აი იმენა 100%-ია
სულ ამის დამტკიცებას ვცდილობ ხოლმე
წაიკითხეთ ძაან საინტერესო სტატიაა ლალიგაზე და პრემიერლიგაზე

იდ ლოუმ თავისი სტატია გამოაქვეყნა Sport Illustrated-ში და მიმოიხილა ინგლისური და ესპანური ფეხბურთი. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
ლიონელ მესიმ ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ამით გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს შესძლო. უმეტესობა ამით გაოგნებული დარჩა, ნაწილი კი არა. "ლევერკუზენის "ბაიერის" კარში გაიტანა," - თქვეს მათ, - "მერე რა მოხდა?" ეს ცნობილი არგუმენტია! სწორედ ის არგუმენტი, რომელიც ხშირად ესმით ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს. ორივე მათგანმა ანგარიშზე გოლების წარმოუდგენელი რაოდენობა ჩაიწერა - მესიმ უკვე 50 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, რონალდუმ 40. მიუხედავად ამისა "პროვოკატორების" ეჭვები არ გამქრალა. მერე რა, ამბობენ ისინი, ნახეთ ვის გაუტანეს მათ გოლები?
"ოქროს ბუცი" აფასებს გოლებს იმ ჩემპიონატის სირთულიდან გამომდინარე, რომელშიც იქნა ეს გოლები გატანილი. როდესაც თითოეულ გოლს 1 ქულა ენიჭებოდა, ისეთი პატარა ჩემპიონატების ფეხბურთელებს, როგორებიცაა შოტლანდია, უელსი თუ საქართველო, სახლში მიჰქონდათ ეს პრიზი და ამავდროულად მიანიშნებდნენ, რომ ფორმატი უნდა შეცვლილიყო. ახლა თითოეული გოლი, გატანილი მაგალითად ინგლისში, ფასდება 2 ქულით, ისევე როგორც ესპანეთში. "დიდი ხუთეულის" ჩემპიონატებს მიღმა გატანილ გოლებს კი 1,5 ქულა ენიჭებათ. ახლა კი ზოგიერთი ბედავს და ამბობს, რომ ესპანეთის გოლები არ უნდა უდრიდეს 2 ქულას. მავანნი კი, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ვარაუდების წარმოთქმისას განხილვებით მაინცადამაინც არ იწუხებენ თავს, აცხადებენ, რომ ლა ლიგა დაბალი დონის ჩემპიონატია და აქ გოლის გატანა ძალიან მარტივია.
ინგლისში "ევერტონის" ყოფილმა ფორვარდმა და ტელეგადაცემის ექსპერტმა, ენდი გრეიმ ცნობილი შეკითხვა დასვა - შესძლებდა თუ არა ლიონელ მესი სამუშაო დღის ცივ, წვიმიან დღეს სტოკში ანალოგიური წარმატების მიღწევას? ამ შეკითხვას იმეორებდნენ და იმეორებდნენ, უღრმავდებოდნენ მაქსიმალურად - ხან სერიოზულობით, ხანაც კი ირონიით. ერთის მხრივ ეს შეკითხვა არც ისე სულელური იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა: მან გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ სხვადასხვა გუნდს სხვადასხვა მიზანი აქვს, განსხვავებული გამოწვევები. მეორეს მხრივ მან შიში გამოიწვია, დაგვანახა რა, თუ რამდენად ვიწრო გაგება აქვს მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს.
ცივი საღამო სტოკში - ეს რა, კარგი ფეხბურთელის საზომია? ასეთი უკიდურესი ტესტი? რატომ არა ცხელი, მზიანი დღის მეორე ნახევარი სევილიაში? ეს კომენტარი მიგვითითებს, რომ მსჯელობა იგება პირვანდელ ვარაუდებზე, თითქოს ინგლისი - ერთადერთი რთული ადგილია ფეხბურთის სათამაშოდ, სახლი ყველაზე ძლიერი გუნდებისა და ძნელად გასარღვევი დაცვის ხაზის. ფეხბურთი კიდევ ერთხელ გაიგივდა ძალასთან, აგრესიასთან და დაუნდობელობასთან. საერთო ჯამში კი ეს მოსაზრება მიმართული იყო იმისკენ, რომ ეჩვენებიათ, თითქოსდა ბრიტანული სტილი მსოფლიოში საუკეთესოა - სამყაროს ცენტრია.
