მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, ფეხბურთელებს, მატჩის მიმდინარეობისას, შიდა მაისურზე გაკეთებული წარწერების დემონსტრირება აეკრძალებათ. ეს გადაწყვეტილება საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოზე მიიღეს.
რამდენიმე წლის წინათ, ფეხბურთელებს მაისურის გახდა და გოლის ამგვარად აღნიშვნა აეკრძალათ. ეს ქმედება ყვითელი ბარათით ისჯება. აქამდე, ფეხბურთელებს მაისურის გაუხდელად, ნახევრად აწევისა და შიდა მაისურზე გაკეთებული წარწერის დემონსტრირების უფლება ჰქონდათ, მაგრამ მალე მათ ეს უფლებაც ჩამოერთმევათ.
“ამიერიდან, მაისურზე არანაირი წარწერა და მოწოდება არ უნდა იყოს, თუნდაც პოზიტიური. ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 ივნისს შევა და ის მსოფლიოს ჩემპიონატის დროსაც იმოქმედებს.” – განაცხადა FIFA-ს გენერალურმა მდივანმა, ჯერომ ვალკემ.
ამ საკითხის გარდა, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორის საბჭომ, რომელიც ფეხბურთის წესებს ადგენს, ეგრედწოდებული “სამმაგი დასჯის” საკითხიც განიხილა. “სამმაგი სასჯელი” ფეხბურთელის მიერ საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევის შემთხვევაში, თერთმეტმეტრიანს, წითელ ბარათსა და დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. გადაწყდა, რომ ამ წესში ცვლილება არ შევა.