FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზეინტერვიუ არიენ რობენთან.
- ბატონო არიენ, მალე ალბათ კლუბთან 2015 წლამდე მოქმედ ხელშეკრულებას 2017 წლამდე გააგრძელებთ. . .
``სავარაუდოდ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება. თუ ყველა კმაყოფილი დარჩება, საკითხიც მოგვარდება. ხელშეკრულების გახანგრძლივება ორივე მხარის სურვილია. ხელფასთან დაკავშირებული უკმაყოფილება ნამდვილად არ არის, როგორც ეს სადღაც წავიკითხე. რა სისულელეა.``
- კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღნიშნა, რომ ყოველი შეთანხმების დროს საუბარი ფულზეა. რამდენად მნიშვნელოვანია ხელფასი?
``რაც შეეხება ხელფასს, ამ შემთხვევაში ყოველთვის ნაღდ ოდენობაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია აღიარებასა და დაფასებაზე. მაგალითად: როდესაც თანამშრომელს თვეში 1000 ევრო აქვს, შემდეგ ხელშეკრულებას აგრძელებს და უფროსს სურს მას მხოლოდ 800 ევრო გადაუხადოს, მაშინ ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება, სად მოვიქეცი არასწორად, აღარ არიან ჩემით კმაყოფილნი?! საქმე იმაში არ არის ბოლოს 1000 ევრო იქნება, თუ მილიონი. პირველ რიგში საუბარი აღიარებაზეა.``
- ბაიერნი თქვენი ბოლო გაჩერებაა?
``შესაძლებელია. აქ ბედნიერი ვარ. სუპერ-სუპერ გუნდი გვყავს. მომავალიც ძალიან კარგად გამოიყურება. კიდევ რამდენიმე ტიტულის მოგება მსურს. ამისთვის კი ნამდვილად სწორ კლუბში ვარ. გარდა ამისა, ამაზე მეტს ვერ მოვუმატებ. ახალგაზრდა პროფესიონალს მუდამ მაღლა ასვლა, მუდამ უკეთეს კლუბში გადასვლა სურს. მაგრამ ბაიერნზე უკეთესი არ არსებობს. ძალიან ახალგაზრდა ასაკში ვთამაშობდი ჩელსისა და მადრიდში. ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ. ამაზე მეტს ვერ გავაუმჯობესებ.``
- ფიქრობთ იმაზე, რა იქნება, როდესაც კარიერას დაასრულებთ?
``ჩემს მეუღლესთან ერთად ხშირად ვსაუბრობ მომავალზე. ასეც უნდა იყოს. ჰოლანდიაში სახლი შევიძინეთ. ასევე განზრახული გვაქვს გრონინგენში სახლის აშენება. ამისთვის ნაკვეთს ვეძებთ. ოდესმე კარიერის შემდგომი პერიოდისთვის მზადება უნდა დაიწყო. სიმართლე რომ გითხრათ, მე და ჩემს მეუღლეს ნამდვილად გვსურს ოდესმე ნორმალური, თავისუფალი ცხოვრებით ვიცხოვროთ.``
- რას გულისხმობთ ნორმალურ, თავისუფალ ცხოვრებაში?
``შვებულების დროს თხილამურებით სრიალს. მეგობრების დაბადების დღის მოწვევაზე დათანხმებას, რომელზეც ხშირად უარის თქმა მიწევს. მინდა საჩოგბურთო კლუბის წევრი გავხდე. მინდა ვიყო არიენი, ჩვეულებრივი ადამიანი და არა ფეხბურთელი. მაგრამ ჯერ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ახალგაზრდულად და ფორმაში. ისე ნამდვილად არა, როგორც 30 წლის ასაკის. ასე რომ, რამდენიმე წელი კიდევ მაქვს.``
- ანუ მოგვიანებით გრონინგენში სპორტული დირექტორი გახდებით?
``გრონინგენის დირექტორი ყოველთვის ამბობს, რომ უნდა მისი შემცვლელი ვიყო. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. მართალია, ამ კლუბთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა მექნება, თუმაც წინასწარ არაფერი ვიცი. არც ის, რას გავაკეთებ მოგვიანებით.``
- სამაგალითო პროფესიონალი ბრძანდებით. სკოლაშიც ასეთი ამბიციური იყავით?
``დიახ და ჩემმა ხასიათმა ცხოვრებაში წინ წამწია. მსურდა, ყოველთვის საუკეთესო, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე სწრაფი ვყოფილიყავი. ხასიათის ამ თვისებით ბევრ რამეს მივაღწიე. ნამდვილად არ არის ცუდი, როდესაც საკუთარი თავისგან ბევრ მოითხოვ.``
----------
Bild
https://www.facebook.com/photo.php?fbid=710...&type=1&theater