აჩვენებდა კი "ბარსელონა" კლასს სტოკში სუსხიან საღამოს? კარგია "რასინგის", "ლევანტეს", "მალაგასა" და ლევერკუზენის "ბაიერნზე" დომინირებაც კი, მაგრამ შესძლებდა ესპანური გუნდი დიდ ბრიტანეთში წასვლას და იქ გამარჯვებას?
ისეთმა გუნდმა, როგორიც "ვალენსიაა", ეს შესძლო. ევროპის ლიგის ბოლო რაუნდში სწორედ ეს მოხდა, მაგრამ "ვალენსიას" გამარჯვება "სტოკზე" (1:0), არ ასახავდა ესპანელების ნამდვილ უპირატესობას. და ეს არამხოლოდ ამ კონკრეტულ მატჩში მომხდარა. ესპანელებისთვის კარგი წელია - განსაკუთრებით ინგლისელებთან მიმართებაში - ეს კვირა კი ძალიან, ძალიან კარგი იყო მათთვის. კვირა, რომელმაც შესძლო და გააფართოვა პერსპექტივები, შეიტანა დროული და საჭირო კორექტივები.
უბედურება არ მოხდარა, როცა შარშან მადრიდის "რეალმა" ოთხი გოლი გაუტანა "ტოტენჰემს", ან თუნდაც მაშინ, როცა "ბარსელონამ" ანალოგიური რამ გაუკეთა "არსენალს" ორი სეზონის წინ. რა მოხდა, რომ "ბარსელონა" ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ შეხვდა ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" და ორივეჯერ თავისთვის სასიკეთოდ მოაგვარა საქმე? არავინ იხსენებს, რომ მესიმ ორჯერვე გაუტანა "მანჩესტერ უნაიტედს" და "არსენალის" კარი ერთ მატჩში ოთხჯერ დალაშქრა. არც იმას ჰქონია მნიშვნელობა, რომ ესპანეთი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ეჭვები მაინც რჩება.
"ბარსელონა" და "რეალი" იყვნენ ერთნი, ხოლო ლა ლიგის დანარჩენი გუნდები სხვანი. მესიმ და რონალდუმ გაუტანეს გოლები გუნდებს, რომლებიც, სიმართლე რომ ვთქვათ, არცთუ კარგები იყვნენ. ამ ყველაფრის დამამტკიცებელ საბუთად კი მავანნი იყენებენ ამ ორ გრანდსა და ესპანეთის ჩემპიონატში მოღვაწე სხვა გუნდებს შორის ქულებში დიდ სხვაობას.
ამ ყველაფერში სიმართლის მნიშვნელოვანი მარცვალია: ესპანური ფეხბურთი მართლა დადგა სერიოზული სტრუქტურული პრობლემების წინაშე, რაც საერთო ჯამში ზრდის უთანასწორობას და შეუძლებელს ხდის სამართლიან შეჯიბრს. კრიტიკული წერტილია ის, როცა სხვა გუნდებს არათუ არ შეუძლიათ ბრძოლა, არამედ თავადაც იციან, რომ არ შეუძლიათ ბრძოლა, რაც თანაბარ მეტოქეობას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის. როგორც "დიდი ორეულის" (იგულისხმება "ბარსა" და "რეალი") ერთ-ერთი ფეხბურთელი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა რეალურია, ეს ფაქტი ასევე იქცა გასასამართლებელ საბუთად, რომელსაც ამოფარებულები არიან შედარებით პატარა გუნდები.
ასევე მრავლად არიან ისეთი ესპანური გუნდები, რომლებიც საშინელ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ უახლესი სტატისტიკა ამბობს, რომ ესპანურმა კლუბებმა 800 მილიონი ევროს მთლიანი შიდა შემოსავალი მიიღეს.
თუმცა, არსებობს ისეთი რამ, რაც უფრო მეტად უნდა ადარდებდეს ინგლისურ კლუბებს, ვიდრე სხვაობა "დიდ ორეულსა" და ესპანეთის დანარჩენ კლუბებს შორის. მნიშვნელოვანია სხვაობა "რეალსა" და "ბარსელონას" და თავად ინგლისურ კლუბებს შორის. ესპანეთში ფულის განაწილებასთან მიმართებაში არსებული სტრუქტურის მიხედვით, "ბარსელონა" და "რეალი" ყოველწლიურად მხოლოდ ტელეტრანსლიაციებიდან დაახლოებით 120 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მათზე ნახევარზე უფრო ცოტას. უკეთესები არიან "რეალი" და "ბარსელონა" ესპანეთში მოღვაწე სხვა კლუბებზე? კი. მაგრამ ასეთივე წარმატებით მათ შეუძლიათ ევროპის სხვა კლუბებზე უკეთესებიც იყვნენ. მათი წარმატება - მათი წარმატებაა და არა უბრალოდ სხვისი უიღბლობა.
