FC Bayern Geo Fans
ადაგირში გოლფის მოედნის მიღმა, პალმებს შორის განთავსებულია პატარა ლამაზი სასტუმრო, სადაც მიუნხენის ბაიერნია დაბანაკებული. ამინდიც მშვენიერია და ბანაობაც შეიძლება, მაგრამ მიუნხენელები აქ ამისთვის არ ჩამოსულან.
ისინი დღეს საღამოს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატს ნახევარფინალიდან ჩაერთვებიან. მანამდე კი fcbayern.de-ს ჟურნალისტი ჟერომ ბოატენგს ესაუბრა.
- ჟერომ, გრძელი და დატვირთული წელი დასასრულს უახლოვდება. მანამდე კი მეხუთე ტიტულის მოგების საშუალებაც გაქვთ. ძალები შეგრჩათ?
``ეს გონების საკითხია. რასაკვირველია, იგრძნობა, რომ ძალა გაკლია, მაგრამ ორი მატჩისთვის მობილიზება შესაძლებელია - ამას გავაკეთებთ. ეს ტიტული მიუნხენში უნდა წამოვიდეს.``
- მაროკოში დიდი ეიფორია სუფევს. რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიტულს თქვენთვის?
``ძალიან დიდი. ვინ იცის მომეცემა თუ არა კიდევ ამ ტურნირზე გამოსვლის შესაძლებლობა. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ამაზე. ჩვენ კი აქ ვართ. ეს მოტივაციისთვის საკმარისია.``
- ნახევარფინალში გუანჯოუს უპირისპირდებით. რა გელოდებათ აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან დაპირისპირებაში?
``ყურადღებით უნდა ვიყოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტექნიკურად და ფიზიკურად მზად ვიქნებით, მაგრამ საუბარია წვრილმან დეტალებზე. სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.``
- ცოტა ხნის წინ მიუნხენის ბაიერნთან ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე გააგრძელე. რატომ გერგება ეს კლუბი ასე კარგად?
``აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ - თანას მოსვლის პირველივე დღიდან. კლუბი, გულშემატკივარი, ქალაქი . . . ამაზე უკეთესი შეუძლებელია. ვამაყობ, რომ ამ შესანიშნავი გუნდის წევრი ვარ. ვინც ერთხელ მაინც მოხვდება ბაიერნში, წასვლას არასოდეს ისურვებს.``
- ბუნდესლიგაზე შემოდგომის ჩემპიონები ხართ. არის ეს გუნდში სასაუბრო თემა?
``ნამდვილად არ გამიგია, რომ ვინმე ამაზე საუბრობდეს. არც არის მნიშვნელოვანი საკითხი. ჯერ მხოლოდ სეზონის პირველი ნახევარი ჩამოვიტოვეთ უკან. ძლიერი პირველი წრე გვქონდა. დორტმუნდს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ყავდა, როდესაც ისინი გუნდს დაუბრუნდებიან, უფრო ბევრ ქულასაც აიღებენ. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, ზამთრის შესვენების დასრულებისთანავე სერიოზულად მოვეკიდოთ საქმეს და არ მოვდუნდეთ.``
- 2:3 მანჩესტერ სიტისთან გამაფრთხილებელი მატჩი იყო . . .
``დიახ, დავინახეთ, რომ თავისით არაფერი მოდის, მოშვება არ შეიძლება. მითუმეტეს მაღალი დონის გუნდთან, რომელის მაშინვე გსჯის ამის გამო.``
- სიტისთან პირადად შენთვისაც არ იყო კარგი საღამო. როგორ აანალიზებ საკუთარ თამაშს?
``ძალიან თვითკრიტიკული ვარ. რასაკვირველია, შეცდომები ხდება, მე ხომ მანქანა არ ვარ. მაგრამ ძალიან ვბრაზდები. სახლში დაბრუნებულმა თამაში გადავახვიე და ყველა სიტუაცია განვიხილე. რატომ დავუშვი შეცდომა? როგორ მივედი აქამდე? მეორე დღეს ვარჯიშზე ვცდილობ ასეთი სცენები წარმოვიდგინო და ყველაფერი სწორად გავაკეთო. ხშირ შემთხვევაში კარგად გამომდის.``
- საერთო ჯამში კი უკან წარმოუდგენლად კარგი წელი ჩამოიტოვეთ . . .
``რასაკვირველია, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო და ყველაზე წარმატებული წელი იყო. ახლა კი მაროკოში კიდევ ერთი ტიტულის მოგება შემიძლია.``
- პირადად შენც ძალიან განვითარდი და შესანიშნავად თამაშობ. რამ გაგაძლიერა ასე?
``უბრალოდ ძალიან ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ორთაბრძოლებში უფრო ძლიერი და მშვიდი გავხდი, გადაცემებში უფრო ზუსტი, დაცვაში თავით თამაში უფრო დინამიურად გამომდის, პოზიციურად უფრო საიმედო ვარ. ვგრძნობ, რომ უფრო მაღალ დონეზე ავედი. მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ და დიდი პოტენციალი მაქვს. განსაკუთრებით შეტევაში თავით თამაში უნდა გავაძლიერო და უფრო სახიფათო უნდა გავხდე. ჩემი აგებულებიდან გამომდინარე ბურთის მხოლოდ ფეხით მიღება და კარის კუთხეში დარყმა არ უნდა შემეძლოს.(როგორც მაგალითად 3:0-ზე აუგსბურგთან). ``
- განსაკუთრებით შთამბეჭდავია შენი ათლეტურობა და სისწრაფე . . .
``სისწრაფის დასახვეწად ბევრ სავარჯიშოს ვასრულებ. მიუხედავად ამისა დასახვეწი კიდევ ბევრი მაქვს. პირველ რიგში უნდა ვიმუშავო პირველ ხუთ მეტრზე და სწრაფ შემობრუნებებზე.``
- მომავალ წელს კი ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი გელოდებათ. გიხარიათ?
``კენჭისყრის დროს უკვე ვღელავდი, მითუმეტეს, როდესაც განა ამოვიდა. ისევ ჩემი ძმის წინააღმდეგ. საოცარია. ვიმედოვნებ, რომ თამაშის საშუალება მომეცემა. თუმცა მოთხოვნით ვერაფერს მოვითხოვ. მინდა ნაკრების მწვრთნელი ჩემს შესაძლებლობებში დავარწმუნო. თუმცა ახლა მხოლოდ ბაიერნზე მაქვს ყურადღება გადატანილი.``
-------------------
fcb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=683...&type=1&theater