FC Bayern Geo Fans
ფილიპ ლამი - მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების 30 წლის კაპიტანი, რომელსაც ბევრი უჩვეულო მომენტი განუცდია.
ის, რაც 2013 წელს მოახერხა, მის შესანიშნავ კარიერას ნამდვილ გვირგვინს ადგამს. როგორც იქნა, მიუნხენის ბაიერნის მიერ ბოლო წლებში ჩატარებულმა მძიმე შრომამ ნაყოფი გამოიღო და საერთაშორისო ტიტულები მოგვიტანა.
შობის დღეებში კაპიტანს საკმარისი დრო აქვს, რომ ამდენი წარმატების შემდეგ ოჯახის წევრების წრეში კიდევ ერთხელ თავი მოუყაროს განვლილი წლის მოვლენებს.
მან fcbayern.de-სთვისაც მოიცალა. გთავაზობთ ლამთან ინტერვიუს პირველ ნაწილს.
- ფილიპ, ალბათ შობის დღესასწაულითა და საშობაო კერძებით დატკბი.
``რასაკვირველია. როგორც ყოველთვის, ახლაც შობის დღეები საკმაოდ მყუდროა. წელს ირმის ხორცი გვქონდა გარნირით. წმინდა ღამე ჩვენს ოჯახში განსაკუთრებულია, რადგან შობის პირველ დღეს ჩემი სიდედრის დაბადების დღეა. ამიტომ 12 საათამდე უნდა გავძლოთ. ასე რომ, საჩუქრების გახსნისა და ჭამისთვის ბევრი დრო გვაქვს.`` (იცინის)
- ასეთი დატვირთული საფეხბურთო წლის შემდეგ დასვენებას როგორ ახერხებ?
``დასვენების დღეები შესანიშნავია. ძალიან დამღლელი წელი იყო როგორც სხეულისთვის, ასევე გონებისთვის. ნაკრების ფეხბურთელებს პირველ წრეში ინგლისური კვირები გვქონდა. ამიტომ, ზამთრის შესვენებაში წასვლა ნებისმიერს ახარებს. მაგრამ წლის ბოლოს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის სახით კიდევ ერთი ნათელი მომენტი გვქონდა. ძალების მოკრეფა ადვილი არ ყოფილა. თუმცა დაუჯერებელი წლის სრულყოფილი დაბოლოება ნამდვილად შევძელით.``
- რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ როგორ ჟღერს შენთვის ეს ტიტული: კლუბების მსოფლიო ჩემპიონი?
``ისევ ისე ლამაზად, როგორც მოგების მომენტში. ამ ტურნირზე ასპარეზობა ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ვინ იცის, კიდევ როდის მოვხვდებით. რასაკვირველია, კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის იმედი კიდევ მაქვს, მაგრამ ყველამ ვიცით, რა რთულია ჩემპიონთა ლიგის მოგება.``
- რატომ არ არის ეს ტურნირი ისეთი აღიარებული ევროპაში, როგორიც მაგალითად სამხრეთამერიკასა და აზიაში?
``რადგან საუკეთესო კლუბები ევროპაში თამაშობენ და ჩემპიონთა ლიგამ ყველაფერი გადაფარა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს ისეთი მაღალი ხარისხი აქვს, რომ ავტომატურად ვარაუდობენ: ეს გუნდი ყველა კონტინენტის კლუბებს გაუწევს მეტოქეობას - შეიძლება სამხრეთამერიკული გუნდების გამოკლებით.``
- კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ იუპ ჰაინკესთან კონტაქტი ხომ არ გქონია?
``არა, ბოლო დღეებში არა. მაგრამ მანამდე კი. ერთმანეთს სისტემატურად ვუგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ჩვენს წარმატებებში მისი დიდი წვლილია. მის გარეშე ევროპის სუპერთასზე ვერ ვიასპარეზებდით, ვერც კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდოდით. ამის დავიწყება დაუშვებელია.``
- 2013 წელს ბევრი ნათელი მომენტი იყო. პირადად შენთვის რომელია განსაკუთრებული?
``თუ მაინცდამაინც რომელიმე უნდა გამოვარჩიო, მაშინ ყველაზე განსაკუთრებული ის წამი იყო, როდესაც ლონდონში ჩემპიონთა ლიგის თასი ავღმართე. ამ ბედნიერი მომენტის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. როგორც იქნა, მძიმე შრომისთვის დავჯილდოვდით, როგორც იქნა გამოგვივიდა, როგორც იქნა თასი ჩემს ხელშია. ეს უბრალოდ დიდებული მომენტი იყო, მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლიდა.``
- გახსოვს ის მომენტი, როგორ ადიოდი უემბლიზე კიბეებზე?
``დიახ, ზუსტად მახსოვს! წინა წლის მიუნხენური ფინალის მძიმე მომენტები გამახსენდა. ყველაფერი კიდევ ერთხელ დატრიალდა გონებაში. საბედნიეროდ, ლონდონში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა.``
- ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფს ტელევიზორში განმეორებით არ უყურე?
``თავიდან ბოლომდე შეგნებულად არ მიყურებია. მეორე დღეს მეგობარი იყო სტუმრად. ზუსტად ამ დროს ტელევიზორში გამეორება გადიოდა, მაგრამ იქვე ვისხედით და წესიერად არც ვუყურებდი.``
- რამ გაგაძლიერათ ასე ძალიან?
``2012 წლის წაგებული ფინალის შემდეგ ორი ვერსია არსებობდა: გუნდი ან დაიშლებოდა, ან კიდევ უფრო გაერთიანდებოდა. ჩვენს შემთხვევაში მეორე მოხდა. საფეხბურთო ტრაგედიამ და მწარე ცრემლებმა უდიდესი ძალა შეგვმატა. სწორედ ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრიუმფი. ამას კადრის მაღალი ხარისხი დაემატა. ნებისმიერი ფეხბურთელი საჭიროების შემთხვევაში მზად იყო გუნდის დასახმარებლად.``
* * *
ინტერვიუს მეორე ნაწილი, რომელშიც კაპიტანი ხსნის, თუ როგორ აუღო ალღო ასე სწრაფად ექვსიანზე თამაშს და საუბრობს პეპ გუარდიოლაზე, ალკანტარასა და მარიო გიოტცეზე, ასევე მომავლის მიზნებსაც არ ივიწყებს, გამოქვეყნდება ოთხშაბათს.
------------------
FCB.de
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=689...&type=1&theater