FC Bayern Geo Fans
მიუნხენის ბაიერნი გერმანიასა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია. ამაში ახალი არაფერია. თუმცა მათთვის ეს საკმარისი არ არის: საერთაშორისო ბაზრის დაპყრობა და ამისთვის სტრატეგიული ღონისძიებების განხორციელება სურთ. ამაში კი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
როდესაც ბრაუნშვაიგის მწვრთნელ ტორსტენ ლიბერკნეხტს ბაიერნთან 0:2 მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ინგლისელმა ჟურნალისტმა დევიდ კანმა ბაიერნსა და ბრაუნშვაიგს შორის არსებულ განსხვავებაზე დაუსვა შეკითხვა, პასუხად მიიღო: ``განსხვავება ხომ სახეზეა. ბაიერნზე ``Guardian``-ი წერს, ჩვენზე - ``Rheinpfalz``-ი.``
თუმცა ინგლისელი ჟურნალისტი მიუნხენში მხოლოდ ამისთვის არ იყო ჩასული, მას კარლ-ჰაინც რუმენიგესთან მიუნხენელთა მომავალზე საუბარი სურდა. იგი ერთადერთი არ არის, ვისი ყურადღებაც ბავარიული კლუბისკენ არის მიპყრობილი. კლუბს სისტემატურად სტუმრობენ ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან. ეს კი თავისთავად მეტყველებს ბავარიელთა მიმართ არსებულ დიდ ინტერესზე.
``ჩვენ უკვე რეგიონალური ან ეროვნული კლუბი აღარ ვართ. არაფერია დასამალი იმაში, რომ საერთაშორისო აღიარებაც გვსურს.`` - აცხადებს რუმენიგე და ამის მისაღწევად ახლა უფრო შემტევები გახდნენ, ვიდრე ადრე. რეკორდმაისტერის ოფიციალური ვებ-გვერდი ახლა უკვე შვიდ ენაზეა:
გერმანული, ინგლისური და ესპანური სავალდებულო პროგრამის ნაწილია, რომელსაც ემატება რუსული, იაპონური, ჩინური და არაბული. კლუბის ტელევიზია საინფორმაციო გამოშვებებს ინგლისურ ენაზეც ამზადებს. მათ აქტიურობაზე სოციალურ ქსელებში უკვე აღარაფერს ვამბობთ. ``ჩვენ, როგორც ბუნდესლიგა, ასევე ბაიერნი, წარსულში ამ მიმართულებით ბევრს არ ვმუშაობდით. ახლა კი აქეთკენაც უნდა მივმართოთ ყურადღება.`` - ამბობს კალე.
სწორედ საერთაშორისო ტოპ-ბრენდის დასანერგად ანხორციელებს ბაიერნი თავის მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ: ``გამარჯობა მსოფლიოვ, აქ მიუნხენის ბაიერნია!``
გასული ზაფხულის ივნისში მიუნხენში მმართველ საბჭოში ახალი წევრი იორგ ვაკერი გამოჩნდა, რომელიც კლუბის ინტერნაციონალიზაციაზე მუშაობს და შეიძლება ბაიერნის საგარეო საქმეთა მინისტრიც კი ვუწოდოთ. მისი პირველი წარმატება სახეზეა, გუნდი მომავალ აგვისტოში ამერიკაში ``MSL-Allstar-Game``-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ეს ტურნირი 19 წელია არსებობს და ევროპიდან ყოველ წელს სხვადასხვა მონაწილეები ყავთ: მანჩესტერ იუნაიტედი (2010/2011), ევერტონი (2009), ჩელსი (2006/2012), რომა (2012). ბევრი კლუბისთვის ასეთი პრომო-ტური ზაფხულის მოსამზადებელი პროგრამის ნაწილია.
``პრემიერ ლიგა ამის საუკეთესო მაგალითია, რომლის ოთხი-ხუთი ტოპ-გუნდი ყოველი წლის ზაფხულში ტურში მიემგზავრება. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის, სატელევიზიო მარკეტინგში და ინტერნაციონალიზაციის საკითხში წინ რომ არიან.`` - აცხადებს რუმენიგე.
ვაკერი კი ამერიკაში გამგზავრების შესახებ ამბობს: ``ამ ტურნირზე მონაწილეობა ჩვენი საერთაშორისო ასპარეზისთვის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან მნიშვნელოვან ბაზრად მივიჩნევთ და გვსურს, რომ ჩვენს ბრენდს იქაც ბევრი მიმდევარი ყავდეს.``
ამერიკაში ადგილის დასამკვიდრებლად კი მიუნხენელებმა ერთი ნაბიჯი უკვე გადადგეს და ნიუ იორკში კლუბის ოფისი გახსნეს.
რაც შეეხება კლუბების მსოფლიო ჩემპიონატს, ამასთან დაკავშირებით ბაიერნის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს:
``ევროპაში ამ ტურნირს დიდად არ აღიარებენ, რადგან აქ ჩემპიონთა ლიგა ყველაფერზე მაღლა დგას. მაგრამ აზიაში, აფრიკასა და სამხრეთამერიკაში კლუბების მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საკმაოდ ღირებულია. ამიტომ მისი მოგება ჩვენი ინტერნაციონალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.``
------------------
Spox
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=683...&type=1&theater