იმ მოსაზრების დაშვება, რომ სხვა ესპანური კლუბები არასაკმარისად კარგები არიან, არის ზედმეტად მარტივი გამართლება, რომლითაც თავს ინუგეშებენ ინგლისელი კომენტატორები. ეს მათ საშუალებას აძლევთ, რომ ინგლისური ფეხბურთი გაასაღონ მსოფლიოში საუკეთესოდ, მიუხედავად "ბარსასა" და "რეალის" მიღწევებისა. ეს არ აძლევს მათ სიმართლესთან პირისპირ დადგომის საშუალებას.
ერთხელ გრეიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "პრემიერ ლიგის პროპაგანდა" მისი სამუშაოა. მაგრამ მისი სამუშაო არაა ფეხბურთის სამართლიანად და მიუკერძოებლად კომენტატორობა?
სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღვნიშნოთ რამდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "ბარსელონამ" სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი მხოლოდ ერთხელ. ბოლო ათი წლის განმავლობაში სამმა ესპანურმა გუნდმა - "ვალენსიამ", "სევილიამ" და "ატლეტიკმა" მოიგეს "უეფას"/ევროპის ლიგა, ინგლისურმა კლუბებმა კი ვერცერთი.
მიმდინარე სეზონი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინგლისის ჩემპიონატს გადაჭარბებულად აფასებენ, ხოლო ესპანეთისას პირიქით. პრემიერ ლიგა გაცილებით უფრო ორგანიზებულია, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატი და ახდენს უფრო დიდი თანხის გენერირებას, დიდ დასწრებას მატჩებზე და ტელეტრანლიაციების დიდ მაჩვენებელს იძლევა. შესაძლოა შეგექმნათ წარმოდგენა, სუბიექტური, რომ ინგლისში უფრო მეტი რთული, ხოლო ცოტა იოლი მატჩებია, მაგრამ ეს თავისთავად არ მეტყველებს კლუბების სიძლიერეზე. ამასთან, ამ ფაქტორის გათვალისწინებით არ შეიძლება ესპანური კლუბების ჩამოწერა.
ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ ერთი ინგლისური კლუბი შემორჩა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ევროპის ლიგაზე გამოსვლისას, მორიგი მარცხი განიცადეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "მანჩესტერ სიტიმ". ამასთან ბილბაოს "ატლეტიკს", "ვალენსიასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყველანაირი შანსი აქვთ ნახევარ-ფინალში გასვლის. გასულ წელს "ვილიარეალი" გავიდა ნახევარ-ფინალში - იმაზე შორს, ვიდრე ნებისმიერი ინგლისური კლუბი.
ბილბაოს "ატლეტიკი" "ოლდ ტრაფორდს" ეწვია და ფეხბურთელების თვალებში შეიმჩნეოდა, რაოდენ აღელვებულები იყვნენ ისინი. მათი სურვილი მაისურების გაცვლებისა, აჩვენებდა თუ რამდენად დიდ პატივს სცემდნენ ისინი "იუნაიტედის" ფეხბურთელებსა და საერთოდ ინგლისურ ფეხბურთს. შემდეგ კი, საათნახევრის განმავლობაში მათ ნაწილებად დაშალეს "იუნაიტედი". ეს არ ასახავდა ძალთა თანაფარდობას, მაგრამ ეს იყო გაფრთხილება, მინიშნება, რომ ესპანეთში "დიდი ორეულის" გარდა კიდევ არიან გუნდები. მატჩის ბოლოს "ატლეტიკს" თითქმის 70%-ანი ბურთის ფლობის მაჩვენებელი და კარის მიმართულებით 25 დარტყმა ჰქონდა, მაშინ, როცა საუკეთესო "იუნაიტედმა" მიაღწია მხოლოდ იმას, რომ სულ რაღაც 2:3 დამარცხდა, ხოლო შემდეგ განმეორებითი მატჩიც დათმო "სან მამესზე". "ატლეტიკი" ესპანეთში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო "იუნაიტედი" ინგლისში პირველზე.
This post has been edited by Marco Reus on 19 Feb 2014, 13:18