FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ ფილიპ ლამთან. მე-2-ე ნაწილი.
- როგორ ხდება ისე, რომ კაპიტანი არასოდეს თამაშობს ცუდად?
(იცინის)„როგორ არა, რამდენიმე ცუდი თამაში მახსენდება. შეიძლება იმიტომ, რომ ფეხბურთს უდიდესი სიამოვნებითა და ვნებით ვთამაშობ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გუნდი ასე კარგად მუშაობს, ცალკეული ფეხბურთელი ხშირ შემთხვევაში ბევრად უკეთ გამოიყურება.“
- ნოემბრის ბოლოს, მოსკოვში მსუბუქი ტრავმა მიიღე. ტრავმირებული თავს როგორ გრძნობდი?
„კომიკური იყო, რადგან წლებია ტრავმის გამო შეხვედრა არ გამომიტოვებია. საბედნიეროდ დრამატული არაფერი მომხდარა. თავიდანვე ვიცოდი, რომ რამდენიმე დღე მჭირდებოდა მოედანზე დასაბრუნებლად.“
- პირველ წრეში პეპ გუარდიოლა ექვსიანზე გათამაშებდა, სადაც თავიდანვე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდი. რატომ გათამაშებს მწვრთნელი ამ პოზიციაზე?
„ექვსიანზე თამაშის უნარებიც მაქვს, როგორც ბევრ სხვა ფეხბურთელს ჩვენს გუნდში. ბოლო პერიოდში არის იმის ტენდენცია, რომ განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს. შეიძლება იყვნენ ცენტრალური მცველები ან ერი-ორი ფორვარდი, რომლებიც სხვანაირად მოქმედებენ. მაგრამ ნახევარმცველები, ექვსიანი, რვიანი, ათიანი - ძალიან მოძრავები და სწრაფმოქმედები არიან, რომლებსაც კარგი ტექნიკაც გააჩნიათ და მათი სხვადასხვა პოზიციაზე დაყენება შეიძლება - ასევეა ჩემს შემთხვევაშიც.“
- უკვე ნახევარი წელია პეპ გუარდიოლა თქვენი მწვრთნელია. როგორ ურთიერთთანამშრომლობენ მწვრთნელი და კაპიტანი?
„ძალიან კარგად. შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. გუარდიოლასთან შეგიძლია ისაუბრო იმაზე, რაც გაწუხებს, გაანდო მას საკუთარი შეხედულებები.“
- მან გადახასიათათ ყველაზე ჭკვიან ფეხბურთელად, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია . . .
„ამით ამაყი ვარ. ეს დიდი კომპლიმენტია - მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, როგორ ფეხბურთელებთან უმუშავია ამ მწვრთნელს.“
- ზაფხულში კლუბში გადმოვიდნენ გიოტცე და ალკანტარა. როგორ აფასებ მათ თამაშს?
„მათი მოყვანის შესაძლებლობამ ძალიან გაგვახარა. მარიო და ტიაგო შესანიშნავი ტექნიკის მქონე დიდებული ფეხბურთელები არიან. მათი თამაშის ყურებით დიდ სიამოვნებას იღებ. ადამიანურადაც შესანიშნავად მოერგნენ გუნდს და ადვილად იპოვეს საკუთარი თავი.“
- ახლა მომავალზე ვისაუბროთ. 2013 წელი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო. რას უნდა ველოდოთ 2014-ში?
„ამ ყველაფრის ზუსტად გამეორება თითქმის შეუძლებელია - განსაკუთრებით კი მიყოლებით. მაგრამ, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით. გვინდა, კვლავ იქ აღმოვჩნდეთ, სადაც ვიყავით. კვლავ ფინალში გასვლა და თასის მოგება გვსურს! ეს ჩვენი დიდი გამოწვევაა!“
- პეპ გუარდიოლა თვლის, რომ გუნდს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. შენ როგორ უყურებ ამ საკითხს?
„რასაკვირველია. უფრო ბევრი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რომელშიც მთელი 90 წუთი დომინანტები ვიქნებით. პირველ წრეში იყო მომენტები, როდესაც ვდუნდებოდით და მეტოქეს თამაშის საშუალებას ვაძლევდით. კარგ გზას ვადგავართ, მაგრამ გაუმჯობესება შეგვიძლია. მანჩესტერში ან ლევერკუზენში ჩატარებულ მატჩებში გამოჩნდა, რა არის შესაძლებელი. გვსურს, ასე უფრო ხშირად ვითამაშოთ.“
- ბუნდესლიგის სეზონის დაუმარცხებლად დასრულება - ეს მიზანია?
„ამაზე არ ვფიქრობთ. კვლავ მატჩიდან მატჩამდე ფიქრს გავაგრძელებთ. მთელი ეს რეკორდები ძალიან კარგია, მაგრამ ყურადღება ამაზე ნაკლებად გვაქვს გადატანილი. ოდესმე გუნდი ერთ მატჩს წააგებს. ჩვენ შევეცდებით, შეძლებისდაგვარად დიდხანს ვიასპარეზოთ დაუმარცხებლად.“
- წინა წლის წარმატებებში ძალიან დიდი იყო ბასტიან შვაინშტაიგერის წვლილი, რომელიც ახლა ტრავმის გამო ვერ თამაშობს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მეორე წრეში გამოჯანმრთელებული ვიცე-კაპიტნის დაბრუნება?
„ბასტის არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ყველამ ვიცით, როგორი ფეხურთელია და ვინ გვყავს მისი სახით. გულით ვუსურვებ, რომ ბოლოსდაბოლოს ტკივილების გარეშე შეძლოს თამაში. დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად წინ კიდევ ბევრი სიხარული გველის.“
FCB
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=691...&type=1&theater