობთ იმას, რომ რადგან ყველაფერი ასე სწრაფად ვითარდება, მიღწეული წარმატების გადახარშვასაც კი ვერ ასწრებთ?
``სინანული - ცუდი შედარებაა. სტაბილური წარმატების შედეგად მიღწეულის შეფასების კრიტერიუმიც იცვლება. როდესაც ბევრ თამაშს იგებ, მომავალი შეხვედრისთვის მოლოდინი ის კი აღარ არის, რომ შეხვედრა მოგებული იქნება, არამედ ის, რომ გუნდი დომინანტია, ეს ჩვეულებრივი რეაქციაა. ამას შეგნებულად არავინ აკეთებს. რაც უფრო მეტს ვაკეთებთ, ჩვენგან უფრო მეტს მოელიან. ფეხბურთელისთვის ეს ცოტა რთულია. როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გადიხარ, ამას წარმატებად არავინ აღიქვამს, რადგან ისედაც ელოდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება, რომ თითოეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება ბედნიერ მომენტად არ იყოს აღქმული.``
- გრძნობთ, რომ ბაიერნი სულ უფრო იზრდება და მსოფლიოში მკვიდრდება?
``შეიმჩნევა, რომ ბაიერნზე მოთხოვნა დიდია. იმიჯიც ძალიან დადებითია: სიხარული, სიამოვნება. უარყოფითი თითქმის არაფერია. წლების წინ სხვაგვარად იყო. მაშინ იყო საფეხბურთო კლუბი ჰოლივუდი ან ამპარტავანი ბავარიელები. ახლა ყველგან დადებითი იმიჯი გვაქვს.``
- ეს რის დამსახურებაა?
``კარგ, სუფთა და ცოცხალ ფეხბურთს ვთამაშობთ.``
- როგორ ფიქრობთ, ფრანკ რიბერი მაროკოში კვლავ გამორჩეული იქნება?
``ფრანს სურს ნებისმიერ შეხვედრაში გამორჩეული იყოს და კლასის წყალობით ძალიან ხშირად გამოსდის კიდეც. ამიტომ, ჩემი აზრით, მაროკოშიც გაიბრწყინებს.``
- ვინ არის თქვენი ფავორიტი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე?
``მიუნხენის ბაიერნის ექვსი ფეხბურთელი შემთხვევით არ არის ნომინირებული. ეს ნიშნავს, რომ გასულ წელს ჩვენი თამაში და შედეგი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. აქედან გამომდინარე, არაფერი მეტყველებს იმის საწინააღმდეგოდ, რომ საუკეთესო ერთ-ერთი ბავარიელი გახდება.``
- როგორ აფასებთ გერმანიის ნაკრების შანსებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?
``გერმანია ფავორიტების წრეს მიეკუთვნება. მაგრამ ფეხბურთში ცოტა გამართლებაც არის საჭირო. ამიტომ წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია. რასაკვირველია, მოგება გვსურს, მაგრამ გარანტიის მოცემა არავის შეუძლია.``
- ყველაზე გვიან რომელ მეტოქეს შეხვდებოდით?
``წესით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.``
------------------
fifa.com
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=674...&type=1&theater